Blunt
From Paris with Love

        
ჯგუფი: Members
წერილები: 32497
წევრი No.: 93806
რეგისტრ.: 17-June 09
|
#19092226 · 17 Apr 2010, 14:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ულამაზო, არაწარმოსადეგი – ასე დაახასიათა 38 წლის წინ კინოკომპანია "პარამაუნტის" ხელმძღვანელობამ დამწყები თეატრალური მსახიობი, რომელიც რეჟისორ ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმ "ნათლიაში" ერთ–ერთ ვარიანტად შესთავაზეს. რეჟისორმა კი ყურად არ იღო მათი აზრი და სწორედ ალ პაჩინოსგან გამოძერწა მაიკლ კორლეონეს სახე. ამით სტუდიის ბოსებს და შემდეგ მაყურებელს დაუმტკიცა, რომ დაბალი იტალიელი მამაკაცი ნამდვილი გენია იყო. მას შემდეგ ალ პაჩინოს ამ ტიტულის გარეშე თითქმის არსად მოიხსენიებენ. ახლა 69 წლის მსახიობს კვლავინდებურად ძნელია უწოდო მიმზიდველი და ლამაზი, მაგრამ 160 სმ–ის სიმაღლის გენია ყველა კინოსტუდიისათვის ოცნების პროექტს წარმოადგენს. მხოლოდ მისი სახელისა და გვარის დაწერა ფილმის ტიტრებში გარანტირებულ გადავსებულ კინოთეატრებთან ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბოლოდროინდელი ფილმები "ფული ორისათვის", "88 წუთი" და "უძილონი" ისეთი შთამბეჭდავი არ არის, როგორიც "ნათლია" ან "ნაიარევი სახე", ვერც ერთი კრიტიკოსი იტყვის, რომ ალ პაჩინო, როგორც მსახიობი, გაფუჭდა და როლში ბოლომდე არ იხარჯება.
"ვიცი, რომ ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ, სამწუხაროდ, წინასწარ ვერასდროს განსაზღვრავ, როგორ დამთავრდება ფილმზე მუშაობა, ეს ლატარიასავით არის", – აცხადებს მსახიობი.
45 წლის წინ სამსახიობო ხელოვნების ლეგენდარულმა პედაგოგმა, ლი სტასბერმა თავის მოსწავლეს, ალფრედ პაჩინოს, ურჩია, ხანდახან მაინც გამოდი როლიდანო. მსახიობმა ყურად არ იღო რჩევა და ამიტომაც დღემდე ცხოვრებაშიც ისეთივეა, როგორიც ეკრანზე – მკვეთრი, ემოციური, ქარიზმატული, მგრძნობიარე. ალ პაჩინოს ცხოვრების სცენარი იდეალურია ადამიანი ლეგენდის ისტორიისათვის.
კალატოზ სალვატორისა და იტალიელი ლამაზმანის, როზას შვილი, ალფრედ ჯეიმს პაჩინო, 1940 წლის 25 აპრილს ნიუ იორკში დაიბადა. მამამ ოჯახი მაშინ მიატოვა, როდესაც ბიჭუნა 2 წლის გახდა. როზა ბავშვთან ერთად საცხოვრებლად ბრონქსში გადავიდა, სადაც მისი ბევრი ნათესავი ცხოვრობდა. "გავიზარდე სამხრეთ ბრონქსში, სადაც ეთნიკური მრავალფეროვნება იყო. იტალიელები ყველაზე ცოტანი იყვნენ ჩემ გარშემო. როდესაც ბებიას და ბაბუას სურდათ, რომ მე არაფერი გამეგო, იტალიურად ლაპარაკობდნენ. მათ გარდა, ჩვენს სანათესაოში ყველა ამერიკანიზაციისკენ ილტვოდა, მათ შორის – მეც", – იხსენებს მსახიობი.
ყოფითი პრობლემები მას დიდად არ ადარდებდა. დროს ძირითადად ქუჩაში და კინოში ატარებდა. "ჩვენი რაიონი კრიმინალურ და საშიშ უბნად ითვლებოდა. ამიტომ ჩემები ცდილობდნენ, ქუჩაში ხშირად არ ვყოფილიყავი. სანამ მათ ვუჯერებდი, მთელ თავისუფალ დროს ეკრანთან ვატარებდი. შემდეგ ფილმების გმირების მოქმედებებს ვიმეორებდი. ჩვენს სახლში ცხოვრობდა ორი ყრუ დეიდა. მათ ძალიან დიდი გავლენა იქონიეს ჩემი სამსახიობო მონაცემების განვითარებაზე. მათთან ურთიერთობამ გამხადა კარგი მსახიობი", – ამბობს მსახიობი.
