ფეხბურთი ჩემთვის «მილანს» ნიშნავს21.05.2007წ გაზეთი: "კვირის პალიტრა"«მილანის» გულშემატკივართა შიში არ გამართლდა. «ლივერპულთან» ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი «შავ-წითელთა» ლეგენდარული კაპიტნის,
პაოლო მალდინის საფეხბურთო კარიერაში უკანასკნელი არ იქნება. კაპიტანმა გადაწყვიტა, იტალიურ გუნდში კიდევ ერთი სეზონი გაატაროს - რიგით 24-ე. როცა «სან პაოლო» (მალდინის ერთ-ერთი მეტსახელია) კარიერას დაასრულებს, მის 3-ნომრიან მაისურს აღარავინ ჩაიცვამს მანამ, სანამ პაოლოს ვაჟი, კრისტიანი «როსონერის» ძირითად გუნდში არ მოხვდება. უეფას ოფიციალური ვებ-გვერდის ჟურნალისტთან საუბარში, 38 წლის ფეხბურთელმა მომავალ, მისთვის რიგით მერვე ჩემპიონთა ლიგის ფინალსა და მალდინების დინასტიაზე ილაპარაკა.
- 2005 წლის ფინალში «ლივერპულთან» დამარცხების შემდეგ, წლევანდელ ფინალს განსაკუთრებულად მიიჩნევთ?- «ლივერპულთან» შეხვედრაში რევანშის შესაძლებლობა მოგვეცემა, თუმცა, მოწინააღმდეგის მიმართ წყენას ნამდვილად არ ვგრძნობთ. უამრავი ისეთი მატჩი მოვიგე, რომელშიც აუცილებლად უნდა გამემარჯვა. ინგლისურ კლუბთან შარშანწინდელი შეხვედრა ასეთთა რიცხვში არ ყოფილა - უნდა მოგვეგო, მაგრამ ვერ შევძელით. ოთხშაბათს ჩვეული თამაში უნდა ვაჩვენოთ. ლივერპულელები - მრისხანე მეტოქეები არიან, განსაკუთრებით, ჯერარდი და კრაუჩი.
- სამი ფინალი ოთხ წელიწადში. რაშია ჩემპიონთა ლიგაში ასეთი წარმატებული გამოსვლის საიდუმლო?- ამის მიზეზი «მილანის» თამაშის განსაკუთრებული სტილის გარდა, მისი ტრადიციები და ისტორიაცაა. «მილანი» ერთადერთი გუნდია, რომელიც 35-ს გადაცილებულ მოთამაშეებსაც კი ენდობა.
- კიდევ რამდენ ფინალში აპირებთ თამაშს?- ათენის ფინალის შემდეგ, კიდევ ერთი მსგავსი რანგის მატჩში თამაშის იმედი მაქვს, რადგან მომდევნო სეზონი ჩემთვის ნამდვილად უკანასკნელი იქნება.
- «ლივერპულის» წინააღმდეგ ჩატარებული ფინალი მერვე იქნება თქვენთვის ჩემპიონთა ლიგაში. ასეთივე მაჩვენებელი აქვს მადრიდის «რეალის» ლეგენდარულ ფეხბურთელს პაკო ჰენტოს. რას ფიქრობთ ამ მიღწევაზე?- სიმართლე გითხრათ, სტატისტიკას თითქმის არასდროს ვაქცევ ყურადღებას. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიპოვო. «მილანმა» შესაძლებლობა მომცა, მონაწილეობა უამრავ ფინალურ მატჩში მიმეღო. მერწმუნეთ, ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩამდე მისასვლელად ურთულესი გზის გავლაა საჭირო.
- ბავშვობაში თუ გიოცნებიათ ამაზე?- არა, რას ამბობთ. უბრალოდ, მსურდა, სერია A-ს კარგი მოთამაშე ვყოფილიყავი. როცა კარიერას ვიწყებდი, იტალიური კლუბები არც ისე ხშირად ახერხებდნენ ევროპული ტროფეის მონადირებას. 1960-იან წლებში, «მილანმა» და «ინტერნაციონალემ» ორჯერ გაიმარჯვეს ჩემპიონთა თასის გათამაშებაში, მთლიანობაში კი იტალიას არც ისე ბევრი ისეთი გუნდი ჰყავდა, ევროპაში ლიდერობას რომ შეძლებდა.
