კრისტოფერ ნოლანი – მეოცნებე ილუზიონისტი
ავტორი: ბაჩო ოდიშარია
როდესაც კრისტოფერ ნოლანი ფილმების ისევე გადაღებას ისწავლის, როგორც ამას აკეთებენ ნორმალური ადამიანები, კინემატოგრაფისათვის ეს უდავოდ დიდი დანაკარგი იქნება. დედამიწას დაეტყობა იმ ერთი ხელოვანის დეფიციტი, რომელსაც შეუძლია თავდაყირა დააყენოს ყველაფერი და მასხარებით სავსე ცირკი, გადააქციოს ჯერ თეატრად, შემდეგ კი ყველაზე რეალურ ცხოვრებისეულ მოვლენად. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მყარად მაქვს გადაწყვეტილი, ამ დღის დადგომას არ მოვესწრო და თუ მოვესწარი, ცივილიზაციიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით ვიმყოფებოდე. ისეთი რეჟისორის დაკარგვა, როგორიც კრის ნოლანია, უტოლდება ისეთ კატასტროფას, როგორიც შეიძლება მესამე მსოფლიო ომი იყოს( კი, ვიცი, რომ ვაჭარბებ, მაგრამ მთავარია რომ აზრი მთელი სიცხადით იყოს გადმოცემული).
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნოლანს სახელოში მუდამ აქვს გადანახული რამდენიმე ჯოკერი, ცხოვრების ნებისმიერი გამოწვევისათვის. როგორც კი დაიწყებ ფიქრს, რომ აი, მორჩა, ამნეზიის ირგვლივ მოძრავი სიუჟეტიდან უკვე კარგი მატერიალის შექმნა აღარ არის შესაძლებელი, სამყაროს ევლინება ‘მემენტო’ – ფილმი, იმდენად ატმოსფერული და ჩახლართული (ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით), რომლის ხილვის შემდეგაც, ყველაზე საღად მოაზროვნე ადამიანმაც კი შეიძლება დაკარგოს რეალობის აღქმა. ღირს გაიფიქრო იმის შესახებ, თუ რამდენი ხანია არ გვინახავს ჭეშმარიტად შავ-ბნელი სურათი, სცენური მაგების შესახებ, რომელიც გვიჩვენებს ადამიანის ყველაზე მიუწვდომელ და დაფარულ სულის კუთხეებს და საიდუმლოებებს, სცენაზე გამოდის ‘პრესტიჟი’. ხოლო როდესაც ყველანი აბსოლუტურად დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ ოდესღაც მშვენიერ სუპერგმირს, რომელიც შემდეგ, გადაქცეული იქნა დაცინვის და აბუჩად აგდების ობიექტად და ისეთ ტრაკში აქვს თავი გაყოფილი, რომ რამდენიც უნდა ეწვალო, ვეღარ გამოათრევ, ეკრანებზე ჩნდება ‘ბეტმენი დასაწყისი’.
ადამიანი ღამურა ზემოთნახსენებ ტრაკში აღმოჩნდა ისეთი ადამიანების გამო, ვისაც მყარად წამდა, რომ კინოკომიქსი უბრალოდ ვალდებულია იყოს აბსურდული, ხელოვნური და გროტესკული. საბედნიეროდ, გამოჩნდა ნოლანი, დაამტკიცა სრულად საპირისპირო და ახალ საფეხურზე აიყვანა ისეთი არც თუ ისე მარტივი საქმე, როგორიც არის ფრენჩაიზის გადატვირთვა. ‘ბეტმენი დასაწყისი’ იყო პირველი მცდელობა, სუპერგმირული ფილმის სუპერრეალიზმამდე კონვერტირების. ბეტმენის სამყარო გახდა იმდენად დამაჯერებელი, რომ მისი ერთი კონკრეტული ჟანრისადმი – კომიქსის ადაპტაცია – მიკერძოება გახდა შეუძლებელი. ყველაზე მარტივია მას ვუწოდოთ კრიმინალური საგა, მაგრამ ესეც ცალყბად ნათქვამს ემსგავსება. ეს რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ ბეტმენის ტრილოგია თვითიდენტიფიკაციასთან პრობლემებს განიცდის. უფრო პირიქით, თვითიდენტიფიკაციას აქვს პრობლემები მასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ საითაც არ უნდა გაიხედო, კრისტოფერ ნოლანმა თუ არ მიაღწია სრულყოფილებას, ძალიან დიდ მანძილზე მაინც მიუახლოვდა მას.
ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ ნოლანის ფილმები გახლავთ წარმოუდგენლად მრავალფენიანი, არაბანალური და სანახაობრივი. უმალვე გინდება კითხო რეჟისორს: ‘და დიდი ხანია რაც ეშმაკს სული მიყიდე კრის? არა, რასაკვირველია ეს ამად ღირდა, მაგრამ, უბრალოდ, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, დიდი ხანია?’. მისი ფილმოგრაფია თითქმის ყველაფერზეა: სიცოცხლეზე და სიკვდილზე, სიყვარულსა და სიძულვილზე, მეგობრობასა და ღალატზე, არჩევანსა და ვალდებულებაზე, თავგანწირვასა და ლაჩრობაზე, კეთილზე და ბოროტზე, ნათელზე და ბნელზე.