თეატრის მიმართ სიყვარული 14 წლიდან, მას შემდეგ დაეწყო, როდესაც ჩეხოვის "თოლია" ნახა. სწორედ ამ სპექტაკლის შემდეგ მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება, რომ უნდა წასულიყო სამსახიობო სასწავლებელში.
ბოჰემური იტალიელი
მსახიობობაზე მეოცნებე ბიჭმა, როდესაც თავისი განზრახვის შესახებ დედას უთხრა, მისგან პირველი წინააღმდეგობა მიიღო. მშობლის აზრით, მსახიობობა მდიდრების პროფესია იყო და ჯობდა, რაიმე ნორმალური საქმისათვის მოეკიდა ხელი, რომელიც შემოსავალს მოუტანდა. ასეთ პასუხს დედისაგან ალ პაჩინო არ ელოდა, რადგან მას თავის თანამოაზრედ თვლიდა და ამის გამო გაუბრაზდა.
"16 წლის როცა გავხდი, მივხვდი, რომ ოჯახში მხარს არავინ მიჭერდა და გადავედი ცალკე საცხოვრებლად გრინვიჩ ვილიჯში. თავი ბოჰემურ იტალიელ–ამერიკელად ვიგრძენი. მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა კარგი გზა ავირჩიე ცხოვრებაში", – იხსენებს მსახიობი.
მსახიობი 22 წლის იყო, როდესაც დედამისი მოულოდნელად გარდაიცვალა ისე, რომ ვაჟმა მასთან შერიგება ვერ შეძლო.
ალ პაჩინო და მისი მეგობრები, რომლებიც ახალი იტალიური ბოჰემის ნაწილად თვლიდნენ თავს, დგამდნენ იმპროვიზებულ სპექტაკლებს ქუჩაში, კაფეებში და საერთოდ არ ფიქრობდნენ ფინანსებზე და შემოსავალზე. "ხშირად ღამის გასათენებელი სახლიც კი არ მქონია. პირდაპირ თეატრში ვიძინებდი. შემდეგ ჭკუა ვისწავლე და ჩემს მეგობრებთან ვრჩებოდი, რა თქმა უნდა, ქალებთან. ეს ყველაზე იოლი გამოსავალი იყო", – ამბობს მსახიობი.
წარმატება და აღიარება მასთან ადვილად მოვიდა. ამისათვის მხოლოდ ერთადერთი ფილმი, "ნათლია", იყო საჭირო. "ყველაზე რთული როლი ჩემს კარიერაში ალბათ მაინც "ნათლიაში" ვითამაშე. მაშინ სრულიად ახალგაზრდა ვიყავი, გამოუცდელი, მოუმზადებელი და ვგრძნობდი დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ეს როლი აღმოჩნდა ჩემთვის დიდი გამოცდა. მან, რა თქმა უნდა, ცხოვრების ყველაზე საინტერესო კარი გამიღო".
ფილმ "ნათლიას" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ დაიწყო სრული ისტერია ალ პაჩინოს გარშემო. მას ქუჩაში ხშირად მაიკლ კორლეონეს სახელით მიმართავდნენ. "ადამიანებმა სრულად გამაიგივეს კორლეონესთან. ქუჩაში ხშირად მომმართავდნენ, როგორც მაიკლს და ხანდახან ჩემი თავი ცხოვრებაშიც კორლეონე მეგონა", – იხსენებს მსახიობი. ამ როლისათვის მან ჰონორარის სახით 35 ათასი დოლარი (დღევანდელი კურსით 7 მილიონი დოლარი) მიიღო და ოსკარზე პირველი ნომინაციაც მოიპოვა.
დღემდე ბევრი მსახიობი ცდილობს, ამოხსნას და ჩასწვდეს ალ პაჩინოს თამაშის ტექნიკას და მანერას. თავად ცოცხალი ლეგენდა კი ამის შესახებ მარტივ განმარტებას აკეთებს.
"ჩემი კარიერის განმავლობაში მივხვდი, რომ არამარტო უნდა მოირგო შენი გმირის ტყავი, არამედ მასთან ერთად უნდა იცხოვრო და მოკვდე კიდეც. სხვანაირად ეკრანზე დამაჯერებელი ვერ იქნები. როდესაც ვთამაშობ პოლიციელს, მუდმივად ურთიერთობა მაქვს ნამდვილ პოლიციელებთან, როცა – ჟურნალისტს, საათობით ვზივარ რომელიმე რედაქციაში", – აცხადებს მსახიობი.
ფილმ "ქალის სურნელში" ბრმა გენერლის თამაშის დროს მსახიობი დაეცა და თვალი დაიზიანა. ამ როლის თამაშისას მხედველობას მართლაც კარგავდა. "ამ როლში შესვლისას ვცდილობდი, მხედველობის ფოკუსი დამეკარგა. როცა დავეცი მიწაზე, მაშინ სრულიად ბრმად ვგრძნობდი თავს", – იხსენებს ალ პაჩინო. სწორედ ამ ფილმისათვის მიიღო მან თავისი ერთადერთი ოსკარი, თუმცა ამ პრესტიჟულ ჯილდოზე რვაჯერ იყო ნომინირებული.
