ადრიანო ჯანმრთელია, კრუზი რჩებაორშაბათს ერთიერთმა იტალიურმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ "ლეჩესთან" შაბათის შეხვედრაში "ინტერის" წამყვანმა ფორვარდმა ადრიანომ მუხლის ტრავმა მიიღო და კარგა ხნით მოუწევდა მოედანს მიღმა დარჩენა. ამ ინფორმაციამ ნერიაძურის ტიფოზები შოკში ჩააგდო, მაგრამ უკვე გუშინ დილით რობერტო მანჩინიმ ვარჯიში გამართა, სადაც ბრაზილიელი ჩველებრივად დარბოდა ძირითად გუნდთან ერთად და ტრავმის არაფერი ეტყობოდა. აი მაშინ კი შვებით ამოუსუნთქა შავ-ლურჯმა ტიფოზერიამ, მათი კერპი ხომ საღ-სალამათი სრული დატვირთვით ვარჯიშობდა და ბეჭებზე ჩილელ დავიდ პიზაროსაც (სურათზე) კი ისვამდა. მოკლედ, "იმპერატორი" ხარივით ჯანმრთელია და დღეს ჩვეული აგრესიით შეუტევს "კიევოს" კარს.
"ინტერის" მეორე თავდამსხმელი, რომელიც წლეულს ადრიანოზე შედეგიანად თამაშობს, ხულიო რიკარდო კრუზია. არგენტინელის კლუბთან კონტრაქტს ყავლი მომავალი წლის ზაფხულში გასდის. ჰოდა, ფეხბურთელის აგენტი და ნერიაძურის ხელმძღვანელებიც სულ მალე მიუსხდებიან მოლაპარაკებების მაგიდას და ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე გაისაუბრებენ. სანამ ეს მოხდება, კრუზის აგენტმა ერთ-ერთი იტალიური რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი კლიენტით ბევრი სახელოვანი კლუბია დაინტერესებული: "ხულიო "ინტერში" დარჩენა სურს. მას "პინეტინა" ძალიან მოსწონს და შავ-ლურჯთა რიგებში სკუდეტოს მოგება სწყურია. ვინაიდან მოქმედი კონტრაქტი გაისად სრულდება, დღის წესრიგში დგება საკითხი მისი გაგრძელებისა. თუ ნერიაძური შესაფერის პირობებს შემოგვთავაზებს, მზად ვართ ახალი ხელშეკრულება გავაფორმოთ. არ დავმალავ, რომ კრუზით ბევრი ძლიერი გუნდია დაინტერესებული, მაგრამ მათთან კონტაქტისგან ჯერ თავს ვიკავებთ. გვსურს "ინტერის" პოზიცია შევიტყოთ. იმედია, ყველაფერი ძალიან მალე მოგვარდება", - აღნიშნა კრუზის მენეჯერმა.
მილანში დაბრუნდა ნიკოლას ბურდისო, რომელიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ოჯახური პრობლემების გამო სანახევროდ არგენტინაში იმყოფებოდა. როგორც ჩანს, ყოფილმა "ბოკა ხუნიორსელმა" აღნიშნულ პრობლემები მოაგვარა და ახლა ფეხბურთისთვისაც მოიცალა. "წამითაც არ შემპარვია იმასი ეჭვი, რომ "ინტერი" კონტრაქტს არ გამიწყვიტავდა. კლუბში შესანიშნავი ხალხი მუშაობს, რომელიც მუდამ შედის ადამინაის მდგომარეობაში. მათ გამიგეს და სრული თავისუფლება მომანიჭეს. დიდი მადლობა ყველაფერ ამისთვის. ზაფხულში ნერიაძურის შეეძლო რამდენიმე მცველი ეყიდა, მაგრამ მხოლოდ ვალტერ სამუელი იქნა შეძენილი და გარდა ამისა, მანჩინიმ ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც შემიყვანა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ გუნდში ჩემი იმედი აქვთ და მეც აუცილებლად უნდა გავამართლო სინიორ რობერტოს ნდობა.
რახან "ინტერის" ირგვლივ ვტრიალებთ, უპრიანი იქნებოდა ფლორენტინო პერესის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ნათქვამი იმის შესახებ, თუ როგორ ნანობს იმაზე, რატომ არ დაუჯერა თავის დროზე ჯაჩინტო ფაკეტის. "მილანელთა პრეზიდენტთან საკმაოდ ხშირი კონტაქტი მაქვს და ყოველი ზარის დროს სულ თვალწინ მიდგას ორი წლის წინანდელი ჩვენი საუბარი. მან შემომთავაზა კანავარო გვეყიდა და ამით დაცვაში პრობლემები გადაგვეჭრა. ჩავთვალე, რომ იტალიელი საკმაოდ მობერებული იყო უმაღლეს დონეზე თამაშისთვის და ვუდგეიტის ყიდვა ვამჯობინე. როგორც შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, მწარედ შევცდი. ასე რომ, დღემდე სანანებელი მაქვს კანავაროს გაშვება. იმედია, მომავალში ასეთი შეცდომა აღარ მოგვივა", - განაცხადა "რეალის" პრეზიდენტმა.
This post has been edited by aimo on 20 Sep 2005, 19:38