დადეს როგორც იქნა

თუმცა შეუმცირებიათ,როგორც ჩანს ადგილი არ იყო,რამდენიმე კომენტარია ამოკლებული,საკმაოდ დიდი,სამწუხაროდ.ასევე ცოტა შეცვლილია,ორიგინალში სხვანაირად მეწერა

არა უშავს,ასეც ნორმაა,მაგრამ ნიტოა მაინც ცოტა.
გაშავებული მაჯლაჯაა
"სარბიელი"
# 38
ოთხშაბათი, 21 თებერვალი, 2007 წელი
ვნებიანი ცხენისკუდა
რობერტო ბაჯო: არასოდეს შეწყვიტოთ ოცნება!
გიორგი კაკაბაძე
ცოტა ხნის წინ ფეხბურთის ერთმა პატარა, გულუბრყვილო ქომაგმა იკითხა, როგორ შეიძლება, მოთამაშეს, რომელმაც რამდენიმე წელია, კარიერა დაასრულა, კიდევ ამდენი ფანი ჰყავდეს და მასზე ამდენს ლაპარაკობდნენო... საუბარი რობერტო ბაჯოზე იყო, რომელსაც, ვფიქრობთ, წარდგენა არ სჭირდება. ცხენისკუდა რობი 18 თებერვალს 40 წლის გახდა და საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ თავისივე ოფიციალურ ვებგვერდზე გამოეხმაურა ფანებს...
"სალამი ყველას! როგორ ხართ. იმედია, ყველაფერი რიგზე გაქვთ. აი, სამწლიანი შესვენების შემდეგ ისევ ერთად ვართ. ვინ იცის, ამ პერიოდში რა გადაგხდათ თავს. ალბათ, ბევრი თქვენგანი დაოჯახდა ან მამა გახდა, ისევე, როგორც მე. დიდი სიამოვნებაა, პატარა ლეონარდოს ყურება. იგი უკვე 22 თვისაა და ბურთს უკვე მთელი ძალით ურტყამს ფეხს. ლეო ყველას და ყველაფერს ეთამაშება, მაგრამ ბურთი გამორჩეულად უყვარს" - აღნიშნა "ცხენისკუდამ".
იტალიური და საერთოდ, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ლეგენდა 2004 წელს გამოეთხოვა ფეხბურთს. აბა, რა შეხსენება გინდათ, რომ თავის დროზე მას "ვიჩენცაში", "ფიორენტინაში", "იუვენტუსში", "მილანში", "ბოლონიაში", "ინტერსა" და "ბრეშაში" უთამაშია.
"როგორც იქნა, დროის ძირითად ნაწილს ჩემს ოჯახთან ერთად ვატარებ! - ამბობს რობი - მთელი დღე მეუღლესთან და შვილებთან - ლეონარდოსთან, ვალენტინასთან და მატიასთან ერთად ვარ. ძალიან მსიამოვნებს ყურადღებიანი მამის როლში ყოფნა. ახლა გაცილებით მეტი დრო მაქვს მეგობრებისთვისაც, რომლებიც მთელი კარიერის მანძილზე გვერდით მედგნენ. მათთან ერთად ვერთობი და დროს ვატარებ".
ბაჯოს მრავალი ტიტული და ჯილდო აქვს, მაგრამ აქედან ორი გამოვარჩიოთ: 1993 წელს მან "ოქროს ბურთიც" მოიპოვა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. მეოცე საუკუნის ბოლოს ჩატარებულ ფიფას გამოკითხვაში კი პელეს, დიეგო მარადონასა და ეუსებიოს შემდეგ მეოთხე ადგილზე გავიდა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეთა შორის.
"სამი წლის მერე დავბრუნდი და ვებგვერდი განვაახლე. ეს პირველი სამი წელია, რომელიც არა ფეხბურთელის, არამედ ქომაგისა და მაყურებლის რანგში გავატარე. დავბრუნდი, რათა თქვენს სიყვარულს ვუპასუხო. ამ სიყვარულსა და სითბოს ყოველთვის ვგრძნობდი, რისთვისაც ყველას მადლობას გიხდით" - მიესიყვარულა ქომაგებს ბაჯო.
