ბელა ტარი: ''არავის განვსჯი, თვითონაც დამნაშავეებს შორის ვარ''
მის ფილმებში - შავ-თეთრ, ვირტუოზულ, საოცრად ნელ და იდუმალ სურათებში - ბევრი კოლეგა და კრიტიკოსია შეყვარებული, ჯიმ ჯარმუშით დაწყებული გას ვან სენტით დამთავრებული, გაქირავებაში იშვიათადაა. ახალი ნამუშევარი, რომელიც ბერლინის კინოფესტივალზე აჩვენეს, ბოლოა მის შემოქმედებაში - ეს პრემიერამდე განაცხადა. აიღო რა საფუძვლად აპოკრიფი იმ დღეზე, როცა ფრიდრიხ ნიცშემ საბოლოოდ დაკარგა გონება, რეჟისორმა გადაწყვიტა იმ ცხენის ბედს ჩადგომოდა კვალში, რომელსაც ფილოსოფოსი განსჯის უნარის დაკარგვამდე მოეხვია, რომ სხეულით მათრახის დარტყმას მოერიდებინა. ტარის სურათი სოფლის ცხოვრების დიდებულ მონოტონურობას გადმოსცემს და ცხენის პატრონების, მოხუცი გლეხისა და მისი ქალიშვილის ბედზე გვიამბობს: თანდათანობით ყოფიერების ფრესკა სამყაროს დასასრულის ისტორიად გადაიქცევა.
- რით იწყებოდა ეს ფილმი?
- ერთხელ, საღამოს, 1985 წელს ჩემი სცენარისტი ლასლო კრასნახორკაი თეატრის სცენაზე თავის თხზულებებს კითხულობდა, მეც იქ ვიყავი. ბოლო ფრაგმენტი იყო მოკლე ტექსტი, რომელიც ფილმის პროლოგი გახდა. ისტორია იმაზე, როგორ მოხვია ტურინის შუაგულში თვალცრემლიანმა ნიცშემ ხელები ცხენს, რომელსაც მეჯინიბე სცემდა, მერე კი შეიშალა და 11 წლის განმავლობაში სიკვდილამდე არავის ელაპარაკებოდა. ლასლოს ტექსტი კითხვით მთავრდებოდა: "ნეტავ, რა დაემართა ცხენს?" ამ კითხვამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. რამდენიმე წლის შემდეგ ბერლინიდან უნგრეთში დავბრუნდი და ჩემთვის სახლს ვეძებდი. სოფელში ძველი, ნახევრად დანგრეული ფერმა ვნახე - საოცარი შენობა, ყოფილი ტავერნა ცხენების სადგომით. ტურინის ცხენის ისტორია გამახსენდა და ლასლოს ვუთხარი: "ჩვენ უნდა გავცეთ იმ კითხვას პასუხი-მეთქი". დავწერეთ მოკლე სინოფსისი - იქ იყო მამა, ქალიშვილი და მათი სტუმარი თუ მეზობელი, ან უცნობი. 1990 წელი იყო და პროექტი გადავდეთ, მაშინ "სატანურ ტანგოზე" ხუთწლიანი მუშაობა დავიწყეთ.
კიდევ რამდენიმე წელი გავიდა და ვიღებდით "ადამიანს ლონდონში". ეკონომიკურმა კრიზისმა მოგვისწრო: გადაღებები ერთი წლით შეწყდა, ისევ ინვესტორის ძებნა დავიწყეთ. ბანკებთან და ახალ პროდიუსერებთან მოლაპარაკებებს დასასრული არ უჩანდა. ნაღვლიანი დრო იყო. მაშინ ჩემთან მოვიდა ლასლო და მანუგეშა: "დაივიწყე სირთულეები, დროა, ჩვენს ცხენს დავუბრუნდეთო!" სცენარზე მუშაობა თერაპიად გადაიქცა. ერთად ვფიქრობდით 2 კვირა, მერე კი ლასლომ მაგიდაზე მშვენიერი ლიტერატურული ტექსტი დამიდო.
- პროზაული? სცენარი არა?
- დიახ, ეს პროზა იყო.
- და როგორ გადაამუშავეთ სცენარად?
