ინტერვიუ სებასტიან დაისლერთან
მე ჩემი გზა ვიპოვე!
სება რვათვიანი დუმილის შემდეგ ალაპარაკდა. თაგესშპიგელისთვის მიცემულ ინტერვიუში ის თავისი ცხოვრების ტკივილზე გვიამბობს...
კარიერის მოულოდნელად დასრულების შემდეგ, სებასტიან დაისლერი დაიკარგა. "ბაიერნის" ფეხბურთელები საჯაროდ საყვედურობდნენ, მას მერე, რაც ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა, "ზებენერშტრასეზე" ერთხელაც არ შემოუვლია, ნუთუ არ აინტერესებს, როგორ მიდის ჩვენი საქმეებიო. უსაყვედურა ული ჰიონესმაც, "ბაიერნმა" სებასგან ნამდვილად არ დაიმსახურა ის, რომ თვეების მანძილზე ერთხელაც არ მოგვიკითხოს და არ გვინახულოსო. ბასტი-ფანტასტი რვა თვე დუმდა, ამ ხნის მანძილზე მას ერთი ინტერვიუც კი არ მიუცია, ბერლინში, საკუთარ სახლში ჩაიკეტა და თუ კარის ზღურბლს გადააბიჯებდა, გერმანიას საერთოდ ტოვებდა და სამოგზაუროდ მიდიოდა. მან დუმილი გუშინწინ დაარღვია და კარიერის დასრულებიდან რვა თვის შემდეგ, პირველი ინტერვიუ მისცა გაზეთ "თაგესშპიგელს". ბერლინული გამოცემის ჟურნალისტს სებამ გული გადაუშალა - ყველაფერზე გულახდილად ისაუბრა: დეპრესიებზე, ტრავმებზე.
...მას გრანდიოზულ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, მას დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა. ბუნდესლიგაში პირველი გოლი სებამ 1999 წელს, მიონხენგლადბახის "ბორუსიის" მაისურით გაიტანა, 2002 წელს "ჰერტადან" "ბაიერნში" გადავიდა და გერმანიის ნაკრების წევრიც გახდა. მაგრამ იმ დროს, როცა საფეხბურთო გერმანია ბასტი-ფანტასტის თამაშით ტკბებოდა, დაისლერი იტანჯებოდა. ბევრი ალბათ ვერც ვერასდროს გაიგებს, როგორ შეიძლება, რომ უბედური იყოს ადამიანი, რომელმაც "ბაიერნში" გადასვლის გამო, მხოლოდ ჯიბის ფულის სახით 20 მილიონი მარკა მიიღო. სება ახალ გზებს ეძებდა, ბუდიზმს მიაწყდა, დალაი ლამას შეხვდა, მაგრამ გზა, რომელიც საფეხბურთო კარიერას გააგრძელებინებდა, ვერ იპოვა და სპორტიდან წავიდა. ახლა მშვიდადაა და ერთი რამ იცის - ფეხბურთში აღარასოდეს დაბრუნდება. სებასტიან დაისლერი გერმანული ფეხბურთის ტკივილია. აი, მისი ინტერვიუც.
- ჰერ დაისლერ, კარიერა რვა თვის წინათ დაასრულეთ და მას მერე აღარ გამოჩენილხართ. რატომ? და საერთოდ, როგორ ხართ?
- კარგად ვარ. ხალხში გამოჩენა აღარ მინდოდა, სიმშვიდე მჭირდებოდა. და ამ მხრივ, არც არაფერს შევცვლი. ძალიან გთხოვთ, სწორად გამიგეთ, არ მინდა, რომ ისევ საჯარო თემა გავხდე. მინდა, რომ ჩემი ცხოვრება თვითონ ვმართო. ახლა კი შემიძლია, ყველაფერზე გულახდილად ვისაუბრო და ნაწილობრივ მაინც ავხსნა, თუ რატომ დავასრულე კარიერა.
- 27 წელი ფეხბურთელისთვის იდეალური ასაკია და თქვენ სწორედ ასეთ ასაკში წახვედით. ფეხბურთის თამაში არ მოგენატრათ?
- ფეხბურთი, რომელიც მე მაკლია და მენატრება, არის სულ სხვა ფეხბურთი და არა ისეთი, როგორიდანაც წამოვედი. მე მივხვდი, რომ არ ვარ დაბადებული იმ სამყაროსთვის, რასაც თანამედროვე საფეხბურთო სამყარო ჰქვია. ბოლოს უკვე ძალიან დაღლილი ვიყავი, აბსოლუტურად დაცარიელებული და დაბერებული. ვირბინე და გავძელი იმდენ ხანს, სანამ ფეხებმა და გულმა გამიძლეს. მეტი აღარ შემეძლო.
