როგორც იქნა, მოვაღწიე ამ თემამდე და ვიწყებ დაპირებული რევიუს, ან რაღაც მსგავსის წერას.

ერთ პოსტში ყველაფერს ვერ დავატევ, რადგან თითოეულ ეპიზოდსა და პერსონაჟზე ცალ-ცალკე მინდა დავწერო ჩემი აზრი, ამიტომ თანდათანობით დავპოსტავ.
თავიდან კი მინდა ზოგადად ვთქვა „ვარსკვლავური ომების“, როგორც ერთი მთლიანობის, 6-ნაწილიანი საგის შესახებ.
ბავშვობიდანვე ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებებითა და კინოფილმებით ძალიან ვიყავი გატაცებული. მახსოვს, პირველად რომ წავიკითხე ჟიულ ვერნის „საიდუმლო კუნძული“, ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ მას შემდეგ კიდევ არა ერთხელ გადავიკითხე და დღემდე არ მომბეზრებია. ისიც კარგად მახსოვს, პირველი ფანტასტიკური ფილმების ნახვისაგან როგორი აღფრთოვანებული დავრჩი. შემდეგ როცა უკვე კომპიუტერი შევიძინე, რაღაც დროის გასვლის შემდეგ დადგა სერიალების ეპოქაც. რა დათვლის, რამდენი sci-fi სერიალი ვნახე ამ პერიოდში (ლეგენდარული Stargate-დან დაწყებული, ასევე ლეგენდარული Battlestar Galactica-თი დამთავრებული), რასაც
Qlunchxi-ც დამემოწმება.

აღნიშნულ პერიოდში კიდევ უფრო შემიყვარდა ეს ჟანრი და, ფაქტობრივად, არც ერთ sci-fi სერიალს ვტოვებდი. ერთი სიტყვით, იმის თქმა შეიძლება, რომ sci-fi ჩემი ცხოვრების განუყრელ ნაწილად იქცა.

ახლა რატომ დავწერე ამხელა შესავალი. რატომ და, დღემდე მიკვირს და ალბათ ვერასდროს მივხვდები, თუ რატომ ვუყურე „ვარსკვლავურ ომებს“ მხოლოდ და მხოლოდ ახლა!
რასაკვირველია, ამ კინოსაგის შესახებ ბავშვობიდანვე არაერთხელ მსმენია, ამასთან არა მხოლოდ „რეალურად“, არამედ მრავალ ფილმში. თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრ კინოსა და სერიალშია ნახსენები „ვარსკვლავური ომები“. მიუხედავად ამისა, დიდი ხნის განმავლობაში სრულიად ნეიტრალური დამოკიდებულება მქონდა ამ ფილმთან დაკავშირებით და ერთხელაც არ გამჩენია აზრად, მეყურებინა (მიზეზები ჩემთვისაც დღემდე უცნობია

). შემდეგ, დაახლოებით 3 წლის წინ, გავიცანი
Qlunchxi (სხვათა შორის, სწორედ sci-fi სერიალების წყალობით

), რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემი „გონების განათებაში“. მისი დახმარებით თვალი ამეხილა და მივხვდი, რომ დებილი ვიყავი, აქამდე რაღაც გაურკვეველი მიზეზების გამო რომ არ ვნახე ეს ლეგენდად ქცეული კინოსაგა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ
Qlunchxi დარწმუნებული იყო, რომ ნანახი მქონდა და როცა მკითხა და მე პირი დავაღე, გაოგნებული დარჩა.

მოკლედ რომ ვთქვათ,
Qlunchxi რომ არა, შეიძლება კიდევ დიდ ხანს ვიჯდებოდი ტყემლის ხეზე. : ))))))
თუმცა, ისიც ვიცით, რომ „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“.
ჩემი „გვიან“ დადგა წელს, როცა ამდენი წლის მერე, როგორც იქნა, ვნახე „ვარსკვლავური ომები“. : )
მართალი რომ გითხრათ, SW თავიდანვე ცოტა სხვანაირი წარმომედგინა. მეგონა, 100% ჭეშმარიტი sci-fi ფილმი იქნებოდა, თუმცა, ჩემი ვარაუდი არ გამართლდა, რადგან Star Wars ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალო sci-fi ფილმი და ამაში, ალბათ, ყოველი თქვენთაგანი დამეთანხმება.
პირველ რიგში, რაც ძალიან (!) მომეწონა, ისაა, რომ მოქმედება ვითარდება დედამიწისაგან შორს, ამასთან იმდენად, რომ თავად დედამიწა ერთხელაც არ არის ნახსენები, რაც, ფაქტობრივად, ძალზედ იშვიათობაა ფანტასტიკურ ფილმებში. ისეთ ფილმებშიც, რომლებშიც სიუჟეტი სხვა გალაქტიკა(ებ)ში ვითარდება, დედამიწასთან რაღაც კავშირი მაინც არსებობს. SW-ში კი სწორედ ეს მომეწონა, რომ დედამიწასთან და, ზოგადად, ჩვენს გალაქტიკასთან კავშირი სრულიად არის გაწყვეტილი, რაც SW-ის ფარგლებში წარმოჩენილ სამყაროს კიდევ უფრო მეტად სძენს ინდივიდუალურობას და მაყურებელსაც სულ უფრო მეტად უჩნდება და უვითარდება გრძნობა, რომ აბსოლუტურად სხვა სამყაროში იმყოფება. მე, პირადად, ყურებისას, იმდენად გადავერთე მაგ სამყაროზე, მომენტებში დავივიწყე კიდევაც, რომ დედამიწაზე ვიყავი.