- არანაირად. წავიკითხე ტექსტი, მადლობა გადავუხადე ლასლოს და დავიწყე მუშაობა. მთავარი ვიცოდი: მოვლენები 6 დღეში ვითარდება, ყველა მოქმედება მრავალგზის მეორდება.. სტრუქტურა მზად იყო, დანარჩენი კი მარტივზე მარტივია. სცენარი საერთოდაც არ მჭირდება. ფულს რომ ვეძებდით, მაშინაც პოტენციურ ინვესტორებს უბრალოდ ტექსტს ვუგზავნიდი. ისინი კითხულობენ და წყვეტენ - მენდონ თუ არა.
- რთულია თუ მარტივი ფილმში იმ ისტორიის მოყოლა, რომელშიც მხოლოდ ორი გმირია, თანაც ერთმანეთს თითქმის არ ელაპარაკებიან?
- რჩება უამრავი უთქმელი, მიჩქმალული ემოცია! თუმცა დაძაბულობა მხოლოდ მატულობს, ისტორია კი უფრო გითრევს. გმირები ფანჯრიდან იხედებიან ისე, როგორც ჩვენ ვუყურებთ ტელეეკრანს: ყველანი რაღაცას ველოდებით, მაგრამ მოსაცდელი არაფერია - არაფერი მოხდება... დიახ, მათი ყველა მოქმედება მეორდება. ჩვენი რა - არა? ჩვენც ვდგებით ყოველ დილით, პირს ვიბანთ და ვიცვამთ, მაგრამ ამას კოშმარს არავინ უწოდებს. არადა მაინც რაღაც ისე არაა, რაღაც დაირღვა სამყაროში და ამას ყველა ვგრძნობთ... არავის განვსჯი, თვითონაც დამნაშავეებს შორის ვარ.
- თქვენ განაცხადეთ, რომ "ტურინის ცხენს" საფუძვლად ადამიანის მოკვდავობის გაცნობიერება უდევს...
- ადამიანური ყოფის სიმძიმის - უფრო. ძალიან ძნელია ყოველდღიური ცხოვრების მონოტონურობის ატანა. როცა ვეძებდით პასუხს კითხვაზე "რა დაემართა ცხენს", ფიქრი დავიწყეთ: ცხენს ჰყავდა პატრონი, მას კი შესაძლოა არ ჰქონდა მარჯვენა ხელი, სახლის მოვლაში ქალიშვილი ეხმარებოდა. გამოჩნდა სამკუთხედი: ცხენი, მეეტლე, მისი ქალიშვილი. ერთმანეთით არიან, ერთი თუ დაეცემა - დანარჩენებიც დაიღუპებიან. ამაზე ვფიქრობდით და არა უნივერსალურ კითხვებზე. ეს მარტივი და ნათელი თემაა. უფრო მარტივი არაფერია.
- ყოფიერების ამ სიმძიმეს თქვენც გრძნობთ? ეს ხომ არაა კინემატოგრაფიდან თქვენი წასვლის მიზეზი?
- არა, ეს -არა. უკვე 34 წელია, ფილმებს ვიღებ. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. როცა ვიწყებდი, სოციალური პრობლემები მაინტერესებდა: ახალგაზრდა ვიყავი და ვფიქრობდი, რომ სამყაროს შეცვლას შევძლებდი, ყველა დაბრკოლებას გადავლახავდი და მეტოქეებს დავამარცხებდი. გავიდა დრო და მივხვდი, რომ პრობლემები გაცილებით რთულია - ონთოლოგიური, ხანაც კოსმიური ხასიათი აქვთ. დღეს იმ აზრზე ვარ, რომ მძიმეა ცხოვრება, არ ვიცი, რა მოვიმოქმედო და რა მელოდება. დარწმუნებული ერთადერთში ვარ - რომ დასასრული ახლოსაა. სწორედ ამიტომ, გადაღებების დაწყებამდე ვიცოდი, რომ "ტურინის ცხენი" ჩემი ბოლო ფილმი იქნებოდა. სამუშაო დასრულებულია, შეფუთული და ბეჭედდასმული. მორჩა. ახლა დროა, სხვა რამე ვაკეთო.
- თავს პესიმისტად მიიჩნევთ?
