პიტერ FM, ანუ ჭკვიანურად გადაღებული, მომხიბვლელი სარეკლამო რგოლი პეტერბურგზებევრი რომანტიკა, ბევრი არეულობა, ცოტა ლოგიკა და ულამაზესი ქალაქი ნევაზე გადაღებული ისე, რომ ნებისმიერ სახელმოხვეჭილ ოპერატორს (დავამატებდი - ფოტოგრაფსაც) შეშურდება - ლამაზი, მაგრამ ლოგიკას მოკლებული ფილმი, რომელიც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო სანახავი აღმოჩნდა: კადრები ისეთია, კიდევ ბევრჯერ ნახვის სურვილს რომ გიტოვებთ.
ფილმი ძალიან შეკრულია ვიზუალური და მუსიკალური თვალსაზრით, ადვილად აღქმადი და გემოვნებიანია. ერთიანობაში სასიამოვნო, მსუბუქი დესერტის ეფექტს ახდენს - არ გამძიმებთ, მაგრამ არც გაწყენთ. მოკლედ, ფილმს რომ ვუყურებდი სულ ერთი ფრაზა მიტრიალებდა თავში - მზე პირს იბანსო - ასეთი განწყობა მოაქვს ვიზუალ-მუზიკიანა

შინაარსისა კი რა გითხრათ: რადიოს წამყვანი მაშა და არქიტექტორ-მეეზოვე მაქსიმი (როგორ გინდა საბუნია არ გაგახსენდეს ამაზე

) მთელი საათისა და 24, არა მეშლება - 19 წუთის მანძილზე ცდილობენ შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ამაოდ. რეჟისორს ძალიან უნდა დაგვარწმუნოს, რომ ეს ბედის ირონიაა, მაგრამ ზოგიერთ მომენტში ამ ორი, საკმაოდ სიმპატიური ახალგაზრდის დაბნეულობა ისეთ ზღვარს აღწევს, რომ იდიოტიზმის ან ოლიგოფრენიის მწვავე შემოტევის გარდა ასეთ ქცევას ვერაფრით ახსნი. მეორეს მხრივ, ეს იმბეცილური სიტუაციები საკმაოდ სახალისო მინიშნებებითა და მიზანსცენებით ზავდება, რაც ოპერატორის 5-ზე შესრულებულ ნამუშევართან ერთად ფრიად სასიამოვნო ნალექს ტოვებს მაყურებლის ცნობიერებაში.
ფილმში ძველი, კარგად ნაცადი ხრიკები არის გამოყენებული, ოღონდ განახლებულ-შერემონტებული ფორმატით, რაც ფილმის ერთ-ერთი მთავარი "ქიშმიშია". მაგალითად მთელი ფილმის განმავლობაში არ გტოვებთ შეგრძნება რომ მთავარი პერსონაჟები (მაქსიმი და მაშა) უხილავი ძაფით არიან დაკავშირებული, ეს ძაფი არ წყდება, მაგრამ არც მანძილი მცირდება მათ შორის - თითქოს მაშა და მაქსიმი ჯადოსნურ წრეში არიან, ერთმანეთს კვალდაკვალ მისდევენ, მაგრამ ამაოდ (ამას გარკვეული პრაგმატული ახსნაც შეიძლება მოეძებნოს: მთავარმა გმირებმა ბევრი ირბინეს, მაყურებელმა კი "ბევრი" პეტერბურგი ნახა, ნერწყვი წამოუვიდა და ამ ზაფხულს აუცილებლად იყიდის საგზურს პიტერისკენ

). გარდა ამისა ისეთი გრძნობა გექმნებათ, რომ მთელი ქალაქი, ეს ორი "გადაბმული" კი განსაკუთრებით, მუდმივად ფილმის სახელობის (ПИТЕР FM) რადიოშია (

) და საერთოდ პეტერბურგი საოცრად პატარა ქალაქია, ისეთი ქალაქი სადაც ნებისმიერ დროს შეიძლება არათუ ნაცნობს გადაეყარო, არამედ "სწორედ ის, ერთადერთი ადამიანი" იპოვო, რომელსაც ყველა და ყოველთვის ეძებს მიუხედავად საკუთარი გეოგრაფიულ-ტოპოგრაფიული მდებარეობისა. ეს ის ქალაქია, რომლის დატოვებაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია საზიზღარი სახლმართველის ინტრიგნობისა და ცინიკური მილიციელის გამოხტომების მიუხედავად.
მოკლედ ეს ფილმი თანამედროვე ურბანულ ზღაპართა კატეგორიას მიეკუთვნება, მაგრამ მიუხედავად ამისა დაჟინებით გირჩევთ მის ნახვას - ფილმის შინაარსობრივი ლაფსუსები მის მხატვრულ (პირდაპირი მნიშვნელობით კი არქიტექტურულ-ესთეტიკურ და მუსიკალურ) ღირებულებას სულაც არ ამცირებს.
2 12 85 06 ანუ ნუ იქნებით ვნე ზონი დოსტუპა - უყურეთ, უსმინეთ და ისიამოვნეთ
პ.ს. წინასწარ ბოდიშს გიხდით, თუ უკვე იყო ამ ფილმზე საუბარი ამ თემაში, ნამდვილად არ გადამიხედია ასე დაკვირვებით
This post has been edited by merry on 4 Jul 2006, 21:38