Bitunaაუ ეხლა შენი და შენი სისულელეების თავი არ მაქვს
basti87შეგიძლია გადახედო ჩემს სტატიას ამ თემაზე,სადაც ყველაფერი მეტ-ნაკლებად ვრცლად არის აღწერილი და რა თქმა უნდა ობიექტურად

"სარბიელი"
# 183
სამშაბათი, 14 აგვისტო, 2007 წელი
იტალიას სახელი გაუტყდა? პლატინიმ დომენეკს ენაზე აკბენინა
გიორგი კაკაბაძე
ამ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა რაიმონ დომენეკმა "ლე პარიზიენთან" საუბარში, შეიძლება ითქვას, სკანდალური განცხადება გააკეთა, რომელიც იტალიის ნაკრებს და მსაჯების მოსყიდვას ეხება.
მოგეხსენებათ, იტალიისა და საფრანგეთის ნაკრებები საქართველოსთან, შოტლანდიასთან, უკრაინასთან და ფარერებთან ერთად ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის მე-2 შესარჩევ ჯგუფში არიან. 8 სექტემბერს "მამლები" "სკუადრა აძურას" "სან სიროზე" სტუმრობენ და ამ შეხვედრის შედეგის მნიშვნელობაზე ალბათ ზედმეტი საუბარი საჭირო არც არის.
დომენეკის სიტყვებმა მატჩამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე ვითარება კიდევ უფრო დაძაბა. მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ იტალია-საფრანგეთის ისტორიულ დაპირისპირებას, 2006 წლის მუნდიალის ფინალს და ასე შემდეგ. მნიშვნელოვნად გაიზარდა ფანებს შორის შესაძლო შეხლა-შემოხლის ალბათობაც.
"მთავარი პრობლემა, შესაძლოა, მსაჯები გახდნენ, მაგრამ ეს ყოველთვის პრობლემაა იტალიასთან. მაგალითად, გავიხსენებ 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადის შესარჩევ მატჩს იტალიისა და საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის. აპენინელებმა მსაჯი მოისყიდეს, რომელიც საოცარ გადაწყვეტილებებს იღებდა. ამგვარი რამ ერთხელ შეიძლება შემთხვევითობა გეგონოს და თან ფაქტების გარეშე საუბარი ძნელია, მაგრამ ცოტა ხნის წინ განვითარებული მოვლენების მიხედვით ვიცით, რომ იტალიურ ფეხბურთში მთლად სუფთად არ არის საქმე" - განაცხადა დომენეკმა.
შემდეგ 55 წლის სპეციალისტმა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი გაიხსენა და... მარკო მატერაცი შეაქო.
რაიმონ დომენეკი: "მან გაიტანა გოლი, მსაჯს ჩვენი საუკეთესო მოთამაშე გააგდებინა და პენალტების სერიაშიც ზუსტად დაარტყა. ასე რომ, ფინალის საუკეთესო მოთამაშე მატერაცი გახლდათ და არა ანდრეა პირლო. შეურაცხყოფა კარგი არ არის, მაგრამ სხვისი პროვოკაციაზე წამოგება კარგად ცნობილი რამ არის. ეს ყველა სპორტში ხდება, ფრენბურთშიც კი, რომელშიც მოთამაშეებს ერთმანეთთან ბადე აშორებთ. შეგიძლია, მინდორზე მეტოქე წყობიდან გამოიყვანო და ეს შენი გუნდის სასარგებლოდ გამოიყენო. პროვოკატორი თავის გუნდს ეხმარება და სიძლიერეს ამჟღავნებს, ხოლო ის, ვინც წყობიდან გამოდის, სისუსტეს იჩენს".
"მამლების" მწვრთნელი ასევე მოულოდნელად გადაერთო იტალიური ფეხბურთის ქებაზე.
"შეგვიძლია, რაც გვინდა, ის ვთქვათ, მაგრამ ფაქტია, რომ იტალიელებს განსაკუთრებული, საოცარი მოთამაშეები ჰყავთ და მათ პატივს ვცემ. ისინი ყველაზე რაციონალურ, გააზრებულ და შედეგიან ფეხბურთს თამაშობენ ევროპაში და, შესაძლოა, მსოფლიოშიც. მე ეს მომწონს. დანარჩენი "სან სიროზე" გამოჩნდება 80 ათასი ქომაგის თვალწინ, რომლებიც ჩვენზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას შეეცდებიან" - დასძინა ფრანგთა თავკაცმა.
დომენეკის სიტყვებს მსაჯის მოსყიდვასთან დაკავშირებით, ცხადია, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პირველ რიგში უეფას იტალიური ფესვების მქონე ფრანგი პრეზიდენტის მიშელ პლატინის მხრიდან.
"თუ დომენეკი თავის სიტყვებს ფაქტებით ვერ გაამყარებს, იგი დაისჯება. ჩვენ გავუგზავნით წერილს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას და ყველაფრის გარკვევას მოვითხოვთ. თუ ისინი ფაქტებს ვერ წარმოადგენენ, როგორც ვთქვი, მწვრთნელი დაისჯება" - აღნიშნა პლატინიმ.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ და მისმა მმართველებმა საგანგებო განცხადებების გაკეთება საჭიროდ არ ჩათვალეს და მწვავე რეაქცია არ ჰქონიათ. უბრალოდ, აღნიშნეს, საერთაშორისო მატჩებზე მსაჯებს საერთაშორისო ორგანიზაციები, ფიფა და უეფა ნიშნავენ და არა იტალიის ფეხბურთის ფედერაციაო.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ კი მალევე მოიხადა ბოდიში. კერძოდ, მისმა პრეზიდენტმა ჟან-პიერ ესკალეტმა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ჯანკარლო აბეტეს დაურეკა და მოუბოდიშა.
