პიერ პაოლო პაზოლინი : ჩემი აკატონე ტელევიზორში გენოციდის შემდეგ (1975)
ლაბორატორიული ტერმინებით რომ ვისაუბროთ, "აკატონე" ცხოვრების წესის, ანუ კულტურის ერთგვარი ნიმუშია. ამ კუთხით, ეს ფილმი მკვლევარებისთვის საინტერესო ფენომენია, მაგრამ - ტრაგიკული, ყველასთვის ვისაც 'აკატონესთან' პირდაპირი შეხება ჰქონია. ჩემთვის , მაგალითად, მისი ავტორისთვის.
"აკატონეს" ეკრანებზე გამოსვლისას სხვა დრო იყო. (მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მაშინ იწყებოდა პროცესი, რომელსაც ეწოდა "ბუმი", ღიმილისმომგვრელი სიტყვა - როგორც "Belle Epoque" ) . რეპრესიული ეპოქა იდგა. ის რაც იტალიას 30-40იან წლებში ახასიათებდა, არ შეცვლილა არც ორმოცდაათიანებში. ფაშისტურ რეჟიმსა და ქრისტიან-დემოკრატიულ რეჟიმს შორის შესანიშნავი თანმიმდევრულობა სუფევდა, "აკატონეში" ამ თანმიმდევრულობის ორი მნიშვნელოვანი ელემენტია: პირველი - სუბ-პროლეტარიატის გამარგინალება და განდევნა იქ, სადაც ყველაფერი სხვანაირია და მეორე - პოლიციის შეუბრალებელი, კრიმინალური, უკონტროლო ძალადობა. მეორე მაგალითზე ყველა ვთანხმდებით და ამაზე სიტყვების დახარჯვა არ ღირს. სინამდვილეში პოლიციის რაღაც ნაწილი კვლავ უცვლელია - საკმარისია მადრიდში ან ბარსელონაში წახვიდე რომ გაიხენო 'ძველი ნაცნობები' მთელი თავისი დიდებულებით.
მეორეს მხრივ, პირველ ფენომენზე (სუბ-პროლეტარიატი) ბევრი რამ შეიძლება ითქვას. იმიტომ რომ, 1961 წელს როდესაც "აკატონე" პირველად აჩვენეს, საშუალო კლასიდან არავინ იცოდა რა იყო სუბ-პროლეტარიატი (განსაკუთრებით რომის სუბ-პროლეტარიატი) და როგორ ცხოვრობდა ის. და 1975 წელს, როდესაც "აკატონე" უჩვენეს ტელევიზიით, კვლავ არ იცის ბურჟუაზიამ როგორი იყო სუბ-პროლეტარიატი და როგორია დღეს. მე, ვხსნი და ამავდროულად ვამტკიცებ რომ ყველა საშუალო კლასის ადამიანი ფაშისტია, ყოველთვის , ყველგან და მიუხედავად იმისა თუ რომელ პარტიას ეკუთვნის ის.
1961 წელს "აკატონემ" პირვლემა წარმოაჩინა ცხადად და გარკვევით 'რასიზმის' ფენომენი იტალიაში. მიუხედავად ჩემი და საწყალი , სუბ-პროლეტარი -ფრანკო ჩიტის საშინელი დევნისა. მაგრამ , დღეს , 1975 წელსაც არ შეცვლილა ბევრი რამ. სუბ-პროლეტარიატთან დაჯახებისას და კონფრონტაციისას 'რასიზმი' ყოველთვის ცხადად ავლენს თავს , იღვიძებს ძალაუფლების შეგრძნებიდან, რომელიც განსაზღვრავს ბურჟუაზიის არსებობის იდეას და თავად მის არსებობასაც .
