
მეორედ ვნახე და უფრო გამისწორდა.
„ქალები ნერვიული კრიზისის ზღვარზე’’ ალმადოვარის ერთ-ერთი ყველაზე თამამი,მხიარული და ირონიული ფილმია. ფილმი ქალებზეა და მათ კრიზისულ პერიოდზე. სითამამე კი თავიდანვე შემოდის კომიკური სცენით,როცა მამაო ჯვარს სწერს ცოლ-ქმარს,ბოლოს კი ცოლს ეუბნება რომ არც ერთ მამაკაცს არ ენდოს. ‘’არც ქმარს მამაო?!’’, ‘’არა,სიფრთხილე გმართებს’’ და პრეზერვატივს აძლევს ცოლს.
ფილმის მთავარი გმირი პეპა უსაზღვროდ შეყვარებულია,მაგრამ საყვარელი მამაკაცი მას წერილს უტოვებს და ემშვიდობება. აქ იწყება დიდი სტრესი. ფილმში კარგად ჩანს როგორ ესმის რეჟისორს საპირისპირო სქესის ,მათი ფსიქოლოგიის. ამას ადასტურებს ფილმის გმირების იუველური სიზუსტით გამოხატული პორტრეტები - იმედგაცრუება,სიყვარული,ისტერია,სიგიჟე,გულუბყვილობა,ტემპერამენტი... ლამაზი დეკორაციები,კოსტუმები და ფერები კიდე უფრო აღვივებს ქალების ნერვიულ სახეებს.
პეპას მეგობარს კანდელას თავისი პრობლემები აქვს..გვიყვება რომ ჰქონდა დაუვიწყარი სექსი არაბ მამაკაცთან და ახლიდან დაიბადა...შემდგომ მან სამი მეგობარი მოუყვანა თავისთან სახლში-ტერორისტები...კანდელას კი ეშინია პოლიციამ ისიც არ დაიჭიროს... მესამე გმირი ლუსიაა,ივანის ყოფილი ცოლი ( კაცი,რომელიც პეპას უყვარს), ახალი გამოსულია ფსიქიატრიულიდან და ყოფილმ ქმარზე შურისძიება უნდა... ამას მოახერხებდა კიდეც,რომ არა პეპა,რომელმაც სიცოცხლე აჩუქა სიყვარულს და ცივი ტონით დაემშვიდობა...ნერვიული კრიზისი უკან მოიტოვა და ცდილობს ახალი ცხოვრება დაიწყოს... ისტერიულად კომიკურია სცენა,როცა ჰაერში სროლის შემდეგ პოლიცია აკავებს ლუსიას , ის კი იძახის ‘’ფსიქიატრიულში წამიყვანეთ,იქ არის ჩემი სახლი’’
ალმადოვარმა შეძლო და დაგვანახა ქალების სულიერი მდგომარეობა ,მათი ტკივილი. მიუხედავად იმისა,რომ ფილმის ბევრი სცენა საკმაოდ კომიკურია,ნათლად ჩანს რეჟისორის სოლიდარული დამოკიდებულება ამ ქალების მიმართ. თითქოს ის მათი მესაიდუმლე და მეგობარია. ამას ნათელყოფს ტაქსისტის გმირი,რომელიც უთანაგრძნობს ქალებს ტკივილს. ეს გმირი კი თავის ვიზუალით ძალიან ჰგავს თავად ალმადოვარს,თითქოს ამ გმირის სახით თავად რეჟისორი გველაპარაკება.; რეჟისორი ერთ ეპიზოდში სილას აწნის ფემინისტებს ,რომლებიც ხშირ შემთხვევაში უსუსურები არიან,მათი ქმედებები კი ფრაგმენტული და კონტექსტიდან ამოვარდნილი.
„ქალები ნერვიული კრიზისის ზღვარზე“ ,როგორც თავად რეჟისორი ამბობს , არის ფილმი კაცზე და სევდაზე,რომელიც მისი არყოფნით არის გამოწვეული. მაგრამ რამდენად სოლიდარულია სამყარო ქალების მიმართ?! ნუთუ მათი მოკვლა (პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით) არის სიყვარული და ოჯახის სიწმინდის გამოძახილი?!
ახლოდან დანახული ცხოვრება ტრაგედიაა, შორიდან კი კომედიას უფრო ჰგავს. (c) ჩარლი ჩაპლინი