თქვენთვის წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი მონეტა, რომლის ერთ მხარესაც არის რთული და საინტერესო ისტორია, ხოლო მეორე მხარეს სანახაობრიობა. ავტორების უმეტესობას, ამ მონეტის აგდების ჟამს, უწევს აირჩიოს მხოლოდ ერთი მხარე – ფიზიკის კანონები ხომ მიუკერძოებელია. მაგრამ დიდებული ილუზიონისტი ნოლანი, ყოველ ჯერზე, ამ მონეტის აგდებისას, ახერხებს მის ისე დაყენებას, რომ ორივე მხარე ხილული დარჩეს. ამიტომ, მას შეუძლია ერთ ფილმში თავი მოუყაროს რამდენიმე ღირსეულ ისტორიას და ისეთი რაოდენობით სანახაობრიობას (ამასთან CGI ექშენი თითქმის სრულად ამოიღოს საქმიდან), რომ მაყურებლის სკალპი უცებ აფრინდეს ჰაერში და გაეშუროს თბილი ქვეყნებისაკენ. მისი ფილმები მუდამ რჩება ფიქრებში, იჭრება ტვინში, იმკვიდრებს ადგილს და იწყებს ზრდას, როგორც ვირუსი.
ნოლანი ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობს დეტალებს. სულ ერთი წუთითაც თუ გაგეფანტათ ყურადღება, მორჩა, მისი სამყაროდან კატაპულტირება გარდაუვალია. თითქოს ერთ პატარა, უმნიშვნელო დეტალს არ მიაქციეთ ყურადღება, ამასობაში კი ეს დეტალი იწყებს ზრდას, როგორც მწვერვალიდან დაშვებული თოვლის ნაკადი და საბოლოოდ, ზვავად ქცეული, ნამსხვრევებად აქცევს იმ სამყაროს, რომლის შენს გონებაში კონსტრუირებაც, დიდი ძალისხმევის შედეგად მოახერხა რეჟისორმა. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ფილმის დასასრულს, შენ უკმაყოფილო მოაშორებ თვალს ეკრანს – მისი ფილმები საკმარისად დიდ სიამოვნებას იძლევა მათთვისაც, ვინც ბოლომდე ვერ გაიგებს სიუჟეტს. მაგრამ თქვენ ხომ სრულად გინდათ დატკბეთ მათი ყურებით? ამიტომ, არ გაბედოთ ყურადღების მოდუნება. ფილმები, რომლებიც პატივს სცემენ საკუთარ მაყურებლებს, ძალიან იშვიათი ფუფუნებაა, მოდით თქვენც იგივეთი უპასუხეთ.
რეჟისორი და სცენარისტი ნოლანი, ყოველ ახალ ფილმთან ერთად, სულ უფრო მეტად ემსგავსება არა ადამიანს, არამედ ზღაპრულ, გამოგონილ პერსონაჟს. ყოველ ჯერზე ის იღებს ერთმანეთისაგან პრინციპულად განსხვავებულ სურათებს, ამასთან უცვლელად ღრმას და სანახაობრივს. ბოლოს როდის ვიხილეთ ავტორი ასეთი შესაძლებლობებით?
არა, უბრალოდ შეხედეთ ემ. ნაით შამალანს. თავიდან იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მას და ნოლანს ბევრი საერთო გააჩნდათ – ორივენი საკუთარი სცენარის მიხედვით იღებენ ფილმებს და ორივენი ცნობილნი გახდნენ საავტორო თრილერებით. მათ შეძლეს თავიანთი უჩვეულო თხრობის ტექნიკით და მოულოდნელი სიუჟეტური განვითარებებით, უბრალო მაყურებლები ექციათ ერთგულ ფანებად. მაგრამ თუ ნოლანმა თავიდანვე დაიწყო აღმასვლა და დაამტკიცა, რომ მხოლოდ დაბალბიუჯეტიანი საავტორო ფილმები კი არა, მსხვილკალიბრიანი ბლოკბასტერების გადაღებაც მარტივად შეუძლია, შამალანმა ძლიერ ჩაიჯვა თავის, როგორც აღმოჩნდა, გაუმართლებლად გაბერილ ეგოში.
საქმე კი რეალურად იმაში მდგომარეობს, რომ შამალანებმა, შუმახერებმა და მათმა მსგავსმა ასეულობით რეჟისორებმა, არ იციან როგორ და რისთვის შექმნან ჯადოსნური ფილმები. სიმართლე მხოლოდ მაყურებელმა იცის. სიმართლე კი ის არის, რომ სამყარო მარტივად მოწყობილი ორგანიზმია. სამყარო სევდიანია, კაცობრიობა კი მოწყენილი. და თუ შენ მათ მოატყუებას შეძლებ, თუნდაც რამოდენიმე წამით, მაშინ შენ მათ გააოცებ. რეზულტატად კი რაღაც ჯადოსნურ შედეგს მიიღებ. ყველაფერზე პასუხს მაყურებლის სახის გამომეტყველება გეტყვის იმ დროს, როდესაც ისინი უყურებენ შენს ფილმებს და დროის მცირე მონაკვეთში მაინც, წამთ მაგიის.
ეს კი ძალიან კარგად იცის კრისტოფერ ნოლანმა, ილუზიონისტმა, რომელმაც თავის წარმოდგენებით, სადღაც, ადამიანის გონების შეუღწეველ კუთხეებში, მოახერხა და გააჩინა მაგიის ნაპერწკალი.
http://digitalculture.ge/nolan/