რობერტ ვაიზის ძველისძველი,ძალიან მაგარი ნუარი
The Set-Up
ფილმის აღწერაზე თავს არ შეგაწყენთ,აკა მორჩილაძის ერთ ძველ სარბიელურ სვეტს დავდებ,კრივზე და მაფიოზებზე
მაშ,გახსოვდეთ ბლინკი პალერმო
(რვა სურათი განგსტერის ცხოვრებიდან)
პორტრეტი
მაუდის შლაპა,რუხი კოსტუმი,თეთრი პერანგი და შავი ჰალსტუხი.მსუქან თითებში ოცცენტიანი სიგარა,არათითზე დიდი ოქროს ბეჭედი,გულისჯიბეში რომელიმე კათოლიკური წმინდანის სურათი და რეზინის ძაფით შეკრული ასდოლარიანების დასტა.
სხვაფრივ საშუალო სიმაღლის,ღაბაბიანი,ღიპიანი და კოტიტა ვინმეა.თვალმოჭუტული ლაპარაკობს ხოლმე და პირშში ყოველთვის შაქარყინულის ნამტვრევი უდევს.წლოკნის და ისე ბუტბუტებს რაღაცებს.
ვინ არის ეს კაცი შავი თვალ-წარბით და გაბუშტული ცხვირით?
ნეტავ რომელ შუა წონაში იყო ჩემპიონი?
რა თქმა უნდა არცერთში,თუმცა შეიძლება ითქვას,რომ ყველაში ერთად.
დღეს პრომოუტერთა გაიძვერა მეფის,თავფოთა დონ კინგის შევხედვარე ახალათაობას გონია,კრივის მენეჯერი ერთი თახსირი,შოუმენივით კაცი უნდა იყოს,რადგან ტრადიცია ამას გულისხმობსო,მაგრამ თახსირობა განა ყველას ხელეწიფება?ესეც არ იყოს და,იყო სხვა დროება,როცა თახსირი და გაიძვერა კაცი კრივში პირველ ადგილას არ იყო გამოჭიმული,რადგან თავს წააგებდა.
მაშინ კრივი ისეთ ხალხს ეჭირა,რომ გაიძვერობა ერთ რაიმე იოლ გასართობად უჩანდათ.
სახელი და წოდება ამ ხალხის ცნობილია-"კოზა ნოსტრა",ანუ შავი ხელი,ანუ მაფია.ამერიკულად კი უბრალოდ განგსტერი.
დიახ,იყო დრო და იყვნენ ჯეელებიც!დონ კინგს ჭიტლაყს კრავდნენ და კიბეზე დააგორებდნენ,შემდეგ კი ლაქის ფეხსაცმელზე თეთრ ცვირსახოცს გადაისმევდნენ,თითქოს ჭუჭყი აედევნაო.
ასე იყო-კრივი განგსტერებს ეჭირათ,გამორჩევით კი სიცილიელებს.მათ ხელში იყო გემბლერობა-ფსონებიც და მოკრივის ბედიც.
ამათ შორის კი გამორჩეული იყო ის,ვისი იერიც თავში აღვწერეთ.ის ძველი დროების დონ კინგი გახლდათ და დონ კინგს ბარე ოთხ დუჟინს ჩაისვამდა ჯიბეში.
რა ერქვა?ძალიან სიცილიური რამ.
ავი აჩრდილის გახსენება
ნიუ-იორკში მოღვაწეობს ვეტერან მოკრივეთა ასოციაცია,რომელსაც თავის მიზნად დაუსახავს კრივის შავი ფურცლების გამომზეურება,ოდინდელ მოკრივეებთა შემწეობა და ვალმოხდილთა დაფასება.
