"სარბიელი"
# 164
ორშაბათი, 24 ივლისი, 2006 წელი
კანავარო გემზე არ ლაპარაკობს
გიორგი კაკაბაძე
მატჩების ჩაწყობასთან დაკავშირებული სკანდალით ყველაზე მეტად დაზარალებულმა და ვარსკვლავებისგან დაცლილმა ტურინის "იუვენტუსმა" გასული სეზონის დასრულების მერე პირველი მატჩი ჩაატარა. ბებერი ქალბატონი" ახალგაზრდა ფეხბურთელებით ეთამაშა "ალესანდრიას" და 8:0 გაანადგურა. ეს სადებიუტო თამაში გახლდათ გუნდის ახალ მწვრთნელ დიდიე დეშანისთვის.
აღსანიშნავია, რომ ტურინელებმა პირველი ტაიმი მხოლოდ 1:0 მოიგეს, მაგრამ მეორეში გაილაღეს. ჰეთ თრიქი შეასრულა "იუვეს" ერთ-ერთმა მთავარმა იმედმა რაფაელე პალადინომ. მატეო პარომ, ოლივიე კაპომ და ტომას გუზმანმა თითო ბურთი მიითვალეს, ხოლო ორი გოლი "ალესანდრიამ" საკუთარ კარში შეაგდო.
"თამაშის განახლება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. გუნდი ახლა გადახალისებულია და შეთამაშება გვჭირდება. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. ახალ მწვრთნელ დიდიე დეშანსაც მშვენივრად ვუგებთ და ველოდებით, როცა არდადეგებიდან სხვებიც დაბრუნდებიან და ვარჯიშს სრული შემადგენლობით გავაგრძელებთ. მათ, ვინც "იუვე" დატოვა, ყველამ უნდა გაუგოს. გვახსოვდეს, რომ სანამ ისინი კლუბში იყვნენ, მის საკეთილდღეოდ თავს არ ზოგავდნენ. სერია ი-ში კი მაქსიმალური შემართება და გამარჯვების წყურვილი გვჭირდება" - განაცხადა "ბებერი ქალბატონის" მცველმა ჯორჯო კიელინიმ.
დიდიე დეშანი: "ბევრი წამყვანი მოთამაშე წავიდა, მაგრამ, იმედია, რამდენიმე დარჩება. თუ ვინ, ზუსტად ახლა ამის თქმა ძნელია. კლუბი ყველაფერს აკეთებს მათ შესანარჩუნებლად, მაგრამ მოთამაშეებსაც უნდა გავუგოთ. "იუვენტუსი" სერია ფ-ში და ი-ში სხვადასხვა რამ რომ არის, თავადაც გესმით. მაგალითად, ბუფონი რჩება, ამაში 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რადგან თვითონ მითხრა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არც რობერტ კოვაჩი წავა. რაც შეეხება დავიდ ტრეზეგეს, იმედია, მასაც შევინარჩუნებთ. ახლა იგი დასასვენებლადაა და როდესაც დაბრუნდება, ყველაფერი გადაწყდება. ეს ეხება ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც. მე აქცენტს სამ ახალ ფეხბურთელზე ვაკეთებ - ვალერი ბოჟინოვზე, მარკო მარკიონისა და კრისტიანო ძანეტიზე. გვყავს პარო, მირანტე, პალადინო და სხვა ახალგაზრდები, რომლებსაც უკვე სერია ფ-ში უთამაშიათ. არა მგონია, მომავალი სეზონის დაწყებამდე რამე განსაკუთრებული მოხდეს. მაქსიმუმ 3-4 მოთამაშე დავიმატოთ."
ფრანგი სპეციალისტის მიერ ნახსენები მოთამაშეებიდან ერთ-ერთი, შესაძლოა, გაელ გივე გამოდგეს. "მონაკოს" ყოფილი თავკაცი თავის ძველ შეგირდს კარგად იცნობს და 25 წლის მცველი ფაბიო კანავაროს შემცვლელად წარმოუდგენია.
ამბობენ, "იუვენტუსი" გივეში "მონაკოს" 8-9 მილიონ ევროს შესთავაზებსო. თუმცა, რამდენად დააკმაყოფილებთ ეს თანხა "ლუი მეორის" ბინადრებს, ჯერ უცნობია. გივეს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2009 წლამდე აკავშირებს, ამიტომ ფრანგებმა, შესაძლოა, მეტი მოითხოვონ.
"ძალიან მინდოდა, კანავარო შეგვენარჩუნებინა და კლუბმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ გამოდგა. ფაბიოს დატოვება მხოლოდ იმის გამო არ მინდოდა, რასაც იგი მინდორზე აკეთებს, მე მისი ლიდერობის ნიჭი და შემართებაც გამომადგბოდა. თუმცა უკან ყურების დრო არ არის, მომავალზე უნდა ვიფიქრო" - დასძინა დეშანმა.
თავის მხრივ, განცხადება გააკეთა კანავარომ და ახსნა, თუ რატომ დატოვა ტურინი. "რეალში" გადასული მცველის თქმით, ეს არ იყო ჩასაძირად განწირული გემიდან გაქცევა.
"მე გემიდან არ გადმოვმხტარვარ. სამწუხაროდ, წასვლა მომიხდა. კლუბიც გაგებით მოეკიდა ჩემს გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, ეს ყველასთვის უკეთესი იყო. 33 წლის ვარ და ტიტულების მოგება ჯერ კიდევ შემიძლია. "იუვენტუსიდანაც" სწორედ, ამიტომ წამოვედი, თორემ ეს სიტუაცია რომ არა, ამას არასოდეს გავაკეთებდი. გუნდმა ყველა პირობა შემიქმნა. იქ რამდენიმე ბრწყინვალე წელი გავატარე. მე და ჩემი ოჯახი ტურინში თავს კარგად ვგრძნობდით, ფანებიც ბრწყინვალენი იყვნენ, რომლებსაც მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის. მეორე მხრივ, "რეალის" მაისურის ტარება დიდი პატივი იქნება. მიხარია, რომ ამ ასაკში მაღალ დონეზე თამაში ისევ შემიძლია და ჩემით ასეთი დონის გუნდი დაინტერესდა. პრიმერადივიზიონთან შესაგუებლად, ალბათ, ცოტა დრო დამჭირდება, მაგრამ, ვფიქრობ, ამას შევძლებ" - თქვა"სკუადრა აძურას" კაპიტანმა.
პარალელურად კი დაიწყო "იუვენტუსის", "მილანის", "ლაციოსა" და "ფიორენტინას" აპელაციების განხილვა, რომელთა პასუხი და საბოლოო ვერდიქტი 25 ივლისს იქნება ცნობილი. "ბებერი ქალბატონის" ადვოკატები ძალიან იმედიანად არიან და ირწმუნებიან, სასჯელი უნდა შეგვიმსუბუქდესო.
(ც) გაზეთი "სარბიელი "
(ც) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი
მიმაგრებული სურათი