სამუელ ეტო’ო - კამერუნელი გოლის მანქანაკამერუნში ყოველწლიურად იმდენი ბავშვი იბადება და კვდება, რომ ქვეყნის ვერც ერთი სტრუქტურა ამ სტატისტიკას ვერ აკონტროლებს.
შესაბამისად, 1981 წლის 10 მარტს დაბადებული სამუელ ეტო’ოსთვის ყურადღება არავის მიუქცევია და იმის გათვალისწინებით, რომ იგი ოჯახში მეშვიდე შვილი იყო, მისი გადარჩენა ალბათ არც გახარებიათ. შესაბამისად ბიჭუნა სხვა უამრავი თანატოლის მსგავსად, ბედის ანაბარა იყო მიგდებული და ერთდერთი , რითაც ყველასგან გამოირჩეოდა, სწრაფი სირბილი შეეძლო. ეტოო საოცარი სისწრაფით ფარავდა დიდ მანძილებს და იგი მძლეოსნობის ევროპელმა სპეციალისტმა შენიშნა, თუმცა არც 6 წლის სამუელს და არც მის მშობლებს არ სურდათ, რომ პატარა ბიჭი უცხო კაცისთვის ევროპაში გაეტანებინათ.
მაგრამ ამ ფაქტმა დადებითი შედეგი მაინც გამოიღო - ეტოო მიხვდა, რომ თუ ირბენდა, ევროპას აუცილებლად ნახავდა, კონტინენტს, რომელზეც აფრიკაში მხოლოდ კარგ ამბებს ყვებოდნენ. ჰოდა, ეტოომაც სირბილს მოუხშირა: თუ აქამდე გასართობად დარბოდა, ახლა ინტენსიური ვარჯიში დაიწყო. ერთ დღეს მეგობარმა მშვენიერი იდეა მიაწოდა - ტყუილად რომ დარბიხარ, თან ბურთი ატარე და გაერთობიო.
მართლაც, სამუელმა ბურთი იშოვა და სულ თან დაჰქონდა. მალე სირბილზე მეტად ეტოოს ბურთის გორება მოეწონა და თუ აქამდე ბურთაობას სირბილს უთავსებდა, ახლა პირიქით იყო - მთავარი გასართობი მისთვის ბურთი გახდა. იმ ევროპელ სპეციალისტს, რომელმაც სამუელში მძლეოსნის ნიჭი აღმოაჩინა, ეტოო არ დაავიწყდა და მის სანახავად კიდევ ერთხელ ესტუმრა კამერუნს. მაგრამ რად გინდა - ეტოოს ფეხბურთის გარდა სხვა სპორტის გაგონება აღარ სურდა და ევროპაში დაბრუნებულმა მძლეოსანმა მადრიდის რეალის დირექტორატში მომუშავე მეგობარს ურჩია, კამერუნში ერთი ბიჭი მეტეორივით დაქრის და თან ბურთს ატარებს, თუ ნახავ, არ ინანებო.
რეალის შეფებმა ამ ამბავს წაუყრუეს, მაგრამ ეტოო უკვე იმ დონეზე დახელოვნდა რომ 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კამერუნის ნაკრებში შეიყვანეს. მაშინ იგი 17 წლის იყო. სწორედ 1998 წლის მუნდიალზე გაისმა პირველად ეტოოს სახელი და.. იგი რეალმა იყიდა. ” როცა კონტრაქტი დამიდეს, არც კი დამიხედავს, ხელი ისე მოვაწერე - მე ხომ რეალში თამაშის შესაძლებლობა მექნებოდა ” - იხსენებს ეტოო.
კონტრაქტში კი მითითებული იყო, რომ კამერუნელი ფორვარდი სამეფო გუნდთან ხუთწლიან ხელშეკრულებას აფორმებს და სანაცვლოდ ხელფასის სახით ყოველწლიურად 120 ათას დოლარს მიიღებს , რაც იმ დროისთვის სასაცილო თანხა იყო. მაგალითისთვის იმ ეტაპზე რაული 4 მილიონ დოლარს იღებდა.
ილუზიები ზუსტად ერთ კვირაში დაიმსხვრა - ეტოო ორი წლით გაანათხოვრეს ესპანიოლში, რაც იმას ნიშნავდა, რომ სამუელი რეალის თამაშებს მხოლოდ ტელევიზიით თუ ნახავდა. ” მე დავბრუნდები, დავიბარე წასვლის წინ და ბევრს გაეცინა. როგორ მინდოდა მაშინ ის დამცინავი სახეები დამენაყა, მაგრამ სამაგიეროს ახლა ვუხდი - მადრიდელთა კარში გატანილი ყველა გოლი ჩემთვის ღვთიური ნეტარებაა ” - ამბობს ეტოო.
