ratomac aRa
Sigara içilmez

        
ჯგუფი: Members
წერილები: 74514
წევრი No.: 122045
რეგისტრ.: 4-October 10
|
#39309918 · 4 Jan 2014, 19:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"დიდი მწვანე ველი" – ამ ფილმს, რომელიც რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა 1967 წელს გადაიღო, უცნაური ბედი დაჰყვა. ის დიდხანს იდო თაროზე, "აკრძალულივით", ძალიან დიდი ხნის შემდეგ კი მსოფლიოს 100 საუკეთესო ნოვატორული ფილმის სიაში მოხვდა, საქართველოში მეოცე საუკუნის საუკეთესო ფილმად დასახელდა. ამ ფილმმა მთავარი როლების შემსრულებლების ცხოვრებაშიც საბედისწერო ცვლილებები მოახდინა. მოულოდნელი აღიარება
მერაბ კოკოჩაშვილი:
– "დიდ მწვანე ველს" საფუძვლად ის ტკივილი დაედო, რომელიც მაშინაც მქონდა და ახლაც მაქვს ბუნებაში ცივილიზაციის ჩარევის გამო. ფილმის გადაღებიდან 45 წელი გავიდა და ეს პრობლემა დღეს უფრო აქტუალური და გლობალური გახდა. ამის გამო ეს ფილმი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თავიდან "დიდი მწვანე ველი" წარუმატებელ ფილმად ჩაითვალა, რადგან ეკრანზე სამი დღის გასვლის შემდეგ 8 წელი თაროზე იყო შემოდებული. შემდეგ კი ისეთი რამ მოხდა, ოცნებაშიც რომ ვერ დავუშვებდი. ბერლინში, ქართული კინოს დღეებზე, ფილმი გერმანელმა კინომცოდნეებმა და ჟურნალისტებმა ნახეს. სწორედ მათმა ძალისხმევამ გაუკაფა გზა აღიარებისაკენ. გერმანელმა ჟურნალისტმა ჰოფმანმა თავი მოიკლა, კინოს დღეებზე უნდა წავიდესო, ერიკა და ულრიხ გრეგორებმა კი მისი ჩვენება კინოთეატრში მოაწყვეს. ამას მოჰყვა "დიდი მწვანე ველის" აღიარებები სხვადასხვა ფესტივალზე, საბოლოოდ კი იგი 100 ნოვატორული და საუკეთესო ფილმის სიაშიც მოხვდა. ასე რომ, ხელოვნება ისეთი რამ არის, დათვლა ყველაფრის შეიძლება, მაგრამ გათვალო მისი შედეგი, რთულია. საუკეთესო ანსამბლი – არც ფილმის გადაღებებს ჩაუვლია მარტივად – არჩევანის გაკეთება გამიძნელდა მსახიობებს შორის. უკვე გადაღებებზე მივდიოდით, როცა მთავარ როლზე ლია კაპანაძის აყვანა გადავწყვიტე. საბოლოო ჯამში კი, მსახიობების საუკეთესო ანსამბლი შეიკრა – დოდო აბაშიძე, ლია კაპანაძე, მზია მაღლაკელიძე, ილია ბაკაკური... ამ ჯგუფს არც შეიძლებოდა, რომ ცუდად ეთამაშა. რთული აღმოჩნდა მონტაჟის მომენტიც – იძულებული გავხდი, ისეთი ეპიზოდები და ადამიანები ამომეღო, რომლებიც ძალიან ძვირფასი იყვნენ ჩემთვის, იგივე სესილია თაყაიშვილი. მერე მოფერებით თავში წამომარტყა, კარგი, კარგიო. ასეთი გადაწყვეტილებების მიღება რთულია, მაგრამ კინომონტაჟი ის ხელოვნებაა, რომელიც გეხმარება, რომ ზედმეტისგან გაათავისუფლო ნაწარმოები და თუ შენ ამაში ვიღაცას ან რაღაცას გაუწიე ანგარიში, ჩათვალე, რომ დამარცხდი.
