საინტერესო სტატიაა

ინტერიზმები და მეოცნებე არისტოკრატია
სან-რემოს 4 წლის წინანდელ ფესტივალზე ახალ სახეებთან ერთად, იტალიური ესტრადის ძველმა კორიფეებმაც გამოანათეს. კვლავ გაისმა მომაჯადოებელი ხმა კაცისა, რომლის მელოდიებზეც აღიზარდა 70-80-იანების თაობა; ვის არ ახსოვს მისი "ლ'იტალიანო" ჩვენში "ლაშანტემი კანტარედ" ცნობილი სიმღერა, საყვარელი ჰიტი მაშინდელი ახალგაზრდობისა.
სან-რემოს სცენას სწვეოდა ასევე ბრწყინვალე მომღერალი და დიდი იუმორისტი, ჩვენში მოფერებით " ჩელედ" წოდებული კეთილი "მოხუცი".....
ტოტო კუტუნიო და ადრიანო ჩელენტანო, ისინი ათწლეულების მანძილზე იყვნენ და რჩებიან ჭეშმარიტ იტალიელთა განსახიერებად....
ცერემონიის დასასრულს, ფესტივალის წამყვანმა, "სამპას" ქომაგმა სიმონა ვენტურამ ძვირფას სტუმრებს "ინტერის" ორ-ნომრიანი მაისური გადასცა. საყვარელი ფერების დანახვაზე მათი სახეები სევდანარევმა ღიმილმა მოიცვა. ტოტომ იმედი გამოთქვა, რომ ბოლოს და ბოლოს დასრულდება უიღბლობის ხანა და "შავ-ლურჯი" არისტოკრატიაც სასურველ მიზანს მიაღწევს. განა შეიძლება განსაკუთრებული არ იყოს გუდნი, რომელსაც ასეთი ხალხი ქომაგობს?
შეგონება "ინტერიზმებიდან": "ინტერი" ერთგვარი ფორმაა ცხოვრებისეული წვრთნისა, მაგალითია ემოციების დაოკებისა; ტკბილი მელანქოლიაა, პრელუდიაა მრავალი წლისა და დიდების თამაში, ბავშვობიდან მომავალი."
50-60-იან წლებს შორის დაბადებული "ინტერისტები" იმ თაობას მიეკუთვნებიან, რომელმაც ყველაზე მეტი იხილა და განიცადა. ბევრი მათგანი ამ გუნდს ბანალური მიზეზის გამო გულშემატკივრობს: იმ პერიოდში, ელენიო ერერას დიდი "ინტერი" დომინირებდა და ბავშვებიც ხომ გამარჯვენულის მხარეს არიან მუდამ. ძნელი იყო იტალიური პოეზიის დაზუთხვა სკოლაში, მაგრამ არავის გაჭირვებია ესწავლა და არ დაევიწყებინა განუმეორებელი პოეზია სტადიონზე: სარტი, ბურგიჩი, ფაკეტი, ბედინი, გუარნერი, პიკი, ჟაირი, მაცოლა, დომენინგი, სუარესი, კორსო... ესენი რჩეული ბიჭები იყვნენ, ამაყნი და უზადონი, ნამდვილი პროფესიონალები. ბოლო წლების ინტერისგან განსხვავებით, იქ ყველამ კარგად იცოდა თავისი საკეთებელი და პასუხისმგებლობას არავინ გაურბოდა, ხოლო გუარნერისა და მისი ამპლუის მქონე ტარიბო ვესტს შორის ისეთივე სხვაობა იყო კლასში, როგორც უინძორის დუკასა და ვიტორიო-ემანუელე სავოიელს შორის.
