დავიდ ვილია: ქულების დაგროვების დროა!
დავიდ ვილია უკვე 25 წლისაა, თუმცა საფეხბურთო სამყარო მასზე მხოლოდ სამიოდე წელია, რაც სერიოზულად ალაპარაკდა ანუ მას შემდეგ, რაც “ელ გუახე” “ვალენსიაში” გადაბარგდა და ესპანეთის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირად ჩამოყალიბდა. ამიტომაც, რა გასაკვირია, რომ პირენეელი ჟურნალისტების სასურველ რესპოდენტთა სიაში ვილია მოწინავე ადგილებს იკავებს. მიუხედავად ამისა, ”ვალენსიელთან” ინტერვიუს ჩაწერას ყველა ვერ ახერხებს. აი, “დონ ბალონის” კორესპონდენტი ყველაზე მოხერხებული აღმოჩნდა და “მარავილიასთან” საკმაოდ ვრცელი ინტერვიუს ჩაწერაც შეძლო, რომელსაც აქვე გთავაზობთ.
- ალბათ, ძალიან გესიამოვნა, როდესაც ევროპის კონტინენტის ერთ-ერთმა უძლიერესმა სპეციალისტმა, ჟოზე მაურინიომ თქვენ მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა და ქებით ცაში აგიყვანათ?
- რა თქმა უნდა. მოხარული ვარ, რომ ასეთმა სახელოვანმა პიროვნებამ ყურადღება მომაქცია და კიდევ უფრო გამიხარდა, როდესაც მან მომავლის ფებურთელი მიწოდა. მაგრამ ეს დღესაა ასე და ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაურინიოს იგივე მაშინ ეთქვა, როდესაც ტრავმირებული ვიყავი ან როდესაც გოლების გატანა მიჭირდა.
- რას ნიშნავს შენთვის ის, რომ მაურინიოს შენი შეძენა უნდა?
- ამის თაობაზე მართლაც გავიგე რაღაც, მაგრამ არ ვიცი, ჩემი ყიდვის ინიციატორი ჟოზე იყო თუ სხვა ვინმე. მიუხედავად ყველაფრისა, მე “ვალენსიას” ფეხბურთელი ვარ და ჩემი თავი სხვაგან ვერ წარმომიდგენია. აქ უბედნიერესი ვარ.
- როდემდე გაკავშირებს კონტრაქტი “ვალენსიასთან”?
- 2013 წლამდე, რომელიც ექვსი თვის წინ გავახანგრძლივე. ჩემი მიზანია, “ღამურებში” ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე დავრჩე და ეს არარეალური სულაც არ გახლდავთ, რადგან, როგორც აღვნიშნე, აქ ყველაფრით კმაყოფილი ვარ და დარჩენას დიდი ხნით ვაპირებ.
- და ვინმემ შენი ყიდვა მაინც თუ დააპირა, ასტრონომიული თანხის გადახდა მოუწევს...
- დიახ, 150 მილიონი ევროსი. რა, არ ვღირვარ მაგდენი? ასეთია ფეხბურთი. ვინმეს შეძენა გულით თუ გინდა, მისთვის არანაირი თანხა არ უნდა გაიმეტო.
- იმ შემთხვევაში რას აპირებ, თუ “ვალენსიას” შეფები ფულის გაკეთებას დააპირებენ და ტრანსფერზე დაგაყენებენ?
- მე პროფესიონალი მოთამაშე გახლავართ და კლუბის ინტერესები ჩემთვის ყოველთვის პირველ პლანზეა. აქედან წასვლის სურვილი კიდევ კაი ხანი არ მექნება და დარწმუნებული ვარ, “ვალენსიას” ხელმძღვანელობაც ჩემს შენარჩუნებას ეცდება.
- ტრავმა “რეალთან” თამაშამდე მიიღე. ახლა სრულად გამოჯანმრთელდი?
- თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ერთადერთი, რაც ახლა მინდა, კვლავ მინდორზე ყოფნაა. სეზონი მშვენივრად დავიწყეთ, თუმცა ტრავმების ეპიდემიამ ხელი შეგვიშალა. გული ძალიან მწყდება, რადგან ეს გაუთვალისწინებლად დაკარგული ქულები რომ არა, ლიდერები ვიქნებოდით.
