ბაჩო ოდიშარიას ჩინებული პოსტი სასტუმრო ბუდაპეშტზე.
ოდესმე შეიძლება გაუქმდეს ბლოგი და ამიტომ გადმოვაკოპირებ თან ნაწერს.
http://digitalculture.ge/grandbudapesthotel/წარმოიდგინეთ, რომ უეს ანდერსონი იღებს ფილმს იმის შესახებ, თუ როგორ ვწერ მის ფილმზე რევიუს. სცენარი დაიწყებოდა ასე:
შუადღე. თბილისი. ისმის დევიდ ბოუის Moonage Daydream ტაჯიკურად. ბაჩო ოდიშარია ფეხებგადაჯვარედინებული ზის სამსახურში და საქმის კეთების ნაცვლად რაღაცას ბეჭდავს კლავიატურაზე. ის კურტ ვონეგუტის შემოქმედების პატივსაცემად ეწევა Pall Mall-ს, აცვია ძველმოდური ტვიდის პიჯაკი, რომლის სახელოდანაც მოუჩანს უცნაური წარმომავლობის სვირინგი. ის არის 22 ნახევარი წლის და აქვს ნაიარევი მუცელზე, რომელიც 1999 წლის ზაფხულში მიიღო, ხიდან ჩამოვარდნის შედეგად. რა უნდოდა ხეზე, არავინ იცის.
ბევრისთვის ასეთი ნარატივი შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს. ანდერსონის ფილმები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს მეგობრების შიდა ხუმრობების ნაკრებია, რომელსაც ამ მეგობრების წრის გარეთ, მხოლოდ ჭკვიანი ბავშვები მიხვდებიან, ან უბრალოდ მოიტყუებიან რომ მიხვდნენ, რადგან არ სურთ, რომ ჭკვიანი ბავშვის სტატუსი დაკარგონ. მის ფილმოგრაფიასთან მაყურებლის დამოკიდებულება სწორედ ამ ფორმულაზეა დამოკიდებული: მოერგებით, გაუგებთ და შეიყვარებთ ანდერსონს და მისი ფილმები დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან მხიარული და ნოსტალგიური შეხვედრის ექვივალენტური იქნება.
ანდერსონი არის რეჟისორი, რომელსაც აქვს უნიკალური ხედვა დეკორატიული ხელოვნების. მისთვის ჩვეული კადრის სიმეტრიული განლაგება, მუდამ ძველმოდური გარემო და პერფექციონისტული ფეტიში დეტალებისადმი, მის ფილმებს აქცევს მაღალესთეტურ გასართობ მექანიზმად, რომელიც პირველივე კადრიდან იქოქება და გრანდიოზულ გასართობ ატრაქციონად იქცევა.
Grand Budapest Hotel არის ტრაგიკომედია, მისტიკური მკვლელობის ისტორია და მარტივად რომ ვთქვათ ფერიული თაგადასავალი. მისი სცენარი არც ძალიან სერიოზულია და არც ძალიან ღრმა. ”ბუდაპეშტი” არის სანახაობრივი ზღაპარი, სავსე მათემატიკური სიზუსტით აწყობილი კადრებით, თვალისმომჭრელად ლამაზი ფერთა პალიტრით და თვითმყოფადი, მრავალფუნქციური პერსონაჟებით.
ფილმი სავსეა მინიატურული მიზანსცენებით, Looney Tunes-ს მულფილმების კალიბრის რბოლებით და ორთაბრძოლებით, სადაც მხიარულება იქმნება არა სასაცილო სიტუაციებით, არამედ ლაკონური ირონიით და მცირედი აბსურდის დამატებით. ფილმის მთავარი თემა არის ცივილიზაციის დაცემა – ანდერსონის ერთ-ერთი საყვარელი სადარდებელი. მეორეა უფუნქციო ოჯახები. ცივილიზაცის საყდარი კი ამ შემთხვევაში ელიტური სასტუმროა, რომელიც, როგორც სასტუმრო ”ოვერლუქი” The Shining-ში, ცალკე მოქმედი პერსონაჟია, საკუთარი ხასიათით, მიზნებით და მისწრაფებებით. ეკრანზე მიმდინარე მოვლენების ხელოვნურობა, სრულიად განსხვავებულ და განსაკუთრებულ რეალობას ქმნის, რომელიც საკუთარი წესებისა და კანონების მიხედვით ფუნქციონირებს.
რა უნდა ცოდნოდა უეს ანდერსონს ცენტრალურ ევროპაში, ორი მსოფლიო ომის ხმაურიანი შუალედის პერიოდში განვითარებული ისტორიული და გეოპოლიტიკური სირთულეების და შემდგომი კომუნისტური რეჟიმის შესახებ? ალბათ ბევრი არც არაფერი. და ამ კუთხით ფილმის განხილვა უბრალოდ ტრაკის თამაში იქნება. მთავარ თემად ფილმში, ისევ ცივილიზაცია რჩება.
ძირითადად ანდერსონი ამერიკულ არისტოკრატიაზე წერს. მისი პესონაჟები არიან ინტელექტუალები და მილიონერები, რომლებმაც თავად შექმნეს საკუთარი თავი. მისი ბოლო ფილმი გახლავთ მისი პირველი სურათი ევროპული მაღალი კლასის წარმომადგენლებზე. ანდერსონი ხვდება, რომ სასტუმროს ელეგანტურობა მხოლოდ ფასადია, და მბზინავი შეფუთვის შიგნით, სიხარბე და ფაშიზმი იმალება. ხოლო ნებისმიერს, ვინც იტყვის, რომ შემცველობა ფორმაზე მნიშვნელოვანია, ანდერსონი სახეში გაარტყავს. ის დიდ ძალისხმევას ხარჯავს იმაზე, რომ მისი შემოქმედება იყოს ვიზუალურად თვალისმომჭრელი და სიუჟეტურად საინტერესო. თუმცა ხანდახან, იმდენად შთამბეჭდავია მის მიერ შექმნილი სცენები, რომ შემცველობა მეორეხარისხოვანი ხდება. ეს დაახლოებით ისეთი შემთხვევაა, ბავშვს რომ იმდენად ლამაზად შეფუთული საჩუქარი მისცე, რომ მისი თვალიერებისას გახსნა და შიგთავსი სულ დაავიწყდეს და ნაკლებ მნიშვნელოვანი გახდეს.