"ცხენისკუდას" მაინცდამაინც არასოდეს უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და ხალხში ტრიალი. ბუდისტმა ფეხბურთელმა ეს კარიერის დასრულების შემდეგაც დაამტკიცა - იგი არც კომენტატორი გამხდარა, არც მწვრთნელი და არც რომელიმე კლუბის ხელმძღვანელობაში დაუწყია მუშაობა...
"არ მიყვარს ხალხში ტრიალი და თავის გამოჩენა. ჩემი ხასიათი და ქცევის სტილი ყველამ იცით. ჩემს ახლო მეგობართან და მენეჯერთან ვიტორიო პეტრონესთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ვებგვერდის მეშვეობით თქვენთან ურთიერთობა საუკეთესო რამ არის, რასაც ახლა გავაკეთებ. აქ დავდებ სხვადასხვა ვიდეოჩანაწერს, ზოგჯერ მოგწერთ კიდეც, ერთი სიტყვით, თქვენთან ვიქნები. ბევრ რამეზე შეგვიძლია ლაპარაკი, თუ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი გექნებათ...
...მომწერეთ, რას განიცდიდით ამ სამი წლის მანძილზე, რა გადახდათ თავს და ასე შემდეგ...
...დღეს 40 წლის გავხდი და როცა ტორტზე სანთლებს ჩავაქრობ, თქვენზე ვიფიქრებ. დაგიბრუნდით, რათა ახალი მიზნები დავისახოთ და მათი მიღწევით სიამოვნება მივიღოთ. ამისთვის კი აუცილებელია ის ყველაფერი, რაც მთელი ცხოვრება თან მახლავს - სიმამაცე, ძალა, შემართება და პატიოსნება. და, რა თქმა უნდა, ოცნება, არასოდეს შეწყვიტოთ ოცნება!" - აი, ასეთია რობი.
ბუნებრივია, ბაჯოს დაბადების დღე უამრავმა ადამიანმა მიულოცა. ერთ-ერთი მათგანი იტალიაში დაბრუნებული ბრაზილიელი ფორვარდი რონალდო გახლავთ: "რობერტოს დიდ ბედნიერებას ვუსურვებ. გამიმართლა, რომ ოდესღაც მასთან ერთად თამაშის საშუალება მქონდა".
და როგორია ბაჯოსთვის დღევანდელი ფეხბურთი.
რობის აზრით, თანამედროვე ფეხბურთელმა მთავარი რამ დაკარგა - ვნება!
იგი ვერაფრით ივიწყებს 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიასთან გაფუჭებულ პენალტს და 2002 წლის მუნდიალს, რომელზეც ჯოვანი ტრაპატონიმ არ წაიყვანა.
"როდესაც უკან ვიყურები, 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მახსენდება, რომელზეც არ წამიყვანეს და დღემდე ვერ ვხვდები, რატომ. ერთადერთი რამ კი, რასაც ჩემი მახსოვრობიდან და ცხოვრებიდან წავშლიდი - პენალტია... ის პენალტი...
"ფეხბურთმა ვნება დაკარგა. ჩემი აზრით, ეს საფუძველია, რომლის შენებაც ხელახლა უნდა დავიწყოთ და თამაშს ძველებური ხიბლი დავუბრუნოთ. ვნებაზე და რომანტიკაზე მხოლოდ საუბარი საკმარისი არ არის, ეს უნდა იგრძნობოდეს" - განმარტა ბაჯომ.
კითხვაზე, აპირებს თუ არა იგი ფეხბურთში დაბრუნებას მწვრთნელის ან ჩინოვნიკის რანგში, "ცხენისკუდას" კონკრეტული პასუხი არ გაუცია...
"ისინი, ვინც კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთით ცხოვრებას აგრძელებენ, მჯერა, დიდ სიამოვნებასა და სასარგებლო გამოცდილებას იღებენ. ჩემზე კი ვერაფერს გეტყვით, კარგად უნდა ვიფიქრო, რას გავაკეთებ მომავალში და გადაწყვეტილება მერე მივიღო, რადგან არ მინდა, შევცდე" - თქვა ბაჯომ.
ის ალბათ მალე დაბრუნდება... ფეხბურთში თუ არა, თავის ვებგვერდზე მაინც...
(ც) გაზეთი "სარბიელი "
(ც) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი
This post has been edited by Goodman on 25 Feb 2007, 23:51