- მოდით, ყველაფერი დავალაგოთ. გადაწყვეტილება, რომელმაც მთელი გერმანია შოკში ჩააგდო, თქვენ წლის დასაწყისში, დუბაის შეკრების დროს, ძალიან სპონტანურად მიიღეთ...
- სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი. ძალიან გაბრაზებული ვიყავი, პირველ რიგში საკუთარ თავზე. და მე არც ვითხოვ იმას, რომ ყველამ გამიგოს. ნელ-ნელა ყველაფერი მოგვარდა, ახალი ცხოვრება დავიწყე და ეს რვა თვეც გარკვეული ადაპტაცია იყო. მხოლოდ იმას ვითხოვ, რომ ჩემს გადაწყვეტილებას ყველამ პატივი სცეს.
- ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, პირველ დღეებში არ გაგიჭირდათ?
- პირიქით, გახარებული ვიყავი და უდიდესი სიმსუბუქე ვიგრძენი. რამდენიმე თვე მჭირდებოდა იმისათვის, რომ მშვიდ რიტმში გამეგრძელებინა ცხოვრება. დღესდღეობით ძალიან კარგად ვარ.
- ული ჰიონესმა თქვა, დაისლერისთვის ბრძოლა წავაგეთო. თქვენც ასე ფიქრობთ: საკუთარი თავისთვის ბრძოლა წააგეთ?
- არა, მე სხვა აზრი მაქვს. იცით, რამდენ ხანს ვებრძოდი საკუთარ თავს? ბოლომდე ვიბრძოდი. ჰიონესს ძალიან ვემადლიერები იმის გამო, რომ მომისმინა და გამიგო. იანვარში მივაღწიე ზენიტს და მივხვდი, რომ იმის იქით უკვე ნამდვილი უფსკრული იყო. დუბაიში ყოფნისას, ბოლო ტესტ-მატჩში კინაღამ მორიგი ტრავმა მივიღე და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე.
- დღეს რას ფიქრობთ იმ გადაწყვეტილებაზე?
- ეს დამარცხება კი არა, გამარჯვება იყო. დიახაც, ეს გამარჯვება იყო, რომელმაც გული მატკინა! დღეს უკვე ბევრი რამ ნათელი და გასაგებია. შესაბამისად, შემიძლია ავხსნა, რატომ მოხდა ასე.
- აგვიხსენით...
- ასეთ შემთხვევაში მე ძალიან უკან უნდა დავბრუნდე. ეს აუცილებელია, რადგან მიზეზებს ჩემს წარსულში მივაკვლიე. ჩემს მშობლიურ ლიორახში, სადაც გავიზარდე, ფეხბურთს უამრავი ბავშვი თამაშობდა. 14-15 წლის ბიჭები ეზოში ვიკრიბებოდით. სიმაღლეში 160 სანტიმეტრიც კი არ ვიყავი, მაგრამ ფეხბურთს სხვებზე გაცილებით უკეთ ვთამაშობდი, რაც სხვებს არ მოსწონდათ. ერთხელაც, დაცინვა დამიწყეს იმის გამო, რომ ძალიან გამხდარი და დაბალი ვიყავი.
- მაგრამ ეს ხომ ბავშვები იყვნენ...
- დიახ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მეც ბავშვი ვიყავი. შესაბამისად, ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულად მივიღე, ვნერვიულობდი. დღეს ამაზე მეცინება, მაგრამ მაშინ იმ ყველაფერმა ჩემზე ძალიან იმოქმედა.
- მშობლები რას გეუბნებოდნენ?
- ურთიერთობის მხრივ ოჯახში იდილია იყო, მაგრამ მშობლები ვერ მეხმარებოდნენ, მათ თავიანთი პრობლემები ჰქონდათ. დედაჩემს არ უნდოდა, რომ გარეთ გავსულიყავი, ეზოში გაშვებაზე მუდმივად უარს მეუბნებოდა, მაგრამ მე საკუთარ შანსს მაინც ეზოში ყოფნაში ვხედავდი. სწორედ ამ ფაქტორმა მაიძულა მოგვიანებით, რომ სახლიდან წამოვსულიყავი. დღეს უკვე ვიცი, რომ სახლიდან წასვლის გადაწყვეტილება ძალიან ადრე მივიღე, ცოტა კიდევ უნდა მომეცადა.
- და მიუხედავად იმისა, რომ წნეხი უმძიმესი იყო, მაინც წახვედით...
