"სარბიელი"
# 15
ხუთშაბათი, 25 იანვარი, 2007 წელი
კოკი კანდელაკი
კაცი, რომელმაც ისრიალა
ვეტერანი ჩეხი ნახევარმცველის პაველ ნედვედისთვის 2006 წელი არცთუ წარმატებული იყო. ყველაფერი დეკემბრის ბოლოს "ჯენოასთან" მატჩში, მსაჯ სტეფანო ფარინასთან წაკინკლავებით და ჩეხის ხუთმატჩიანი დისკვალფიკაციით დასრულდა. განაწყენებული 34 წლის ფეხბურთელი ამ ინციდენტის მერე კარიერის დასრულებაზეც კი ფიქრობდა, მაგრამ მერე ცხელ გულზე ნათქვამი სიტყვები კარგად გაანალიზა და ახლა ისევ ოპტიმისტურ განწყობაზეა. იტალიური "გაძეტა დელო სპორტი" ტურინის "იუვენტუსის" ერთ-ერთ ლიდერს ბევრ საინტერესო საკითხზე ესაუბრა
- კარიერის დასრულებაზე ისევ ფიქრობთ.
- 34 წლის ვარ და მინდა, კარიერა "იუვენტუსში" დავასრულო. კლუბს ისევ აქვს ჩემი იმედი, მე კი "იუვენტუსთან" ვალში ვარ. ასე რომ, სავსებით რეალურია, მოქმედი კონტრაქტის ბოლომდე, ანუ 2008 წლამდე ვითამაშო. რა იქნება მერე, არ ვიცი.
- ახალ წელს როგორ შეხვდით.
- ის მოკლე არდადეგები, რომელიც ახალ წლამდე გვქონდა, პილეში, ჩემს ახალ სახლში გავატარე ოჯახთან ერთად მშვიდად და წყნარად. ვისრიალე თხილამურებზე და ბევრი ვირბინე. ბავშვებმაც მთიდან დაშვების რამდენიმე ვარიანტი ისწავლეს. რა თქმა უნდა, თხილამურებზე დგომა არც ვიცოდი, მაგრამ ეს შორეულ წარსულში იყო. ბოლოს 17 წლისამ ვისრიალე.
სამწუხაროდ, ეს სახიფათო რამაა პროფესიონალი ფეხბურთელისთვის. 31 დეკემბერს კი, როცა შუაღამე მოახლოვდა, გავიხსენე ყველაფერი, რაც 2006 წელს გადამხდა. და რაც ცუდი იყო, გონებიდან ამოვიშალე. გამახსენდა, როგორ წაგვართვეს მოგებული სკუდეტო, როგორ ჩავაგდე მსოფლიოს ჩემპიონატი, ჩემი პირველი და ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატი...
- "ჯენოასთან" მატჩში მომხდარი ინციდენტიც დაივიწყეთ.
- ვცდილობ, არ გავიხსენო. მაშინ იმდენი ტყუილი დაიწერა და ითქვა, რომ ძალიან განაწყენებული ვიყავი. ისე გავბრაზდი, ცხელ გულზე ფეხბურთიდან წასვლაც კი მინდოდა. მერწმუნეთ, ბევრი უფრო უარესი რამ მინახავს, რასაც ასეთი მკაცრი დასჯა არ მოჰყოლია. ისევ ვთვლი, რომ არასწორად მომექცნენ.
- გინდოდათ, გეთქვათ კმარა, მაგრამ...
- გონზე რომ მოვედი და დავმშვიდდი, მივხვდი, კარიერის ასეთ მინორულ ნოტაზე დასრულება სწორი არ იქნებოდა. არც ჩემ თავთან და არც "იუვენტუსთან" მართალი არ ვიქნებოდი. თუმცა წასვლის ნება მქონდა, კლუბთან კონტრაქტი 2008 წლამდე მაქვს, მაგრამ ერთ-ერი პუნქტის თანახმად, თუ შევატყობ, რომ სათანადოდ ვეღარ ვირჯები, შემიძლია, წავიდე.
- ანუ საბოლოოდ გადაწყდა, რომ ფეხბურთს 2008 წელს გამოეთხოვებით.
- დიახ. გასულ ზაფხულს ლონდონში გადასვლაც შემეძლო, "ტოტენჰემს" ძალიან სურდა ჩემი დამატება, თუმცა ჩავთვალე, რომ ასეთ რადიკალურ ცვლილებებს დიდი აზრი არ ჰქონდა.
- თქვენი უახლოესი გეგმები.
- ორი მიზანი მაქვს. პირველ რიგში კლუბს სერია ფ-ში დაბრუნებაში უნდა დავეხმარო, მერე კი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში. თუმცა ჯერ გასარკვევი ის არის, როგორი შემადგენლობით მოგვიწევს ამ ამოცანებთან გამკლავება.
- რა სჭირდება ამისთვის "იუვენტუსს".
- ყველა ვარსკვლავი უნდა დარჩეს, ბუფონიდან დაწყებული, ტრეზეგეთი დამთავრებული. დანარჩენი კი ჩვენს ახალ ხელმძღვანელობაზე. ვფიქრობ, ყველა პოზიციაზე ძლიერი ფეხბურთელები უნდა შევიძინოთ. მერწმუნეთ, დღევანდელი გუნდით სკუდეტოზე ფიქრიც არ ღირს. იპოვო და იყიდო ახალი ვარსკვლავები, ადვილი არ არის, მაგრამ თუ ძალიან მოინდომებ...
- კი მაგრამ, "იუვეში" ხომ ისევ საკმარისად არიან მაღალი დონის ფეხბურთელები.
