ინფორმაცია დოკუმენტური კინოს მოყვარულებისათვის

მშვიდობისა და ადამიანის უფლებების მე-3 სამხრეთკავკასიური კინოფესტივალი ”მე ადამიანი”

თბილისი 22-24- ოქტომბერი 2009
მისამართი : საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ. 2; დასწრება თავისუფალია.
ფილმები ქართულ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით.

"მე ადამიანი" უნიკალური ფესტივალია "ბორბლებზე" ( www.ya-chelovek.caucasus.net ), რომელიც სამხრეთ კავკასიის მაყურებელს შერიგების, ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თემებზე შექმნილი ფილმების ჩვენებით აერთიანებს. სამხრეთ კავკასიაში 7 სექტემბრიდან 4 ნოემბრამდე 26 ამგვარი ფესტივალი ჩატარდება.
ფესტივალის ინიციატორები და დონორები არიან ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი. ფესტივალს ასევე მხარს უჭერენ “ღია საზოგადოების” ინსტიტუტი (ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამა), შავი ზღვის რეგიონალური თანამშრომლობის ფონდი და შვეიცარიის საელჩო საქართველოში.
ფილმების ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია მოწვეულ სტუმრებთან ერთად.
* * *
დამატებითი ინფორმაცია წარმოდგენილი ფილმების შესახებ:
22 ოქტომბერი
18.00 სთ
ჯოჯოხეთის წარტყვევნა
(ჯინი რეტიკერი, აშშ, 2008, 72 წთ)
“ჯოჯოხეთის წარტყვევნა” მოგვითხრობს ლიბერიის მუსულმანი და ქრისტიანი ქალების არაჩვეულებრივი გმირობის ამბავს: ისინი განსხვავებული მრწამსის მიუხედავად ერთად დაირაზმებიან, რათა ბოლო მოუღონ ქვეყანაში მძვინვარე სისხლიან დაპირისპირებას. ხანგრძლივი არა-ძალადობრივი წინააღმდეგობით, ემფატიკური პროტესტითა და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენელი ქალები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ სპოტანურ აქტივობას მთელი ერის ისტორიის სვლის შეცვლა შეუძლია. სახელგანთქმული რეჟისორის, ჯინი რეტიკერის მიერ შექმნილმა ამ ფილმმა მრავალი პრიზი მოიპოვა, მათ შორის ნიუ-იორკის “ტრიბეკას” კინოფესტივალის პრემია საუკეთესო დოკუმენტური ფილმისათვის; ფილმი წარდგენილი იყო ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზეც.
http://www.ya-chelovek.caucasus.net/09_devil.html 19.30 სთ
ეგვიპტე: ჩვენ გითვალთვალებთ
(ჯეჰანე ნოუჯამ, შერიფ ელკაჩა, ეგვიპტე, 2007, 52 წთ)
სამი ეგვიპტელი ქალი, რომლებსაც ძირეული გარდატეხის ზღვარზე მყოფ ეგვიპტეში გულხელდაკრეფილებს ჯდომა აღარ სურთ, საძირკველს უყრიან სახალხო მოძრაობას, რათა ხელი შეუწყონ დემოკრატიულ ღირებულებებსა და თავისუფლებაზე მოსახლეობის ინფორმირებულობას. ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო პროპაგანდა ისლამურ ფუნდამენტალისტურ მოძრაობას ერთადერთ ალტერნატივად წარმოაჩენს, ფილმის გმირი სამი ქალის მიერ დაარსებული მოძრაობა “ეგვიპტე: ჩვენ გითვალთვალებთ” მათ შინაგან სიძლიერეზე მეტყველებს და ხაზს უსვამს მათ რწმენას დემოკრატიაში, თავისუფლებასა და სამართლიანობაში. ფილმი შეიქმნა მსოფლიო მასშტაბით წარმატებული კინოპროექტის “რატომ დემოკრატია?” ფარგლებში, რომელიც კინოს დემოკრატიის გლობალური განხილვის საშუალებად იყენებს.
http://www.ya-chelovek.caucasus.net/09_watching.htmlფილმების შემდეგ გაიმართება დისკუსია ნინო დანელიასთან და სოზარ სუბართან ერთად.
23 ოქტომბერი
18.00 სთ
9 ვარსკვლავიანი სასტუმრო
(იდო ჰაარი, ისრაელი, 2006, 78 წთ)
ისრაელის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველდღიურად ათასობით პალესტინელი ეძებს სამუშაოს, რომელიც ხშირად ძალიან დამქანცველი და საშიშიც კი შეიძლება აღმოჩნდეს. სამსახურის ძიებაში ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში თან დაატარებენ გადასაფარებლებსა და ყველა საჭირო ნივთს, რაც აბადიათ. ბევრი მათგანი არალეგალურად მშენებლობებზე იწყებს მუშაობას. ფილმი შეულამაზებლად მოგვითხრობს მეგობრობაზე, ნოსტალგიასა და გადარჩენისათვის უკომპრომისო ბრძოლაზე. “9 ვარსკვლავიანი სასტუმრო” ნაჩვენები იყო მრავალ საერთაშორისო კინოფესტივალზე; ფილმმა 2006 წელს იერუსალიმის, ხოლო 2007 წელს მიუნხენის კინოფესტივალზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის წოდება მოიპოვა.
