გადმოვიტან ამ პოსტს აქ უცვლელად.
პოსტში იქნება სპოილერები და ვისაც ფილმი ჯერ კიდევ სანახავი გაქვთ, არ წაიკითხოთ.კინოში ვიყავი ჩემს ორ ძმაკაცთან, რომლებიც გახლავთ ორი თაობის წარმომადგენელი. ერთი ჩემზე ბევრად უფროსია და თავად გამოუცდია ეს ყველაფერი, მეორე კი ჯერაც სკოლის მოსწავლეა. როდესაც შევდიოდით გვეგონა რომ ყარაბაღის დონის ფილმი დაგვხვდებოდა, არანაირი დიდი ნამუშევრის მოლოდინი.
ტექნიკურ მხარეზე აქ ვისაუბრებ.
სანამ უშუალოდ საუბარს დავიწყებდე, მანამ ვიტყვი რომ მახვილი თვალი გამომიმუშავდა და ნებისმიერ მცდარ დეტალსაც კი უმალ ვამჩნევ. აქვე დავამატებ რომ ერთ-ერთი, ვინც მახლდა თან ოპერატორია. ვერც მე და ვერც მან ერთი ნაკლი, სულ მცირე უზუსტობაც კი ვერ აღმოვაჩინეთ.
გადაღების მხრივ ფილმს ვერ ვუნახე(თ) ერთი ნაკლიც კი. ოპერატორს აქვს ძალიან მაგარი ნამუშევარი, ურბილესად რომ ვთქვათ. ასევე მხატვრებს. ავარიის შემდეგ ივოზე იყო სუბიექტური კადრი, თანაც ზუსტად ისეთი როგორიც უნდა ყოფილიყო: წინა კადრში ასახული მოხუცის მოძრაობა, იდენტური იყო მისი ხედვის გადმოცემისა. კარგად იყო ყველა (!!!) კადრი აღებული, დაწყებული მკვდრების გატანით, გაგრძელებული გარემოს გადმოცემით და დასრულებული ინტერიერში მუშაობით. ფილმის დასაწყისში კადრები პანორამებით დატვირთა ურუშაძემ, რამაც გაალამაზა ნამუშევარი ჩემი აზრით.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ამ სუბიექტურ კადრზე მაქვს საუბარი, ხარისხისთვის ბოდიშს გიხდით, თრეილერიდან დავგიფე.

სხვა კადრები ვერ მოვიპოვე, რომლებმაც აღმაფრთოვანა და უემოციოდ ვერ ვუყურე.


სიუჟეტი არის მორევივით ჩამთრევი: მტრები ერთ სახლში - ადამიანები, რომლებიც რამოდენიმე საათის წინ ერთმანეთს ესრდენ და დაუხოცეს თანამებრძოლები, დაჭრილები ხვდებიან ერთ სახლში, სადაც ნებისმიერი სტუმარი შეიძლება ორივესთვის ფატაულური შედეგით დასრულდეს: თუ ქართველები მოვლენ, ჩეჩენს კარგი დღე არ დაადგება, თუ აფხაზები ან რუსები - ქართველს. ფილმი საომარი დრამაა, მაგრამ უშუალოდ ომი კინოში მოცემული არ არის, მაგრამ ამავდროულად არის კიდეც - ომი მიდის სახლში, ბრძოლობენ სიტყვებით და არა იარაღით, ცდილობენ იპოვნონ საკუთარ თავში ადამიანი და არა მხეცი, რომელიც კლავს.
კინოში არ ყოფილა ერთი ზედმეტი სიტყვაც კი დიალოგებში, რაც ნათლად მოწმობს იმას რომ სცენარი რეჟისორის დაწერილია და არა მწერლის. მწერალმა კარგად არ იცის კინოს სპეციფიკა, ამაზე იმედია არ შემომედავება ვინმე. როდესაც საჭირო იყო, უსიტყვოდ ახვედრებდნენ პერსონაჟები ერთმანეთს სათქმელს, რაც უდიდეს პლიუსად მიმაჩნია, რაც არაერთხელ მითქვამს და ალბათ კიდევ ბევრჯერ ვიტყვი.