მედეა თუ ლია
ლია კაპანაძე: – ბევრ ფილმში მითამაშია, მაგრამ ასეთი სრულყოფილი არაფერი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. არსებობს ფილმები, რომლებიც არის ნამდვილი კინემატოგრაფია და არა – "დომხალიზაცია". მაპატიეთ, მაგრამ ხანდახან საჭიროა, ნამდვილი სახელი დაარქვა, რომ მიხვდე, რა არის ფასეული. როცა იქმნება თეატრში, კინოში ახალი სიტყვა, საჭიროა თანამოაზრეების შეკრება. ამ ფილმზე სწორედ ასეთი რამ მოხდა, ანუ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდით და დღეს ყველა მონაწილე ამაყობს, რომ ეს ფილმი არსებობს. ასევე მიმაჩნია, რომ ამ ფილმის წარმატება მერაბ ელიოზიშვილის დიდი დამსახურებაცაა, რომელმაც სცენარი დაწერა. სინჯზე დამიძახეს და სცენარი მომცეს. რომ წავიკითხე, ვიგრძენი, რომ მე უნდა მეთამაშა და მერაბს პირდაპირ ვუთხარი. მერაბი ორჭოფობდა და როცა მითხრა, შეიძლება თქვენ არ აგიყვანოთო, მიზეზს ჩავეკითხე. ვერაფერი მიპასუხა. მერე მკითხა: "ნახეთ სინჯები, მოგეწონათ?". ვუპასუხე, ძალიან–მეთქი. კითხვა შევუბრუნე, თქვენ–მეთქი. რაღაც ახალია სცენაზეო. ვუთხარი, ვეღარც გაიგეთ, ისე მიეჩვიეთ შტამპებს–მეთქი. მერე გავიგე, რომ ფილმზე დაამტკიცეს მედეა ჩახავა. მესამე დღეს მივდიოდი დასთან და ბავშვებთან ერთად ზღვაზე, აფხაზეთში. რაღაც ორი კაპიკი მქონდა ასაღები და სტუდიაში მივედი. გადამღები ჯგუფიც მესამე დღეს მიდიოდა მანგლისში. ფოიეში მზია მაღლაკელიძე შემხვდა. მითხრა, როგორ გული მწყდება, რომ არ მოდიხარო. ამ დროს მეორე რეჟისორი რეზო ჭარხალაშვილი მოვიდა და მეუბნება, დავიდოვნა, ჯერ არ წახვიდე, ცოტა ხანი მოიცადეო. მე და მზიას სალაპარაკოს რა გამოგვილევდა და დავსხედით სტუდიაში. ცოტა ხნის მერე გამოვიდა რეზო და მითხრა, ჩააწყვე ჩემოდანი, მოდიხარ გადაღებაზეო. მერაბს რჩევა დიმა ერისთავისთვის უკითხავს და მან ჩემი აყვანა ურჩია. ურჩი პირიმზე – დავიწყეთ გადაღებები მანგლისში. მე ასეთი თვისება მაქვს – როცა ვმუშაობ როლზე, კინოში იქნება თუ თეატრში, ვცდილობ, ჩემეული სახე შევქმნა. აბა, რისთვის ხარ მსახიობი?! მარიონეტი ხომ არ ხარ, გითხრან, რა უნდა გააკეთო?! ეს ჩემთვის მეორე ფილმი იყო, პირველი "ზღვის შვილები" გახლდათ. იქაც ჭარხალა (რეზო ჭარხალაშვილი. ავტ.) იყო მეორე რეჟისორი და როცა პირველი კადრები გადაიღო, მითხრა, ისე თამაშობ, თითქოს 50 ფილმი გქონდეს გადაღებულიო. კამერის წინ ძალიან ორგანული ვიყავი. მერაბი კი ამაშიც ორჭოფობდა, იქნებ, ასე გააკეთო, იქნებ ისეო. ვუთხარი, მე მსახიობი ვარ–მეთქი. ერთ თვეში ჩამოვედით მანგლისიდან და სასწრაფოდ ნახეს გადაღებული მასალა. მე არასოდეს ვუყურებ ჩემს მასალას, კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ და გარეთ ველოდებოდი. დოდო (აბაშიძე. ავტ.) პირველი გამოვიდა, გადამხვია ხელი და მითხრა, ყოჩაღ, ძალიან კარგი ხარო. მერე მერაბმა მითხრა, გავაგრძელოთ ისე, როგორც ვმუშაობდითო.
