ესპანეთი ტრადიციის წინააღმდეგ ესპანეთი – იტალია
22 ივნისი, ვენა, “ერნსტ ჰაპელი”
მსაჯი: ჰერბერტ ფანდელი (გერმანია)
(წინასამატჩო მიმოხილვა)
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბოლო მეოთხედფინალურ შეხვედრას, ავსტრიის დედაქალაქი ვენა უმასპინძლებს. ამ მატჩში კი ერთამნეთის პირისპირ, ჯერ კიდევ ჩემპიონატის დაწყებამდე ტურნირის ფავორიტად შერაცხული ორი გუნდი, ესპანეთი და იტალია წარსდგებიან.
თუ ჩემპიონატზე გუნდების მიერ განვლილ გზას გავითვალისწინებთ, დღევანდელ შეხვედრაში, აშკარა ფავორიტად ესპანეთი წარმოგვიდგება, რომელმაც, ფაქტიურად, ერთი ამოსუნთქვით გაიარა ჯგუფური ეტაპი და ქულების მაქსიმალური რაოდენობა დააგროვა. რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია იყო მსოფლიოს ჩემპიონების ჯგუფში. პირველ ტურში ჰოლანდიასთან შერცხვენისა და მეორე ტურში მუტუს მიერ ნაჩუქარი ქულის შემდეგ, იტალიელები ურთულეს სიტუაციაში ჩავარდნენ, მაგრამ ბოლო ტურში, ეგრეთ წოდებული საფრანგეთის ნაკრები დაამარცხეს და ასპარეზობაც განაგრძეს, ამაში კი, იტალიელებს ჰოლანდიის ნაკრებიც დაეხმარა. მიუხედავად გუნდების მიერ ნაჩვენები ასეთი განსხვავებული შედეგებისა, დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტის დასახელება ადვილი არ არის. აქამდე ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატებში, ესპანეთის ნაკრებმა სამჯერ მოახერხა ჯგუფური ეტაპის დაძლევა და აქედან ორჯერ, მომდევნო ეტაპზევე გამოეთიშა ასპარეზობას. ანალოგიური სიტუაციაა იტალიის ნაკრებშიც. მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატებზე ჯგუფური ეტაპი შემოიღეს, იტალიელებმა სამჯერ მოახერხეს მისი დაძლევა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ მოახერხეს შემდეგ ეტაპზეც წარმატებით თამაში. ესპანელთათვის უარყოფითად მოქმედებს კიდევ ერთი ფაქტი – ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ერთადერთხელ მოხდა, როდესაც ჯგუფურ ეტაპზე მაქსიმალური ქულების დამგროვებელმა გუნდმა, ჩემპიონატის მოგება შესძლო. ეს მოხდა 1984 წელს, როდესაც ევროპის საუკეთესო გუნდი საფრანგეთის ნაკრები გახდა და ფინალში მაშინ, ფრანგებმა სწორედ ესპანეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს.