"დომენეკის სიტყვები მხოლოდ მის პირად მოსაზრებას ეყრდნობოდა. დარწმუნებული ვარ, "სან სიროზე" მატჩი ყოველმხრივ სპორტულ ატმოსფეროში ჩაივლის, ისე, როგორც ჩაიარა საფრანგეთი - იტალიის პირველმა შეხვედრამ შარშან სექტემბერში პარიზში" - თქვა ესკალეტმა.
იტალიის ნაკრებისა და "მილანის" ნახევარმცველი ჯენარო გატუზო: "მაშინ მეც ახალგაზრდულ გუნდში ვიყავი და ვერ გავიგე, რა ალაპარაკებს დომენეკს. ბრწყინვალე მატჩი იყო, რომელიც თავისუფლად შეიძლებოდა საფრანგეთსაც მოეგო. თუ მას უნდა, მზად ვარ, იმ შეხვედრის ვიდეოჩანაწერს ერთად ვუყუროთ და გავარჩიოთ, იყო თუ არა მსაჯი მოსყიდული. არ მესმის, რატომ გააკეთა დომენეკმა ამგვარი განცხადება. თუმც ამ თემაზე საუბრის გაგრძელება აღარ მინდა, რადგან იტალია - საფრანგეთის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია და არ მსურს, ვითარება უფრო დავძაბო".
"დომენეკმა იცის, რომ იტალია - საფრანგეთის მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია და ცდილობს, აურზაური ატეხოს. თუ რაც თქვა, ყველაფერი მართალია, მაშინვე რატომ არ გააკეთა ეს განცხადებები. იგი ამ ხერხით ცდილობს 8 სექტემბრის შეხვედრის მსაჯზე გავლენის მოხდენას. სამწუხაროა, მაგრამ ასეა" - აღნიშნა "სკუადრა აძურას" მენეჯერმა ლუიჯი რივამ.
ყველაზე კატეგორიული და მკაცრი კი იტალიელთა მხრიდან "აძურინის" იმდროინდელი მწვრთნელი მარკო ტარდელი გახლდათ, რომელმაც დომენეკს იდიოტი და "ლუზერი", ანუ "მუდამ დამარცხებული" უწოდა.
"ყველაფერი, რასაც დომენეკი მაშინ ამბობდა და ახლა ამბობს, სისულელეა. მას მოსწონს ასე მოქცევა და ცდილობს, მეტოქე პროვოკაციაზე წამოაგოს. ეს ორმატჩიანი პლეი ოფი იყო და ალბათ პირველი შეხვედრის მსაჯიც უნდა მოგვესყიდა. შესაძლოა, დომენეკი ცდილობს, წინასწარ გაიმართლოს და დაიზღვიოს თავი, თუ საფრანგეთი 8 სექტემბერს "სან სიროზე" წააგებს. ისე კი, მისთვის პასუხის გაცემა უაზრობად მეჩვენება" - თქვა ტარდელიმ.
2000 წლის სიდნეის ოლიმპიადის შესარჩევი შეხვედრა 1999 წლის 17 ნოემბერს იტალიაში 1:1 დასრულდა, ისევე, როგორც პირველი მატჩი საფრანგეთში. საბოლოოდ "აძურინიმ" დამატებით დროში იმარჯვა.
იმ შეხვედრას კარდოზო კორტესი წვრთნიდა, რომელმაც ფრანგებს კრისტიან ბასილა გაუძევა, ვინც რობერტო ბარონიოს ჩაარტყა არასათამაშო ეპიზოდში და ეს ერთ-ერთმა თანამსაჯმა შენიშნა.
მარკო ტარდელი: "იქნებ სჯობდეს, საპასუხოდ დომენეკს ვკითხოთ, თუ რატომ ვერ მიაღწია უფრო მეტ წარმატებას საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების სხვადასხვა თაობებთან ერთად, რომლებმაც მის ხელში გამოიარეს. მას არასდროს არაფერი მოუგია. ასე რომ, ეს "ლუზერის" იდიოტური განცხადებებია".
აღვნიშნოთ, რომ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატების ისტორიაში იტალია ყველაზე ტიტულიანია. "აძურინის" ეს ტურნირი 1992, 1996, 2000 და 2004 წლებში მოუგია.
და ბოლოს, დომენეკი გააკრიტიკა დავიდ ტრეზეგემაც. მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსის" ფრანგ ფორვარდს ეროვნული ნაკრების მწვრთნელთან არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს.
"წავიკითხე მისი სიტყვები და გაოცებული დავრჩი, რა სირცხვილია... ასე ლაპარაკით და ქცევით დომენეკმა მთელი საფრანგეთისა და ზოგადად საფეხბურთო სამყაროს რეპუტაცია შელახა. იგი ლაპარაკობს, რათა, უბრალოდ, ილაპარაკოს. რაც შემეხება მე, თებერვლის მერე არ მივუწვევივარ. თუ 22 აგვისტოს სლოვაკეთთან მატჩისთვის გამომიძახებს, ხომ კარგი, მაგრამ თუ არა, არა უშავს, მოვითმენ" - თქვა ტრეზეგემ.
(ც) გაზეთი "სარბიელი "
(ც) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი
This post has been edited by Goodman on 28 Aug 2007, 01:15