ამ ინტერვიუს ვეძებდი რამდენი ხანია
ცოტა დიდია მარა
ჯონი დეპი ის მსახიობია, რომელიც ეკრანზეც საინტერესოა და ეკრანის მიღმაც. მისი როლები უფრო და უფრო სრულყოფილი ხდება. შესაბამისად, მსოფლიო პრესისთვისაც მუდამ სასურველი ობიექტია.
გთავაზობთ ჯონი დეპთან ინტერვიუს, რომელიც მამაკაცურ ჟურნალ "ეგო"–ში გამოქვეყნდა.
– მისტერ დეპ, ეთანხმებით მოსაზრებას, რომ მსახიობის პიროვნება მისი როლებით უნდა განისაზღვროს?
– შეიძლება ვინმეს ეს ფორმულა მიესადაგება, მაგრამ არა – მე. თავადაც არ ვიცი, რა როლს ვითამაშებ ხვალ. ყველაფერი ხასიათზეა დამოკიდებული და არა – პიროვნულ თვისებებზე.
– რა პრინციპით არჩევთ როლებს?
– მხოლოდ საკუთარ ინტუიციას და შინაგან ლოგიკას ვუსმენ. თუ მე რამეს ვიტყვი ამ როლით, მისგან რამეს ვისწავლი, მაშინ წინადადებას აუცილებლად მივიღებ.
– ნუთუ თქვენთვის ჰონორარებს მნიშვნელობა არ აქვს?
– ჩემთვის ფული არასოდეს ყოფილა გადამწყვეტი ფაქტორი. ცხოვრებაში ყველაზე ადვილად ფულს შეველევი. ჩემთვის ფულზე მნიშვნელოვანია, რას იტყვიან ჩემზე მომავალი თაობები, შვილიშვილები.
– უკვე იმაზეც ფიქრობთ, რას იტყვიან თქვენი შვილიშვილები?
– კი და ალბათ იტყვიან, გიჟი იყოო. ეს ჩემთვის ყველაზე კარგი შეფასება იქნება.
– ღარიბ ოჯახში გაიზარდეთ და ამიტომ უკეთ იცით, რა არის უფულობა.
– ჩემი ცხოვრება ფულით უკვე უზრუნველყოფილია. ადამიანი ფულზე ფიქრობს მანამ, სანამ მისი საფულე ცარიელია. როცა გარანტიებს მიიღებს, ფულზე ფიქრი აზრს კარგავს. როცა 17 წლისა სახლიდან გავიქეცი, ახლობლის მანქანაში ვცხოვრობდი. ვმუშაობდი შავ მუშად, ნარკოტიკებსაც ვყიდდი. ამაზე მეტად ვეღარ დავეცემოდი. ასე რომ, საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი, რა ძნელია ფულის შოვნა.
– ცნობილია, რომ თქვენს პოპულარობას ყურადღებას არ აქცევთ. არადა, თქვენი ჯილდოები, რეგალიები და ტიტულები რომ ჩამოვწეროთ, ერთი გვერდი არ გვეყოფა. რატომ არ ამაყობთ ამ მიღწევებით?
– რა საჭიროა ამის გაკეთება? მერე რა, რომ რომელიღაცა ჟურნალის რედაქტორმა ყველაზე სექსუალური ან ლამაზი მამაკაცი მიწოდა? ამაში ხომ ჩემი წვლილი არაფერია. ეს ყველაფერი მალე ავიწყდებათ. მე პრიზებისათვის არ ვმუშაობ. მირჩევნია, არ მქონდეს ოსკარი და არც არასდროს წარმადგინონ მასზე.
– რატომ?
– ასეთ შემთხვევაში აღარ მომიწევდა ამ ცერემონიალზე სიარული. მე და ვანესა ოსკარების ცერემონიალზე ყოველთვის გაძლებაზე ვართ. სულ იმას ვფიქრობთ, როდის დამთავრდება, რომ სახლში დავბრუნდეთ. გინდ დამიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ როდესაც ნომინაციაზე წარმადგინეს, მთელი გულით მინდოდა, რომ არ გამემარჯვა. არ მინდოდა სცენაზე ასვლა და სულელური ემოციების გამოხატვა. ამიტომაც ძალიან გამიხარდა, როდესაც გამარჯვებულად შონ პენი გამოაცხადეს.
– მაგრამ, ოსკარი ხომ მსახიობის წარმატების და აღიარების სიმბოლოა.
– არა, ოსკარი სიამაყისა და სახალხო ეგოს სიმბოლოა. აღიარება საკუთარი სამუშაოთი და ხალხის ყურადღებით კმაყოფილებაა. წარმატება კი ისაა, როდესაც შენ საკუთარი თავის უფროსი იქნები და გექნება საშუალება, ისე ითამაშო, როგორც გინდა.
– თქვენ ამას ახერხებთ?
– როცა ტიმ ბარტონთან ვმუშაობ, მაშინ ვახერხებ. ის მთავაზობს როლებს, რომლებსაც შემდეგ მე ჩემებურად ვქმნი. შეზღუდული არ ვარ, ვთამაშობ მხოლოდ ისე, როგორც ეს თავად წარმომიდგენია. ვფიქრობ, მე და ტიმი ერთმანეთისათვის ვართ შექმნილი. როგორც კი ის შემომხედავს, ზუსტად ვიცი, რა უნდა მითხრას.
– როგორ ემზადებით როლისათვის?
– ვცდილობ, ცხოვრებაში ჩემი გმირების პროტოტიპები ვიპოვო და მათგან ბევრი რამ ვისწავლო. მაგალითად, ფილმისათვის "კოკაინი" შევხვდი პატიმარს, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ მოხუცი გამოვა ციხიდან. არადა იქ ახალგაზრდა მოხვდა. შევძელი მის ბნელ სულში ჩახედვა, რაც როლის თამაშში დამეხმარა.