ესპანიოლში გატარებული არცთუ ურიგო ორი სეზონის შემდეგ სამუელი რეალს დაუბრუნდა, მაგრამ ამჯერად იგი სამი წლის ათხოვეს მალიორკას, რაც იმას ნიშნავდა რომ სამეფო გუნდთან გაფორმებული ხუთწლიანი კონტრაქტის მიუხედავად, მას სანუკვარი მაისურის ჩაცმა არ ეღირსებოდა. ” ეს არ იყო შოკი და არ იყო ელდა, ეს იყო სამყაროს დასასრული . თავის მოკვლაზეც კი ვფიქრობდი, მაგრამ გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა მადრიდელთათვის სამაგიერო გადამეხადა. ამის შანსი მალევე მომეცა და რეალს ჯერ ერთი, მერე კი ორი გოლი გავუტანე. მესამე წელიწადს მალიორკამ მადრიდელები საერთოდ მასხრად აიგდო და სტუმრად 4:1 მოვიგეთ და ორი გოლი ისევ მე გავიტანე, ფეხბურთელმა , რომელი რეალმა ხელსახოცივით მოისროლა. სწორედ მაშინ გავიგე ჩემი უგულებელყოფის ნამდვილი მიზეზი - მადრიდული ინჩადა მაიმუნს მამსგავსებდა და სხვა კლუბის გულშემატკივრებს რომ არ დაეცინათ, მათ რიგებში არ უნდა მეთამაშა. ამის შესახებ აღშფოთება გაზეთის მეშვეობით გამოვთქვი და მეორე თამაშზე სტადიონზე ჩემი გამოსვლისას გულშემატკივრებმა ბანანები ისროლეს. ეს იყო ჩემთვის დიდი შეურაცხყოფა” - იხსენებს ეტოო.
ასეთი შეურაცხყოფის მიუხედავად, ეტოო მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე მივიდა, ჯიბიდან ბანანი ამოიღო, გემრიელად ჩაკბიჩა და სიამაყით განაცხადა: ” ჰო, მაიმუნი ვარ და გრცხვენოდეთ, რომ დღეს თქვენს კარში გოლი მაიმუნმა გაიტანა”
ამის შემდეგ ჟურნალისტებმა სამუელს შავი ჯენტლმენი შეარქვეს, ინჩასებისთვის კი ისევ მაიმუნად დარჩა, ხოლო როცა დღის წესრიგში მისი მალიორკიდან გაყიდვის საკითხი დადგა, რეალმა რომელსაც ფეხბურთელის შესყიდვის უპირატესი უფლება გააჩნდა, ყური არ შეიბერტყა და ეტოო ბარსელონაში გაუშვა.
2004 წლის 18 აგვისტოს სამუელს კატალონიური კლუბის რიგებში დებიუტი ჰქონდა. მაშინვე ითქვა, სამეფო გუნდმა ხელიდან შავი მარგალიტი გაუშვაო, მაგრამ მადრიდში ამას არ ნაღვლობდნენ, მთავარი იყო გულშემატკივართა მიერ დაწუნებული ფეხბურთელი მოსისხლე ბარსაში გადაბარგდა და ამით ინჩასებმა გული მოიფხანეს თუმცა..
ეტოოს თითქმის ყველა შეხვედრაში გაჰქონდა გოლი და გული არც რეალს დასწყვიტა და თანაც არაერთხელ. მის მიერ გატანილ ბურთს მადრიდელები სტვენითა და მაიმუნისთვის დამახასიათებელი ჰანგების ყიჟინით შეხვდნენ, მაგრამ არც ეტოომ დააკლო: მაიმუნურად წაუცეკვა და სეზონის ბოლოს ბარსასთან ერთად ჩემპიონობაც იზეიმა. მომდევნო სეზონზე კი ჩემპიონობას ეტოომ პრიმერადივიზიონის ბომბარდირის ტიტული, ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფი და ფიფას ვერსიით მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელის სიაში მოხვედრა დაამატა.ამის შემდეგ ეტოოს კარიერაში იყო ორი ტრამვებით გატანჯული სეზონი და დღის წესრიგში კლუბიდან მისი წასვლის საკითხიც იდგა, თუმცა იგი დღესაც ბარსას წევრია და იმედი ვიქონიოთ რომ ძველებურად კვლავ ათამაშდება და მომავალი სეზონი წარმატებული იქნება მისთვისაც და მთლიანად გუნდისთვისაც.
©
http://barcamania.ge/კარგი სტატიაა..)