და აი ერთხელაც,ისე,როგორც ასოციაციათა წესია,გამგეობა შეიკრიბა,რათა გასული თვის ფულადი შემოსავლების რეესტრი გადაემოწმებინა და აი ბუღალტერმა სიის კითხვა დაიწყო და უცებ ასეთი რამე თქვა "ასი დოლარი შემოგვწირა ბატონმა ბლინკი პალერმომ"
დარბაზი ჯერ გაირინდა,შემდეგ კი ხარხარი ატყდა,მხოლოდ ერთი კაცი,ძველი მძიმეწონოსანი ქოლი უოლესი მოიღუბლა და ნირწამხდარმა გადააქნია თავი.ვინ ვინ და უოლესმა ყველაზე კარგად იცოდა ვინ იყო ბლინკი პალერმო.პალერმო ხო უოლესის მენეჯერი გახლდათ.
"100 დოლარი ბლინკი პალერმოსგან"
ეს იყო 1990 წლის ზაფხულში და ხალხი უშიშრად იცინოდა,ნახევარი საუკუნის წინ კი ამგვარი თამამი ხორხოცისთვის არაერთი დაისჯებოდა.
მაგრამ ახლა აღარავის ახსოვდა ბლინკი,ისიც არ იცოდნენ ცოცხალი იყო თუ მკვდარი.
ვაჰ,დრონი,დრონი...
ფილადელფია-მარადიული სიყვარულის ქალაქი.ეს იყო სიცილიელი ემიგრანტთა შთამომავლის,ფრენკი პალერმოს პატარა სამშობლო.ამ მშვენიერი ქალაქის სამხრეთ უბნებში,სადაც ღარიბულ პიცერიებთან იშვა მდიდარი განგსტერული სინდიკატები,მას "ძია ფრენკის" ეძახდნენ.საკრივო მედიამ მას "ბლინკი" შეარქვა რაც თვალჭუტია,თვალის ჩამკვრელ კაცს ნიშნავს.თუმცა არაკეთილმოსურვენი იმასაც ამბობდნენ,რომ ბლინკი არასდროს უყურება ადამიანს თვალებში და "ბლინკიც"ამიტო დაერქვაო.
ასეა,თუ ისეა,ეს სახელი გაყვდა ბოლომდე.
ვინ იყო ?
მენეჯერი.მაგრამ ეს არაფერს გვეტყვის,მენეჯერი ბევრია.
ამიტომ,უნდა განვმარტოთ,რომ იმ ოხერ საკრივო ეპოქაში სიტყვები "ბლინკი" და "საშინელება" სინონიმები იყო.
ეს იყო საკრივო შედეგების მთავარი ჩამწყობი,მოკრივეთა ავი მეპატრონე და უყვარდა ბინძური გამარჯვებები.თავის გზაზე არ მოერიდებოდა არაფერს,არც ძალადობას და არც რაიმე ისეთს.ის იატაკქვეშა საკრივო სამყაროს გამორჩეული ბოსი გახლდათ.
მადლი უფალს ის შარშან გარდაიცვალა,ფილადელფიის ერთ-ერთ საავადმყოფოში,91 წლისა.
პალერმოს ზე-განგსტერი კაცის სახელი ჰქონდა გავარდნილი და მთელი ფილადელფის ლატარია-ტოტალიზატორები მუჭში მოექცია.გარდა ამისა,მას საკრივო მენეჯერობის ლიცენზია მოეგდო ხელში და უშუალოდ უფროსობდა მოკრივეებს ნიუ-იუორკში,პენსილვანიაში,ილინოისში,კალიფორნიასა და ფლორიდაში.
სახელოვან მოკრივეთა შორის,ბლინკის მოკრივეები იყვნენ,მსუბუქი წონის ჩემპიონი აიკ უილიამსი,ველთერის წონის პირველი კაცი,ჯონ სექსტონი,ნახსენები უოლესი,ქვემძიმეწონოსანი ბილი ფოქსი და სხვები.პალერმო იდგა ველურ დათვ სონი ლისტონის უკან,ოღონდ ამ ამბავს საგულდაგულოდ მალავდა.