- პირიქით! ბედნიერი ვარ, როცა ვინმე მეუბნება: "თქვენი ფილმი ნაღვლიანი და დეპრესიულია, მაგრამ სავსეა ძალითა და ენერგიით, რომლებმაც მე ბედნიერება მაგრძნობინესო". პესიმისტი რომ ვიყო, კინოს არ გადავიღებდი! წავიდოდი და მაშინვე თავს ჩამოვიხრჩობდი, ასე მოიქცეოდა ნამდვილი პესიმისტი. მე კი მჯერა, რომ 20 ან თუნდაც 25 წლის შემდეგ კიდევ წავა ვინმე ჩემი ფილმის სანახავად. განა ეს ოპტიმიზმი არაა? თუმცა, არ ვიკლავ რა თავს, ვაღიარებ, რომ არც ცხოვრებამ, არც სამყარომ და არც კინემატოგრაფმა არ დამაკმაყოფილა...
- ციტატები ფილმში - ნამდვილია თუ შეთხზული? მაგალითად, როცა გოგონა კითხულობს ძველ წიგნს ხმამაღლა, რა წიგნია ეს?
- ყველაფერი გამოგონილია, ჩვენ დავწერეთ. თუმცა ისე კი ჟღერს, როგორც ერთგვარი ანტიბიბლია. ტექსტი იმაზეა, რომ მღვდელი კეტავს ეკლესიას, რომ ცოდვილი მრევლი დასაჯოს. ეს ტექტი ლასლომ დაწერა..
- ...და სტუმრის მონოლოგი? ისე ჟღერს როგორც ნიცშე.
- ესეც ლასლოს დაწერილია. ნიცშეს არცერთი სიტყვა არ გამოგვიყენებია. ფილმში მისი უხილავი აჩრდილია მხოლოდ. ის ჩვენ აუცილებლად გვჭირდებოდა! სტუმარი ნიცშესვით ამბობს, რომ ღმერთი მოკვდა და ესაა საწყისი წერტილი. მაგრამ შემდეგ ის სამყაროს ნგრევაზე ლაპარაკობს და იმაზე, როგორ მონაწილეობს ამ ყველაფერში ღმერთი. ეს უკვე ჩვენი პერსონაჟის სიტყვებია, და არა ნიცშესი.
- მართლაც, ღმერთი თუ არა, ზებუნებრივი ძალები მონაწილეობენ სამყაროს ნგრევაში! თავიდან - საშინელი ქარიშხალი, მერე შრება ჭა, შემდეგ ქრება სინათლე...
- ასეცაა. თუმცა დამნაშავე ადამიანები არიან. ყველა ადამიანი. მეც.
- გჯერათ, რომ აპოკალიფსი ისეთი იქნება, როგორიც თქვენ აჩვენეთ? თუ მისი ეს ვერსია ამ კონკრეტული სცენარის შემთხვევაში გამოგადგათ?
- აპოკალიფსი დიდი, უზარმაზარი, მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა იყოს. მაგრამ ჩემს ფილმში ის წყნარად, შეუმჩნევლად, სრულ სიწყნარეში იწყება. დგება - არაფერი. აპოკალიფსი არის - რაღაც, ჩემი სამყაროს დასასრული კი - არაფერი. გესმით სხვაობა?.. სიკვდილი - ყველაზე საშინელი მოვლენაა. სამწუხაროდ არაერთხელ მინახავს, როგორ კვდება ადამიანი ან ცხოველი. იცით, რა არის ყველაზე საშინელი სიკვდილში? გეჩვენება, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება, გული გატეხილია და სამყარო ქრება.
- თქვენი გმირები ბარგს კრავენ და მიდიან სახლიდან, ბორცვს იქით მიდიან ... და ბრუნდებიან. რატომ?
- თქვენ თვითონ მიხვდით. ალბათ, მიხვდნენ, რომ წასასვლელი არსადაა. სადაც უნდა წავიდნენ, იგივე ქარიშხალი, იგივე მოსაწყენი არაფერი დახვდებათ.
- გადაღების ადგილი სად შეარჩიეთ?
- უნგრეთში. ჩემთვის ეს სამზადისის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ვპოულობ ადგილს, უკვე შეყვარებული ვარ და მიადვილდება მუშაობა. პეიზაჟი ჩემი ფილმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟია. ტურინის ცხენისთვის პატარა ღარტაფი ვიპოვეთ და ბორცვი მარტოხელა ხით. მაგრამ სახლი არსად იყო. ხელოვნურ დეკორაციებს ვერ ვიტან, ამიტომ დავუძახეთ მოხუც მშენებლებს, ძველი გათლილი ქვებით და ხის ძველინ ნაჭრებით ნამდვილი სახლი ავაშენეთ. რა თქმა უნდა, პერფექციონისტობას ვცდილობდით და იმ დროის არქიტექტურას ვასხამდით ხორცს. მერე გავთხარეთ ნამდვილი ჭა. ავაშენეთ ბეღელიც. როცა ყველაფერი შევაგროვეთ, ფილმი უკვე ჩემ თვალწინ იყო.