- დიახ და ბალასტიც თან გავიყოლე. ჩემს მონდომებას ნიჭიც თან დაერთო და წინ რაკეტასავით გავექანე. ეს იყო 90-იანი წლების ბოლოს, როცა პროგრესს ელვისსისწრაფით განვიცდიდი. დღეს ვხვდები, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და ტალღა, რომელიც ჩემსკენ წამოვიდა, შეუჩერებელი იყო.
- გერმანული ფეხბურთი კრიზისში იყო, თქვენ კი მისი უმთავრესი იმედი. დაისლერი მთელი ნაციის იმედად იქცა...
- წარმოგიდგენიათ? ლამის მესიად შემრაცხეს, გერმანული ფეხბურთი მე უნდა გადამერჩინა, არადა მხოლოდ 19 წლის გახლდით.
- და იმ დროს მიონხენგლადბახიდან ბერლინში წახვედით...
- ოჰ, ბერლინი - ქალაქი, სადაც ყველაფერი სულ სხვანაირად იყო, არანორმალურად. დედაქალაქში ნულიდან ათასზე გადავხტი! ყველას იმის გაგება უნდოდა, თუ რომელ ჯინსს ვანიჭებდი უპირატესობას ან რომელ სუნამოს ვხმარობდი. პირადი ცხოვრება ფაქტობრივად აღარ მქონდა. საზოგადოებას ჩემგან ბექჰემის გამოძერწვა უნდოდა, მაგრამ მე არ ვარ ასეთი! მიუხედავად ამისა, მაინც ვეცადე, ბოლომდე ვეცადე, მაგრამ ვერაფერი შევცვალე.
- რა უნდა შეცვლილიყო?
- მაგალითად, როდესაც ავტოგრაფებს ვარიგებდი, ვცდილობდი, მხოლოდ ხელი კი არ მომეწერა, არამედ ფანებს გამოვლაპარაკებოდი და მათთან კონტაქტი დამემყარებინა. და იცით რა იყო ყველა ფანის მეორე კითხვა? "რომელი მანქანა მოგწონთ ყველაზე მეტად? რამდენი გაქვთ ხელფასი?" თუ მხოლოდ ეს გაინტერესებთ, მაშინ მშვიდობით-მეთქი! აი, ესეც დეპრესიის ერთ-ერთი მიზეზი. ყველას ერთნაირი, ბანალური და სულელური კითხვები ჰქონდა.
- რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, ასეთი ფეხბურთისთვის არ დავბადებულვარო?
- მინდა, რომ სწორად გამიგოთ. ჩემი სურვილი იყო, რომ მეც ამ მასის ნაწილი გავმხდარიყავი, მაგრამ ეს არ გამომივიდა. ფეხბურთში, ისევე, როგორც ცხოვრებაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სტატუსს, ტიტულს, ეგოს, ძალაუფლებას. დიდხანს ვცდილობდი, მაგრამ არ გამომივიდა. ნიღაბი მეკეთა, შინაგანად კი ამ ყველაფერს ვებრძოდი. მე სულ სხვა რამე მჭირდებოდა და მინდოდა.
- რას ეძებდით, რა გჭირდებოდათ?
- სიამოვნება, სიხარული. ჩემთვის არ იყო მთავარი "გუჩის" სათვალე ან "დოლჩე გაბანას" ტანსაცმელი. ცხადია, იყო მომენტები, როცა ასეთი პრინციპების გათავისებაც ვცადე, მაგრამ მერე საკუთარ თავზე მეცინებოდა. ბერლინში, საკუთარ სახლში ვიჯექი, მთელს გერმანიაში ცნობილი პიროვნება გახლდით და კართან ჩემი საკუთარი "მერსედესი" იდგა, მაგრამ ეს არ იყო ბედნიერება. საკუთარ თავს ვეკითხებოდი: ნუთუ ყოველივე ეს და მეტი არაფერი? უბედური გახლდით!
- რატომ არაფერი მოიმოქმედეთ?
- ეს არ იყო იოლი. ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ საწინააღმედგოს გაკეთება კედლისკენ თავით გაქანება იქნებოდა.
- 2001 წლის ოქტომბერში გაზეთმა "ბილდმა" გამოაქვეყნა თქვენი პირადი ანგარიში, სადაც მითითებული იყო, რომ "ჰერტადან" "ბაიერნში" გადასვლისთვის ჯიბის ფულის სახით 20 მილიონი მარკა მიიღეთ...