- ფეხბურთის სიყვარული მამის, ჩეზარე მალდინისგან გამოგყვათ?- მამა ფეხბურთზე თითქმის არ მელაპარაკებოდა, ის უფრო იმაზე ფიქრობდა, ჩემთვის კარგი განათლება მოეცა, ძლიერ პიროვნებად ვქცეულიყავი. ფეხბურთი იმ წამიდან შევიყვარე, რაც ქვეყანას მოვევლინე. დღესაც ეს სიყვარული მაძლევს ძალას, ასაკის მიუხედავად, ისევ ვითამაშო. არა მგონია, ეს გრძნობა ოდესმე გაფერმკრთალდეს. მაგრამ გამორჩეულ შედეგებს რომ მიაღწიო და მუდმივად მწვერვალზე იყო, უნდა გაგიმართლოს კიდეც და ისეთ ლეგენდარულ კლუბში მოხვდე, როგორიც «მილანია». მე გამიმართლა... «მილანი» ჩემთვის ფეხბურთია! მილანში დავიბადე და მთელი კარიერა ამ კლუბში გავატარე. მოკლედ, ჩემთვის სიტყვა ფეხბურთი «მილანს» ნიშნავს.
- თქვენი შვილი «მილანის» ბავშვთა გუნდში თამაშობს. როგორ ფიქრობთ, მისგან კარგი ფეხბურთელი დადგება?- კრისტიანი 11 წლის არის. თუ თავის ნიჭს ბოლომდე გამოიყენებს, აუცილებლად მიაღწევს შედეგს.
- როცა კარიერას დაასრულებთ, თქვენს მაისურს «ხმარებიდან ამოიღებენ». ისურვებდით «მილანის» 3-ნომრიან მაისურში გამოწყობილი შვილი გეხილათ?- თუ ვინმე ჩემი მაისურით კიდევ ითამაშებს, ეს აუცილებლად კრისტიანი იქნება. ასეთ შემთხვევაში, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი...
- ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ მამის კვალზე წასვლას და მწვრთნელობას ხომ არ აპირებთ?- სწორედ იმიტომ, რომ ვხედავ, რამხელა ენერგიის ხარჯვა და ნერვიულობა უხდება მამაჩემს, არ მსურს მწვრთნელი გავხდე. აი, «მილანში» რაიმე თანამდებობის დაკავება კი ცუდი ნამდვილად არ იქნებოდა. რაც უნდა იყოს, ამ კლუბში მთელი ცხოვრება გავატარე...
- არასდროს გაგჩენიათ აზრი, ძალები სხვა ქვეყნის ჩემპიონატში მოგესინჯათ?- ვიცი, რომ თავის დროზე, ჩემი გადაბირება «რეალსაც» სურდა და «ბარსელონასაც». ბუნებრივია, ასეთი კლუბების დაინტერესებით კმაყოფილი გახლდით, თუმცა, ვერაფერი მაიძულებდა, «მილანი» მიმეტოვებინა. ეს იმ დროს, როცა ყველაზე ტექნიკურ და სანახაობრივ პირველობად ესპანეთის ჩემპიონატი მიმაჩნია.
- გული ხომ არ დაგწყდათ, «ოქროს ბურთი» ფაბიო კანავაროს რომ ერგო? თქვენ ხომ ლამის მუდმივად ითვლებოდით ამ პრიზის პრეტენდენტად...- პირიქით, მოხარულიც ვარ, რომ როგორც იქნა, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მცველმა დაიმსახურა. მსგავსი სახის პრემიების მინიჭებისას, დიდი მნიშვნელობა აქვს მოპოვებულ ტიტულებს და კიდევ იმას, რამდენად სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს მოთამაშე. ამჯერად, «ოქროს ბურთის» მთავარმა პრეტენდენტმა, რონალდინიომ მსოფლიო ჩემპიონატზე ძალზე უფერულად ითამაშა. ასე რომ, პრიზი კანავაროს სავსებით დამსახურებულად ერგო.
მიმაგრებული სურათი