დეიანის ცინცხალი ინტერვიუ
ინტერში კარიერის ბოლომდე დავრჩებიინტერვიუ დეიან სტანკოვიჩთანწლევანდელ სერია A-ს ერთი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს და მრავალი ფეხბურთის მცოდნის აზრით, ჩემპიონატსაც სწორედ ეს გუნდი - "ინტერი" მოიგებს. მილანელთა ბოლოდროინდელი წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, გუნდის ნახევარდაცვის შემადუღაბებელი და რუსები რომ იტყვიან, ნამდვილი "ზავადილა", დეიან სტანკოვიჩია. სერბ ნახევარმცველს ნერიაძურისთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება. ამიტომაც აქტუალურად იხილება იტალიელებთან მისი ხელშეკრულების გაგრძელების საკითხი. სწორედ ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ დეიანი სამშაბათს "ინტერის" საკლუბო ტელევიზიამ მიიწვია.- შავ-ლურჯები დღეს დიდებულად ასპარეზობენ და სამართლიანადაც იკავებენ გათამაშების ცხრილში პირველ ადგილს. იმედი გაქვთ, რომ სეზონის ბოლომდე ასე გაგრძელდება?- დიახ. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. კარგად მახსოვს, გასულ წლებში ამ დროს, მდევრისგან ათი ქულაც კი გვაშორებდა, მაგრამ მაშინ არ გვიმართლებდა. ახლა სულ სხვა სიტუაციაა, კალჩო გაიწმინდა, საკუთარ ძალებში რწმენა მოგვემატა და როგორ კარგ განწყობაზეც ვხვდებით ამ შობას, ისეთ კარგ განწყობაზე შევხვდებით ზაფხულს.
- ჩემპიონობისთვის მებრძოლ ორივე კონკურენტს - "რომასა" და "პალერმოს" გასვლაზე სძლიეთ...- დიახ, მაგრამ ჯერჯერობით ადრეა იმაზე საუბარი, მათი ძლევით საქმე გაკეთებული რომაა. წინ უამრავი მატჩი გველის და ის უპირატესობა, რაც "რომასთან" და "პალერმოსთან" გვაქვს, საშუალებას მოგვცემს უფრო დასვენებულები და მშვიდნი შევხვდეთ ამ გუნდებთან განმეორებით შეხვედრებს. სპალეტისა და გვიდოლინის სამწვრთნელო ტალანტს ძალიან ვაფასებ, ამიტომაც მათი გუნდები ყოველთვის საშიშნი არიან. ასე რომ, სიურპრიზები გამორიცხული არაა.
- ბევრი ამბობს, რომ წლეულს ექსტრაორდინალურ დეიან სტანკოვიჩს ხედავს მოედანზე. თქვენ ეთანხმებით ამ აზრს?- ძალიან მიხარია, რომ კარგად თამაში გამომდის და ხალხი ამას ხედავს. დიდ ხანს ველოდი ამ პერიოდს. ყოველ წელს მეუბნებოდნენ, რომ კარგად ვთამაშობდი, მაგრამ რაღაც მაინც მაკლდა. წელს ეს "რაღაცაც" არ მაკლია. იმედი მაქვს, ასეთ ფორმას სეზონის ბოლომდე შევინარჩუნებ.
- ბოლო პერიოდში "ინტერს" ფაბიო კაპელოს ფორმაციის "იუვენტუსს" ადარებენ. რას ფიქრობთ ამაზე?- ასეთი შედარებების გაკეთება თქვენი, ჟურნალისტების საქმეა. ჩვენ კი სულაც არ ვბაძავთ "იუვენტუსს", არამედ ახალ "ინტერს" ვთავაზობთ საზოგადოებას, რომელიც წინანდელისგან იმით განსხვავდება, რომ ძალიან მალე, დიდ გამარჯვებას მოიპოვებს. გუნდი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად კარგ ფორმაშია და ეს ფეხბურთელების გარდა, მწვრთნელისა და კლუბის ხელმძღვანელობის დამსახურებაცაა.
- თავად როგორ ფიზიკურ ფორმაში ხართ, არ დაიღალეთ?- რას ამბობთ, რა დროს დაღლაა. თავს დიდებულად ვგრძნობ.
- ერთ-ერთ იტალიურმა გაზეთმა "ემპოლისთან" მატჩში დეიან სტანკოვიჩი ცეცხლისმფრქვეველ ლომს შეადარა...- ალბათ, კბილების კრაჭუნს გულისხმობდით. კბილს კბილზე რომ დავაჭერ, მუშტს, რომ აღვმართავ და თანაგუნდელებს საბრძოლო ყიჟინას დავსცემ, მაშინ მართლა ლომს ვგავარ (იცინის).
- პარასკევს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის კენჭისყრაა. ყველაზე ძალიან რომელ გუნდს არ გინდათ დაეჯახოთ?- ჯერჯერობით ასეთი გუნდი მხოლოდ ერთია. ძალიან არ მინდა "ლიონს" შევერკინოთ, რადგანაც ასეთ შემთხვევაში ფრანგები ნაადრევად გავარდებიან ჩემპიონთა ლიგიდან და მათ გარეშე, ტურნირს ერთი კარგი, ლამაზი და რომანტიკული გუნდი გამოაკლდება.