- დიახ, გაზეთი ნაშუადღევს ვნახე, საღამოს კი "ჰამბურგთან" ვითამაშე და პირველი უმძიმესი ტრავმა მივიღე. ამ ფაქტამდე რამდენიმე თვით ადრე, ზაფხულში, "ჰერტას" მენეჯერ დიტერ ჰიონესს ვუთხარი, მიუნხენში მივდივარ-მეთქი. მან კი მთხოვა, ჯერ ნურაფერს იტყვი, ნახევარი წელი მოვიცადოთ, თორემ უმძიმესი წნეხის ქვეშ მოექცევი და გაგიჭირდებაო. დიტერი მართალი იყო, მაგრამ ტყუილის თქმა ძალიან მიჭირდა. ფანები, ჟურნალისტები და თანაგუნდელები ყოველდღე მეკითხებოდნენ, სადმე ხომ არ გადადიხარო და სიმართლეს რომ არ ვამბობდი, დეპრესია დამეწყო. ოქტომბერში კი ეს ამბავიც გასკდა და მეც გამყიდველი გამოვედი. ბერლინში უცებ შემიძულეს, ტრიბუნებიდან მაგინებდნენ... ახლა ვხვდები, რომ კარიერა მაშინ უნდა დამესრულებინა, მაგრამ ფეხბურთი ვერ მივატოვე.
- განაგრძეთ...
- ბერლინიდან ასე წასვლა გამორიცხული იყო. მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ დარჩენილ დროში "ჰერტასთვის" ბოლომდე დავიხარჯებოდი, მაგრამ ტრავმირებული გახლდით და ეს არ შემეძლო. ესეც დეპრესიის მიზეზი გახდა. ახლა ვხვდები, რომ მაშინვე უნდა მეთქვა ყველაფერი, რასაც ვგრძნობდი. მადანაშაულებდნენ იმაში, რისი შეცვლაც არ შემეძლო და ამაზე დიდი საშინელება არაფერია. მაშინ უკან დავიხიე და ჩავიკეტე, ახლოს აღარავის ვიკარებდი. მხოლოდ მშვიდად ყოფნა მინდოდა და მეტი არაფერი. სამი კვირის წინათ, ბერლინში, ბერძნული რესტორანის წინ, ჩემი ფოტო ვნახე. მახსოვს, ამ რესტორანში "ჰერტას" ფეხბურთელმა კოსტას კონსტანტინიდისმა წამიყვანა. რესტორნის მფლობელთან ფოტო გადავიღეთ. მას მერე, ეს ფოტო პირველად ახლა ვნახე და გავოცდი - იმ ფოტოზე ნათლად ჩანს ჩემი ტკივილი, ჩემი პრობლემები. აი, საიდან დაიწყო ჩემი დეპრესიები.
- მერე იყო "ბაიერნი"...
- და მეც იმედი მქონდა, რომ უამვრავ ვარსკვლავთან ერთად, მე აღარ ვიქნებოდი ყველაზე კაშკაშა და შესაბამისად, მშვიდად ვიმუშავებდი. თანაც, მიუნხენში ტრავმირებული ჩავედი - ფეხიც მტკიოდა და თავიც. მოგვიანებით ფსიქიატრიულ კლინიკას მივაშურე და უნდა ვაღიარო, რომ ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება. უბრალოდ, მორიგი ცდა იყო. ღმერთო ჩემო, უტოპიური ოცნებები მქონდა...
- როგორ ფიქრობთ, რა შეცდომა დაუშვით, რა გაკლდათ?
- ფუნდამენტი! ძლიერი ფუნდამენტი. სახლიდან 15 წლისა წავედი და მხოლოდ ფეხბურთზე გავხდი დამოკიდებული. და ჯერ კიდევ მაშინ მქონდა პრობლემები. ჩემი დამცველი ჩემი ტალანტი იყო. სხვათა შორის, ფეხბურთშიც არიან ისეთები, სხვა ინტერესები რომ აქვთ და მხოლოდ ჯინსებზე და სათვალეებზე რომ არ ფიქრობენ. მაგალითად, როკე სანტა კრუსი, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან ვაფასებ. მე მისი ყოველთვის მშურდა, რადგან მას ჰქონდა ფუნდამენტი. 2002 წელს ჩემი მეუღლე გავიცანი და მხოლოდ მასთან ვიპოვე საკუთარი თავი. მერე ვაჟი გვეყოლა, რომელიც ახლა სამწელნახევრისაა. მეუღლემ და შვილმა მომცეს ძალა, რომ ჩემი ოცნებისთვის ბრძოლა გამეგრძელებინა: მეთამაშა ფეხბურთი, მაგრამ მქონოდა საკუთარი სამყარო. როკე გენიალური პიროვნებაა. მან შეძლო და გული გააღო, მე კი ჩავრაზე, სამუდამოდ.
