ჩაყლაპე? ჩაყლაპე? ჩაყლაპეჩაყლაპეჩაყლაპე? ვინ ხართ? რატომ მომიახლოვეთ სახე ზედ ცხვირთან? რას მებლატავებით? ნაღდად წაიკითხეთ ჩემი ბოლო წიგნი? მაძლევთ გარანტიას, რომ არ მესიზმრებით? მართლა ასეთი ლამაზი წითელი პირი გაქვთ? გონივრულია, ასეთი საყვარელი იყო, თან ოცდაერთი წლის და XXXS ზომის მაისური გეცვას? გესმით, რაზე მიდიხართ, ასეთი ლურჯი თვალებით ქათინაურებს რომ მეუბნებით?
რატომ ვიოფლიანებ ჩემს ხელს თქვენსაში? რატომ მანდომებს თქვენი მუხლები გარდამავალი ზმნების გამოგონებას? ჯერ ეს მითხარი, რომელი საათია? რა გქვიათ შენ? გინდა ცოლად გამომყვეთ? შეგიძლია მითხრა, სად ვართ ახლა? ეს რა საწუწნი კამფეტი გვაქვს პირში? ან ეს ლაზერის სხივები რატომ კვეთენ თხევადი ჰაერის ფენებს? ვისია ეს ორლიტრიანი შამპანურის ბოთლები, თავზე რომ დაგვწუიან? როდის იწყებს ადამიანი სინანულს, რომ ამ ქვეყანას მოევლინა? იცი, რომ მშვენიერი თვალები გაქვს, იცი? რატომ ტირით? როდის მაკოცებ? გნებავთ კიდევ არაყი? კიდევ როდის ვიზასაოთ? რატომ აღარ ცეკვავთ? ვინ არის ეს ხალხი? შენი მეგობრები თუ ჩემი მტრები? გაიხადე რა, ეგ პულოვერი გეთაყვა?! რამდენი შვილი გავაჩინოთ? რომელი სახელები მოგწონთ?
ახლა რა ვქნათ? ჰაერზე ხომ არ გავიდეთ? უკვე გარეთ ვართ? შენთან მივდივართ თუ ჩემთან? ტაქსს ხომ არ გამოვუძახოთ? ფეხით გირჩევნია? რატომ უნდა ავიაროთ ისევ შანზ-ელიზეს გამზირი? რა? მოკასინები გავიხადოთ და ფეხშიშველი გავუყვეთ ასფალტს? არასერიოზული საქციელია. ერთი კოვზი წამალი ხომ არ შეგვეხურებინა უცნობი ჯარისკაცის საფლავზე? შეყვარებული გყავს? რატომ ვფიქრობ იმაზე, რაზეც შენ? რა, ბევრი გინახავს, ერთდროულად ერთსა და იმავეს ამბობდეს? რატომ გვთირავს ეს პოლიციელი? რატომ არტყამენ წრეებს ეს მანქანები ტრიუმფალურ თაღს? რატომ არ ბრუნდებიან შინ? ჩვენ რატომ არ ვბრუნდებით შინ? რამდენ ხანს უნდა დავრჩეთ აქ, ეტუალის მოედანზე და ვიზასაოთ გაგანია ყინვაში? არ ჯობს, საწოლში ვისიყვარულოთ სხვებივით?
შენ გგონია, კარგად მოვიქეცით, კეპი რომ მოვპარეთ? შენ თვლი, რომ ჩვენ უფრო ჩქარა დავრბივართ, ვიდრე ეს პოლიციელები? შენია ეს მოტოციკლეტი? დარწმუნებული ხარ, რომ ახლა ტარება შეგიძლია? ხომ არ ჯობს, ცოტა შეანელო? რატომ მიდიხარ წრეზე? შენ რა, მაგარი გგონია, მოხვევისას ასე გადახრა, თანაც საათში 180-ით? როდის აქეთ დართეს სლალომით სიარულის ნება სატვირთო მანქანებს შორის დილის ექვს საათზე? ხვალ გათენდება? რატომ მივდივართ აეროპორტ რუასი-შარლ-დე-გოლში? ცხოვრება იცვლება, როცა ქალაქს გამოიცვლი? რა საჭიროა მოგზაურობა ამ ერთგვაროვან სამყაროში? არ გცივა? აბა, მარტო მე მომეყინა ყვერები? ბატონო? ჩემი სიტყვები არ გესმის, იმიტომ რომ ჩაფხუტი გაქვს ჩამოცმული? ესე იგი, ათასი სისულელე შემიძლია ვიყვირო? ვთქვათ, ვიმრერო "I wanna hold your hand"? ან გავაგრძელო ტყუილები და თან გეფერო ზურგზე პულოვერის ქვეშ, მერე ლიფიან ძუძუებზე, მერე თითები ჩაგიყო საცვალში, ჯანდაბა, იქნებ ამის მერე მაინც შეანელო?
