პრინციპში, არ არის ცუდად ახსნილი, რა გვევასება ამ უჯასებში

უსაფრთხო შიში[B]
ავსულები, ალქაჯები, დევები და ჭინკები, დრაკონები, გრიფონი, გველეშაპი, მინოტავრი, თოვლის კაცი, მანიაკი, მაჯლაჯუნა, უჯმაჯური,მაქცია, გორგონა, კრაკენი, ეშმაკი, გობლენი, ზომბები - ათასნაირი ზომბი, მონსტრები და ვამპირები და თანამედროვე ჰორორის პერსონაჟების უზარმაზარი გალერეა - ადამიანებს მოსწონთ ერთმანთის დაშინება.
და ამას მზარდი წარმატებით ახერხებენ არა ერთი ათასი წელია უკვე, რადგან ამ ინსტინქტური ემოციის მხატვრულ რეალობაში სუბლიმაციით მიიღწევა სწორედ კათარზისი - ამგვარ ვნებატაგან განწმენდა.....
შიში ერთ-ერთი უმთავრესი და წარმმართველი ემოციაა ადამიანისთვის.
არ ვიცი, რამდენად სასიცოცხლოდ აუცილებელი, მაგრამ საჭირო და სასარგებლო - ნამდვილად.
ან იქნებ სასიცოცხლოდ აუცილებელიც, რადგან სწორედ შიშის განცდის მომენტში ჩაეშვება თვითგადარჩენის ყოვლისწამლეკავი ინსტინქტი.
ამეების სპეციალისტი არ ვარ, და არ ჩავეძიები.
მხოლოდ ის ვიცი, რომ მომწონს შიშის ხელოვნური პროვოცირება და ამის საშუალებას 100% უსაფრთხოების გარანტიით კინოს ერთი უზარმზარი ჟანრი - ჰორორი მაძლევს.
ამ ჟანრის ფილმებს დიდი ხანია ვუყურებ და უმრავლესობა ნანახი მაქვს.
ამასწინდელ ტრენინგებზე მასწავლეს - რამეზე აზრს რომ გამოთქვამ, ობიექტური ინფორმაციაც გაეციო.
ობიექტური ინფორმაცია კი ის შეფასება ხომ არ იქნება - უჟასის მაყურებლები და მოყვარულები შერყეული ფსიქიკის კატეგორიააო.
ამას მცირე ისტორიული ექსკურსის გაკეთება მირჩევნია და აი როგორ ყოფილა:
მოსაწყენ და უმნიშვნელო ფილმებს გამოვტოვებ და ჟანრის საფუძვლად რო 31 წელს გამოშვებული დრაკულა მიიჩნევა იმით დავიწყებ.
ეს ის დრაკულაა, დრაკულა რომ თეატრალურ დაღვრემილ ნიღაბს ჰგავს.
ადგილ-ადგილ კი ძალიან სასაცილო და საყვარელია.
მერე არანაკლებ სასაცილო და საყვარელი ფრანკეშტეინი იყო და ორივე მონსტრიკოს არნახულმა და ყოველგვარ მოლოდინს გადაჭარბებულმა წარმატებამ
Universal Pictures -ი დაარწმუნა, რომ მოყვასის დაშინებით მთელი ინდუსტრიის აყვავებაა შესაძლებელი.
და დაიწყო და ჩაეშვა და აყვავდა.
საბედნიეროდ, საშინელებათა ფილმებმა დააღწია თავი თეატრალურ-კამერულ-გოთურ ანტურაჟს და ყოველდღიურობაში გადაინაცვლა. სცენარისტების ფანტაზიაც ასცდა ფრანკენშტეინის და დრაკულას რეინკარნაციებს და გაჩნდენენ მუტანტები, მაქციები და ჟანრისთის ყველაზე საინტერესო და გადამწყვეტი მნიშვნელობის პერსონაჟები - ზომბები.
ეს უკანასკნელები პირველად რეჟისორ ჯორჯ რომეროს ფილმში - მკვდრეთით აღმდგარი მიცვალებულების ღამე - გამოჩნდნენ და სასწრაფოდ დაიპყრეს ჰორორ-კინემატოგრაფის მოყვარულთა გულები,
სწორედ აქედან მოყოლებული რეჟისორები გვთავაზობენ ამ საბრალო არსებების ათასნაირ ვარიაციას.
და ყველაზე სანახაობრივი და მომნუსხველი სწორედ ეს ქვეჟანრი მგონია.
