
Sei stato bravo ("კარგი ხარ") - როცა პაოლო სორენტინო გაქებს, მოდი და ნუ იამაყებ. ნაპოლეტანელი რეჟისორი, რომელსაც ფილმმა la grande bellezza 2013 წელს საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში "ოსკარი" მოუტანა, ქართველ მწვრთნელს სამსახიობო ოსტატობას უქებს.
ამჯერად კი მოქმედება სერიალ "ახალგაზრდა პაპის" გადასაღებ მოედანზე ხდება.
"ვილა ფლამინიოზე ჩვეულებისამებრ ვარჯიშისთვის ვემზადებოდით, როდესაც ნებართვა მთხოვეს, ჩემთვის ფოტო გადაეღოთ, - იხსენებს ზურა, - მეც დავთანხმდი. შემდეგ მითხრეს, რომ პაოლო სორენტინოს ჩაუვლია, ჩემით დაინტერესებულა და მას უთხოვია, ჩემთვის ფოტო გადაეღოთ.
თავდაპირველად ეპიზოდური როლი მხვდა ფილმში "ისინი". ამჯერად კი "ახალგაზრდა პაპის" მეორე სეზონში კვლავ დამიძახეს და კონტრაქტი 4 სცენაში მონაწილეობის მიღებაზე გაფორმდა.
პაპის დაცვის უფროსის როლში, სამსახიობო გამოუცდელობის მიუხედავად, საკმაოდ დამაჯერებელი ვიყავი. სორენტინომ კი კომპლიმენტი მითხრა. გადასაღებ მოედანზე იყვნენ ასევე ჯუდ ლოუ, რომელიც გასაოცარი იუმორით გამოირჩევა. მისი ხუმრობებისგან გამოწვეული ხმაურის გამო ხშირად რეჟისორი ჩვენ დაწყნარებას ცდილობდა.
მეორე სეზონში პაპის როლს უკვე ჯონ მალკოვიჩი ირგებს, რომელიც თავის მხრივ, დინჯია. საუბარში მითხრა, რომ საქართველოთი ძალიან არის მოხიბლული. რაც შეეხება თავად პაოლოს, ის მუშაობის პროცესში სერიოზულია. მისი მზერა გაფიქრებინებს, რომ რაღაც არასწორად გააკეთე. მოვა და შემდეგ კომპლიმენტებს გეტყვის".
https://sportall.ge/fekhburthi/uckhouri-fek...hi-igheben.html