- არანორმალურია, რომ “ვალენსიას” ერთბაშად 10 წამყვანი ფეხბურთელი ტრავმირებული იყო...
- აქ მხოლოდ უიღბლობას არ უნდა დავაბრალოთ ყველაფერი. გამოდის, ჩვენც რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. ასეთი რამ არასდროს მინახავს და სხვა გუნდებსაც რომ გადავხედოთ, ამდენი დაშავებული არსად არის.
- ე.ი. არ თვლი, რომ ყველაფერში დამნაშავე უიღბლობაა?
- რასაკვირველია, არა. საერთოდაც, არ ვიცი, რას დავაბრალო ეს. ალბათ, დროთა განმავლობაში ყველაფერი გაირკვევა.
- ამაზე უამრავი აზრი გამოითქვა.
- ნებისმიერს შეუძლია, ის თქვას, რაც უნდა. პირადად ჩემთვის ეს დიდი გამოცანაა.
- პრიმერას ლიდერს ძალიან ხომ არ ჩამორჩით?
- კი. ასეთი რაღაცების თქმა არ მიყვარს, მაგრამ ნება მომეცით, გკითხოთ – იქნებოდა “ბარსელონა”, “ჩელსი” ან “სევილია” ევროპის საუკეთესო გუნდი, მას რომ ათი ფეხბურთელი დამტვრეული ჰყოლოდა? ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი ყველა დაშავებული მოთამაშე ძირითადის წევრი გახლდათ. ძალიან მაინტერესებს, თუ რას გააკეთებდნენ რაიკაარდი და მაურინიო ასეთ დროს.
- მართლაც, მისაღები მიზეზია. თანაც ამხელა დანაკარგი სატურნირო მდგომარეობაზეც აისახა.
- ეგაა მთავარი. მადრიდის “ატლეტიკოს” სამი კაცი აკლია და ნახეთ, რა დღეშია. “ბარსელონას” ეტო’ო არ ჰყავს, რაც პირველი ადგილის დასაკარგად საკმარისი აღმოჩნდა. ამ დროს ჩვენ რა უნდა ვთქვათ? ვიმეორებ, ჩვენს ადგილზე “ჩელსი” და “ბარსა” ანალოგიურ მდგომარეობაში იქნებოდნენ. თუმცა გამოსავლის პოვნა ყოველთვის შეიძლება.
- რას ისურვებდი ახალ წელს?
- იმედია, 2007 წელს ყველაფერი უკეთესად იქნება. ნეტავი, “ვალენსიას” 25-ვე ფეხბურთელი მწყობრში იყოს და მერე ნახავთ ჩვენს რეალურ ძალას როგორც პრიმერაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაში. ათი კაცის გარეშე ლიგაში ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ და ესპანეთშიც არ ვართ მთლად უიმედო მდგომარეობაში და წარმოიდგინეთ, მაშინ რა იქნებოდა, ტრავმების ეპიდემია რომ არ შეგვხებოდა...
- ერთადერთი, რაც “ვალენსიას” მუდამ ახასიათებდა, შიდა არეულობებია.
- როდესაც საქმეები კარგად მიგვდის, არც არაფერი ხდება. აი, რაღაც აგვერევა თუ არა, მდგომარეობა იძაბება. ეს გულშემატკივრების ზეწოლის შედეგიცაა. ასეთი რამ ყველა გუნდშია და გასაკვირი არაფერია.
- დიახ, მაგრამ სხვაგან ეს შედეგებზე არ აისახება ხოლმე. რაიკაარდსა და ბეგირისტაინს კარგი ურთიერთობა არ აქვთ, თუმცა “ბარსა” მუდამ პირველობისთვის იბრძვის.
- მანდ განსხვავებული მდგომარებაა. კარგი იქნებოდა, კიკე და კარბონიც მასე მოქცეულიყვნენ. მეც მინდა, რომ კონფლიქტი ამოიწუროს, მაგრამ მათ საქმეებში არ ვერევი. ყველაფრის ასე გართულება არ შეიძლება.
- ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოგვარდეს კონფლიქტი?