თუ ოლიმპიურ თამაშებზე გამართულ შეხვედრებსაც ჩავთვლით, ესპანეთისა და იტალიის ნაკრებები ერთმანეთს 27-ჯერ შეხვედრიან. აქედან, ესპანელებმა რვაჯერ მოახერხეს გამარჯვების მოპოვება, იტალიელებმა ცხრაჯერ, ხოლო დანარჩენი ათი შეხვედრა ფრედ დასრულდა. რაც შეეხება ბურთების შეფარდებას, უპირატესობა ამ მხრივაც იტალიელებს აქვთ – 36-28. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, გუნდები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ. 1980 წელს, ჯგუფურ ეტაპზე გამართული შეხვედრა ნულოვანი ფრით დასრულდა, რვა წლის შემდეგ კი, იტალიის ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაშიც დონადონი თამაშობდა, ასევე ჯგუფურ ეტაპზე, ესპანელები 1:0 დაამარცხა. როგორც ხედავთ, უმაღლეს ევროპულ საფეხბურთო ტურნირზე, ესპანელებს იტალიელებთან არათუ გამარჯვება არა აქვთ მოპოვებული, გოლიც კი არა აქვთ გატანილი მათ კარში. უმაღლეს სანაკრებო ტურინრზე, იტალია და ესპანეთი ბოლოს ერთამენთის პირისპირ 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში წარსდგნენ და ის შეხვედრა იტალიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. დღევანდელ მოწინააღმდეგეებს, ბოლო ურთიერთდაპირისპირება მიმდინარე წლის 26 მარტს შედგა ქალაქ ელჩეში და მასპინძელთა მინიმალური ანგარიშით გამრჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლი, იმ შეხვედრაში შეცვლაზე შესულმა დავიდ ვილამ გაიტანა. 26 მარტის შეხვედრაში, ესპანელთა სასტარტო შემადგენლობა ფაქტიურად იდენტურია იმისა, რა შემადგენლობასაც ენდობა მიმდინარე ჩემპიონატზე ლუის არაგონესი. ერთადერთი ცვლილება არის ფაბრეგასის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში დავიდ ვილას თამაში. რაც შეეხება იტალიის ნაკრებს, “სკუადრა აძურას” ევროპის ჩემპიონატის განაცხადში, 26 მარტის თამაშის ერთადერთი ფეხბურთელის – ვინჩენცო იაკინტასთვის არ მოიძებნა ადგილი.
თუ დღევანდელ შეხვედრაში ესპანელთა მხრიდან მონაწილეობას მარჩენა, გუისა და არბელოა მიიღებენ, მაშინ მათ ფრთხილად თამაში მოუწევთ, რადგან თითო ყვითელი ბარათი უკვე აქვთ და მეორეს მიღების შემთხევაში, მათ მოუწევთ ნახევარფინალური შეხვედრის გამოტოვება, თუ, რა თქმა უნდა, მათი გუნდი გააღწევს ამ ეტაპზე. სხვა მხრივ, არაგონესის გუნდს პრობლემა არა აქვს. შვედეთთან მატჩის პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო კარლეს პუიოლმა, რომელიც არაგონესის მიერ იქნა შეცვლილი, მაგრამ კატალონიელი ფეხბურთელი, უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და ძნელად სავარაუდოა, მწვრთნელმა მის სამსახურზე უარი თქვას. შემადგენლობის მხრივ, გაცილებით სერიოზული პრობლემები აქვს დონადონის. მის გუნდს აკლია ნახევარდაცვის ორი წამყვანი ფიგურა – ანდრეა პირლო და ჯენარო გატუზო. დღევანდელ შეხვედრაში ყვითელი ბარათის მიღების და შემდეგ ეტაპზე იტალიის ნაკრების გასვლის შემთხვევაში, 1/2 ფინალური მატჩის გამოტოვება მოუწევთ ძამბროტას, კიელინის, ტონის და დე როსის. დისკვალიფიკაციების მსგავსად, მეტოქეზე უარესი მდგომარეობა არის იტალიის ნაკრებში ტრავმების მხრივაც. თუ ყვითელმა ბარათებმა დონადონის გუნდის ნახევარდაცვა დააზარალა, ტრავმიანობა მხოლოდ დაცვას შეეხო. ჩემპიონატის დაწყებამდე რამოდენიმე დღით ადრე ცხადი გახდა, რომ გუნდს ვერ დაეხმარებოდა ფაბიო კანავარო. რამოდენიმე დღის წინ კი, ვარჯიშის დროს დაშავდა ანდრეა ბარძალი, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატზე მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
ესპანეთი: კასილასი, რამოსი, პუიოლი, მარჩენა, კაპდევილა, სენა, ინიესტა, ხავი, სილვა, ვილა, ტორესი
მწვრთნელი: არაგონესი
იტალია: ბუფონი, ძამბროტა, პანუჩი, კიელინი, გროსო, ამბროზინი, დე როსი, კამორანეზი, პეროტა, ტონი, კასანო
მწვრთნელი: დონადონი
http://www.msofsport.com/more.aspx?id=8953
სპორტი არის ერთ-ერთი საშუალება რომელიც ერთმორწმუნე ერთან დაგვაახლოვებს...
#ბრძოლაშიუბედურები