სოფო კილასონია
ომიც და ფესტივალებიც
გუშინ თბილისში რუსული კინოს ფესტივალი დასრულდა. ფესტივალი დაიხურა სოლოვიოვის ბოლო ფილმით "ანა კარენინა". მთელი ხუთი დღის განმავლობაში, როცა ამ ფესტივალს და აღნიშნულ ფილმს ახსენებდნენ, მაგონდებოდა ჩემი ერთ-ერთი ყოფილი პროფესორი, პატივცემული ბატონი გოგი, რომელიც ტრადიციულად იმაზე გვესაუბრებოდა, რაც თავად აინტერესებდა და ეს თემა განხილვისთვის გახლდათ "ორი რუსეთი". "-გინდა ის დაინახო? - გულისხმობდა კეთილ რუსეთს, - ეძებე ტოლსტოის გმირებში." მაგრამ ბატონ გოგის რუსეთსა და ტოლსტოიზე მეტად ფეხბურთი უყვარდა და, შესაბამისად, ვერც ლევ ნიკალაევიჩის გმირების მრავალპლანიან ბუნებასა და აბსოლუტურ სიკეთეში დაგვარწმუნა და ვერც ორი რუსეთის არსებობაში.
ხანდახან უბრალოდ წარმოდგენა არ მაქვს, რატომ ხდება ის, რაც ხდება. შემდეგ ეს გაუგებრობა ბევრად უტოპიური გამოდის, იმიტომ, რომ იქ აღმოვჩნდები ხოლმე, სადაც ეს რაღაც ხდება. ამაზრზენი გაუგებრობა კი იწყება მაშინ, როცა საერთოდ არ მესმის, რა მინდა იქ, სადაც ეს ყველაფერი ხდება. რუსული კინოს ფესტივალის ერთ-ერთ ჩვენებაზე შესულმა, თან შევიტანე არაერთი ქართველი და რუსი ადამიანის სატელევიზიო კომენტარები, რომ აღნიშნული ფესტივალი არის თანამედროვე რუსული და ქართული კულტურის დაახლოების მცდელობა, დაახლოების და გაცნობის. რუსული კინოს ფესტივალი თბილისში თურმე ნიშნავს იმას, რომ მოსკოვში შეიძლება გაიმართოს ქართული თანამედროვე კინოს ფესტივალი და ა.შ. და როგორც აღმოჩნდა, ეს სასიხარულო ამბავია. ანდა ჯერ არ არის, მაგრამ გახდება, უნდა გახდეს. ზუსტად არ ვიცი, რა ძალა აქვს ამ რუსულ ახალსა თუ ძველ კულტურას, ასე იოლად რომ გვიზიდავს და ვერც ის გავიგე, რით ვერ შევიცანით ჯერ ერთმანეთი. შეცნობის გზაზე ერთმანეთის რეალური სახე და ინტერესები ომმა ვერ დაგვანახა. ნუთუ ფესტივალები გვიშველის?
შესაძლოა, თანამედროვე ხელოვნების და, მით უფრო, ერთმანეთის ჩვენ ბევრი არაფერი გვესმის, მაგრამ ჩვენი, ქართველების ერთი სერიოზული დაავადების შესახებ ზუსტი ცნობები გამაჩნია. თუ აქამდე გვისაუბრია არათანმიმდევრულ ურთიერთობებსა და უკიდურესობებზე რუსეთთან მიმართებაში, მგონი, დღეს ეს ყველას მობეზრებული გვაქვს. ერთადერთი, რაც უტყუარია, ჩვენი მოკლე მეხსიერება და, შესაბამისად, ანალიზისა და ადეკვატური საქციელის უუნარობაა. თბილისში ჩამოსული რუსი რეჟისორები, ქართველ ტელეჟურნალისტებს თუ ვენდობით, ის ინტელექტუალები ყოფილან, ქართველებისა სულ რომ სჯეროდათ და თანაც ნიკიტა მიხალკოვის საზოგადოებას გამიჯნულებიც ყოფილან. ოღონდაც, როგორ და რა ფორმით გაემიჯნენ პუტინის თაყვანისმცემელ რეჟისორს და, შესაბამისად, რუსულ პოლიტიკას, უცნობია. ცნობები ვერც ინტერნეტში ვიპოვნე, მეხსიერებაც, როგორც ჩანს, მღალატობს. თბილისის კინოს ფესტივალის ორგანიზატორი ცნობილი რეჟისორი ელდარ რიაზანოვია. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მის ფილმებში ცოტაა კრიტიკა, უფრო სწორად, ირონია რუსული საზოგადოებისა და მათი სისუსტეების მიმართ. თუმცა, თუ სწორად მახსოვს, მის ფილმებში ცუდიცა და კარგიც სულიერ დრამამდე არ აღწევს, ყველაფერი უცნაურად დამტკბარ რომანტიკაშია გახვეული. ასეთია რიაზანოვის რუსეთი - მაწანწალა, ლოთი, ცოტა უპრინციპო, ცოტაც მექრთამე, ცოლის მოღალატე, მაგრამ მაინც ძალიან საყვარელი... თუნდაც ვცდებოდე, მისი და სხვა ინტელექტუალ-კინემატოგრაფისტთა სოციალურ-პოლიტიკური კინოკრიტიკა მათსავე შიდა სამზარეულოდ რჩებოდა ყოველთვის და არასდროს მათი ავტორიტეტული "მე" ამ სამზარეულოს არ გასცდენია. მით უფრო დახშულია მისი კარი 2008 წლის აგვისტოდან დღემდე.