სიტყვა ზომბი-ს ეტიმოლოგია უცნობია. არსებობს მხოლოდ ვერსიები და ყველა მათგანი ერთხმად უკავშირებს ამ ტერმინს აფრიკულ ფოლკლორს და მითოლოგიას. (ხან „მოჩვენების" მნიშვნელობით მოიხსენება, ხანაც „მკვდრის სულად", ან პატარა ავაზაკ ღვთაებად. კიდევ გველის სახელწოდებაც ყოფილა, ეს გველი კი თავის მხრივ მზის და სინათლის მტერი და ავისმოსურნე)
ზომბებს მოჰყვა ე.წ სპლეშერი და დაბალბიუჯეტიანი ფილმები, სადაც მეტი წილი დანახარჯის მოდის ლიტრობით ხელოვნურ სისხლზე და ცვილისგან დამზადებულ სიმახინჯეებზე. თუმცა, სპლეშერ-ფილმებმაც შვეს ჟანრისთვის მაცოცხლებელი და დაუვიწყარი სახები - ფრედი კრიუგერი, მაჩეტეიანი ჯეისონი, მაიკლ მაიერსი, მუტანტი კანიბალები და სხვები.
ამათი დიდი მოყვარული არასდროს ვყოფილვარ.
ჩემი უკონკურენტო ფავორიტი აპოკალიპტური ფილმები და ანტიუტოპიებია.
ფილმები სამყაროს დასასრულის და მომავლის შესახებ.
ამათგან ყველაზე მეტად სახასიათო და დაუვიწყარი - The Mist.
სტივენ კინგის იმავე სახელწოდების მოთხრობის ფრენკ დარაბონტისეული ეკრანიზაცია.
გადასარევი, არნახული, გამაოგნებელი და გენიალური ფინალური სცენით.
რომელიც, სხვათა შორის, რეჟისორს თვითნებურად დაუმატებია, კინგის პროტესტის მიუხედავად.
ეს ფილმი სანახაობრივადაც მშვენიერი რამაა და ბარემ აქვე დარაბონტის ბოლო ნამუშევარს - ზომბი სერიალსაც ვახსენებ.
პირველი სეზონის 5-ივე სერია უკვე დევს ქართულ საიტებზე და დანარჩენს კი ცოტა არ იყოს, სიფრთხილით და იმედით ველოდები.
პირველი ორი მაგარი იყო.
მერე, როგორც ეს სერიალისგან მოსალოდნელია, ტემპი დავარდა და არ ვიცი,რაც უნდა ის მოიგონოს დარაბონტმა, ოღონდ „ფრენის სიმაღლე" შეინარჩუნოს.
მოკლედ, ეს ყველაფერი რას მოვაყოლე.
მე მგონია, ჰორორ-კინემატოგრაფიის თაყვანისმცემლები ისეთივე დამფასებლები ვართ კარგი კინოსი, როგორც მაღალინტელექტუალური „ტასკა" ფილმების გურმანები. და მათი ქილიკის და ირონიის მიუხედავად ფსიქიკაც ჯანსაღი გვაქვს და უკეთესი სასიცოცხლო რეფლექსები და რექციებიც გვაქვს.
ის მაინც ვიცით ზუსტად, უცბად, შუაღამისას სადმე ვამპირი ან ზომბი რო გაგვეჩითოს, როგორ გავაუვნებელვყოთ.(:-))
ისე კოშმარებზე საუბრისას, უბრალოდ, სავალდებულოა ბუზღუნა და უჟმური ბაბუა ჰიჩკოკის ხსენებაც. მე მისი დიდი თაყვანისმცემელი ვერ ვარ, მაგრამ ამ კაცმა იცოდა, როგორ უნდა დაეზაფრა და დაეშინებინა მაყურებელი.
მის ფილმებზე მეტად მისი რეალური ამბები მომწონს. სასწაულებს უკეთებდა მსახიობებს და ახლობლებს.
ერთს დაენიძლავა, ლოგინზე ხელბორკილით მიბმული თუ გაძლებ დილამდე, კვირის ხელფასს გაგიორმაგებო.
მიაბა, თან ერთი ბოთლი ვისკი დაუტოვა, ოღონდ ის აღარ უთხრა, შიგ რო დიდი რაოდენობით გამხსნელი ფხვნილი ჩაყარა.
ეს ხელბორკილებიანი ხუმრობა ნამეტანი ყვარებია.