ბლინკის ცხოვრებას ერთი დიდი წიგნაკიც ვერ დაიტევს,მის შავ საქმეებს-ორი დიდი წიგნი.აქ არ იქნება გაბმული თხრობის ადგილი,სამაგიეროდ იქნება საუბარი.
გარდაცვლილის გამო განსჯა ულამაზო რამედ არის მიჩნეული,მაგრამ პალერმოს შემთხვევა განსაკუთრებულია :ძალზე ცოტა ხალხი დარჩა ცოცხალი,მის შესახებ რომ შეუძლია ლაპარაკი.
მოგონებები ყაჩაღის შესახებ
"ბრაზი მიპყრობს,ბლინკი რომ მახსენდება "-,ამბობს უოლესი,-მან ჩემი ცხოვრება დაანგრია,მან მომსპო როგორც მოკრივე".
"არ გამახსენოთ" ხელებს ასავსავებს პალერმოს კიდევ ერთი მოკავშირე ჯიმი არჩესი.
"აიკს ყველა შესძულდა" იხსენეს აიკ უილიამსის ძმაკაცი მარტი ჯექსონი "მე თუ მკითხავთ,მას ერთი კაცი შესძულდა,ბლინკი პალერმო,მაგრამ მას ვერაფერი გაუბედა და სამყაროზე განაწყენდა".
მედისონ სკვერ ბოქსინგის ძელმა პრეზიდენტმა ჰარი მარკსონმაც ვერ იპოვა თბილი სიტყვები:"ღმერთი მომიტევებს,რომ მიცვალებულზე ავი უნდა ვთქვა,მაგრამ ვეცდები,რბილად შევაფასო:ძალიან დიდი ხანია არ მინახავს და არც მომნატრებია".
მაგრამ პალერმოს დოსტებიც ხომ ჰყავდა,შავი საქმეების ძმები.მათ ცუდს ვერ დააცდენინებ.
მაგალითად,ელ ბრეივმენი,კაცი რომელიც ლისონ-მუჰამედ ალის რემატჩის დროს ლისტონს ეხმარებოდა,პალერმოს მიმტევებელ ვინმედ რჩება.
და მაინც,ბრეივმენი ამბობს:"ის კაცი იყო.ის მაშინ მეხმარებოდა,როცა ყველაზე მეტად მიჭირდა,მთელი ამბები იმის შესახებ,რომ ბლინკი კრივს აკონტროლებდა ზღაპარია.ბლინკი ძლიერი ხასიათის კაცი იყო,მაგრამ მხოლოდ შემსრულებელი".
"მძიმე ხვედრი ერგო"კვერს უკრავს ფილადელფიელი ბებერი საქმოსანი და ნამეჯერალი კაცი დინ როზენბერგი:"რაც იყო,იყო,ბლინკიმ გაასწორა ანგარიში ერთან და ბერთან".
მიდი და გაიგე
ეს ოხერი,ესა
ბლინკი პალერმოს დიდი სახელი ჰქონდა.შემხვედრი ხალხი ლამის მიწამდე უკრავდა თავს,კრივის სამყაროში შებიჯების მსურველს,საერთოდაც მისი ნაფეხურები უნდა ელოკა.
იმხნად ბლინკი ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში ბირჟავიკობდა,სოფთბოლოს მოედნის ახლო.მას გაგიჟებით უყვარდა ბეისბოლის ეს სალაღობო ნაირსახეობა და ურიგოდაც არ თამაშობდა პირველი ბაზის პოზიციაზე.
ეს საუცხოო დროება იყო.პალერმო იგრე გასულიყო თავსა,რომ მაღაზიაში ფულსაც აღარ იხდიდა,მოკრივენი მის წინაშე პირმოთნეობდნენ,რადგან სიცოცხლეს გაფრთხილება სჭირდება.
გულში კი ყველას ეზიზღებოდა-30-იანი წლებიდან 70-იან წლებამდე ეს კაცი თავის შავ ხელს ურვდა ყველგან,ხელი გრძელი იყო
ერთადერთი ვისაც არ ეზიზღებოდა და უყვარდა კიდეც,თავად ნაყაჩაღარი,ოცდახუთშვილიან ოჯახში გაზრდილი სონი ლისტონი იყო.სონი,რომელიც სანაგვეზე მოისროლა ბლინკი პალერმომ.