მოსაზრება იმის შესახებ, რომ რუსული კინოფესტივალის თბილისში გამართვა პუტინის პოლიტიკისთვის ზურგში ლახვარის ჩაცემაა, რაც ასერიგად ხიბლავს დიდწილად ჩემი მშობლების თაობას, მგონი სიმართლეს არ უნდა შეესაბამებოდეს. ნამდვილი ლახვრისა რომ არ ეშინოდეთ, დარწმუნებული ვარ, თბილისში სიამოვნებით ჩამოვიდოდნენ პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებიც და ერთი კარგად მოილხენდნენ. ისინი თუ რიგითები ხომ დღესაც სიამოვნებითა და ნოსტალგიით იგონებენ საქართველოს ბუნებაში გატარებულ დღეებს, ექსკურსიებს, პურ-მარილსა და აღარ გავაგრძელებ... მათი პროტესტანტიზმისა არ მჯერა კიდევ იმიტომ, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში იმპერიის მიერ გამართულ დღესასწაულებებსა და ლხენაზე ბევრი წამიკითხავს და, მინდა თუ არ მინდა, ეს ფესტივალიც აღძრავს უცნაურ გრძნობებსა და მოგონებებს. არც მათი სევდისა და კომპლექსების აღარ მჯერა. ისევ და ისევ რუსული კინო მოწმობს, თუ რამდენად კარგად იციან საკუთარი ვნებები და, მიუხედავად ამისა, დღევანდელობა გვიჩვენებს, რომ მათი ეს ცოდნა და ხმამაღალი კათარზისი რეალურად არაფერსაც არ ცვლის.
პაველ ლუნგინის "მეფე" ფესტივალის პროგრამაში ყველაზე გახმაურებული ფილმი გახლდათ. დუმაც კი აღშფოთდაო, მითხრეს და მეც დავინტერესდი იმით, რამაც დუმა აღაშფოთა. ლუნგინის "კუნძული" ის ფილმია, რომელიც მგონი ყოველმა მეორემ ვნახეთ და ცნობიერი თუ გაუცნობიერებელი ქათინაურებით შევამკეთ. პირადად მე მაშინ რეჟისორმა ლუნგინმა იმედები გამიცრუა, თავისი მეტაფორული და, ცოტა არ იყოს, ინფანტილური ფილოსოფიით, მაგრამ თეოლოგიურ-ფილოსოფიური საწყისების ძიებამ თანამედროვე კინოში მაინც მიიქცია ყურადღება. თუმცა, ამ საწყისების ნაკლებობას რუსული კინოკლასიკა ნამდვილად არასდროს უჩიოდა. გაოცება და მწვავე კონტრასტები "კუნძულმა" ალბათ იმ ქვეყანაში გამოიწვია, სადაც "გოგონას სლაიდიდან" და სხვა მის მსგავს კინომაკულატურას იღებენ და ამ მაკულატურით თანამედროვე კინოსა და მისი ბაზრის განვითარებაზე მსჯელობენ.