1961 წელს საშუალო კლასი სუბ-პროლეტარიატში ზუსტად ისე ხედავდა ბოროტს, როგორც ამერიკელი რასისტი ზანგების სამყაროში. იმ დროს, სუბ-პროლეტარიატი ყველანაირი გაგებით იყო 'ზანგი'. ამ კულტურამ (ჩაკეტილმა კულტურამ, რომელიც მოთავსებული იყო უფრო დიდ , თავის მხრივ ჩაკეტილ კულტურაში) - სამხრეთის გლეხურმა კულტურამ რომაულ სუბ-პროლეტარიატს გადასცა არა მხოლოდ გარკვეული ფსიქოლოგიური თვისებები, არამედ ფიზიკური მახასიათებლებიც კი. მან შექმნა ნამდვილი 'რასა'. დღევანდელ კინო მოყვარულს შეუძლია ამაში დარწმუნება თუ დააკვირდება "აკატონეს" პერსონაჟებს. არც ერთი მათგანი - მეათასედ ვიმეორებ - არ ყოფილა მსახიობი. მაშასადამე ყველა თამაშობდა "საკუთარ თავს". მათი რეალობა წარმოდგენილი იყო მათივე რეალობით. მათი "სხეულები" ზუსტად ისევე გამოიყურებოდა ეკრანზე, როგორც სიცოცხლეში.
ამ კულტურამ, რომელიც იმდენად განსხვავებული იყო რომ შექმნა არც მეტი არც ნაკლები "რასა", რომაულ სუბ-პროლეტარიატს დომინანტური კლასის ფსიქოლოგია და მორალი მისცა. მმართველ კლასს კი (ბურჟუაზიას) შემოსაზღვრული ჰქონდა საკუთარი "დომინირების" არეალი და არც უცდია სუბ-პროლეტარიატში საკუტარი მორალის ქადაგება, ანუ არ უცდია მათთვის საკუთარი იდეოლოგიის თავს მოხვევა. (ეს იდეოლოგია კი გახლდათ საძაგელი და წმინდა ფორმალური კათოლიციზმი).
საუკუნეების განმავლობაში საკუთარი უმოძრაობის ამარა მიტოვებულმა კულტურამ შეიმუშავა საკუთარი ქცევის წესები და ღირებულებები, რომლებიც წარმოადგენდნენ აბსოლუტს. მათი ეჭვქვეშ დაყენება არავის შეეძლო. როგორც ყველა ხალხურ კულტურაში "შვილები" გადიოდნენ "მამების" გზას - იკავებდნენ მათ ადგილს, იმეორებდნენ მათ. სწორედ ეს წარმოქმნის "კასტის" შეგრძნებას, რომლის გასამართლება ჩვენი რასისტული ზიზღისა და ევროცენტრისტული ნაციონალიზმის სახელით ასე გვსიამოვნებს. მაშასადამე, ამ კულტურაში არანაირი რევოლუცია არ მომხდარა. ღირებულებებსა და ქცევის წესებს უცვლელად გადასცემდნენ მამები შვილებს. თუმცა ამავე კულტურაში ხდებოდა საინტერესო პროცესებიც. საკმარისი გახლდათ დაკვირვებოდით მათ ენას (რომელიც დღეს აღარ არსებობს) - ეს ენა მუდმივად განიცდიდა განახლებას, მიუხედავად იმისა რომ ლექსიკური და გრამატიკული მოდელები არ იცვლებოდა. ყოველდღე, ამ პროლეტარულ უბნებში (რომლებიც დიდ პლებეურ მეტროპოლისს ჰქმნიდნენ) , ქუჩებში, ჩხუბის დროს გაიგებდით ახალ ლინგვისტურ მიგნებებს. ეს არის ნიშანი ცოცხალი კულტურისა.