თუმცა არსებობს სრულიად უნიკალური რამ,სონის ოქროსფერი ხელთათმანები ხელისგულზე წარწერილი ალალი სიტყვებით:"ფრენკის.როგორც,არ არსებობს ცალი ხელთათმანი,ისე არ ვარცებობთ ცალ-ცალკე-სონი".
ეს რა თქმა უნდა,თბილი წარწერაა,მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია სპორტის სიწმინდის კომიტეტის საქაღალდე,რომელსაც აწერია:'ფრენკი(ბლინკი)პალერმოს დოსიე".
ყმა უოლესი-მარჩიანოს მცემელი
თქვენ გახსოვთ როკი მარჩიანო?რა თქმა უნდა.მაგრამ თქვენ არ გახსოვთ,არც კი გაგიგიათ ქოლი უოლესი.არადა ისტორიამ შემოინახა ამ კაცის მძიმე ხვედრი.ქოლი უოლესი,მძიმე წონის საუცხოო მოკრივე,ჩემპიონობას უმიზნებდა.მისი ბედი თუ უბედობა ის იყო,რომ ბლინკის ხელში მოხვდა.ბლინკის კი ან ყმები უნდოდა,ან რინგს დაგავიწყებდა.
ხშირად პალერმო დაპირებულ გასამრჯელოსაც არ უხდიდა უოლესს,რომელიც ყველაფერს ითმენდა,ოღონდ კი საჩემპიონო ჩხუბს ღირსებოდა.
ქოლი უოლესი 1950 წელს გახდა პროფესიონალი მოკრივე,მას შემდეგ რა,რაც მოყვარულთა პირველობაზე სულ იოლად დასცა როკი მარჩიანო.მაგრამ ისინი ვეღარასოდეს შეხვდნენ ერთმანეთს.
ბლინკის თეთრი ჩემპიონი უნდოდა მძიმე წონაში.მან პირდაპირ უთხრა უოლესს,თუ ძალიან გინდა მარჩიანოსთან ჩხუბი,მე გადამახტი და მარტომ სცადეო.ეს შეუძლებელი იყო,უოლესმა ეგრეც ვერ იჩხუბა ქამრისთვის.
ასეთი იყო ბლინკის დროება.პრეტენდეტებსაც თვითონ არჩევდა და ჩემპიონებიც წინდაწინ იცოდა.
ერთი ჯეიკ ლამოტა იყო,თავის თავს რომ აჯობა და პრეტენდენტად დამოუკიდებლად გავიდა,მაგრამ ეს ლამოტა იყო,გამორჩეული ხასიათის,გამორჩეული კაცი
ის წამსვე გამოიძახეს და თანამშრომლობა შესთავაზეს.შეხვედრაზე ფრენკი კარბო მოვიდა...
ოქროსკბილება დონი ფრენკი კარბო იყო სწორედ ის კაცი ვის გამოც ამბობდნენ,ბლინკის უფროსიაო.კარბო დიდი მაფიოზი და განგსტერი გახლდათ და კრვიის გენერალურ პატრონად ითვლებოდა.ის და პალერმო ერთად აკვარახჭინებდნენ საქმეებს.
ოდესღაც,ამერიკაში
ჰმ,განა გასაკვირია რომ ასეთი კაცისა გეშინოდეს?20-იანი წლებიდან კარბომ გაიარა განგსტერული ხელობის ყველა საფეხური.სადაც მკვლელობა იყო იქ ტრიალებდა:ჯერ იყო და,ლას-ვეგასის შემქმნელი ბაგზი ზიგელის ჩაგონებით მოკლა ჰარი გრინბერგი;მერე როგორც ამბობენ,მაფიის დიდ ბუღალტერ ლანსკის თაოსნობით იმავ ზიგელს აღუსრულა განაჩენი.