ორ უცნობ მსახიობს გადაღების პირველ დღეს უთხრა, იმ სცენით ვიწყებთ, ხიდზე რო გადაბმულები გარბიხართო.არბენინა ასე ხიდზე წინ და უკან და მერე განუცხადა, გასაღები დავკარგეო და დატოვა დღის ბოლომდე გადაბმულები.
ერთი ცნობილი მსახიობის ქმარი დაპატიჟა „კოსტუმირებულ კარნავალზე".მერე ისე აღმოჩნდა, რომ ეს „თურქი სულთანი" შტერივით დაიარებოდა სმოკინგიანი და გამოწკეპილი კაცების თავყრილობაზე.
კიდევ რაღაც უთანხმოება მოუვიდა თავის ფილმში მონაწილე მსახიობ ქალთან. ადგა და მის შვილს დაბადების დღეზე ფიჭვის ხის პატარა კუბო აჩუქა, შიგ დედამისის გამოსახულებიანი თოჯინით. მსახიობებს ძროხების ნახირს ეძახდა და დაბადების დღეებზე მასიურ ხის ავეჯს და ნახშირის მთებს ჩუქნიდა.
მოკლედ, თავის სტიქიაში იყო და სამართლიანად დაიმსახურა „საშინელი" ადამიანის და საშინელებათა ფილმების საუკეთესო რეჟისორის რეპუტაცია.
თავის საყვარელ ჟანრს ჰიჩკოკმა მართლა ფასდაუდებელი მემკვიდრეობა დაუტოვა.
მისი ფილმები გაჯერებულია ე.წ. სასპენსით - (მაყურებლი მთელი ფილმის განმავლობაში დაძაბულია, ტრიუფო ხუმრობდა, მისი ფილმების ყურებისას იტალიელებს სიგარისთის ვეღარ მოუკიდებიათ, არაბებს თხილი ვეღარ გაუკვნეტიათ და ფრანგებს მეგობარი გოგოები დარჩათ ჩაუკოცნელიო...)ამას რამდენიმე რეჟისორული „ფიშკის" ერთდროულად გამოყენებით აღწევდა(ეს ტრიუკები ახლაც ხშირად გამოიყენება - აჩქარებული და დანაწევრებული კადრები,
„შეყოვნება" განსაკუთრებით დაძაბულ მომენტებზე, ახლო ხედი დეტალზე(მაგ.კარის სახელური, დენის დარტყმის ეფექტი - მიიღწევა მუსიკალური და აკუსტიკური თანხლებით და ა.შ..)
ჰიჩკოკი მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევდა ფაქტების უტყუარობას.
როდესაც საყვედურობდნენ, ზოგიერთი სცენა რეალობასთან შეუსაბამოაო, ბრაზობდა და ამბობდა - ჩემი კრედო აბსურდია. ესეც რომ არა, ჩემს ფილმებში მაყურებელი ამას გვიან ამჩნევს, უკვე სახლში როა და ჩაის სმისას იხსენებს ფილმის დეტალებს. ამ დროისთის მას უკვე ფული გადახდილი აქვს და ბილეთი ნაყიდი!და კიდევ, ნამდვილ და უტყუარ ცხოვრებას იგივე მაყურებელი ყოველ დღე ეტაკება. მე კი ფერად და მოლაპარაკე ფოტოებს არ ვქმნიო"!!!
ჰიჩკოკის დამსახურებაა კინემატოგრაფში ასე გავრცელებული მაკგაფინის ეფექტიც.
(რაღაც საიდუმლოა, ამოუცნობი და ბოლომდე გაუხსნელი ჩანართი, რომელიც კრავს მთელი ფილმის სიუჟეტს და არც ერთხელ არ გაიელვებს კადრში. )
სტატიას კი მისი სიტყვებითვე დავამთვრებ.
წაიკითხეთ და კიდევ წაიკითხეთ.
ამ კაცს დაეჯერება!
„მინდა პუბლიკა კეთილმოსურნე შოკით უზრუნველვყო.
ცივილიზაციამ რეაქცია მოგვისპო, უშუალო და ბუნებრივი რეაქცია ნებისმიერ რამეზე. სულიერი წონასწორობის აღდგენა და ამ ხელოვნური გაშეშებიდან თავის დაღწევა ხელოვნების საშუალებითაა შესაძლებელი. ოღონდ შოკისმომგვრელი ხელოვნების. ჩემი კინო ამის საუკეთესო საშუალებაა!"