სახელმწიფო მინისტრმა ჟურნალისტებს აგინა
სახელმწიფო მინისტრმა რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, კახა ბენდუქიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზის წინ ტელეკომპანია „მზის“ ჟურნალისტს შეაგინა.
როგორც გაზეთი „რეზონანსი“ 17 თებერვლის ნომერში იტყობინება, ბენდუქიძის გაღიზიანება გამოიწვია ჟურნალისტის შეკითხვამ, სახელმწიფო მინისტრის სააქციო საზოგადოება „ამალთეაში“ სავარაუდო ინტერესების თაობაზე. ზოგიერთი მოსაზრებით, ბენდუქიძე „ამალთეას“ ყიდვას აპირებს.
„ამ თემის ხსენებამ ბენდუქიძე წყობიდან გამოიყვანა. მინისტრმა არც აცია, არც აცხელა და ჟურნალისტს შეაგინა: „ვინ გითხრა შენი დედა ...“. ჩაძიების შემდეგ ბენდუქიძემ გაარკვია, რომ ჟურნალისტს ინფორმაცია ამ სფეროში ჩახედულმა ადამიანმა მიაწოდა, რომელიც, ამავე დროს, მისი მეგობარია. ამაზე ბენდუქიძე სულ გადაირია: შენ მეგობარსაც შევ... სათვალე გიკეთია, ასეთი ჭკვიანი გოგო ხარ და ასეთ კითხვებს როგორ მისვამ?““, წერს „რეზონანსის“ ჟურნალისტი, რომელიც პირადად გახდა ამ უჩვეულო ფაქტის მომსწრე.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ბენდუქიძეს უთხრა, რომ ასეთ შეკითხვებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში სვამენ და, ამისთვის, ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას არ აყენებენ.
„რეზონანსის“ ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრი კვლავ აგრძელებდა ჟურნალისტების ლანძღვას: „ჟურნალისტები გათავხედებულები ხართ. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში თქვენ ციხეში ჩაგსვამდნენ ან დაგაჯარიმებდნენ. ნებისმიერ რამეს დაწერენ, ნებისმიერ რამეს იტყვიან და არაფერზე პასუხს არ აგებენ“.
გაზეთი იხსენებს, რომ ბენდუქიძის მხრიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ის ჟურნალისტს ან ოპონენტს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს: ერთხელ მან „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, უფრო ადრე კი, ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, პარლამენტარი ლევან გაჩეჩილაძე შეურაცხყო.
მიმაგრებული სურათი