ახლა რაც შეეხება ნაწილების თანმიმდევრობას. ლუკასს, ჩემი აზრით, ეს გენიალურად გამოუვიდა, რადგან მიმაჩნია, რომ ძალიან საინტერესოა IV-VI ეპიზოდების შემდეგ წინაისტორიის ნახვა. ვიცი, ბევრს საწინააღმდეგო მოსაზრება გააჩნია ამასთან დაკავშირებით და ეს ბუნებრივიც არის, რადგან ყველას ერთნაირი აზრი ვერ გვექნება. თუმცა, მე ვფიქრობ, ასეთი თანმიმდებრობით ყურება თუნდაც იმიტომ სჯობს, რომ ფილმიც სწორედ ასეთი თანმიმდევრობით არის გადაღებული. თანაც, რაც არ უნდა ვთქვათ, ბევრისთვის შესაძლოა არც ისეთი სასიამოვნო იყოს I ეპიზოდიდან ყურება, თუ გავითვალისწინებთ სპეც-ეფექტების ხარისხს, და III-დან IV ეპიზოდზე გადასვლა შეიძლება, ასე რომ ვთქვათ, „მტკივნეული“ აღმოჩნდეს.
მე უაღრესად კმაყოფილი დავრჩი იმ თანმიმდევრობით, რომლითაც ვუყურე. მგონია, რომ ისეთი საინტერესო აღარ იქნებოდა, მაგალითად, თუ წინასწარ მეცოდინებოდა, ვინ იყო სინამდვილეში ვეიდერი. ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო ამის გაგება და უდიდესი ეფექტი მოახდინა.
ამას გარდა, III ეპიზოდი იმდენად ემოციურია, იმდენად დრამატული, რომ, ჩემი აზრით, საუკეთესო დასასრულია ფილმისთვის.
შემდეგი რამ, რაც შემიძლია აღვნიშნო, ეს არის რასების მრავალფეროვნება. საერთოდ არ მოველოდი, ამდენი რასა თუ იქნებოდა წარმოდგენილი SW-ში. სანამ ყურებას დავიწყებდი, ვიცოდი, რომ არსებობდნენ ჯედაები და სითხები. რატომღაც მეგონა, რომ მათ გარდა, მაქსიმუმ, 2-3 რასას თუ გავიცნობდი, მეტს არა. სინამდვილეში კი 2-3 კი არა, იმდენი რასა ყოფილა, ამერია კიდეც. : ) თანაც, განსაკუთრებით ასაღნიშნავი ის ფაქტია, რომ ამ რასებიდან უმეტესობას საკმაოდ დიდი როლი შემოაქვს სიუჟეტის განვითარებაში, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ფილმს. ამასთან, თითოეული რასა ერთმანეთისაგან მკვეთრად განსვავდება, როგორც ვიზუალურად, ასევე ქცევით, მანერებით, აზროვნებით. ბევრი sci-fi ფილმის/სერიალის მინუსი სწორედ ეს არის, რომ რასების მრავალფეროვნება ძალზედ დაბალ დონეზეა და ბევრი რასა ერთმანეთის მსგავსია. SW-ში ეს მინუსი ყველანაირად წაშლილია, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს ფილმის დადებით მხარეზე და იმაზე, რომ შემქმნელმა ზედმიწევნით გაითვალისწინა ყოველი დეტალი.

ამ მომენტზე შევჩერდები, არ მინდა ძალიან დიდი მოცულობის პოსტები გამოვიდეს.
ასე რომ, to be continued...
Fear is the path to the Dark Side. Fear leads to anger, anger leads to hate, hate leads to suffering.