- ძალიან მარტივად, ჩვენ ყველა ერთ საქმეს ვემსახურებით და ზოგჯერ საკუთარი პრინციპების შერბილებაა საჭირო. თითოეულმა ჩვენგანმა მხოლოდ ფეხბურთზე უნდა იფიქროს და თავისი საქმე თავდაუზოგავად აკეთოს. შედეგად, დროთა განმავლობაში ყველაფერი მოგვარდება.
- პირადად შენ როგორი ურთიერთობა გაქვს კიკესთან?
- შესანიშნავი. ვარჯიშიდან ჩემს გაგდებას თუ გულისხმობთ, ეს ისეთი შემთხვევა იყო, რომლიც ყველა გუნდში ხდება და იმ ეპიზოდის გაზვიადება არ შეიძლება. კიკესთან კი დღესაც განუმეორებელი ურთიერთობა მაკავშირებს. ცოტა ხნის წინ მიჩელ სალგადომ აღნიშნა, რომ ასეთი ეპიზოდები ხანდახან გუნდის ერთიანობას უწყობს ხელს. ყოველთვის ისე თამაშობ, როგორც ვარჯიშობ. ამიტომაც ზოგჯერ ვრჯიშებზე თავი უნდა შევიკავოთ უხეშობისგან.
- მოდი, პრიმერადივიზიონზე ვისაუბროთ. ფავორიტი “ბარსელონაა”?
- რა თქმა უნდა. სულ თუ არაფერი, ეს გუნდი ესპანეთის ორგზის ჩემპიონია, ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი ტრიუმფატორი და მიიუხედავად ეტო’ოს არყოფნისა, ისინი მაინც ევროპაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობენ.
- “სევილიას” კარგი ასპარეზობა არ გაოცებს?
- არა. გასულ სეზონში ანდალუსიელებს უფრო სუსტი შემადგენლობა ჰქონდათ და უეფას თასის მოგება შეძლეს. ამ სეზონში კი გუნდი უფრო გაძლიერდა, ფეხბურთელები გამარჯვებისთვის არაფერს უშურებენ, მწვრთნელმა თავისი საქმე მშვენივრად იცის, ამიტომაც შესანიშნავად ასპარეზობენ.
- შეუძლია “სევილიას” ჩემპიონი გახდეს?
- თუ ასე გააგრძელეს თამაში, ნამდვილად შეუძლია. თან ისე, რომ ძალიან ცოტა შეხვედრა დათმოს. მაგრამ “სევილია” არც “ბარსელონაა” და არც “რეალი”, ამიტომაც არ ვიცით, როგორ გაუმკლავდებიან ისინი ზეწოლას.
- კაპელოს “რეალი” მოსაწყენ ფეხბურთს თამაშობს?
- ჩემთვის მოსაწყენი არც ერთი თამაში არაა, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ მადრიდელები ისე ლამაზად ვეღარ ბურთაობენ, როგორც გასულ წლებში. თუმცა ფეხბურთში წარმატების მოსაპოვებლად ბევრი გზა არსებობს. კაპელოს გუნდი მოედნის მცირე მონაკვეთში თამაშობს და უმეტეს შემთხვევაში, ერთი გოლის იმედზეა.
- მაგრამ მატჩის მოსაგებად კარგად თამაშია საჭირო.
- ჩემი აზრი მოგახსენე. მე უფრო ისეთი ფეხბურთი მომწონს, როგორსაც “ბარსა” თამაშობს, თუმცა, თუ კაპელომ რაიმე ტიტულის მოგება მოახერხა, იმას აღარავინ გაიხსენებს, რომ მისი გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს არ აჩვენებდა.
- შეუძლია ამ “რეალს” კონკურენცია გაუწიოს “ბარსელონას”?
- პასუხის გაცემა გამიჭირდება, მით უმეტეს, რომ “რეალის” ბურთაობა მაინც და მაინც არ მომწონს, თუმცა გამორიცხული არაფერია.
- და “ვალენსია”? რომელ პოზიციაზე იქნება შენი გუნდი ივნისში?