1966 წელს ოქროსფერი ვარსკვლავი აენთო შავ-ლურჯ მაისურზე, ეს იყო ნიშანი მეათე სკუდეტოსი. 60-იანების დომინაცია 1970 წელს დაგვირგვინდა, როცა ჩემპიონობა რობერტო ბონინსენიას წყალობით იქნა მოპოვებული. ეს კაცი თურმე ყველანაირი მდგომარეობიდან ათავსებდა ბურთს კარის ბადეში, მისთვის დამახასიათებელი უვნებელი სიბრაზით. "სიფათი" და სახელი ("ბობო") კი ჰქონდა პეკინური ძაღლივით, მაგრამ "პეკინეზები" ხომ ვერ ურტყამენ "მაკრატელას". 1970 წლის მუნდიალზე (მექსიკა) სწორედ ინტერმა გაიყვანა იტალია ფინალში( ფაკეტი, ბურგნიჩი, მაცოლა, იგივე ბონინსენია) და მერე რა რომ იქ დამრცხდნენ. იმ ბრაზილიასთან ხომ თვით "ზეციური ნაკრებიც" წააგებდა. ამ დროს ინტერისტები მსუბუქად შეიგრძობდნენ წარმატებას და მათთვის ჩვეული ესთეტურობით ტკბებოდნენ გამარჯვების სურნელით. თუმცა მალე "ინტერმა" შეწყვიტა გაოცება და სცენა "იუვენტინოებს" დაუთმო. გამოჩნდნენ ძოფი, კაბრინი, ჯენტილე, შირეა, ბეტეგა, ტარდელი, კაუზიო, როსი( რომელიც საჯარიმოში "ფიატის" უახლესი მოდელივით დაქროდა) და 70-იანების თაობაც "იუვენტინოდ" მოინათლა.
შეგონება: "მსოფლიო გაყოფილია ორ ნაწილად- ერთნი, რომელთაც უყვართ კატები, ლონდონი და "ინტერი", ხოლო მეორენი, ვინც ძაღლებს, პარიზსა და "იუვენტუსს" ეთაყვანება"
"ინტერი", ანუ დამატყვევებელი და ამოუცნობი, როგორც კატები და ლონდონი; იუვე- სოლიდური და დამაჯერებელი, როგორც ძაღლები და პარიზი. "ინტერი-იუვენტუსი", ანუ წინააღმდეგობა, რომლებიც ერთმანეთს ეკონტაკტებიან ერთი შეხვედრის არსში. შეხედეთ ფერებს: "ინტერი"- ზღვა ქარიშხალში და ღამის მოწმედილი ცა; "იუვე"- ზებრა, ტუსაღთა სამოსი და საგზაო ზოლები. უყურო მას ( "იუვეს"), როგორც გამარჯვებულს, ძნელი რამ არის ( ყოველთვის კი არ წვიმს პერუჯის თავზე)
მართლაც " ინტერის" მთავარი მეტოქე, იყო, არის და იქნება "იუვე" ( და არა "მილანი") წლების მანძილზე მიმდინარეობს ჭიდილი ამ ორ სამყაროს შორის. "ინტერისტები" რომანტიკოსები არიან, "იუვენტინოები" - ნეოკლასიკოსები
"ინტერისტები" ტკივილით სავსე ნაციაა ( სამი სკუდეტო 30 წელიწადში და "ლუგანო", ჰელსინბორგი" და "ალავესი")
"იუვენტინოებს" პროგრესის სჯერათ და ხშირად კმაყოფილდებიან კიდეც.