ერწოში – მერე წავედით ერწოში. დაგვხვდა კოლმეურნეობის ორსართულიანი სახლი და იქ მოვეწყვეთ. ჩვენ მეორე სართულზე ვიყავით. მერაბს ჰქონდა პატარა ოთახი, სადაც ვიკრიბებოდით და ვმსჯელობდით მეორე დღის გადაღებებზე. მე და მზია ერთ ოთახში ვცხოვრობდით და, ხომ იცით, ქალებს რამდენი სალაპარაკო აქვთ. ბოლოს ყველა ჩვენთან შემოდიოდა. ძირითადად ვსაუბრობდით გადაღებებზე, ამით ვცოცხლობდით. მოშორებით იყო ჩვენი ობიექტი და იქ ფეხით მივდიოდით, თავისუფალ დროს კი ვსეირნობდით. მთაზე მარტო რამდენჯერ ავსულვარ. ერთხელ ყვავებმა კინაღამ დამკორტნეს – მთაზე ავედი და იქ იმდენი დამხვდა... ძალიან შემეშინდა. როგორ გადავრჩი, ახლაც მიკვირს. ყველაზე მეტად რეჟიმის გადაღება გაჭირდა. რეჟიმის გადაღება, ხომ იცით, რა არის? დილით 5–ს რომ 15 აკლია, ზუსტად მაშინ უნდა გადაიღო, 6–ის წუთებზე უკვე წასულია რეჟიმი. სცენა იყო, გვძინავს და თენდება. ამ კადრის გადაღებას 5 დღე მოვანდომეთ. "რას მიშვრებით, შვილი მყავს გასაჩენი!" – გადასაღებად ასული ვიყავით მთაზე, სადაც საოცრად გამჭოლი ნიავი ქროდა. წყალს გვასხამენ, მზია კი მთლიანად სველია, არადა არ მთავრდება დუბლების გადაღება. მზია იძახის, არ შემიძლია, რას მიშვრებით, შვილი მყავს გასაჩენიო. უთხრეს, ლია ხმას არ იღებსო. ყველა ერთნაირი ხომ არ ვართ. მე ამტანი და გამძლე ვარ, იმდენ რამეს გავუძელი, რომ... აკრძალული კადრები – ფილმში ისეთი სცენები არ შევიდა... იგივე მზიასი, სესილიასი, ბოდბისხევის ბაზარში რომ ბოშები გვხვდებიან, დაიკარგა. ასევე ჩემი და დოდოს არაჩვეულებრივი სცენები. რამაზ იოსელიანმა თქვა კიდეც, ამას არაფრით ამოვიღებდიო, მაგრამ მერაბი აიძულეს, რომ ამოეღო და ეს "კეთილმოსურნეების" დამსახურებაა. მერაბიც იმიტომ შეელია, რომ ის დარჩენილიყო, რაც შევიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ უნდა ეთქვა ფილმზე უარი. საოცარი ადამიანი გახლდათ სესილია, მას სცენიდან ვიცნობდი. ველოდებოდით მე და მზია, რომ უნდა ჩამოსულიყო და ვნერვიულობდით. უცებ ვიღაცამ გააღო კარი – "ყავა არ გაქვთ, გოგოებო?". ძალიან უბრალო ადამიანი იყო. ხალხსაც ძალიან უყვარდა. გადაღებები იყო ბოდბისხევის ბაზარში და მერაბი ვერ იღებდა კადრებს, მთელი გამყიდველები და მყიდველები სესილიას შემოეხვივნენ. მეორედ დაბადება – ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სამმა რამემ მოახდინა – დედობამ, რუსთაველის თეატრის სცენამ და "დიდმა მწვანე ველმა". ამ ფილმმა შეცვალა ჩემი მსოფლმხედველობა, ჩემი ადგილი ცხოვრებაში, თითქოს ხელახლა დავიბადე, როგორც პიროვნება. როცა შემოქმედების ნამდვილ გზას გაივლი, სხვაგვარად ხედავ ყველაფერს, სამყაროს, ხელოვნებას. ჩემი სხვა როლებიც ძალიან მიყვარს, მაგრამ "დიდი მწვანე ველი" – ეს არის ჩემი მეორე მე, ჩემი ისტორია, ცხოვრების ერთი ეტაპი. რამდენი რაღაც აიგო ამ ფილმზე, კარგი თუ ცუდი. მე თეატრისგან გულნატკენი ვარ, რადგან ის, რაც იქ უნდა გამეკეთებინა, თუნდაც ამ ფილმის გადაღების პერიოდში, არ მაღირსეს, მიუხედავად იმისა, რომ 12 როლი ვითამაშე. სამწუხაროდ, არ აღმოვჩნდი თეატრისთვის საჭირო მსახიობი. ერთმა დიდმა მსახიობმა ისიც კი მითხრა, რაც "დიდი მწვანე ველი" ითამაშე, დიდი წარმოდგენა შეგექმნა თავზეო. ამ დროს ვერავინ იტყვის, რომ ამბიციები მაქვს. უბრალოდ პირშიმთქმელი და პირდაპირი ადამიანი ვარ. "დიდი მწვანე ველის" შემდეგ კი საერთოდ გამომიშვეს თეატრიდან. კრიტიკა ზურგს უკან – მეგობართან ერთად ბაკურიანში წავედი. კოხტაგორაზე