- რატომ?
- ტრავმები ყელში ამომივიდა, მაგრამ მაინც ვცდილობდი გადარჩენას. ალბათ ჩემი სხეულისთვის უნდა მეგდო ყური და ის ბავშვებიც მართლები იყვნენ: ძალიან სუსტი ვიყავი. ფეხბურთი არ უნდა მეთამაშა, მაგრამ სპორტის ეს სახეობა იმდენად მიყვარდა, რომ თვალები დავხუჭე, თავი მოვიტყუე და მაინც ვითამაშე. ყველა ხედავს, როგორც დამთავრდა ეს ყველაფერი.
- და დანებდით...
- დიდხანს ვეცადე. ოლი კანი მეუბნებოდა, ან აქ უნდა იყო, ან უნდა წახვიდეო. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ არ შემეძლო. მე ჩემი ინტუიციითა და ჩემი გრძნობებით ვცხოვრობ. მოედანზე არასდროს მქონდა გეგმა, მე უბრალოდ ვხედავდი, ვის რა შეეძლო და რა არა, ვხედავდი და ვგრძნობდი, ვის როგორი პასი სჭირდებოდა. გამიგეთ? ეს არის ჩემი ინტუიცია, ჩემი ფანტაზია. აი, რატომ ვთამაშობდი ფეხბურთს ასე კარგად იმ დროს, როცა მშვიდად ვცხოვრობდი.
- წასვლა ერთხელაც არ გინანიათ?
- არა! მე არ ვარ ის ტიპი, რომელიც სხვებზე გამოედევნება, თვითონ უნდა მივიღო გადაწვეტილება. მაგრამ მე არც ეფენბერგი ვარ! დიდხანს ვეცადე, რომ ფეხბურთში გადავრჩენილიყავი, ვცდილობდი, ცივი და მკაცრი ვყოფილიყავი, მაგრამ ასეთ არ ვარ და რა ვქნა? ადრევე უნდა გამეხსნა გული, მაგრამ მეშინოდა.
- სებასტიან დაისლერი სუსტი ადამიანია?
- არა, დამიჯერეთ! გარედან ისე ჩანს, რომ სისუსტე გამოვავლინე, მაგრამ ჩემთვის ეს მოგებული ომია და არა წაგებული. მე ისეთი რამ გადავიტანე, რასაც ბევრი ვერ გადაიტანს, მაგრამ სხვებს ასეთი პრობლემები არც შეექმნებათ. წარმოიდგინეთ ასეთი სათაური: "გერმანული ფეხბურთის გადამრჩენელი უნდა გადავარჩინოთ!"ამ ცხოვრებაში მხოლოდ მაშინ ხარ ვიღაც, თუ სისუსტეს არ გამოავლენ. როგორ გგონიათ, მაშინ ეს ყველაფერი უნდა მეთქვა?
- ახლა ხომ მაინც ამბობთ...
- დიახ, მაგრამ პირველად და უკანასკნელად. მე არასდროს მქონდა იმის დრო, რომ გავზრდილიყავი. შეცდომის დაშვების დროც კი არ მქონდა. "ბაიერნში" დრო მომცეს, რისთვისაც მადლობელი ვარ. ული ჰიონესს ბოლომდე სჯეროდა ჩემი. რამდენი ვილაპარაკე... თქვენც ხომ ხედავთ, ძალიან სულელურად გამოვიდა ყველაფერი. ასე არ არის (იცინის)?
- საკუთარ თავს დასცინით?
- არა, უბრალოდ, მე გამარჯვებული ვარ.
- ახლა რას აპირებთ?
- ამ კითხვაზე პატარა ისტორია მახსენდება. მაშინ "ჰერტაში" ვთამაშობდი. ავტობუსით მივდიოდით. მე კი მუსიკას ვუსმენდი და ფანჯარაში ვიყურებოდი. სამი ახალგაზრდა ბიჭი დავინახე, 19-20 წლის იქნებოდნენ, როგორც მე. რუგზაკები ჰქონდათ, სტუდენტები იყვნენ. ვიფიქრე, რას არ მივცემდი, რომელიმე მათგანისთვის ადგილი რომ გამეცვალა-მეთქი. ახლა წიგნს ვწერ.
- ჰერ დაისლერ, გვითხარით, როგორ დავასათაუროთ ეს ინტერვიუ?
- დაწერეთ: "მან თავისი გზა იპოვა!"
გოტფრიდ ლენცი, "ლელო"
მიმაგრებული სურათი