ეს ყველაფერი "აკატონეში" პატიოსნადაა წარმოდგენილი (განსაკუთრებით კარგად ჩანს ეს თუ "აკატონეს" წარმოთქვამთ სპეციფიურად, რომელიც გამორიცხავს ჩემს უსიცოცხლო ესთეტიზმს). 1961-1975 წლებს შორის რაღაც არსებითი შეიცვალა: მოხდა გენოციდი. მთელი მოსახლეობა კულტურულად განადგურდა. ეს ზუსტად ეხმიანება იმ კულტურულ გენოციდებს, რასაც ადგილი ჰქონდა უშუალოდ ჰიტლერის მიერ ჩატარებული ფიზიკური გენოციდის წინ. მე რომ ხანგრძლივ მოგზაურობაში წავსულიყავი და რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნებულს გამესეირნა "დიდი პლებეური მეტროპოლისის" ქუჩებში, დამრჩებოდა შთაბეჭდილება რომ მისი ყველა მაცხოვრებელი გააძევეს და გაანადგურეს, მათ მაგივრად კი ფერმკრთალი, საძაგელი, უბედური აჩრდილები ჩაასახლეს. ჰიტლერის "სს" ანუ. ძველი ღირებულებებისა და ქცევის წესებისგან თავისუფალი ახალგაზრდა ბიჭები იქცნენ სხვანაირი ცხოვრების წესის და იდეის, ანუ ბურჟუაზიის აჩრდილებად.
მე რომ "აკატონეს" ხელახლა გადაღება მინდოდეს დღეს, ამას ვერ მოვახერხებდი. ვერ ვიპოვიდი ახალგაზრდა ბიჭს რომელიც თავისი "სხეულით" ოდნავ მაინც ემგვანებოდა იმ ახალგაზრდებს - თავის თავს რომ თამაშობდნენ "აკატონეში". ვერ ვიპოვიდი ახალგაზრდას რომელიც შეძლებდა წარმოეთქვა ის ფრაზები , ისეთი ხმით. არა მხოლოდ ის, რომ მას არ ექნებოდა სულისკვეთება და მენტალიტეტი ამ ფრაზების წარმოსათქმელად, ის უბრალოდ ვერ გაიგებდა მათ. და მოუწევდა იგივეს გაკეთება, რასაც აკეთებს მილანელი ქალბატონი "სიცოცხლის ბიჭებისა" და "ვერაგი ცხოვრების" (1) კითხვისას - ლექსიკონს დაიხმარდა. ბოლოს კი, ყველაფერთან ერთად შეიცვალა წარმოთქმის მანერაც.
"აკატონეს" ყველა პერსონაჟი იყო ქურდი, ან მძარცველი, ან უბრალოდ ხალხი რომელთაც დღიდან დღემდე გაჰქონდა თავი. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იყო ფილმი დამნაშავეთა სამყაროზე. ბუნებრივია რომ ამ სამყაროს გარს ეკრა მუშათა კლასის ხალხი, რომლებიც შესაძლოა იყვნენ კიდეც მათ კრიმინალურ საქმიანობაში ჩართულნი - მაგრამ ძირითადად მაინც მუშაობდნენ ( სასაცილო ხელფასზე - როგორც აკატონეს ძმა - საბიანი) . მაგრამ მე, როგორც ავტორს და როგორც იტალიის მოქალაქეს არანაირი ნეგატიური შეფასება არ გამიკეთებია კრიმინალური სამყაროს ამ წარმომადგენლების მიმართ: მათი ნაკლი მიმაჩნდა ადამიანურ ნაკლად, რომლიც მიტევებაც შეიძლებოდა და რომელიც სოციალურადაც გამათლებული იყო , ნაკლად ადამიანისა რომელიც ბურჟუაზიის ღირებულებებისგან განსხვავებულ ცხოვრების წესს მიჰყვება, ადამიანისა, რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, მთლიანად საკუთარ თავს ეკუთვნის.
სინამდვილეში ისინი ძალიან მიმზიდველი პერსონაჟები არიან. ბურჟუაზიული სენტიმენტალურობის მიღმა ძნელია წარმოიდგინო უფრო სიმპათიური ადამიანები, ვიდრე "აკატონეს" სამყაროშია - ანუ რომის სუბ-პროლეტარიატის და პროლეტარიატის კულტურა ათი წლის წინ. ეს ადამიანები გენოციდმა აღგავა პირისაგან მიწისა . (მართლა ასე ეწერა, სწორი ფორმა კი არ ვიცი რომელია - პირისაგან მიწისა, თუ მიწისაგან პირისა

) მათი ადგილი კი დაიკავეს დუბლიორებმა, რომელთა შესახებაც მე უკვე ვთქვი და გავიმეორებ, ისინი არიან ყველაზე საზიზღარი ადამიანები დედამიწის ზურგზე.