აი,ასეთი კაცი იყო,და რა გასაკვირია რომ გასაქანი ჰქონდა.როდესაც ჯიმ ნორისი მედისონ სკვერის მოკრივეთა დეპარტამენტს ჩაუდგა სათავეში(1948) და კარბო ამ საქმეს არ გააკარა,ამ უკანსაკნელმა მათრახითა და ქრთამით გადაიბირა დიდი და ცნობილი მოკრივენი და მედისონი დააობლა.
რა გასაკვირია რომ ის და ბლინკი პალერმო ერთად ყოფილიყვნენ?
მათი მონოპოლია ხინჯს არ იძლეოდა,მაგრამ...
ამერიკა იმით არის კარგი ქვეყანა,რომ იქ ყველაფერს აქვს ტავისი ბოლო.ბოლო ჰქონდა განგსტერობასაც და საკრივო იატაკქვეშეთსაც.50-იანი წლების შუახანებიდან კარბო-პალერმოს დაწესებულება სენატის ანტიმონოპოლიური კომიტეტის მზერის ქვეშ მოყვა .ამ კომიტეტის თავჯდომარემ ესტეს კეფუვერმა იკითხა ვინ არის ეს ხალხი,მთელ კრივს რომ გადაფოფრიაო.
დიდი ჩხუბი და იმ დროისთვის დიდი ფული ვერაკაცი კრივს ვერ ეკარებოდა ამ ორის გარეშე.
დასასრული ახლოს იყო და მოვიდა კიდეც.
დასასრული
ბლინკის ბოლო 1960 წელს დადგა.კალიფორნიაში მთელი სიმკაცრით ამოქმედდა კანონი რეკეტის შესახებ.მრავალი მაგარი ბიჭი აყირავდა და მრავალი სინდიკატი დაინგრა.ბლინკი პალერმო დაიჭირეს და გაასამართლეს,მიუსაჯეს მას თხუთმეტი წელი,ოცდახუთი კი გამოუწერეს ავ ოქროსკბილიან ფრენკი კარბოს,რომელიც ციხიშივე მოკვდა.
ბლინკი პალერმო 1971 წელს გამოუშვეს ციხიდან და სულ სხვა ამერიკა და სულ სხვა კრივი დაუხვდა.იშკილებზე აბობღება შეუძლებელი იყო,ის ამაყი იტალიური ამერიკა საფლავში იყო ჩასული.
ბლინკი პალერმი,ერთ დროს კრივის მეუფე,ქამრების,ფულისა და ფსონების გამნაწილებელი,სასაცილო კაცად გადაიქცა.
მაინც ვერ მოისვენა და კრივისკენ გამოიხედა.1978 წელს 73 წლის პალერმომ განცხადება შეიტანა პენსილვანიის სალიცენზიო საბჭოში,მენეჯერობის უფლება დამიბრუნეთო,მაგრამ გაზეთებმა ისეთი ამავი ატეხეს,რომ ბლინკი ხახამშრალი დარჩა
"რა უნდათ ამ უნამუსოებს?" იკითხა ერთი დროის მეფემ,"ამდენი წელი გავატაე ციხეში,გამოვისყიდე დანაშაული და საყვარელ საქმესთან დაბრუნება მინდა."
შეგეცოდებოდა კიდეც.მეგობრებმა ბოლომდე უერთგულეს,ეს იყო და ეს.
ფილადელფიაში დასახლდა და იქვე გაატარა სიცოცხლის ბოლო წლები.
ჩვენ კი უნდა გვახსოვდეს ბლინკი პალერმო,რომელმცა ოცდაათ წელს მართა,აბინძურა და ატარა კვირვი
ამერიკა იმითაც არის კარგი ქვეყანარომ ყველაფერს ბოლო აქვს,მათ შორის ბლინკი პალერმოსაც.
http://allshares.ge/download.php?id=147BBD5573