1) პირველრიგში მინდა ავღნიშნო რას ვგრძნობდი ფილმის ყურებისას. ეს არ იყო არც აღფრთოვანება და არც დაძაბულობა, არამედ სადღაც ამ ორ შორის.
ვიძაბებოდი არა იმიტომ რომ რაღაც მოულოდნელ ცუდს მოველოდი, ( არა, პირიქით მთელი ფილმის განმავლობაში არ მიფიქრია რომ რამე ცუდი მოხდებოდა)
არამედ იმიტომ რომ slow burn პროცესი ''მაიძულებდა'' რომ არცერთი სიტყვა, არცერთი ჟესტი და არცერთი ნამიოკი არ გამომრჩენოდა. ''იძულებული'' ვიყავი ყველა დეტალისთვის მაქსიმალურად მიმექცია ყურადღება და არა იმიტომ რომ ყველაფრის დაზეპირების მანია მაქვს :დ არამედ იმიტომ რომ მოზღვავებული ინტერესისთვის მიმეცა საშუალება, მაქსიმალურად ჩავეძირე ისტორიაში.
ეს არ არის ფილმი, რომლის მთავარი ღირსებაც ის არის, რომ ენემისავით დაგაბნიოს. არა. ეს ფილმი რამდენიმე ფენისგან შედგება და ყველა ფენა მარტივად ახერხებს ერთმანეთში ისე გადახლართვას, რომ ბოლოში ეს ზონარი ძალიან მარტივად გახსნა, მაგრამ აქ მთავარი არ არის ფარდის ახდა და რაღაცის გამოვლენა, რადგან რაღაც დონეზე ყველაფერი ისედაც იცი. არა, აქ ემოციურ ბიძგზეა საუბარი და ეს ბიძგი თუ დარტყმა იმდენად მაღალ დონეზე ატარებს ავთენტურ და გულწრფელ სახეს, რომ კონტაქტის კულმინაციასაც აჭარბებს და ინტერსტელარისასაც. მძიმე მომენტია, როდესაც პერსონაჟებს უთანაგრძნობ და ამასთან ერთად პარადოქსული ემოცია გიჩნდება, თან გიხარია რომ მათ ერთმანეთი იპოვეს და თან სწუხარ, გეცოდებიან რადგან ცოტახანში ერთმანეთს დაკარგავენ (და იმაზე მეტსაც).
ირონია იმაში მდგომარეობს რომ ფილმის მეოთხედი ერთი დიდი სპოილერია და ამის მიუხედავად, ისევე მოქმედებს ტრაგედია შენზე, როგორც იმ შემთხვევაში იმოქმედებდა, სპოილერი რომ არ ყოფილიყო. ჩემთვის კულმინაცია (და ალბათ ყველა თქვენგანისთვისაც) იყო ჩინელის მეუღლის გარდაცვალებამდე ნათქვამი სიტყვები, საჩუქრის გამოვლენა/წინასწარმეტყველების უნარის შეძენა, ისტორია იმისა თუ რატომ დაშორდნენ ცოლ-ქმარი და ბავშვის სიკვდილის ამბავი. მიუხედავად იმისა რომ დასაბამიდან ვიცოდი რაც ელოდა, მაინც კულმინაციის ნაწილი იყო. კულმინაცია არ ყოფილა ერების გაერთიანება, ზოგისთვის შეიძლება ესეც იყოს, მაგრამ ჩემზე უფრო ამ პირადულმა ამბებმა იმოქმედა.