მუსიკალურად მუსიკა იყო შესანიშნავი. ნიაზ დიასამიძე მიმაჩნია კარგ მუსიკად, მაგრამ კინომუსიკაში უფრო ძლიერია ჩემი მოკრძალებული აზრით. კინომუსიკას თავისი სპეციფიკა აქვს: აქ მუსიკა სიუჟეტს უნდა მოარგო და არა მაყურებლის ყურს, როგორც სინგლის ან ალბომის ჩაწერისას ხდება. დავალება მეტად რთული იყო: თან უნდა ყოფილიყო ომის სურნელით გაჯერებული, დაძაბული და თან სიმშვიდეც უნდა ეგრძნო მაყურებელს. რასაც მგონაი რომ თავი გაართვა ჩინებულად. რეჟისორის, ოპერატორის და კომპოზიტორის მეშვეობით ისეთი გარემო შეიქმნა, რომელმაც შემითრია ფილმში და მის ნაწილად მაქცია. ერთი წამითაც არ მოვდუნებულვარ და ყურადღება არ მიმიქცევია დარბაზისთვის, თითქოს არც არსებულიყოს ის. მუსიკის მხრივ, ბოლო აკორდი რა თქმა უნდა ირაკლი ჩარკვიანის ლეგენდარული კომპოზიცია გახლდათ, რომელმაც ისე მოგვცელა მე და ჩემი მეგობრები, რომ ამას ვერ გადმოგცემთ თუ თავადაც იგივე არ იგრძენით, უბრალოდ ვერ გა(გვ)მიგებთ. არასდროს ისე არ მოუტანია ამ სიმღერას, როგორც მაშინ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რაც შეეხება მსახიობების თამაშს და პერსონაჟებს
თამაში:
ყველა მსახიობმა გაართვა დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად. მიშა მესხმა ითამაშა ის, რაც უნდა ეთამაშა - თეატრის მსახიობის როლი, რომელმაც თავი ვალდებულად ჩათვალა სამშობლოს გამო ომში წამოსულიყო. (მიშაზე იმიტომ ვაკეთებ აქცენტს, რომ პრეტენზიები წამოყენდა მის ოსტატობაზე[არ ვამბობ რომ უდიდესი და განუმეორებელი მსახიობია, მაგრამ არ როლზე ზედგამოჭრილი იყო და თუ ვინმეს გონებაში ის გოგლიკოა, ეს მათი პრობლემაა და არა მიშა მესხის). ფილმის საუკეთესო მსახიობად კი რა თქმა უნდა ლამბიტ ულფსაკი მიმაჩნია, პერსონაჟიდან გამომდინარე.
ივოს გმირი გახდა ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პერსონაჟი. კეთილი მოხუცი, რომელიც ვერ ტოვებს აფხაზეთს და არ მიდის სამშობლოში, სადაც უსაფრთხოდ იქნება - შვილის საფლავის გამო. აქვს ძალიან მაგარი იუმორი, რომელმაც არაერთხელ განმუხტა კინოში დაძაბული სიტუაცია. თან ძალიან ჭკვიანია, აი უსრულებს რასაც ქვია ჩეჩენს: ჯერ ნამუსზე შეაგდო, რომ მომაკვდავი კაცის მოკვლა დიდი ვერაფერი კაი კაცობაა და არანაირ კაცურ საქმეში არ ჩაითვლებოდა, მერე კი როცა გამოჯანმრთელდა თუ ნიკას მოკვლას აპირებდა, ჯერ თავად უნდა მოეკლა, მაგრამ ამას ჩეჩენი არ გააკეთებდა კარგად იცოდა, რადგან მან ის სიკვდილს გადაარჩინა. თანდათან აპრებს და ამეგობრებს მტრდებს, ახვედრებს რომ სიძულვილით ვერც ერთი შორს ვერ გაფრინდება, რადგან ადამიანები არიან.
მანდარინების მიმართ ლტოლვა ელმო ნიუგანენის პერსონაჟის მიერ (სახელი დამავიწყდა), მე ასე გავიგე: ეს მანდარინების პლანტაცია იყო ერთგვარი იმედი და თავდაცვითი საშუალება მტრისგან, რამეთუ მას არ შეეხებოდნენ ამის გამო, ბიზნესს ააწყობდა და შემდეგ წავიდოდა ესტონეთში, სადაც თავს სამშვიდობოზე დაიგულებდა. ამიტომ ჰქონდა იდეაფიქსად მანდარინების მოკრეფვა გადაქცეული. ივომ მოურტყა მაგარი რაღაცა ნაკაშიძეს, თქვენ ნათესავები ხო არ ხართო

აქ მიანიშნა, რო შენც ისეთივე შიბლა ხარ როგორიც ეგ, მაგას მანდარინებზე აბოდებს, შენ ნიკას მოკვლა გინდაო და ნაკაშიძეც ძალიან მაგარ სახეს კერავს, ვითომ რომ არ იმჩნევს.
რა დავინახე აფხაზების ფილმში შემოყვანით და მათ შორის გამართული დიალოგით. პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ გამაკვირვა და ამავდროულად ძალიან გამახარა ზურა ბეგალიშვილის (კალდუუუნ<3) და ჯანო იზორიას გამოჩენამ, სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. აბსოლიუტრად გაუაზრებლად დაიწყეს ომი, რამეთუ არ გააჩნდათ შესაბამისი ცოდა და განათლება, იყვნენ ბრბოდ ქცეულნი, ხოლო ასეთი ადამიანების მართვა და მათი მანიპულაცია რომ ყველაზე მარტივია კარგად მოგეხსენებათ.