- ბევრი "ინტერის" სერია A-ში ლიდერობას აუფერულებს იმის გამო, რომ იტალიის ახლანდელი ჩემპიონატი უწინდელი პირველობების მკრთალი აჩრდილიღაა. თქვენც ასე ფიქრობთ?- ასეთი ხალხის ნათქვამს ყურადღებას არ ვაქცევ. ჩემთვის იტალიის ჩემპიონატი დღემდე რჩება მსოფლიოში ურთულეს და საუკეთესო ლიგად. მართალია, აქ აღარ თამაშობს "იუვენტუსი" და "მილანიც" აღარაა სათვალავში, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ეს სანერვიულო არაა, რადგანაც მათ მაგივრობას წლეულს "რომა" და "პალერმო" სწევენ.
- არის თუ არა დღევანდელი "ინტერი" ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელშიც თქვენ ნერიაძურიში გადმოსვლის დღიდან გითამაშიათ?- "ინტერი" ისე როგორც არასდროს, ახლოსაა გამარჯვებასთან. ჩვენ უამრავ ქულას ვაგროვებთ და ძალიან ცოტას ვკარგავთ, ამიტომაც სავსებით ლოგიკურია, თუ დღევანდელ "ინტერს" ყველაზე ძლიერად შევრაცხავთ. თუმცა, გასულ წლებშიც ძალიან კარგი გუნდები გვყავდა.
- ამას წინათ, ხმები გავრცელდა, თითქოს ნერიაძურისთან ახალი, 2010 წლამდე მოქმედი კონტრაქტი შეათანხმეთ, მაგრამ ხელშეკრულებაზე ხელი ჯერაც არ მოგიწერიათ. ბევრი ამბობს, რომ ფეხს იმიტომ ითრევთ, რათა კლუბში მანჩინის მომავალი არ არის გარკვეული...- ხალხი, რომელიც "ინტერში" ჩემს მომავალს რობერტო მანჩინისას უკავშირებს, ცდება. კონტრაქტზე ხელის მოწერას 2-3 წამი სჭირდება და ამას ყოველთვის მოვასწრებ. ჩემთვის სულერთი არ არის გუნდში რობერტო მანჩინის მომავალი, რეადგანაც ამ მწვრთნელთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს. თუმცა, ნერიაძურიში ჩემი დარჩენა-არდარჩენა რობერტო მანჩინიზე დამოკიდებული მაინც არაა. არასდროს მომწონდა, როდესაც სატრანსფერო ბაზარზე ატეხილ მითქმა-მოთქმაში დეიან სტანკოვიჩის გვარი ფიგურირებდა. "ინტერთან" ახალ კონტრაქტს აუცილებლად გავაფორმებ. ეგ კი არა, იმედი მაქვს, რომ კარიერას სწორედ შავ-ლურჯებში დავასრულებ. საამისოდ მზადაც ვარ. საკმარისია მხოლოდ კლუბიდან ჩემს აგენტს დაურეკონ, შევიკრიბოთ და კონტრაქტი გავაფორმოთ. შეგიძლიათ ასი პროცეპტით დარწმუნებული იყოთ, რომ უახლოესი წლები "ინტერში" ვიბურთავებ. ჩემი სურვილია, კლუბთან ათწლიანი ხელშეკრულება გავაფორმო.
- შემოდგომაზე ბევრი იწერებოდა რობერტო მანჩინიზე. ანალიტიკოსები მის მოუმწიფებლობასა და არაპროფესიონალიზმზე მიუთითებდნენ. ახლა ყველა საპირისპიროს წერს. როგორ ფიქრობთ, გუნდის მიერ ნაჩვენებმა შედეგებმა შეცვალეს ამ ხალხის აზრი თუ უშუალოდ რობერტო მანჩინიმ დაადასტურა, რომ როგორც პიროვნება, "ინტერის" შესაფერისია?- მწვრთნელი ყოველთვის გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგებით ფასდება. თუ ორი თვით უკან გადავალთ, ვნახავთ, რომ ჩემპიონთა ლიგის სტარტზე წაგებული ორი შეხვედრის შემდეგ, რობერტო მანჩინის შემცვლელები განიხილებოდნენ. ახლა კი, როცა შედეგი სახეზეა, თანაც კარგი შედეგი, სკეპტიკოსებმა ხმა გაკმინდეს, ხოლო მანჩინის ისეთ ლეგენდებს ადარებენ, როგორებიც ელენიო ერერა და ჯოვანი ტრაპატონი არიან. პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ჩვენი მწვრთნელი ისევ ის რობერტოა, რაც 2-3 წლის წინ იყო. უბრალოდ, გრანდში მუშაობამ იგი ოდნავ დაასერიოზულა.
- "ინტერი" დაუბრკოლებლად მიიწევს სკუდეტოსკენ. რამ შეუძლია სეზონის ბოლომდე ხელი შეუშალოს გუნდს ამ მიზნის მიღწევაში?- თუ ასე გავაგრძელეთ, პრობლემები არ შეგვექმნება. ყველანაირი ნეგატიური ფაქტორი ისევ ჩვენში დევს. თუ მოვდუნდით, მეტოქე ჯეროვნად ვერ დავაფასეთ და მოედნის თითოეული გოჯისთვის ბრძოლას მოვუკელით, ჩვენს თავს ისევ ჩვენ დავღუპავთ.
This post has been edited by aimo on 14 Dec 2006, 20:04
მიმაგრებული სურათი