აი, სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ სოციოლოგიური თვალსაზრისით დანახული "აკატონე" ტრაგიკული ფენომენია.
ჭირდება მკითველს მტკიცებულებები იმისა რასაც ვამბობ? თუ მკითხველი არ იცნობს რომის პროლეტარულ უბნებს (წარმოიდგინეთ!) , გაზეთებში მაინც წაიკითხოს ახალი ამბები. ახალი 'კრიმინალები' არ არიან მონსტრები, ისინი ზუსტად ისევე არიან კრიმინალური გარემოს მსხვერპლნი, როგორც "აკატონეს" პერსონაჟები. მაგრამ ამ ორ "გარემოს" შორის არის განსხვავება.იდიოტი ვიქნებოდი რომ განმეზოგადებინა. პარადოქსალურობა უბრალოდ ფორმალურია. რომაულ პროლეტარიატისა და სუბ-პროლეტარიატის უბნებში მცხოვრები ახალგაზრდების ნახევარი გულწრფელია და ჭკვიანიც კი, როგორც კრიმინალური ჩანაწერებიდან ჩანს. მაგრამ აღარ არიან სიმპათიურები და მიმზიდველები, არამედ გახდნენ დაღვრემილები, ნევროზიანები, ბურჟუაზიული მღელვარებით აღსავენი. მათ რცხვენიათ რომ მუშები არიან. ბაძავენ "კარგად აღზრდილ" ბავშვებს. სწორედ ეს უკანასკნელნი არიან დღეს მისაბაძი მაგალითები.მკითხველმა თავად შეადაროს ნეო-ფაშისტები პარიოლიდან, რომლებმაც საზარელი მკლველობა ჩაიდინეს ჩირჩეოს მთაზე ვილაში და ახალგაზრდები ტორპიგნატარადან (2) რომლებმაც თავი გადაუხსნეს მძღოლს ასფალტზე. მიუხედავად იმისა რომ ისინი სხვადასხვა სოციალურ კლასს წარმოადგენენ, ასბოლუტურად ერთნაირები არიან. მაგრამ ეს კარგად აღზრდილი ბიჭები, რომლებსაც დასცინოდნენ პროლეტარიატი ახალგაზრდები, მიიჩნევდნენ მათ არამზადებად - არიან საკუთარი კულტურის "მოდელები" ( ჟესტები, მიმიკა, სიტყვები, ქცევა, ცოდნა, კრიტერიუმები. )
დღეს გაზეთები ბრალს სდებენ პარიოლის მოსახლეობას რომ ნეო-ფაშისტებს , თავისდა უნებურად, გარკვეული პრივილეგიები მისცეს. მაგრამ თუ ამას არ ჩაიდენდნენ ნეო-ფაშისტები, ჩაიდენდათავად პარიოლის მოსახლეობა. ამადვროულად გაზეთები აღნიშნავენ რომ "რომის დამნაშავეთა სამყარო იქცევა საზარლად", მაგრამ გაზეთები პოლიტიკოსების დაკვეთას ასრულებენ პოლიტიკოსები კი რეალობისგან აბსოლუტურად შორს დგანან.
ამასწინათ "ობიექტურმა" ჟურნალისტმა ბურჟუაზიული გაზეთიდან და იტალიის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ერთიდაიგივე შეცდომა დაუშვეს ჩემთან საუბრისას. ორივესთვის, ჩემს მიერ ფილმებში ნაჩვენები და რომანებში აღწერილი ადამიანების "ნაკლი" იყო ნეგატიური. და მომაწერეს მე განმკითხავის როლი, სინამდივლეში ეს როლი მათია.