"1556 წელი. ივანე მრისხანის მმართველობა. რუსეთი გაპარტახებულია შიმშილითა და ლივონიის ომით. მმართველს ყველაფერში ღალატი და მუხანათობა ელანდება. მისმა ერთგულმა მსახურებმა, ოპრიჩნიკებმა, ქვეყანა სისხლით მორწყეს. ისინი მზად არიან, თითოეულ ადამიანში ხელმწიფის მტერი დაინახონ. ერთადერთი კაცი, ვინც მეფის ნებისა და ოპრიჩნიკების ბოროტმოქმედების წინააღმდეგ მიდის, არის მიტროპოლიტი ფილიპი - ივანე მრისხანის ბავშვობის ერთგული მეგობარი. მან ხმა აღიმაღლა და თავი სამსხვერპლოზე დადო. ეს დაპირისპირების ისტორია მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ რა შეეძლო რუსეთს როგორც სულით დაცემის, ისე მისი აღზევების ჟამსაც" - სინიფსისი იმაზე უფრო ზომიერი და რაციონალურია, ვიდრე ფილმი. ამ სინოფსისის ფილმით დუმა არ შეიშლებოდა, მაგრამ რეალურმა ნამუშევარმა, სავარაუდოდ, მართლაც გააღიზიანა რუსი "პატრიოტები". ლუნგინი ფილმში ნამდვილად არ ისახავს მიზნად, რუსეთის აღზევების ჟამი გვიჩვენოს. ის რუსეთის მეფეს აბსოლუტურად შეურაცხადსა და უპრინციპოს, არაჰუმანურსა და ცხოველურს გვიხატავს. თავდაპირველივე განაჩენით აშკარად პირდაპირ ჯოჯოხეთში უშვებს, მთელი თავისი რუსეთით, და ერთი პატარა პროცენტითაც არ ტოვებს არც იმედს, არც სინათლეს.
შეურაცხადი ივანე დამუნჯებულ ერზე ბატონობს. ეს დუმილი ყველაზე აგრესიული დუმილია. ის აქეზებს ივანეს, თავი ღვთის მახვილად იგრძნოს, ბიბლია თავისებურად წაიკითხოს, ყველასთან ერთად ყველაფერი ნათელი მოსპოს. მის საქციელში და, შესაბამისად, ფილმში ყველაზე მწვავე არა სისხლი და მძიმე ისტორიული ვითარების ასახვაა, არამედ არალოგიკურობის და არაადეკვატურობის ზეიმი. ანუ, ის, რაც ქართველ მაყურებელს თავის ტყავზე აქვს გამოცდილი და რაც ყველაზე მეტად გვძულს. ტოტალიტარიზმის ოფიციალურად გაცხადების რომ არ ერიდებოდეთ, პაველ ლუნგინს რუსეთის მთავრობა რუსი ერის ყველაზე საშინელი თვისების გამხელისა და გახმაურებისთვის მკაცრად დასჯიდა.
"სად არის ჩემი ერი, ჩემი ხალხი?"- ამბობს ბოლო კადრში ივანე, რომელიც თითქოს მარტო დარჩა. ამ მარტოობაში ზედმეტია სენტიმენტალიზმი, მაგრამ იკონოგრაფიული კადრი, რომელშიც პერსონაჟი წინა პლანზე სამკუთხედს სრულიად ავსებს, იქნებ მოწმობს იმას, რომ ის არის ერიც და ხალხიც. ხალხი, რომელიც დადუმდა, იქნებ მასში განსხეულდა. ან იქნებ მე მინდა, რომ ასე დავინახო ეს კადრი. ჩემთვის ხომ ნებისმიერი მთავრობაც და პოლიტიკაც ერია და ხალხის არჩევანი. დუმილიც ხომ არჩევანია? რუსი ერი დუმდა ყოველთვის, როცა მისი თავკაცი სხვა ერებს თავებს აცლიდა. შემდეგ კათარზისი? - და მერე რა? რა იცვლება ამ კათარზისით? ეს ყოველთვის იოლია. თანაც ვინ იცის, ეს კათარზისია თუ უბრალოდ მოკლევადიანი კომპლექსები?
და მაინც, ლუნგინმა რუსეთის ისტორიის კინოკრიტიკა - "მეფე" 2009 წელს გადაიღო. მე არ მჯერა თანამედროვე ხელოვნებაში პოლიტიკური კონტექსტის არარსებობისა. ამიტომაც ერთადერთი, რაც ამ ფესტივალზე დავიჯერე, ეს ის არის, რომ პაველ ლუნგინმა და, შესაძლოა, მისმა კოლეგებმა იციან, როგორი სიმძიმის ტვირთით მოდიან წარსულიდან მომავლისკენ.
თქვენც ჩემსავით ხშირად გსმენიათ ალბათ მითი იმის შესახებ, თუ რაოდენ შორს არიან ერები და მათი კულტურა პოლიტიკისგან, რომ ხალხი პოლიტიკა არ არის. პირადად მე არ მინდა ამ მითში ცხოვრება და არ მინდა მათთან არც ომი და არც ფესტივალები, და თუ ვინმეს უნდა, მაშინ მათთვის ბევრად იოლია - ომიც გვაქვს და ფესტივალებიც პარალელურ რეჟიმში.
http://24saati.ge/index.php/category/cultu...010-11-09/11242 This post has been edited by AnnabelLee on 13 Nov 2010, 23:58