- იმედია, პირველზე. რაც დავკარგეთ ქულები, ისიც გვეყოფა. ახლა დაგროვების დროა. შესვენების შემდეგ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე კიდევ დაგვიბრუნდება და პირველი ადგილისთვის ბრძოლასაც შევძლებთ.
- შეუძლიათ “ვალოს” ფანებს მშვიდად ყოფნა იმის გამო, რომ აღარავინ დაიმტვრევა?
- აი, კიდევ ვინმე თუ მიიღებს ტრავმას, ეს უკვე კატასტროფა იქნება! ჯერჯერობით თანაგუნდელებს გამოჯანმრთელებას ველოდები.
- და მაინც, 100%-ით მზად როდის იქნები?
- ძალიან მალე.
- ალბათ, თამაშების გამოტოვება აღარ გინდა?
- როგორც ყოველთვის. ჩემი თავისგან მუდამ მაქსიმუმს ვითხოვ და შესაბამისად, თამაშიც ყოველთვის მინდა. თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, როგორ მინდოდა, “რეალთან” თამაშში ჩემს გუნდს დავხმარებოდი, მაგრამ ტრავმამ ხელი შემიშალა.
- თამაში კი გინდა, მაგრამ შესაძლებელია, სეზონში 60 შეხვედრის მაღალ დონეზე ჩატარება?
- არა. აქ სუპერმენი არავინაა და არც ვინმე ფლობს ისეთ საიდუმლოს, რომლის მეშვეობითაც ამდენი მატჩის საუკეთესოდ ჩატარებაა შესაძლებელი. “ვალენსიას” პრობლემა ისაა, რომ ფეხბურთელების ტრავმიანობის გამო სულ ერთსა და იმავე შემადგენლობას უწევს მოედანზე გასვლა.
- რას ისურვებდი ამ სეზონისგან?
- რომელიმე ტიტულის მოგებას: ან ლიგას, ანაც პრიმერას, პირადად ჩემთვის სულერთია. თუმცა ვიცი, რომ ჩვენს გულშემატკივრებს ჩემპიონთა ლიგა ურჩევნიათ, რომელიც გუნდს აქამდე არ მოუგია.
- ნაკრებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. გავა გუნდი ევროპის ჩემპიონატზე?
- რასაკვირველია! რთული ამოცანაა, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. სანამ ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი მაინც არსებობს, ყველაფერს გავაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ ცუდად დავიწყეთ.
- ლუის არაგონესი პოსტზე უნდა დარჩეს?
- დიახ. მას ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ ჩვენ მასთან ერთად დავიწყეთ თამაში და მასთან ერთადვე უნდა დავამთავროთ.
- არაგონესი ყოველთვის გენდობოდა?
- დიახ, სწორედ მან მომცა საშუალება ნაკრების მაისური პირველად ჩამეცვა და ჩემთვის არაფერს იშურებდა.
- როგორი ხასიათი გაქვს?
- მშვიდი. მიყვარს ჩემს მეულესთან და გოგონასთან ერთად ყოფნა. მშობლებთან სტუმრობაზე კი უარს არასდროს ვამბობ. მთავარია, დრო გამოვნახო და ასტურიაში გავემგზავრო.
- წარმატებამ არ შეგცვალა? ისევ ისეთი “გუახე” ხარ, როგორიც ადრე?
- ყოველთვის ასეთი ვიქნები. ისევ ის მეგობრები მყავს, ჩემი საყვარელი მეუღლე... მასთან ერთად 17 წლიდან ვარ. როდესაც ყველაფერ ამას მიეჩვევი, მერე შეცვლა რთულია.
- პოპულარობა გაწუხებს?
- არა, არ ისე. ქუჩაში მშვიდად დავდივარ. ჩემს მდგომარეობას ფერნანადო ალონსოს ყოფას ვერ შევადარებ. პაპარაცები ჩემს თითოეულ ნაბიჯს ნამდვილად არ აკონტროლებენ.
- რას აკეთებ თავსუფალ დროს?
- ვისვენებ, ოჯახთან ერთად ვარ და საფეხბურთო ან რომელიმე სხვა სპორტულ გადაცემას ვუყურებ.
გოგა, ჩვენი ფორუმი რატომაა გათიშული?
მიმაგრებული სურათი