ალბერ კამიუ წერს: " თითქმის ყველაფერს, რაც კი მორალსა და ადამიანურ მოვალეობებზე მისწავლია, ფეხბურთს ვუმადლი. მე მგონი, მორალური (ქომაგებისთვის) და მოვალეობრივი(ინტერისთვის) იქნებოდა, ერთი სკუდეტო მაინც მოეგო 90-იანებში. თუნდაც ის, 1998-ში, როცა რონალდო ტურინელთა საჯარიმოს გააკრეს. წესის დარღვევა იმდენად აშკარა იყო, რომ მოხდა სასწაული და ზოგიერთნა "იუვენტინომ" გულწრფელად აღიარა პენალტის სიცხადე. მართალია ჩემპიონობა განზე დარჩა, მაგრამ მას მერე ხომ არავის უთამაშია ისე შთამბეჭდავად, როგორც "ინტერმა" ითამაშა 98-ში. 2002 წელს კი "ნერაძუროებმა" თავად გაითხარეს სამარე. არავინ წაქცეულა ფინიშთან დამღუპველად, როგორც "ბენეამატა" (ინტერის ერთ-ერთი მეტსახელი) როგორ? მაშ, "იუვე"? რა მოუვიდა პერუჯაშიო? მაგრამ იუვეს თავისმართლება შეუძლია: წვიმა, კოლინა, სკუდეტოს მოსალოდნელი დაბრუნება რომში და სხვა. 2002 წლის 5 მაისს კი "ოლიმპიკოზე", მზეც იყო და წინასწარ მოზეიმე ხალხიც!!! თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა და უცებ... მოქრიან გრეშკო და პობორჟკი - ნათელი ასახვა ადამიანური კონდიციებისა. ისინი არიან ბედისწერა და მოუსვენარი, მოსალოდენლი კატასტროფის შემქმნელი და მაცნენი.... დიახ ბატონო, "ინტერის" ამბავი სუფთა ჩეხოსლოვაკურია!
როგორ შეიძლება ვერ მოიგო ჩემპიონატი რონალდო-ვიერის დუეტით, როცა მეტოქე გუნდების თავდასხმას წარმოადგენენ პიპინო, ალექსი, პუპონე, სიმონე და სხვები.
შეგონება: "ინტერისტებს" გააზრებული გვაქვს, რომ ჩვენი გულები ურთულესი სიყვარულით არის განგმირული და ეს მშვენიერია! ფაქტია ძნელი დროება გვიდგას, მაგრამ გამარჯვება ხომ დამარცხებიდან მოდის. მაგალითი? ტომი და ჯერი, კაპორეტოს ბრძოლა, ფილმები ჰარისონ ფორდის მონაწილეობით.
"ინტერში" მოღვაწე ბევრი ფეხბურთელი ვერ აცნობიერებს, თუ რა გუნდის ღირსებას იცავს და რა პასუხისმგებლობა აკისრია.
საოცრად მომთმენია"ინტერის" ტიფოზერია. განსაკუთრებული სტილით აღიქვამს თამაშის პერიპეტიებს. ზოგიერთებისგან განსხვავენით, ისინი შავკანიანის დანახვისას არ ყმუიან. "ინტერისტებმა" იციან საკუთარი თავის ფასი.
შეგონება: "პეპინო პრისკო ყველა დროის ყველაზე ღირსეული და დიადი "ინტერისტაა". ის იყო ძირძველი მილანელი, ინტელიგენტური გარეგნობითა და არისტოკრატული გვარით. მისთვის ბურთი არასდროს ყოფილა ომის საბაბი. ეს იყო ადამიანი რომელმაც სიკვდილის წინ სამუშაო მაგიდაზე თავისი მშობლების ფოტო ჯუზეპე მეაცასა და რონალდოს ფოტოებით შეცვალა, ჩემები გამიგებენო".
ბოროტი ენები ამბობენ "ინტერის" მომავალი უფრო შავია, ვიდრე ლურჯიო. არ არის მართალი! შეუძლებელია ეს გუნდი მარად დამარცხებული იყოს! კლუბი რომელსაც ასეთი ტიფოზები ყავს, დამარცხებულიც კი გამარჯვებულია!
ცნობილი იტალიელი მწერალი და ჟურნალისტი, "ინტერიზმების" ავტორი ბეპე სევერინი შვიდი წლის იყო, როცა "ინტერმა" პირველად მოიგო ჩემპიონთა თასი, ხოლო ოცდათორმეტისას სკუდეტომ ( უკანასკნელმა) მოუსწრო. დღეს სევერინი 46 წლისაა და ელის... ელის როგორც მრავალნი ელიან...
P.S. სტატიაში ასახულია 4 წლის წინანდელი ან უფრო ადრინდელი მოვლენები