http://digitalculture.ge/jarmushvamp/ბაჩო ოდიშარიას რეცენზია ჯარმუშის ბოლო ფილმზე.

ჯარმუშის მელანქოლია და იზოლაცია დეტროიტში
მურნაუს ”ნოსფერატუდან” მოყოლებული, რამდენნაირი ფილმი არ გადაღებულა ვამპირებზე. ყოფილან სისხლისმსმელი არსებები, ბოროტ ძალებთან მებრძოლი გმირები, ლესბოსლები და ავადსახსენებელი ბრჭყვიალები. ჯიმ ჯარმუში კი ადგა და გადაიღო არასტანდარტული ფილმი საზოგადოების ქვეცნობიერში ჩალექილ მონსტრებზე ყოველგვარი დეკაპიტაციის, ღამურების, სასიყვარულო სამკუთხედების, ნივრის აცმების და ვერცხლის ტყვიების გარეშე. ეს არის დრამატული ფილმი ადამიანებზე, რომლებიც გაცილებით დიდხანს ცხოვრობენ, მზის შუქზე სეირნობა არ უყვართ და აქვთ სისხლის ქრონიკული მოთხოვნილება. თუმცა სისხლსაც ხელოვნურს სვამენ, ადამიენაბის სისხლი დაბინძურებულია და თან რეტროგრადები ხომ არ არიან მესამე მილენიუმში, კვლავ ცხოველურად, ვენაში კბენით რომ მიიღონ საკვები.
ფილმის მთავარი გმირები ერთგვარი შემოქმედი არისტორკატები არიან. ირონიულად ერთს ადამი ქვია, მეორეს ევა. პირველი მელანქოლიური, ნოსტალგიური პიროვნებაა, რომელიც მუდამ შავებშია ჩაცმული. მეორე ცოტათი მხიარულია, მოდერნულ გარემოში თავისუფლად ადაპტირებული და მუდამ თეთრებში გამოწყობილი. ადამი 90-ანების ტექნოლოგიებით აგებს კონსტრუქციებს, რომელითაც ვიდეოზარის მიღება შეუძლია ევასგან, ეს უკანასკნელი კი მარტივად, აიფოუნით რეკავს. ისინი განიხილავენ მუსიკას და ლიტერატურას და კონკრეტული ნაწარმოებების ავთენტურ იდეებს. ადამიანებზე საუბრისას კი მათ ზომბებად მოიხსნიებენ.
ამ შემთხვევაში ზომბი არის მომხმარებელთა საზოგადოება, რომელიც იკვებება ხელოვნებით. და კიდევ საკითხავია ვინ არის აქ სისხლისმწოველი ვამპირი. სიყვარული, ისევე როგორც ვამპირული თემატიკა პირობითი ცნებაა. მარადიული სიყვარული რომანტიკული კლიშეა, რომლისგან თავის დაღწევაც, თანამედროვე პოპ კულტურამ დღემდე ვერ მოახერხა. სიუჟეტურ ვაკუუმში გაფანტული მოტივები არც ისე ძნელი შესამჩნევია. თუმცა იმ ზომბებს, რომლებიც ბოროტად მოიხმარენ კინემატოგრაფს, შეიძლება ეს თემები გონების მიღმა მარტივად გაუფრინდეთ.
მთავარი გმირები ღამით დეტროიტის დეპრესიულად ატმოსფერული ლანდშაფტების თვალიერებით ტკბებიან და დიდაქტიკური საუბრებისას ერთხელაც არ ახსენებენ რელიგიას. ფილმში თითქოს ცნება ღმერთი საერთოდ არ არსებობს. ჯარმუში წარმოგვიდგენს საკუთარ ეგზისტენციურ ხედვას, სადაც არა მისტიკური ძალები და კანონიკური ავტორიტეტები, არამედ ინდივიდები თავად წყვეტენ რა არის მათი ცხოვრების აზრი.
სიზმრისეული კადრები და კამერის წყნარი, ელეგანტური მოძრაობა სურათის გულისცემას აჩერებს და პარალელურად მაყურებლის პულსიც წუთში ერთ დარტყმამდე დაჰყავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფილმი მოსაწყენი, გაწელილი ან რთული საყურებელია. იუმორისტული მომენტები საკმაოდ მრავლადაა, მაგრამ აქ არ არის და არც უნდა იყოს ეპიზოდები, რომელზეც ხალისიან სიცილს დაიწყებთ, ისინი მხოლოდ სასიამოვნო ღიმილს იწვევს. მთავარი პერსონაჟი სისხლს ექიმი უოთსონისგან ყიდულობს, თავად ექიმი ფაუსტი აწერია ხალათზე, პირველი კი მეორეს ექიმ კალიარიზე და სტრეინჯლავზე ეხუმრება. პასპორტში ადამს სტივენ დედალუსი, ევას კი დეიზი ბიუქენენი ქვია.
მრავლად გაფანტული ქვეტექსტების ფონზე, ჯიმ ჯარმუში საკუთარ დამოკიდებულებას ხელოვნების შემქმნელის და მომხმარებლების მიმართ ღიად და პირდაპირ აფიქსირებს. ის ფიქრობს, რომ ყველაფერი ღირებული მაშინ კვდება, რომდესაც მას ფართო მასები მოიხმარენ, ზომბები, რომელებიც ბოლო წვეთამდე გამოწოვენ სისხლს ხარისხიან პროდუქტს. მას მხოლოდ ვიწრო ნაწილისთვის ემეტება საკუთარი ნამუშევრები, მათთვის, ვინც ხარბად არ დაიწყებს მის მოხმარებას, არამედ მიიღებს როგორც ძვირფას საჩუქარს.
წესრიგში, სადაც ღირებულება ფულია და კაპიტალზე ორიენტირებული საზოგადოებაა, სადაც ფულის შოვნა, მისი გაზრდა და დაგროვება მთავარი მამოძრავებელი მექანიზმია, სიამოვნება, როგორც ფენომენი, სამომხმარებლო სივრცეს ვერ ცდება და ერთ განზომილებაში მოქმედებს, სამომხმარებლო ტყვეობაშია მოქცეული. შესაბამისად, ყველაფერი სამომხმარებლო პროდუქტად იქცევა, იმიტომ რომ ღირებულება ფულია და შესაბამისად ყველაფერი უნდა გაყიდო. ასევე იქმნება ყალბი მოთხოვნები, სადაც კონსუმერული საზოგადოება სიუხვის გავრცელებით ცდილობს რომ მოკლას კრიტიკა და ოპოზიციური შეხედულება.
სწორედ ამისადმი წინააღმდეგ ილაშქრებს ჯარმუში და გვიხატავს მთავარ პერსონაჟებს, რომლებიც რადიკალურად განსხვავდებიან ერთგანზომილებიანი ადმიანებისგან, ხარბი მომხმარებლებისგან, ზომბებისგან, როგორც თავად უწოდებს მათ. ვამპირები, როგორც რარიტეტული, გადაშენებადი ჯიში, მიმავალი და თითქმის უკვე შეგუებულნი ამ პროცესს, საბოლოოდ ხვდებიან, რომ სიცოცხლე სწორედ მოძრაობაში და საზოგადო დინების საპირისპიროდ სვლაშია. ადამი და ევა არიან პირველი ნეო ადამიანები, რომელთაგანაც იწყება ხელახალი ათვლა კაცობრიობის. როგორც ხედავთ, მხოლოდ შეყვარებულები დარჩნენ ცოცხლები ირგვლივ გამეფებულ ზომბი აპოკალიფსში.