ადრიანო უნივერსალია, კაკა კი კარგი ფეხბურთელიმებაღე ბრაზილიელებს აფასებსხულიო რიკარდო კრუზის მიერ "პალერმოსთან" შესრულებულ დუბლს, სამშაბათს "არტმედიას" კარში გატანილი გამარჯვების გოლი მოჰყვა. ამ მაჩვენებლით არგენტინელი ადრიანოს გაუტოლდა. "ინტერის" სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში ჯერჯერობით თავი მხოლოდ ამ ორ ფეხბურთლს აქვს გამოჩენილი. ორივემ 3-3 გოლი გაიტანა. ოთხშაბათის ვარჯიშის შემდეგ, "მებაღემ" (კრუზის მეტსახელი) პრესკონფერენცია მოიწვია ჟურნალისტებს განვლილ მატჩებზე და არა მარტო მათზე ვრცლად ესაუბრა.
- სეზონის სტარტზე, ორ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანეთ. ალბათ, ასეთი შედეგიანობით ძალიან კმაყოფილი ხართ.- რა თქმა უნდა. მოხარული გახლავართ, რომ ბოლო ორ მატჩში თავის გამოჩენა შევძელი. მანჩინიმ ამის შანსი მომცა და მეც გამოვიყენე. ერთი სიტყვით, ბედნიერი ვარ.
- არ ფიქრობთ რომ ძირითად შემადგენლობაში მუდმივად იმსახურებთ ადგილს?- სასტარტო თერთმეტეულში მოხვედრა ყველას უნდა, მაგრამ საბოლოოდ მწვრთნელი იმათზე აკეთებს არჩევანს, რომელიც ძირითადში თამაშს ყველაზე მეტად იმსახურებს. ამჟამად კარგ ფორმაში ვარ და მოედანზეც სისტემატიურად გამოვდივარ. ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა. თუ მანჩინი დაინახავს, რომ სხვა ფორვარდს გუნდისთვის ჩემზე მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, იმას ათამაშებს.
- არადა, სეზონის წინ ნერიაძურის დატოვების სურვილსაც კი გამოთქვამდით. ახლა აღარ მოგდით თავში მსგავსი აზრები?- ისე კატეგორიულად განაცხადეთ, "ინტერის" დატოვება გინდოდაო, ჩემს ადგილას სხვა ადამიანი რომ ყოფილიყო, უეჭველად ვიფიქრებდი ძალით დატოვეს და ათამაშებენ გუნდში-თქო. მე უბრალოდ განვაცხადე, რომ სურვილი მქონდა, გამეგო კლუბის ხელმძღვანელობისა და მწვრთნელის მოსაზრება შავ-ლურჯებში ჩემი მომავლის თაობაზე. თუ მათ გეგმებში არ შევდიოდი, ახალი ნავთსაყუდელის ძებნას შევუდგებოდი, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა. რობერტო მანჩინიმ ნდობა გამომიცხადა და ვფიქრობ, ამით არც წააგებს.
- ესე იგი, შარშანდელ სეზონთან შედარებით, წელს მდგომარეობა თქვენთვის უკეთესობისკენ შეიცვალა?- ამ მხრივ ჯერჯერობით რაიმე დასკვნის გაკეთება ნაადრევია, ისე კი, მოწოდებული ვარ, "ინტერთან" ერთად რაც შეიძლება მეტი მატჩი და შესაბამისად ტიტული მოვიგო. იმედი მაქვს, ასეთ შედეგიან თამაშს მომავალშიც გავაგრძელებ და სეზონის ბოლოს სკუდეტოს ან ჩემპიონთა ლიგას მოვიპოვებთ. დიდ გამარჯვებებს საფუძველი უკვე ჩაყრილი აქვს, ვგულისხმობ შარშან მოგებულ იტალიის თასს.
- რამდენად რთულია, იყო 100 პროცენტით მზად სეზონის თითქმის ყველა მატჩისთვის?- ეს ადრე იყო შესაძლებელი, როცა ფეხბურთელებს სეზონში მაქსიმუმ 30 მატჩის გამართვა უწევდათ. ახლა კი ამის გაკეთება ფაქტიურად შეუძლებელია. თანამედროვე ფეხბურთი იმდენ ენერგიას მოითხოვს, რომ მოთამაშესთვის თუნდაც 9 თვის მანძილზე კარგ ფორმაში ყოფნა უაღრესად რთული წარმოსადგენია. თუმცა, თუ საკუთარ თავზე მუდმივად იმაშავებ, შეიძლება ეს ერთგვარი კოეფიციენტი 80-90 პროცენტამდე გაზარდო. დღესდღეობით კი მოთამაშეთა უმრავლესობა სეზონის მაქსიმუმ 2/3-ს ატარებს უმაღლეს დონეზე.
- "პალერმოსთან" განცდილ მარცხზე რას იტყოდით?- სიცილიაზე სასარგებლო გაკვეთილი მივიღეთ. ამ მატჩიდან საჭირო დასკვნები უკვე გამოვიტანეთ და წაგება დავიწყებას მივეცით. არაფერს გვარგებს ასეთი ტიპის შეხვედრების გახსენება. ეს პირველ რიგში ფეხბურთელთა ფსიქოლოგიაზე მოქმედებს დამრთგუნველად.