კინოში ხაზი აქვს გასმული პატივისცემას, კაცობას, ტოლერანტობას, სიმამაცეს, ადამიანობას და სიკეთეს. მარტო ის მომენტი რად ღირს, როდესაც ნიკა ჯვარს იდებს მაისურში და შემდეგ ერთმანეთის მრწამსზე საუბრობენ, რომ ქართველები პატივს სცემენ მაჰმადიანურ რელიგიას, ჩეჩნები კი - ქრისტიანულს. იქ, სიკვდილის ზღვარზე ეს გმირები ცდილობენ, რომ ადამიანობა შეინარჩუნონ. ივო ცდილობს მიახვედროს მათ, რომ მთავარი ადამიანობაა და არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის შვილი იქნები, რომ ადამიანობა ყველაზე მაღალი ზნეობრივი ზღვარია, რომელიც მაღლა დგას პოლიტიკოსების უაზრო ახირებებზე, ძმათამკვლელ ომზე, არ აქვს მნიშვნელობა ვისი ინიციატივით და წაქეზებით მიმდინარეობს ეს ძმათამკვლელი ომი. რომ საკუთარი და ოჯახის ბედნეირება სხვისი სიცოცხლის გამოსალმების ხარჯზე არ შეიძლება, უბრალოდ არ გაქვს ამის უფლება და თუ ამას აკეთებ ე.ი. ადამიანი არ ხარ. სწორედ ამ მიძინებული ადამიანების გაღვიძებას ცდილობს ივო. რომ ჩვენ მხოლოდ ერთი მტერი გვყავს - რუსეთი, და კავკასიელები ძმები ვართ.
რამოდენიმე დიალოგს ამოვიღებ და გარჩევის გარეშე დავდებ, ზუსტ პერეფრაზირებას ვერ მოვახდენ, არ მახსოვს უბრალოდ:
- მაგას მაინც მოვკლავ, მან ჩემი ძმა მოკლა
- შენც მოუკალი მას მეგობრები
- მნიშვნელობა არ აქვს, მაინც მოვკლავ
- ადამიანის, რომელიც ფეხზე ვერ დგება, მოკლვა კაცურ საქციელად მიგაჩნია?
- კარგი, როცა გამოჯანმრთელდება მაშინ მოვკლავ...
- მოკლედ, მისმინე: აქ, ჩემს სახლში არავინ მოკვდება და თუ მის მოკვლას დააპირებ, ჯერ ჩემი მოკვლა მოგიწევს.
- კი მაგრა, შენ მე სიცოცხლეს გადამარჩინე, როგორ უნდა მოგკლა? ხომ იცი რომ ამას ვერ გავაკეთებ?
- ვიცი...
- მაშინ, როცა გარეთ გავა მაშინ მოვკლავ, სახლში არა.
- ესე იგი, ეს კარი შემიძლია აღარ ჩავკეტო?
- მე კავკასიელს, მთიელს მეკითხები? ვთქვი, შენს სახლში არ მოვკლავ, ე.ი ასეც იქნება.
- სიკვდილს გაუმარჯოს. თქვენ ორივე სიკვდილის შვილები ხართ. რა მნიშვნელობა აქვს აქ მოკლავთ თუ სხვაგან, ადრე თუ გვიან ამას მაინც გააკეთებთ.
- - я не могу выпить за смерть, я все таки выпью за жизнь!
- შვილი ქართველებმა მოგიკლეს და მის გვერდით ქართველს მარხავ?
-კი.
- მე რომ მოვმკდარიყავი, მეც მის გვერდით დამმარხავდი?
- კი.
კინოს დასკვნით ნაწილში, როცა ნიკა კვდება, ჩეჩენის რეაქციამ ბოლო მომიღო. როცა გაიქცა ნიკასკენ. კი გავიფიქრე, მეთქი ემოციად ერთი დაღრიალება დააკლდათქო, მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რომ ეს ადამიანი ჩეჩენი იყო და მსგავსი რამ გამორიცხული გახლდათ. და ბოლოს კასეტა, რომელშიც ჩაირთო ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა, საერთოდ დამანგრია.
ჩემთვის ეს კინო აშკარად შედგა და ვურჩევ ყველას ჩემს ირგვლივ, რომ აუცილებლად წავიდნენ კინოში და ნახონ ზაზა ურუშაძის ეს ნამუშევარი. მგონი ეს ნამუშევარი ამ ადამიანის კარიერის მწვერვალია.
მანდარინები - მე გადმოვცურავ ზღვას