– თქვენ ასევე ძალიან დაუმეგობრდით მწერალ ჰანტერ ტომპსონს, როდესაც მუშაობდით რაულ დიუკის როლზე ფილმისათვის "შიში და სიძულვილი ლას ვეგასში".
– კი, ჩვენ რამდენიმე თვე ერთად ვცხოვრობდით. ის გენია იყო, მაგრამ ბევრი პროვოკატორად მიიჩნევდა. მისი წიგნები ძალიან მიყვარს და ვთვლი, რომ მისი კარგად მესმის. ბედნიერი ვარ, რომ ამ მწერლის ანდერძის აღსრულებაში საკუთარი წვლილი შევიტანე. ორი მილიონი გავიღე, რათა მისი ფერფლი მშობლიურ ქალაქ კოლორადოში ზარბაზნიდან გაესროლათ და მთელ ქალაქში მიმოფანტულიყო.
– ალბათ ფსიქიკისათვის რთული დასაძლევია სხვადასხვა მძიმე როლის გათავისება და შემდეგ იქიდან გამოსვლა.
– ფსიქიკისათვის გაცილებით რთულია ისეთი ცხოვრება, როგორიც მქონდა. ცხოვრება გაცილებით საშინელი შეიძლება იყოს, ვიდრე სერიული მკვლელის როლის თამაში.
– მართალია, რომ მოწევა 12 წლისამ დაიწყეთ, ქალს პირველად გემო 13 წლისამ გაუსინჯეთ და 16 წლისას უკვე ყველა სახის ნარკოტიკი გქონდათ ნაგემი?
– არა, მთლად ასე არაა. ყველა ნარკოტიკი უკვე 14 წლის ასაკში მქონდა გასინჯული.
– თქვენ მუსიკალური კარიერით დაიწყეთ...
– კი, ავტოფარეხების როკმუსიკოსი ვიყავი და ბევრი ჯგუფი მოვიარე. მაშინ სერიოზულად ვფიქრობდი როკვარსკვლავობაზე. საბედნიეროდ, არ გადავდგი სერიოზული ნაბიჯები ამ კუთხით, რადგან ეს სამყარო ნაგავია. მუსიკა დღემდე მიყვარს. დღემდე კარგად ვუკრავ გიტარაზე და ერთხელ, სტუდიაში ჩაწერისას, ჩემი მეგობარი ნოელ გალაჰარიც შევცვალე, რადგან ძალიან მთვრალი იყო. მუსიკა მის ნაცვლად ჩავწერე.
– როგორ მოხვდით კინოში?
– ძალიან ადრე მოვიყვანე ცოლი (პირველი ცოლი ლორი ანე ალისონი) და მალევე გავშორდი, თუმცა მეგობრებად დავრჩით. მან გამაცნო თავისი ახალი ბოიფრენდი ნიკოლას კეიჯი. ის მაშინ იწყებდა მსახიობის კარიერას და მირჩია, ძალები მეც მესინჯა კინოში. ასე მოვხვდი ფილმის "კოშმარები ქუჩაში" გადასაღებ მოედანზე.
– თქვენი და ვანესა პარადიზის შეხვედრაც ასეთივე შემთხვევითობა იყო?
– ვფიქრობ, ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. ჩვენ პარიზში, სასტუმრო "კოსტეში" გავიცანით ერთმანეთი. მას თეთრი, ზურგზე ამოჭრილი კაბა ეცვა. მის ზურგს თვალი ვერ მოვაშორე, ადგილზე გავქვავდი.
– გამოდის, ვანესა ზურგით შეგიყვარდათ.
– ქალის ზურგი ბევრისმეტყველია. ზოგიერთ შემთხვევაში ზურგი ქალზე გაცილებით მეტს გეტყვის, ვიდრე შენ გგონია.
– მას შემდეგ თქვენ ძალიან შეიცვალეთ. ეს ვანესას დამსახურებაა?
– ვერ ვიტან, როცა ამბობენ, რომ ერთმა მეორე შეცვალა. შეუძლებელია ადამიანი შეიცვალოს, თუ მას ეს არ უნდა. მე შევიცვალე მაშინ, როცა ჩემი პირველი შვილის ხმა გავიგონე.
– ამბობენ, რომ არამარტო ნარკოტიკებს, მოწევასაც დაანებეთ თავი. მართალია?
– თითქმის. დავიტოვე უფლება, რომ დღეში სამი ღერი სიგარეტი მოვწიო, ერთი – სადილის შემდეგ, ერთი – ვახშმის შემდეგ და ერთიც – როცა მომინდება.
– თქვენი ახალი გატაცება კუნძულია?
– ეს ჩემი ახდენილი ოცნებაა. ყოველთვის ვოცნებობდი ადგილზე, სადაც ოჯახთან ერთად დავისვენებდი. ამ კუნძულზე შეგიძლია შიშველმაც ირბინო, რადგან იქ კამერა არსად დაგხვდება.
– გატყობთ, ჟურნალისტები არ გიყვართ. თქვენ ლონდონში პაპარაცების ცემისათვისაც დაგაკავეს.
– არ მიყვარს პაპარაცები. ჟურნალისტებთან კი არანაირი პრეტენზია არ მაქვს.
– თქვენი მდგომარეობიდან ყველაზე მეტად რა მოგწონთ?
– ის, რომ შემიძლია ჩემს ქალიშვილებთან ერთად მულტფილმებს ვუყურო. ათი წლის შემდეგ კი ვიღაც იდიოტი წაიყვანს ჩემს გოგონებს კინოში და მათ აღარ მოუნდებათ ჩემთან ერთად კინოს ყურება.
მაგარი კაცია