მაშ, არაცნობიერად ისინი რასისტები ხომ არ არიან რომ ვერც კი დაუშვეს - ჩემთვის ეს "ნაკლი" ყოფილიყო კარგი, ან უკიდურეს შემთხვევაში კულტურული რეალობის ელემენტები. და ორივეს ლოგიკურ გაგრძელებად მიაჩნია ჩემი დღევანდელი ნეგატიური დამოკიდებულება სუბ-პროლეტარიატისადმი. (3) ისინი უარს ამბობენ დაინახონ ჩემი დამოკიდებულების რადიკალურ ცვლილებაში რაღაც არსებითი , უარს ამბობენ ამავდროულად დათანხმდნენ რეალობას რომელიც მთელ ქვეყანას მოიცავს, ანუ დაბალი კლასების რადიკალურ და ობიექტურ განადგურებას. ისინი არ აღიარებენ გენოციდის ფაქტს. მათ სჯერად პროგრესის: Tout va bien.(4)
გარდა ამისა, ყველა ის ვინც უპირისპირდება დღევანდელი იტალიის ჩემეულ ხედვას - ხედვას რომელიც კატასტროფულია, იმიტომ რომ ყველაფერს მოიცავს (მხოლოდ ანთროპოლოგიური თვალსაზრისი რომ იყოს - რა უშავს) მასხრად მიგდებენ იმის გამო რომ მხედველობაში არ ვიღებ რომ კონსუმერული მატერიალიზმი და კრიმინალი გავრცელებული ფენომენია ზოგადად კაპიტალისტურ სამყაროში და არა მხოლოდ იტალიაში. როგორი საცოდავები, სულელები და არაგულწრფელები არიან, ნუთუ მათ თავში არ გაუვლია აზრს რომ იმ სხვა ქვეყნებში , სადაც ეს ჭირი ვრცელდება - არის კომნეპსაციები, რომელიც რაღაც მხრივ აწონასწორებს მდგომარეობას.
ნიუ-იორკში, პარიზსა და ლონდონში არის ბევრი საშიში კრიმინალი (და უმრავლესობა მათგანი - გაიკვირვეთ ეხლა! - შავკანიანია) : მაგრამ საავადმყოფოები, სკოლები, სახლები, ფსიქიატრიულები, მუზეუმები, ექსპერიმენტული კინო-თეატრები, ყველაფერი მშვენივრად ფუნქციონირებს. გაერთიანებამ, ასიმილაციამ, ცენტრალიზაციამ მიიღო აბსოლუტურად სხვა სახე. მარქსი იყო დაახლოვებით ერთი საუკუნის წინ მათი გენოციდის მოწმე. ის რომ ასეთი გენოციდები დღეს მიმდინარეობს იტალიაში, მთლიანად ცვლის მათ ისტორიულ ბუნებას. აკატონე და მისი მეგობრები დუმილით წავიდნენ გადასახლებაში საბოლოო აღსასრულისკენ, ალბათ დასცინოდნენ კიდეც საკუთარ ჯალათებს. მაგრამ ჩვენზე რა ვთქვათ, ბურჟუა მოწმეებზე?
(1) "Ragazzi di Vita" , "Una Vita Violenta" - პაზოლინის ორი რომანი
(2) პარიოლი - მდიდრების უბანი რომის სამხრეთით, ძირითადად ვილებით გაშენებული; ტორპიგნატარა - ღარიბების უბანი რომში
(3) პაზოლინი აქ გულისხმობს იმას, რომ მისი დამოკიდებულება სუბ-პროლეტარიატის მიმართ უწინ იყო დადებითი, და შემდეგ შეიცვალა უარყოფითისკენ. ზემოთ აღნიშნულ პიროვნებებს კი სჯეროდათ რომ პაზოლინი ჯერ კიდევ ძველ პროლეტარიატს უყურებდა ნეგატიურად ("აკატონეს' და მის თაობას) .
(4) Tout va bien - ყველაფერი კარგად იქნება (ფრ.)
This post has been edited by Faulk on 17 Mar 2012, 14:24