- როგორ იპოვეთ ცხენი?
- უნგრეთის ღრმა პროვინციის ერთ პატარა ქალაქში, ცხენების ბაზარში ვიპოვეთ. საშინელი ადგილია. დავინახე და მაშინვე ვთქვი, აი, ჩვენი ტურინული ცხენი-მეთქი. მაგრამ ის უკვე გაყიდული იყო. ახალი პატრონი სასტიკი და ძლიერი ადამიანი აღმოჩნდა, მაშინვე ცემა დაუწყო, რადგან ის არ იძროდა. შევაჩერე. სიტუაცია ძალიან ჰგავდა ფილმში აღწერილს. დეტალებშიც კი... ცხენი გამოვისყიდეთ და ფილმი მასთან ერთად გადავიღეთ. ახლა ის ჯანმთელია, 8 წლისაა, ფეხმძიმედაა და თავს შესანიშნავად გრძნობს.
- ფილმში მხოლოდ 30 მონტაჟური გადაბმაა.
- დიახ, ორით ნაკლები, ვიდრე წინა ფილმში. მაგრამ დინამიკა და დაძაბულობა მაინც იგრძნობა... არასდროს ვიყენებ დაახლოებას, მძულს. კამერა მართლა მოძრაობს სივრცეში, ეს არაა მისი მოძრაობის იმიტაცია. მონტაჟს ძალიან იშვიათად მივმართავ. ის დაძაბულობას ანგრევს, რიტმს არღვევს.
- ან იქნებ ქმნის რიტმს, რომელიც რეალურ ცხოვრებასთანაა ახლო?
- ასე არ ვიტყოდი. ჩემს ფილმებში ყველაფერი კონსტრუირებულია, მაგრამ დაძაბულობა - რეალური: მისი მიზეზი - არა ფორმალური ხრიკები, არამედ ხასიათების ფსიქოლოგიაა.
- რატომ არ იღებთ ფერად ფილმს?
- რადგან ჩემი პალიტრა მოიცავს შავს, თეთრს და რუხის ყველა ტონალობას. ჩემთვის მოხერხებული და სასიამოვნოა ამ ფერებთან მუშაობა.
- "ტურინის ცხენში" ნაკლები იუმორია, ვიდრე თქვენს წინა სურათებში.
- ყველა ჩემს ფილმს კომედიად ვთვლი, განსაკუთრებით "სატანურ ტანგოს". ბევრი მაყურებელი ხარხარებდა ამ ფილმზე. მაგრამ ახლა ხუმრობის და სიცილის ხასიათზე აღარ ვარ. ხანდახან ჩემს მსახიობებს დავცინოდი, მაგრამ ეს ფილმში არ იგრძნობა.
- და კარტოფილის ჭამა რაღაა, რომელიც გმირების მთელი რაციონია?
- კარტოფილზე ერთის თქმა შემიძლია: გუშინ, როცა ფილმის პრემიერის ეს აუტანელი ცერემონია დასრულდა, ბარში წავედით, აღსანიშნად. პროდიუსერმა დაინახა, რომ ვიღაც დიდ კარტოფილს მიირთმევდა და ზიზღით თქვა, კარტოფილს აღარასოდეს შევჭამო.
- რა უნდა აკეთოთ ახლა, როცა კინემატოგრაფს ემშვიდობებით?
- მე ხომ არ ვგავარ პენსიონერს? ვიმედოვნებ, რომ არა! რამდენიმე დღის წინ ტაქსიში ჩავჯექი, მძღოლმა არ იცოდა, როგორ მისულიყო მითითებულ მისამართზე და მე ვუხსნიდი! ისე ხანგრძლივად ვცხოვრობდი ბერლინში, რომ ქალაქს ზეპირად ვიცნობ, მართვის მოწმობაც მაქვს... ალბათ, ტაქსისტი გავხდები.
http://www.internet.ge/v3-0/index.php?acti...ry=5&news=98909 This post has been edited by rati nwt on 3 Aug 2014, 19:40