http://www.ya-chelovek.caucasus.net/09_hotel.html 19.30 სთ
დავიწყებული სულელები
(ფრანს ვან ერკელი, ჰოლანდია, 2006, 60 წთ)
რადომირი ზანტად მოსწევს კიდევ ერთ სიგარეტს. ის ხომ მეთოთხმეტე წლის მეორმოცე დღესაც იმავე მოწყენილობაში იღვიძებს. ამ დღის რაციონშიც იგივე როჰიპნოლი და ლეპონექსი შედის. 1992 წლიდან მოყოლებული რადომირი ოც სხვა ბოსნიელთან ერთად, რომელთა უმრავლესობას ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტები შეადგენენ, უნგრეთის ლტოლვილთა ბანაკში არიან გამოკეტილი. იკითხავთ ალბათ, აქ როგორ მოხვდნენ. რადომირი იმ დღეს იხსენებს, როდესაც ბოსნიაში ომი დაიწყო და პირველი ქვემეხების გრუხუნის ხმა გაისმა. მაშინ ფსიქიატრმა დაიყვირა, უნდა გავიქცეთო, პაციენტები ღამით ავტობუსებში ჩაყარეს და უნგრეთში გამოუშვეს. მას შემდეგ მათზე ორი მედდა ზრუნავს. რადომირის თქმით: “ერთ დღესაც მომაკითხავენ. ბოსნიაში დაბრუნება მინდა, იქ მინდა მოვკვდე”. 14 წელია, არც მისთვის და არც სხვებისთვის არავის მოუკითხავს. რატომ?
http://www.ya-chelovek.caucasus.net/09_fools.html ფილმების შემდეგ გაიმართება დისკუსია ნინო მახაშვილთან და მანანა ბუაჩიძესთან ერთად.
24 ოქტომბერი
18.00 სთ
მეღიმება რო?
(თამარ იარომ, ისრაელი, 2007, 59 წთ)
ისრაელი ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში, სადაც 18 წლიდან გოგოები სავალდებულო სამხედრო მომზადებას გადიან. მრავალი პრიზით დაჯილდოვებული ეს ფილმი ექვსი გოგონას მონათხრობის სახით მეტად ემოციურ სურათს ქმნის. ახალგაზრდა გოგონები სტუმრად კიდევ ერთხელ მოინახულებენ მათი სამხედრო სამსახურის ადგილს და გასაოცარი გულახდილობით საუბრობენ სამხედროებს შორის არსებულ გენდერულ სხვაობებზე. ყოფილი ჯარისკაცები იხსენებენ დაუდევრობის, ქარაფშუტობისა და მოუმწიფებლობის შოკისმომგვრელ მომენტებს, რომლის მოწმეებიც ისინი გახდნენ ან თავადაც მონაწილეობდნენ.
http://www.ya-chelovek.caucasus.net/09_smiling.html 19.15 სთ
სამნი
(გორან დევიჩ, ხორვატია, 2008, 25 წთ)
“კიდევ რამდენ ხანს უნდა ვილაპარაკოთ ომზე?”, ეკითხება რეჟისორი ფილმის გმირებს, ყოფილი იუგოსლავიის შეიარაღებული კონფლიქტის აქტიურ მონაწილეებს. ფილმი ინტერვიუებზეა აგებული, რომლებშიც გმირები კონფლიქტის მათეულ აღქმაზე, განცდებსა და სირთულეებზე მოგვითხრობენ. და თუმცა სამივენი ამ საშინელი ომის სხვადასხვა მხარეს იბრძოდნენ, ისინი ერთხმად აღიარებენ ომის არაჰუმანურობასა და აბსურდულობას და რომ მის დაწყებაში პოლიტიკოსები არიან დამნაშავეები, თუმცა დღეს ამაზე აღარავინ საუბრობს, თითქოს არც არაფერი მომხდარიყო. .
http://www.ya-chelovek.caucasus.net/09_three.html მეზობლები
(ნორმან მაკლარენი, კანადა, 1952, 8 წთ)
“მეზობლები” ნორმან მაკლარენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. ფილმმა ამერიკული კინოაკადემიის პრიზი, ოსკარი მოიპოვა. ნორმან მაკლარენმა 1952 წელს, ცივი ომის ეპოქაში, კორეის ომის დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვიტა შეექმნა ფილმი, რომელიც მთლიანად ომის საწინააღმდეგო რიტორიკას გაატარებდა. “მეზობლებში” გამოყენებულია ანიმაციური კინემატოგრაფისათვის დამახასიათებელი ტექნიკა. ეს არის იგავი ორ მეზობელზე, რომლებიც მათი ბაღის საზღვარზე ამოსული ყვავილის გამო ერთმანეთს წაეჩხუბებიან.
http://www.ya-chelovek.caucasus.net/09_neighbours.html ფილმების შემდეგ გაიმართება დისკუსია გოგი გვახარიასთან და შოთა მალაშხიასთან ერთად.[B]
This post has been edited by marki on 13 Oct 2009, 22:28
ერიჰაა...