ქაფქიანა
I still have a soul

        
ჯგუფი: Members
წერილები: 38933
წევრი No.: 71656
რეგისტრ.: 20-October 08
|
#49509380 · 17 Dec 2016, 13:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე ვთარგმნი და წიგნები ბათუმში გამოსცემს.
თითქმის შუამდე ვარ მისული. თებერვლის ბოლომდე თუ მოვრჩები, კაი იქნება.
ნაწყვეტს დავდებ:
(ნედლი, არარედაქტირებული თარგმანი)
მე კვლავ შაბათის საღამოს ლოცვაზე ვიჯექი ტაძარში. ცვილის სუნს ჩახუთული ჰაერი გაეჟღინთა. ჯვარცმის წინ დაჩოქილი ქალი უკვე დიდხანია წასულიყო და სიბნელე ყველა მხრიდან იკრებდა ძალას-ჩემს გარშემოც, ჩემს თავზეცნ და ჩემშიც. მორჩილის ანაფორიანი ბიჭი ოქროს სპეციალური ჯოხით სასანთლეებს უვლიდა და სანთლებს ერთი-მეორის მიყოლებით აქრობდა. მე არ ვინძრეოდი. მან დამინახა და სწრაფად შებრუნდა-ალბათ იმიტომ, რომ ლოცვაში ღრმად ჩაძირული ადამიანი არ შეეწუხებინა. შემდეგ კი, როდესაც მორჩილი შემდეგ სასანთლეს მიუახლოვდა, უეცრად მხარზე ვიღაცის ხელი ვიგრძენი. ჩემს ზურგსუკან ადამიანი იდგა, რომელიც ისე შეუმჩნევლად მომპვოდა, რომ ვერც მისი იქ ყოფნა ვიგრძენი და ვერც ნაბიჯების ხმა. საიდანღაც შიგნიდან საფრთხის შეგრძნებამ წამოჰყო თავი, მაგრამ ყურადღება აღარ მიმიქცევია. მოვტრიალდი და ჭაღარათმიანი მღვდელი დავინახე. ,,აღსარების ჩაბარება გსურთ?“ იკითხა მღვდელმა. ,,ტაძრის დაკეტვას ვაპირებდი“. სათვალის სქელი შუშების მიღმა თვალები ბებრულად მოეჭუტა. სინათლის ერთადერთი წყარო ტაძარში ახლა მხოლოდ სანთლები და წმინდანთა ქანდაკებების წინ ჩამოკიდებული წითელი შუშის ზეთის ლამპრები გახლდათ. სანთლები და სანათურები მშვიდი, თანაბარი წვით იწვოდნენ-წყვდიადიდან წამომართულ კედლებზე ჩრდილები არ ინძრეოდნენ. ,,თქვენ რაღაც გტანჯავთ. ამას ვხედავ. ხომ ვერ დაგეხმარებოდით?“ იკითხა მღვდელმა. ,,უკვე გვიანია, ძალიან გვიანია“, წავუჩურჩულე მღვდელს და გასასვლელად წამოვიწიე. მღვდელმა ზურგი მაქცია-ქანდაკებებისკენ შებრუნდა, ისე რომ ჩემს გამომეტყველებაში არაფერი განსაკუთრებული ჯერ კიდევ არ შეემჩნია-როგორც ჩანს მხედველობის გამო და კეთილგანწყობილად წაილაპარაკა: ,,არა, ჯერ კიდევ ადრეა. თუ გნებავთ, აღსარებას ჩავიბარებ“. წამიერად მივაშტერდი. ღიმილი ძლივს შევიკავე და შემდეგ უეცრად მომინდა რომ დიახაც, აღსარება ჩამებარებინა. ვითომ რატომაც არა? და მღვდელს სააღსარებო კაბინისკენ გავყევი, თუმცა როდესაც ჩრდილებით და აჩრდილებით მოცულ ვესტიბიულში მივაბიჯებდით, მშვენივრად ვაცნობიერებდი, რომ ეს სრული სიგიჟე, აბსოლუტურად არაფრის მომცემი საქციელი გახლდათ. მაგრამ მაინც შევედი კაბინაში, პატარა სააღსარებო დაზგაზე დავიჩოქე და დაზგის სახელურს ხელები წავავლე. მღვდელი კაბინის მეორე ნაკვეთურში შემოვიდა, ფანჯარა გამოაღო და მისი პროფილის ბუნდოვანი ნაკვთებიც დავინახე. წამიერად შევხედე, პირჯვარი გადავიწერე და დავიწყე: ,,დამლოცეთ მამაო და შემინდეთ შეცოდებანი ჩემნი. ცოდვანი, რომელთაც ძალიან ხშირად და იმდენ ხანს ჩავდიოდი, რომ უკვე აღარც ვიცი, როგორ შევიცვალო და არც ის ვიცი, როგორ აღვიარო წინაშე უფლისა, რაიც შთავიდინე“. ,,შვილო ჩემო, უფალი უსაზღვროდ მოწყალე და მიმტევებელია“, წაიჩურჩულა მღვდელმა. ,,უთხარი უფალს სათქმელი მთელი გულით, რამდენადაც კარგად შეგიძლია.