- მაშ ჩემპიონთა ლიგაზე ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაში როგორღა იმოქმედებს?- ეგ ხომ საერთოდ… ამის "გემო" ჯერ კიდევ აგვისტოში, "შახტართან" მატჩისას გამოვცადე. მართალია, მაშინ მოედანზე არ გამოვსულვარ, მაგრამ სათადარიგოთა სკამიდანაც კარგად იგრძობოდა ის აუტანლობა, რომელიც "სან სიროზე" სუფევდა. მართლაც რომ აუტანელია უმაყურებლო სტადიონზე თამაში, მაგრამ რას იზამ, კანონს უნდა დავემორჩილოთ.
- როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე ბრატისლავას "არტმედიამ"?- საკმაოდ შეკრული გუნდია. ეტყობა, რომ ფეხბურთელები ერთმანეთს კარგად იცნობენ და შეთამაშებულები არიან. სამშაბათის მატჩის მთელ რიგ ეპიზოდებში მათ ბევრი თავსატეხი გაგვიჩინეს, მედგრად გვიტევდნენ და დაცვაშიც მტკიცედ იდგნენ. თუმცა კლასმა მაინც თავისი გააკეთა და მეტოქე ამის ხარჯზე დავჩაგრეთ. ეგ კი არა, უამრავი მომენტი გავაცუდეთ და ასე რომ არ ყოფილიყო, კატასტროფული ანგარიშით დავამარცხებდით სლოვაკებს.
- "ფენერბახჩეს" კარში გატანილი კაკას მეორე გოლი თუ ნახეთ და როგორ შეფასებდით როგორც თავდამსხმელი ბრაზილიელს?- ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში გატანილი ყველა გოლი ვნახე. კაკასგან კი ასეთი სილამაზის გოლი არ გამკვირვებია. მოკლედ ის ძალია კარგი ფეხბურთელია.
- რას იტყვით იმაზე, რომ "პალერმოსთან" და "არტმედიასთან" მატჩებში ადრიანომ ასისტენტობა?- ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ბრაზილიელის უნივერსალიზმს. ადრიანოს არამარტო შეტევების დაგვირგვინება, არამედ საჭირო მომენტში უბადლო პასის მიცემაც შეუძლია. ამიტომაც ბევრი ცდება, როცა ამბობს, რომ ჩვენი 10 ნომერი სწორხაზოვანი ფეხბურთელია და შორიდან ძლიერად დარტყმის მეტი, არაფერი იცის.
- ყველაზე მეტად, რომელ "ინტერელ" თავდამსხმელთან ერთად გიადვილდებათ თამაში?- თითოეულთან შეთამაშებული ვარ. მოედანზე თითქმის უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს. განსაკუთრებით არავისი გამოყოფა არ მინდა. ერთს კი აღვნიშნავ, რომ ობა მარტინსთან თამაშისას ბევრად თავისუფლად ვარ, რადგანაც ნიგერიელი სწრაფი და მანევრირებადი ფეხბურთელია. ეს კი მის პარტნიორებს საქმეს ერთი-ორად უადვილებს.
- ფუიშ ფიგუზე როგორი შთაბეჭდილება დარგჩათ?- პირველივე ოფიციალური მატჩის შემდეგ, პორტუგალიელი "სან სიროს" პუბლიკამ მხურვალე აპლოდისმენტებით გააცილა. ფიგუს კარიერის უდიდესი ნაწილი ესპანეთში აქვს გატარებული და ბევრი არ ელოდა, თუ იტალიურ სტილზე ის ასე მალე მოახერხებდა გადმოწყობას. დარწმუნებული ვარ, ლუიში მიღწეულზე არ გაჩერდება და შეეცდება, "ინტერი" თავის საკლუბო კარიერაში ყველაზე წარმატებულ გუნდად აქციოს.
- როგორი ურთიერთობა გაქვთ ხოსე ნესტორ პეკერმანთან და არგენტინის ნაკრებში დაბრუნებაზე ხომ არ ფიქრობთ?- დონ ნესტორთან კარგი დამოკიდებულება მაქვს. მას ჯერ კიდევ არგენტინაში ბურთაობისას ვიცნობდი. რაც შეეხება ქვეყნის ეროვნულ გუნდში დაბრუნებას, აქ სრული ბუნდოვანებაა. ჩემთვის არავის უთქვამს, რომ ნაკრებს აღარ ვჭირდები. აქედან გამომდინარე, მოულოდნელი არ იქნება თუ ერთ დღეს მწვრთნელი გამომიძახებს. თუმცაღა, ისიც კარგად ვიცი, რომ პეკერმანს გუნდის გაახალგაზრდავება აქვს განზრახული და ჩემი ასაკის ფეხბურთელები ნაკლებად სჭირდება. მიუხედავად ამისა, იმედს მაინც არ ვკარგავ, რომ ერთ მშვენიერ დღეს თეთრ-ცისფერ მაისურს მოვირგებ.
This post has been edited by aimo on 15 Sep 2005, 16:24
მიმაგრებული სურათი