სწორედ ზემოთთქმულის მაგალითზეა რეჟისორის მთავარი პოსტულატი აგებული – ცივილიზაცია დაყრდნობილია იმაზე, თუ როგორ წარმოჩინდება. ანდერსონის სტილის გრძნობის და ამ სტილისადმი ორგანული დამოკიდებულების გარეშე, ჩვენ უბრალოდ შიშველი ცხოველები ვართ. გალანტურობა და სტილი გვაყენებს ჩვენ ცხოველებზე მაღლა. მაღალი კლასის საზოგადოება, გახვეული ბეწვსა და მაღალფარდოვან სიტყვებში (ისევე როგორც რიგითი პლებეი, განათლებას და ჰიგიენას მოკლებული), ღალატობდა, ატყუებდა, მლიქვნელობდა და ლანძღავდა ყველას მის ირგვლივ. მაგრამ ამას აკეთებდა საოცარი ელეგანტურობით.
ხალხის ნაწილი, რომლებიც ანდერსონის იუმორს ვერ იგებს და სასაცილოდ და მომხიბვლელად სულაც არ ეჩვენება, შეიძლება მხოლოდ იმით გავამართლოთ, რომ მისი იუმორი სევდითაა სავსე. Grand Budapest Hotel-ში რამდენიმე პერსონაჟი კვდება და შთაბეჭდილება იქმნება, რომ მათი იდეალები, მათზე გაცილებით დიდი ხნით ადრე მოკვდნენ. და კომიკური სიკვდილით გამოწვეული სევდა, რომელიც ფილმის გმირების ხასიათის გაანალიზებისას გიპყრობს, შეიძლება ყველასათვის მისაღები არ იყოს.
სხვათაშორის, ემოციურობის მხრივ, ”ბუდაპეშტი” ყველაზე ზედაპირული ნაშრომია ანდერსონის ფილმოგრაფიაში. წყნარ ინტონაციებში გამეფებული ტკბილი, მელანქოლური შეგრძნებები, თითქმის მთლიანად არის გამქრალი. მართალია მასში არის გულახდილი დრამის რამდნეიმე მომენტი, მაგრამ ყველაფერს მაინც ირგვლივ გამეფებული სწრაფი ტემპით მიმავალი მხიარულება ფარავს.
კიდევ ერთი სასიამოვნო ფაქტი ფილმში ის არის, რომ გიგანტური ვარსკვლავური სამსახიობო ანსამბლი, იდეალურადაა განაწილებული ქრონომეტრაჟში და ყველას გაცნობა და მათდამი ემოციების გაჩენა სულაც არ არის ძნელი, ამისთვის კი მაყურებლის მხრიდან მხოლოდ მცირედი დაკვირვებაა საჭირო. რეჟისორის გადასაღები მოედნის უცვლელი მდგმურები, როგორც ნაძვის ხის სათამაშოები, გაფანტული არიან მთელ ფილმში და ჩუმად (ზოგი კი ხმაურიანად) ბრჭყვიალებენ (ამ სიტყვის კარგი გაგებით).
ახლა რაც შეეხება მთავარ გმირს. რამდენი წელი ედგა რეიფ ფაინსი ყველას თვალწინ, მაგრამ მხოლოდ უეს ანდერსონმა დაინახა, რომ ის წარმოუდგენელი ქარიზმის მქონე, ტრაგიკომიკური როლებისთვის იყო დაბადებული. გუსტავ ემი ყველაზე მრავალმხრივი და თავისუფალი, ორგანული პერფორმანსია მის კარიერაში.
მოკლედ და კონკრეტულად Grand Budapest Hotel არის იდეალური ადგილი, რაც შეიძლება დასვენებისთვის მოძებნოთ. ზოგს კი, მისი დატოვება საერთოდ არ მოგინდებათ. თუმცა ის არაა ფილმი, რომელსაც ყველა მოიწონებს და არა მხოლოდ ყველაფერი ზემოთქმულის გამო. ვიღაცამ ისიც კი შეიძლება თქვას, რომ ის სასაცილო არაა, თუმცა ის საშინლად მხიარულია. ვიღაც იტყვის, რომ მასში დინამიკა არ ვარგა, თუმცა დინამიურობა აქ ბევრია, ლამაზია და მრავალფროვანი. ვიღაც კი საერთოდ იმასაც განაცხადებს, რომ ფილმში ყველაფერი ცუდია – თუმცა ასეთ ჭკვიან ხალხს, თავისუფლად შეუძლია და ვალდებულიცაა, წავიდეს და მასტურბაციით დაკავდეს. უეს ანდერსონი არც ცდილობს ყველას მოაწონოს თავი, მას ეს უბრალოდ არ აინტერესებს. ის მხოლოდ მისთვის ახლო ადამიანებისათვის მოქმედებს, მათთვის, ვინც მასსავით ერთ ტალღაზე აზროვნებს. აი ისინი კი, ფილმისაგან აღფრთოვანებული დარჩებიან.