სად უნდა გავაჩეროთ? აეროსადგურ 1-ის წინ თუ პარკინგზე? პარკინგის ამ ადგილს რატომ აქვს ნომერი 1D6? "ენდესიზ"-ს წააგავს არა? -"მერყევს". რამდენ ხანს მოქმედებს ეს აბი? რატომ იღება ავტომატური კარები შეხებამდე? რატომ გვაფიქრებინებს ეს მკრთალი ნეონები, რომ მთვარეზე ვხტუნაობთ? მართლა ექვსმეტრიან ნაბიჯებს ვადგამთ თუ გვეჩვენება? შეგიძლია ისევ მაკოცო, გეთაყვა? ხომ არ შეწუხდები, პირში რომ გაგითავო? თანახმა ხარ, რომ ტუალეტში ჩავიკეტოთ და სახე გაგიჟიმო? აიტან, ფისუნია რომ აგილოკო?
კარგი იყო? ძალიან ძალიან კარგი იყო? ნაღდად, რა, სუპერი! ოღონდ რომელი საათია? რატომ ცვლის ყოველთვის ღამეს დღე? მოძრავ გზაზე საპირისპირო მიმართულებით სიარულს პლექსიგლაქსის უზარმაზარ უთავბოლო მილებში, რომლებიც 70-იან წლებში ჩამოასხეს და წააგავს ხელოვნურად სასუნთქ მილებს, ყელში რომ თხრიან ავტოკატასტროფაში მოყოლილებს... გესმის? იმას გეუბნებოდი, რომ რუასიში სულელებივით ყიალს, არ ჯობს თვითმფრინავში ჩავსხდეთ? პირველსავეში გასაფრენი თვითმფრინავების სიიდან? სულ ერთია, სად წავალთ, ოღონდ აქედან წავიდეთ, კარგი? რომ ეს ამბავი არასდროს დასრულდეს? გავფრინდეთ ვენესუელაში ან ბელორუსიაში ან შრი ლანკაში ან ვიეტნამში? იქ, სადაც ახლა მზე ჩადის? ხედავ იმ მიმართულებებს, მბრუნავ ასოებს ჩხაკუნით რომ გამოყავთ ძველებურ ელექტროტაბლოზე: დუბლინი? კიოლნი? ორანი? ტოკიო? შანხაი? ამსტერდამი? მადრიდი? ედინბურგი? კოლომბო? ოსლო? ბერლინი? ყველა ქალაქი შეკითხვაა? გული გწყდება, თვითმფრინავები გასაფრენ ბილიკს რომ სწყდებიან? იცი, იმ თვითმფრინავებში ლურჯი ბორტგამცილებლები არიან და ალბათ უკვე ცელოფანში შეფუთულ პირველ საუზმეს სთავაზობენ ლექსომილით გაბრუებულ ბიზნესმენებს? გესმის, გამგზავრების მაუწყებელი განცხადება, მონოტონურად რომ ღეჭავს მოწყენილი ბორტგამცილებელი ელექტრონული სიგნალის შემდეგ? სანამ წავალ, შეიძლება, კიდევ მოგეფეროთ ტუჩებზე? რომელი უფრო ადრე წავალთ, მე თუ შენ? რატომ, ოჰ, რააატომ უნდა დაგემშვიდობო?
შენც ჩემსავით გეწყება დეპრესია აეროპორტებში? არ გგონია, რომ ასეთ ადგილებში ერთგვარი პოეზიაა?გამგზავრების მელანქოლია? შეხვედრების ლირიზმი? კონდიცირებული ემოციებით გაჯერებული ჰაერი? რამდენ ხანს გრძელდება დაშვება? ეს ქიმიური არდადეგები რომ არა, იარსებებდა ჩვენი სიყვარული? როდის მოვრჩებით ჩუმად ჯდომას და განთიადის ყურებას ამ ცარიელ კაფეში? რატომაა დაკეტილი პრესის ჯიხურები და გამორთული ყველა ვიდეოთამაში? გშურს ამ საშუალო ფენის კადრების, ნარინჯისფერ სავარძლებში ჩასვენებულები თავიანთ რეისს რომ ელოდებიან ლინოლიუმით მოგებულ მოსაცდელ დარბაზებში და ავტომატის ყავას მიირთმევენ? რა უნდა ვიფიქრო ამ მებაჟეზე, პირიდან რომ სიმყრალე ამოსდის, ამ ტექნიკურ მოსამსახურეზე, ნაგვის ყუთს რომ მიახრიგინებს, ამ მაწანწალებზე, პლასტმასის იასამნისფერ სკამებზე რომ ხვრინავენ? რისი თქმა უნდათ? რომ აღარსად არის გასაქცევი? რომ ვერასდროს გაექცევი საკუთარ თავს? რომ მოგზაურობით ვერსად წახვალ? რომ ან მთელი ცხოვრება არდადეგებში უნდა გაატარო ან არასდროს დაისვენო? შეგიძლია გამიშვა ხელი, გეთაყვა? ვერ ხვდები, როგორ მინდა მარტო დარჩენა ამ მიტოვებულ ბარგთან? ხომ შეიძლება, უბრალოდ დავშორდეთ ერთმანეთს, თუნდაც გუჩის "envy"-ს რეკლამის წინ?
აი, ვუყურებთ დაბინდული თვალებით, როგორ მიფრინავენ 747-ები და ერთი კითხვა მაინც მიტრიალებს თავში: ჩვენ რატომ არა ვართ ბორტზე?
© Frédéric Beigbeder
პ.ს.
Andy Warholბიჭო ლოსტი როდის გამოდის?
This post has been edited by HeRoiN on 19 Mar 2009, 23:13