მარადონას ქართველების ღიმილიანი სახეების ხილვა სურს ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო არმანდო მარადონამ საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზეზად ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერა დაასახელა და მათთვის ერთი ლამაზი საღამოს ჩუქების სურვილი გამოთქვა.
ამის შესახებ, არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც მის გარდა, კლაუდიო კანიჯა და ალეხანდრო მანკუსო დაესწრნენ.
“საქართველოში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. თქვენს ქვეყანაში რაც მოხდა, მშვენივრად ვიცი და თბილისში ჩამოსვლით, მსურს ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოვუცხადო. მინდა, რომ მომავალ მატჩში ქართველი ხალხის ღიმილიანი სახეები ვნახო” – განაცხადა მარადონამ.
არგენტინელმა ქართველ ფეხბურთელთა გაცნობის სურვილიც გამოთქვა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცის ექტორ რაულ კუპერის შესახებ განაცხადა, რომ არ ცნობს, თუმცა, არ დაუკონკრეტებია ამაში რას გულისხმობდა.
მარადონამ დაუფარავად უპასუხა კითხვაზე, სურს თუ არა არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობა: “ცხადია, დიდი სურვილი მაქვს, რომ არგენტინის მთავარი მწვრთნელი გავხდე. ეს ჩემი ოცნებაა. თუმცა ამ საკითხს არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხულიო გრონდონა წყვეტს”.
ტელეკომპანია “იმედის” სპორტულმა კომენტატორმა ლევან სალუქვაძემ მარადონას ჰკითხა, თვლიდა თუ არა არგენტინელი თავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად, თან დაამატა - მე ასე მივიჩნევო. ამან სამხრეთამერიკელი ისე აღაფრთოვანა, რომ ქართველს ჟურნალისტს მადლობა გადაუხადა და უთხრა – “შენი სახით ერთი მეგობარი უკვე შევიძინეო”.
მწერალმა დათო ტურაშვილმა მარადონას მისივე ავტობიოგრაფიული წიგნის ესპანურიდან ქართულ ენაზე თარგმნის უფლება სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.
დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა პიროვნებამ მარადონას ჰკითხა, რომ თუ ვინ შეიძლება იქცეს “ახალ მარადონად” არგენტინის ნაკრებში, რაზეც ზოგადი პასუხი მიიღო: “რა თქმა უნდა, არგენტინას ჰყავს კარგი ფეხბურთელები, რომელთაგან თითოეული თავისი სათამაშო სტილით გამორჩეულია და ყოველ მათგანს სურს “ახალი მარადონა” გახდეს”.
პრესკონფერენციაზე მყოფმა კლაუდიო კანიჯამ ხაზი გაუსვა შოთა არველაძესთან მის მეგობრობას და აღნიშნა, რომ ქართველ ფორვარდთან კიდევ ერთხელ შეხვედრა გაახარებს და მომავალ თამაშს მოუთმენლად ელის.
დარბაზში მყოფი ერთ-ერთი პიროვნება დაინტერესდა, თუ მიეცემოდა საშუალება შეხებოდა “ღმერთის ხელს”, რომლითაც მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატზე მარადონამ ინგლისელთა კარში გოლი გაიტანა. არგენტინელმა სტუმარმა ხელის ჩამორთმევის მსურველს იმედი არ გაუცრუა.
პრესკონფერენციაზე მარადონამ ის ფეხბურთელებიც ჩამოთვალა, რომლებიც მისი აზრით მსოფლიოში საუკეთესონი არიან და მათ რიცხვში – კარეკა, კანიჯა, ბარეზი, ვან ბასტენი, გულიტი, პასარელა, რიკელმე, მესი და აგუერო დაასახელა.
მარადონამ აგრეთვე აღნიშნა, რომ მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ფინალში კანიჯას გერმანიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ რომ ეთამაშა, გამარჯვებული არგენტინის ნაკრები დარჩებოდაო.
არჩილ არველაძემ არგენტინელს 1990 წლის მუნდიალის 1/8-ფინალი შეახსენა, როდესაც მარადონამ ბრაზილიის ნახევარ ნაკრებს გვერდი აუარა და კანიჯას საგოლე პასი გაუკეთა, რამაც დიეგო გაახალისა და ზემოაღნიშნულ ეპიზოდში საკუთარ საშემსრულებლო ოსტატობას ხაზი გაუსვა.
ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ, მარადონამ და კომპანიამ ერთი საათი მსუბუქად ივარჯიშეს, ხოლო წვრთნის შემდეგ ლეგენადრულმა არგენტინელმა ავტოგრაფები დაარიგა.
მარადონამ ეროვნულ სტადიონზე სტუმრობა ავტობუსში სიგარის გაბოლებით დაასრულა.
24 ოქტომბერს, არგენტინელები “ბორის პაიჭაძეზე” 19.00 საათზე ივარჯიშებენ. შაბათს კი, ვეტერან ქართველ ფეხბურთელებთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ.
http://msofsport.com/more.aspx?id=13592 This post has been edited by BEQA 11 on 24 Oct 2008, 15:14
მიმაგრებული სურათი
Total Cumulative Posts 11111 . Posts per day 11.1
You registered on 27 Mar 2007, 20:22
Last Post: 27 Mar 2010, 20:22