არ მიკვირს როცა ამ ფილმს აძაგებენ,
პირიქით, მშვენივრად მესმის მასეთი განწყობის და დამოკიდებულების.
იმიტომ რომ პირველ ნახვაზე არც მე მომეწონა. უბრალოდ არ ვუყურე საჭირო თვალით და იმიტომ.
გემოვნების და შეხედულბების კონტრასტულობა კიდევ უფრო მარწმუნებს იმაში, რომ ჩან ვუ პარკმა ეს ფილმი ზუსტად ისე გადაიღო როგორც უნდა გადაეღო, და როგორც მხოლოდ კორეელებს შეუძლიათ გადაღება.
ჭახა-ჭუხი, სროლები, სისხლები, კბილების დაძრობა და ენის მოჭრა _ ეს ისაა, რაც ზედაპირზე ჩანს.
უბრალოდ ეს ის გასავლელი ამაზრზენი გზაა, რომელმაც მთავარი გმირს განცდებამდე უნდა მიგიყვანოს, სხვანაირად ვერ გაიგებ რა ხდება იმ კაცის გულში, რომელმაც ერთ ოთახში ტყვეობაში 15 წელი გაატარა, მიზეზის ცოდნის გარეშე...
გამოუშვეს და უარესი მერე ეწყება.
არსებობს ფილმები, რომლებსაც იღებენ მარტო იმიტომ, რომ რეჟისორმა დაგანახოს თუ სადამდე არაადამიანური შეიძლება იყოს ადამიანი. არსებობს ოჯახის მიერ ერთად და ღიმილით სანახავი ფილმებიც, არსებობს ისეთი ფილმებიც რომლებზეც 10 წუთით ადრე ხვდები რა მოხდება, სად გაგეცინება და სად აგეტირება. ვიღაცას ეგეთი უფრო მოწონს. ყველას თავისი ადგილი უჭირავს და თავისი მაყურებელი ყავს.
არსებობს ოლდბოისნაირი ფილმებიც (თუმცა არც ისე ბევრი), რომლის ყურების შემდეგაც ვერ ხვდები რა ემოცია დაგეუფლა, იმიტომ რომ მზად არ იყავი ამ ყველაფრისთვის. მერე დღეთა განმავლობაში თავში გიტრიალებს ფილმის არაჩვეულებრივი მუსიკა, დიალოგები, ფრაზები, სცენები, სახეები და ხვდები რომ რაღაც ძალიან მაგარს ვერ უყურე ისე როგორც უნდა გეყურებინა. ჯდები, უყურებ მეორედ და ხვდები რომ შედევრია. მე ასე ვიყავი, ასე იყო 10-12 ჩემი მეგობარიც, ვისაც ეს ფილმი ვაყურებინე.
თუმცა მეორედ ყურება იმის გარანტია არაა რა თქმა უნდა, რომ მოგეწონებათ : )
და არც ერთხელ ყურებითაა მოწონება გამორიცხული.
უბრალოდ ასეთია ეს ფილმი, კვერცხვით 15 წუთში არ იხარშება და ცოტა დუღილი უნდა.
და, თუ ცეცხლს სიძლიერე აკლია _ საერთოდაც რომ არ მოიხარშოს, ეგეც არ იქნება გასაკვირი