“ ,,მკვლელობები მამო. სიკვდილი სიკვდილზე. ქალი, რომელიც ამ ორი ღამის წინ მოკვდა ჯექსონის მოედანზე... მე მოვკალი. მანამდე კი ათასობით მყავს მოკლული. ყოველ ღამე ხან ერთ ადამიანს ვკლავდი, ხან ორს. ასე გრძელდებოდა მამაო სამოცდაათი წელი. სამოცდაათი წელიწადია ნიუ-ორლეანსის ქუჩებში დავაბიჯებ, როგორც ცელმომარჯვებული ბებრუხანა და სხვების სიცოცხლით ვიკვებები, საკუთარი რომ გავიხანგრძლივო. მოკვდავი არ გახლავართ მამაო. უკვდავი ვარ, წყეული უკვდავი, როგორც უფლის მიერ ჯოჯოხეთში შთანთქმული ბნელი, დაცემული ანგელოზი. მე ვამპირი ვარ“. მღვდელი შემობრუნდა: ,,ეს რა გართობაა, რა ხუმრობაა თქვენი მხრივ? აქ იმიტომ მოხვედით, რომ მოხუცს დამცინოთ?“ და ფანჯარა გაიხურა. სწრაფად წამოვხტი და მის ნაკვეთურში შევიჭერი. ,,ახალგაზრდავ, უფლის საერთოდ არ გეშინიათ? იცით რას ნიშნავს მკრეხელობა?“ შემომხედა მღვდელმა. მე მას მივუახლოვდი-ნელა, ძალიან ნელა. თავდაპირველად უნდობლად მიყურებდა, შემდეგ შეცბუნებულმა ნაბიჯი უკან გადადგა. ცარიელი ტაძარი ბნელეთს მოეცვა. საეკლესიო მოლარე უკვე წასულიყო და სანთლები მხოლოდ შორეულ საკურთხეველთან იწვოდნენ მქრქალი, ფერწასული, მოჩვენებისეული სინათლით. მათი სინათლე მოხუცის ჭაღარა თავის და სახის გარშემო მოოქროვილ შარავანდედს ჰქმნიდა. ,,მაშ არ დაგინდობ!“ ვუთხარი მღვდელს და მთელი ძალით ჩავაფრინდი მხრებში და მამაშვილურად, ამავ დროს ისე ჩავეხუტე, რომ მთლიანად შევბოჭე. როოგორც იქნა, ახლოდან დამინახა და თავზარდაცემულს, აცახცახებული ყბა ჩამოუვარდა. ,,ახლა ხომ ხედავ, ვინც ვარ. თუკი ღმერთი არსებობს, რატომ ითმენს ჩემს არსებობას?“ ,,თქვენ მკრეხელობთ“, ამოიხავლა მღვდელმა და ხელებში ფრჩხილები ჩამასო, შეეცადა დამსხლტომოდა, მისალი ხელიდან გაუვარდა და ძირს დაეცა. ანაფორის ნაოჭებში კრიალოსანი აჩხარუნდა. თუმცა ასეთივე წარმატებით მარმარილოს ამ რომელიმე ქანდაკებას თუ შეებრძოლებოდა. სპეციალურად გავიღიმე, სასიკვდილო, გესლიანი ეშვები რომ გამეშიშვლებინა. ,,რატომ ითმენს ჩემს არსებობას?“ კვლავ გავუმეორე. სახე შიშის, მრისხანებისა და ზიზღისგან მოექცა, რის შემხედვარე უბრალოდ გავცოფდი-ზუსტად ასე მიცქერდა ბაბეტაც. მოკვდავებისთვის დამახასიათებელი პანიკით ერთიანად ატანილმა, აკანკალებულმა ძლივს წამოიხავლა: ,,განვედ სატანა!“ ხელი გავუშვი და ღვარძლიანი თვითკმაყოფილებით ვაკვირდებოდი, ააფრთხალებული როგორ მიბორძიკებდა გასასვლელში, თითქოს მუხლებამდე თოვლში მიიკვლევდა გზას. შემდეგ ორ ნახტომში, ელვისებურად დავეწიე, წინ გაწვდილი ხელები მთელი ძალით მოვხვიე და ჩემი შავი ლაბადით წყვდიადში ჩავძირე. ფეხები, წეღან ბობღვა-ბობღვით რომ მიიკვლევდნენ გზას, უძრავად გაშეშდნენ. მღვდელი მწყევლიდა და ღმერთს უხმობდა. საკურთხევლის კიბეებთან მივათრიე, ზურგით ძირს დავაგდე, ჩემსკენ სახით მოვატრიალე და კბილები ყელში გავუყარე.
This post has been edited by ქაფქიანა on 17 Dec 2016, 13:30
--------------------
...Came the end, the final end of Eternity —And the beginning of Infinity.
Ceterum censeo Russio esse delendam...
We need ®US(SI)A Military Presence. © A10
|