ალ პაჩინოს შრომისმოყვარეობაზე ლეგენდები დადის. ის დღეში 40 ღერ სიგარეტს ეწეოდა, ყავას ლიტრობით სვამდა, ოთხი საათი ეძინა და დანარჩენი დრო მთლიანად მუშაობაში იყო ჩართული. "თავად რომ არ დამენახა, ლიტრობით ყავას როგორ სვამდა პაჩინო, არ დავიჯერებდი. ამის გამო ყავის აპარატს ალ კაპუჩინოც კი ვუწოდეთ", – ამბობდა მსახიობი კრის ო,დონელი, რომელმაც ფილმ "ქალის სურნელში" ვარსკვლავს პარტნიორობა გაუწია.
მსახიობმა თავისი კარიერის მანძილზე ბევრ ფილმზე თქვა უარი, რომლებიც შემდგომში ძალიან პოპულარულები გახდნენ, მაგალითად, "ლამაზმანზე", რომელშიც შემდეგ რიჩარდ გირმა შეასრულა მთავარი როლი, "4 ივლისს დაბადებულში" – ტომ კრუზის გმირის როლზე და "კრამერი კრამერის წინააღმდეგ" – დასტინ ჰოფმანის გმირის როლზე.
ფილმ "ნაიარევი სახის" შემდეგ ალ პაჩინომ ერთწლიანი პაუზა აიღო კინოში, რათა კარგად დაესვენა. მეორე ვერსიით კი, მსახიობი ის ერთი წელი ალკოჰოლის საშინელი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ალ პაჩინო ყოველთვის მინიშნებით საუბრობს, რომ მის ცხოვრებაში ალკოჰოლს ერთ დროს დიდი ადგილი ეკავა. "პოპულარობისა და ყურადღების ცენტრში ყოფნის პერიოდში მეჩვენებოდა, რომ ყველაფერი მე მემორჩილებოდა. სიგიჟეა, მაგრამ ვცდილობდი სიმთვრალის დამორჩილებასაც. ახლა, საბედნიეროდ, აღარ ვსვამ. უკვე მრავალი წელია ეს მავნე ჩვევა დავძლიე", – აცხადებს ალ პაჩინო.
მსახიობის პირადი ცხოვრება ყველაზე მეტად არის იდუმალებით მოცული. ამ ეტაპზე სამი შვილის მამაა. უფროსი ქალიშვილი, ჯული მარი, იანა ტარანტთან ეყოლა, ტყუპები კი – ბევერლი დანჯელოსთან. ალ პაჩინოს ოფიციალური ცოლი არასდროს ჰყოლია, სამაგიეროდ მას რომანი ჰქონდა ისეთ ქალებთან, როგორებიც არიან დაიან კიტონი, დებრა უინგერი, პენელოპა ენ მილერი და სხვები. როდესაც საუბარი ოჯახის შექმნაზე ჩამოვარდება, ალ პაჩინო კატეგორიული ხდება და აცხადებს, რომ მის ცხოვრებაში არც ერთი ქალი, თუნდაც ისინი, რომლებთან ერთადაც პრემიერებზე და პრეზენტაციებზე გამოჩენილა, ახლოსაც არ ყოფილა იმ იდეალთან, რომელიც მის წარმოსახვაში კანონიერი ცოლის როლს მოირგებდა.
ერთადერთი, რაც მსახიობს დღემდე დიდ სიამოვნებას ანიჭებს, ეს თეატრში მუშაობაა. ამ თემაზე დაუღალავად შეუძლია საუბარი: "თეატრი ყველაზე მეტად ჰგავს რეალურ ცხოვრებას. როგორც ცხოვრებაში, ისევე თეატრში შენი ქმედება არასდროს განმეორდება. კინო გაცილებით ადვილი ცხოვრებაა, თეატრი კი – რთული და დრამატული სიამოვნებაა".
საერთო ჯამში, მსახიობი თავის განვლილ ცხოვრებას დადებითად აფასებს. თვლის, რომ იღბლიანია. "არაფერს ვნანობ. ვცხოვრობ საკუთარი პრინციპებით, რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. გამიმართლა, რომ კინოსა და თეატრს ვემსახურები. გამიმართლა ასევე, რომ შვილები მყავს. მერე რა, რომ ჩემს ცხოვრებაში ცოლი არ ყოფილა. ის კიდევ შეიძლება გამოჩნდეს. სიყვარულისათვის ყოველთვის მზად ვარ", – ამბობს ალ პაჩინო ერთ–ერთ ბოლო ინტერვიუში.
|