გიორგი შენგელაია შემხვდა, სიმპოზიუმზე შენზე ლაპარაკობენ და შენ კი აქ დასეირნობო. თურმე ფილმი ჰქონდათ ჩამოტანილი და მე არავინ მითხრა. მერე წავედი. ხომ იცით, დამალული არაფერი რჩება – ერთს უთქვამს, ჰო, კარგია, კარგი, მაგრამ როგორ ლაპარაკობს, ისიც თქვითო. ამ დროს მე არ ვახმოვანებ ფილმს. სხვათა შორის, მერაბზე ამის გამო ნაწყენი ვიყავი. ფილმი დამთავრდა და მითხრა, ლეილა ძიგრაშვილმა უნდა გაახმოვანოსო. ვიფიქრე, ალბათ ცუდი ხმა მაქვს–მეთქი და მერე ისე დავკომპლექსდი, რომ სხვა ფილმებსაც ვერ ვახმოვანებდი, სანამ რეზო ჩხეიძემ არ მითხრა, რას ჰქვია, არ გაახმოვანებთ, თქვენი ნათამაშევი როლი თქვენზე უკეთესად ვინ იცისო. სხვათა შორის, მიმაჩნია, რომ "დიდმა მწვანე ველმა" ამით ბევრი დაკარგა. კოცნით გამხელილი სიყვარული – რადგან არსებობს "დიდი მწვანე ველი", ამისთვის გვერდის ავლა არ შეიძლება. ეს ყველაფერი ძალიან მოულოდნელად დაიბადა. დოდოს მანამდე ვიცნობდი, მაგრამ ამას არაფრით ვიფიქრებდი. ფილმში ჩვენმა ურთიერთობამ განაპირობა ეს სიახლოვე. როცა ვიგრძენი მისგან რაღაცა, გამეცინა. ისე არ მჯეროდა, რომ დოდო შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი მამაკაცი, რომ დავიბენი. პირველად დოდო გამომიტყდა სიყვარულში. რაღაც პურმარილი იყო გადაღების შემდეგ და უნდა მივსულიყავი სუფრასთან. დოდო ჩემთან შემოვიდა ოთახში და დაიწყო გადაკვრით ლაპარაკი. მეგონა, სხვაზე ლაპარაკობდა, მერე აღმოჩნდა, რომ ჩემზე საუბრობდა. გამეცინა... მერე სუფრასთან მივედი, ჩამოვიდა დოდოც. დალიეს და ჭარხალა ამბობს, აბა, პირიმზე როგორ დალევს სოსანას, თავისი ქმრის სადღეგრძელოსო. მივედი და დოდოს ლოყაზე ვაკოცე. ამით უკვე ნათქვამი იყო მისთვის ყველაფერი, მაგრამ ეს ქმედება ჩვენთვის იყო, თორემ ვერავინ ვერაფერს მიხვდა. მას მერე სულ ერთად ვიყავით და ჩვენი ურთიერთობაც არავისთვის აღმოჩნდა მოულოდნელი. საოცრად თბილი ურთიერთობა გვქონდა. დიდ პატივს ვცემდი, ძალიან მიყვარდა და მის გვერდით ძალიან ბედნიერი ვიყავი. მერე კი, ხომ იცით, ვინ არიან და რა არიან ადამიანები. ეს სიყვარული იყო ჩვენი გამთლიანება და ბევრი შეეცადა ჩვენს განცალკევებას. მოახერხეს კიდეც. ამით ძალიან ცუდი გაუკეთეს დოდოს. მისმა შვილმა თქვა კიდეც, მამას რომ ლია შეერთო ცოლად, დღესაც ცოცხალი იქნებოდაო. იყო მეორე მომენტიც – მე პატიება არ შემიძლია. თუ რაღაც ან ვიღაც სულ ერთი ხდება ჩემთვის, მერე ვერაფრით შემოვა ჩემს გონებაში. ასეთი პრინციპული ვარ. ამან გარკვეულწილად მავნო კიდეც. დაშორების მიზეზი კი ყველაზე მეტად იყო ის, რომ დოდომ ვერ გადაწყვიტა და როცა მე ეს ვიგრძენი, ვერ მივეტენებოდი. მერე გარდაიცვალა კიდეც. მეორე მხრივ, შინაგანად მეც მქონდა ბრძოლა, რადგან მყავდა შვილი. ესეც იყო ერთ–ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი. დოდოს გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის მერე სიზმარი ვნახე: ძველი სასაფლაო. მზიანი ამინდია. დოდო სოსანას ნაცრისფერ კოსტიუმში საფლავთან ზის და მე მელოდება. მე მისკენ წავედი...
This post has been edited by ratomac aRa on 4 Jan 2014, 19:06
--------------------
ელმაზი გაცილებით უფრო გუნდური იგროკია დაჟე და ადრე თუ გვიან ამოაგდებს კიდევაც © Andro_forza juve ........................................................................................................ ქართველები მონობას ისე შეეჩვიენ, ერთ ბატონს მეორეთი რომ უცვლიან, უკვე თავისუფლება ჰგონიათ
|