- მაგალითისთვის, დაცვაში ფაბიო კანავარო და ლილიან ტურამი გვყავდა, მაგრამ ისინი წავიდნენ და როგორ შევცვალოთ.
- ორივე მათგანი ხომ უკვე ვეტერანია...
- მათ თავისუფლად შეეძლოთ, ჩვენს რიგებში კიდევ 5 წელი ეთამაშათ და ახალგაზრდებს გაზრდაში დახმარებოდნენ.
- ჯანლუიჯი ბუფონმა თქვა, რომ არ უნდა სერია ფ-ს მომავალ სეზონში მეთორმეტე ადგილი დაიკავოს.
- აბსოლუტურად ვეთანხმები, უნდა გავძლიერდეთ. მინდა, ასევე ვთქვა, რომ მომავალ ზაფხულს თუ რომელიმე ვარსკვლავი წასვლას გადაწყვეტს, მხოლოდ მადლობას თუ ვეტყვით. მათ ისედაც უკვე იმაზე მეტი გააკეთეს, ვიდრე უნდა გაეკეთებინათ.
- არის გუნდში ვინმე შეუცვლელი. ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ "იუვე".
- ბუფონის გარეშე. იგი ერთადერთი ასეთი ფეხბურთელია გუნდში. თითოეულმა ჩვენგანმა იცის, რომ თუ შეცდება, მეკარე აუცილებლად ყველაფერს გამოასწორებს. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მის შესანარჩუნებლად არაფერს დავიშურებდი. ჯიჯი ყველაზე ძლიერია ჩვენს შორის, იგი შეუცვლელია.
- შეიცვალა თუ არა თქვენთვის ფეხბურთი კალჩოპოლის სკანდალის მერე.
- არა. ვფიქრობ, "იუვენტუსმა" ყველას მაგივრად გადაიხადა. ჩვენ საკუთარი დანაშაულიც გამოვისყიდეთ და შეგვიძლია, სვლა თავაწეულებმა გავაგრძელოთ.
- და როგორ მოგწონთ სერია ი.
- ფეხბურთი ყველგან ფეხბურთია. ახლა უფრო მეტი სირბილია საჭირო, ეს არის განსხვავება. თუმცა პირადად მე ჩემპიონთა ლიგა ძალიან მაკლია.
- როგორ აპირებთ სერია ი-ს მოგებას.
- ის ფორა, რომელიც ჩვენმა მეტოქეებმა სეზონის დაწყებამდე მიიღეს, უკვე ამოვქაჩეთ და ახლა საქმეს ხელახლა, სერიოზულად უნდა მოვკიდოთ ხელი. თუ გუნდი მატჩის მსვლელობისას იგებს, მისი მეტოქე უფრო იღლება. როცა ვიგებთ, ხშირად მოწინააღმდეგეები ფინალურ სასტვენამდე ადრეც ნებდებიან ხოლმე. თუმცა, სამწუხაროდ, ახლა "იუვენტუსი" ისეთი ძლიერი არ არის, რომ ცივსისხლიანობა გამოიჩინოს.
- ვინ გახდა თქვენი ცხოვრების მთავარი მწვრთნელი.
- მარჩელო ლიპი. თუმცა ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, რადგან მის გარდა ისეთ მწვრთნელებთან მიმუშავია, როგორებიც არიან - სვენ გორან ერიკსონი, დინო ძოფი, ზდენეკ ზემანი, ფაბიო კაპელო... ამ სიას მხოლოდ კარლო ანჩელოტი აკლია, რაზეც ძალიან ვწუხვარ, მას ყველა აქებს.
- და რობერტო მანჩინი.
- როცა ჩვენ "ლაციოს" რიგებში ერთად ვთამაშობდით, უკვე მაშინ ჩანდა, რომ მას შეეძლო, კარგი მწვრთნელი გამხდარიყო. ახლა მანჩინის ყველაზე ძლიერი გუნდი ჰყავს. თუ "ინტერი" ამ სეზონში სკუდეტოს მოიპოვებს, დიდი შანსი ექნება, გახდეს იმ "იუვენტუსის" მსგავსი გუნდი, რომლის დამარცხებაზეც ყველა ოცნებობდა. მილანელებს ისედაც ძლიერი კლუბი ჰყავდათ, ჩვენ კი მათ ვიეირა და "იბრა" მივეცით...
- ესაუბრებით ხოლმე ზლატანს.
- ზოგჯერ. არასოდეს არ მინახავს, მას ბევრი ერბინოს. იბრაჰიმოვიჩს ძალიან უნდოდა "ინტერში" გადასვლა და როცა ეს შეძლო, გაბედნიერდა. მალევე მან მობილურზე მან სურათი გამომიგზავნა, რომელზედაც "ნეროაძურის" მაისურა აცვია და სკუდეტოს ემბლემას ჰკოცნის, ჩემი სკუდეტოს ემბლემას...
- უკვე გადაწყვიტეთ, რას იზამთ ფეხბურთიდან წასვლის მერე.
- არა. შემიძლია, ბავშვები გავწვრთნა ან კლუბის ადმინისტრაციაში რომელიმე თანამდებობა დავიკავო. არც ისაა გამორიცხული, ფეხბურთიდან საერთოდ წავიდე. მოკლედ, ვნახოთ.
- იქნებ თქვენი ჰობი განავითაროთ. ბოლო დროს ხომ ღვინოებმა გაგიტაცათ...
- დიახ, ეს მართალია. პემონტური წითელი და "ვალე დაოსტა".
- კონკრეტულად რომელი ღვინო მოგწონთ.
- "ბარბერა".
(ც) გაზეთი "სარბიელი "
(ც) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი
მიმაგრებული სურათი