2) ჩვენ ვცხოვრობთ ჯაშუშობის და მლიქვნელობის ხანაში, ამის გამო ფილმის მოწოდება რომ ინტერესების, ინფორმაციების, პოლიტიკის ღია გაცვლა, საღი შეჯამება და ბარიერების თანამშრომლობით და ერთიანობით გადალახვა უნდა მოხდეს, მით უფრო დიდ საჭიროებად და ჭეშმარიტებად გვეჩვენება. და ეს არ ეხება მარტო დიდ ქვეყნებს, ეს შეიძლება პიროვნულ დონეზეც დავიყვანოთ, რადგან ადამიანებს დღესდღეობით ამის პრობლემაც აქვთ. დღეს ადამიანებს ზოგჯერ სჭირდებათ მტკინვეულ ადგილას დაჭერა იმისთვის, რომ გააკეთონ სწორი არჩევანი და ესეც გარკვეულწილად კომუნიკაციის ნაკლებობის და ასოციალურობის გამო ხდება (რაც დიდწილად ტექნიკის ბრალიცაა), რადგან ადამიანები ხშირად იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც ხშირად გაუაზრებლად მოაქვს არა მარტო ერთისთვის, არამედ ყველასთვის ფატალური შედეგი. არასწორი თავდაჯერებულობა პეპლის ეფექტს ახდენს გარშემო მყოფებზე და შეიძლება მთელ საზოგადოებაზეც. დამოუკიდებლობა კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება რჩევები, თანაგრძნობა, ემოციური ჯაჭვი, გვერდში დგომა, გვჭირდებიან ადამიანები რომლებიც დაგვეხმარებიან იმაში რომ ამა თუ იმ მოვლენას სწორი ინტერპრეტაცია მივანიჭოთ. ჩაკეტილობას და საკუთარ თავზე ყველაფრის აღებას შეიძლება ისეთივე ტრიუმფი მოყვეს, როგორც დაცემა. ამიტომ ნუ ვიქნებით ამპარტავნები და შევძლოთ განსხვავებული აზრების პატივისცემა თუ არა, ერთმანეთში ნორმალურად გაცვლა და მოსმენა მაინც.
3) არასწორი ინტერპრეტაცია ამ ფილმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანამდევია. არასწორი ინტერპრეტაცია გაუნათლებლობაზე მეტად, შეიძლება გამოიწვიოს სიჩქარემ და საპირისპირო მიზნისადმი სწრაფვამ. როდესაც საქმე ინტერპრეტაციას ეხება, გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი მიზანდასახულობა, სისწრაფე და მთელი ფოკუსირება სწორ აღქმაზე მოვახდინოთ, რადგან ერთი რაღაცის არასწორად აღქმა, აზრთა სხვადასხვაობის და ხშირად, მოსალოდნელი კონფლიქტის, სხვების უაზროდ ჩათრევის და რაც ძალიან ძვირფასია ჩვენთვის - დროის ფლანგვის ნიშანია.
4) მინდა რომ ჩვენი და ბენქსის რეალობა შევადარო. ჩვენ არ ვართ წინასწარმეტყველები, მაგრამ ჩემი აზრით, კარგი პროგნოზისტები და მგეგმავები ვართ. ნიჭი რომელიც გვებოძა, პროგნოზირებაში, ალღოში და გათვლაში გამოიხატება. ბენქსს კი აქვს ნიჭი რომ დრო დაინახოს დრო წრიულ მოცემულობაში (ამიტომ არის უცხოპლანეტელების ''დამწერლობაც'' წრიული) მაგრამ ის არაფრის შეცვლას არ აპირებს, იმის მიუხედავად რომ მის ცხოვრებაში საშინელი რამ(ეები) მოხდება, ანუ ის დინებას მიყვება. ჩვენს რეალობაში კი, როცა ადამიანი დინებას მიყვება, ის არ რისკავს, მაგრამ ბენქსის შემთხვევაში სხვანაირად არის ყველაფერი, ის 100%-ით რისკავს, ან უფროსწორად - წირავს მთელ ცხოვრებას იმისთვის, რომ დინებას გაჰყვეს. ზოგიერთი შეიძლება იზიარებდეთ მის ნაბიჯს, ზოგიერთი არა, რთულია პასუხის გაცემა, მაგრამ ფაქტი ერთია. ჩვენთან, ყველაზე მეტი შემართებით მაშინ ვრისკავთ, როცა ყველაზე ნაკლებად ვართ წარმატებაში დარწმუნებულები, მაგრამ ვრისკავთ, რადგან იმედი გვაქვს. სწორედ ამიტომ არის ბენქსი ტრაგიკული პერსონაჟი : მას იმედი არ აქვს. აქვს მხოლოდ დროებითი ბედნიერება, რომელიც ცოტახანში წაერთმევა.
გაგრძელება იქნება...