Kobalty
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Members
წერილები: 45896
წევრი No.: 41664
რეგისტრ.: 12-September 07
|
#11306988 · 26 Oct 2008, 15:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
45-წუთიანი ლოდინი და 65-წუთიანი დონ(ე)-კლასი
დიდი შანსი იყო, რომ საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებისა და დიეგო არმანდო მარადონას არგენტინას ნაკრებს შორის გასამართი შეხვედრა ჩაშლილიყო და ეს უთუოდ გაახარებდა საქართველოს არაკეთილმოსურნეებს. თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა - ლეგენდარული არგენტინელი, თანაგუნდელებთან ერთად, “ბორის პაიჭაძის” მინდორზე თავიდან დაგეგმილზე 45-წუთიანი დაგვიანებით გამოჩნდა და ჰიმნების აჟღერების შემდეგ, თამაშიც დაიწყო. ზემოთ მატჩის ჩაშლა ვახსენეთ და ამის საშიშროება ნამდვილად იყო. შეხვედრა მართლაც რომ ჩაშლილიყო, მიზეზი რა თქმა უნდა, სტადიონზე შესასვლელ ბილეთზე დადებული უჩვეულოდ მაღალი ფასი (ქართული მასშტაბისთვის) გახდებოდა. რეალობიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში არც ისე ბევრი ადამიანი მოიძებნება ისეთი, რომელსაც მარადონას, ან თუნდაც მოქმედ ფეხბურთელთა ვარსკვლავთკრებულის სანახავად, ამხელა თანხის გაღების სურვილი და შესაძლებლობა რომ გააჩნია. ბილეთების ფასი თავდაპირველად 150 ლარი იყო. თამაშის დღეს კი, მარადონას ჩამომყვანები მიხვდნენ, რომ ტრიბუნები, პრაქტიკულად, ცარიელი რჩებოდათ და ბილეთის ფასი 50 ლარამდე დაწიეს, თუმცა ქართველი გულშემატკივრისთვის ეს თანხაც საკმაოდ სოლიდურია და ამის გამო, “ბორის პაიჭაძეზე” ბილეთიანი მხოლოდ 3-4 ათასი კაცი თუ შევიდა. გავრცელდა ხმები, რომ ფეხბურთის ლეგენდას ასე ცოტა მაყურებლის წინაშე თამაში არ სურდა. ამ ხმების რეალობაში იმანაც დაგვარწმუნა, რომ, ქართველი მოთამაშებისგან განსხვავებით, არგენტინელები წინასამატჩო მოთელვაზე არ გამოსულან... დაძაბულობამ პიკს 20.30 წუთზე მიაღწია. 20.00 საათზე დასაწყებ მატჩს, საამისო პირი არ უჩანდა. ამ დროს სტადიონის დიქტორის ხმა გაისმა და მან გულშემატკივრებს ამცნო, თამაში 20.45 წუთზე დაიწყებაო. თითქმის ამის პარალელურად, ტრიბუნებზე გულშემატკივართა რაოდენობამ იმატა - როგორც გაირკვა, დაცვამ კარები გახსნა და გარეთ დარჩენილი უბილეთო მაყურებელი სტადიონზე შეუშვა, მაგრამ მათი რაოდენობა მარადონასა და ორგანიზატორთათვის, სასურველს მაინც ბევრად ჩამორჩებოდა. მარადონას გამოჩენას ხალხი ოვაციით შეხვდა, ქვეყნის ჰიმნების შესრულებისას კი, ცხადი გახდა, რომ 16 ვეტერანი არგენტინელის წინააღმდეგ, ქართველთა ვეტერან-მოქმედ ფეხბურთელთა მთელი “არმია” წარსდგებოდა. ვეტერანები კი ბატონო, მაგრამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას მოქმედი ფეხბურთელებიც თუ აპირებდნენ, მარადონამ ამის შესახებ, ალბათ, არაფერი არ იცოდა და როდესაც მე-2 ტაიმის დაწყების წინ, ეს ამბავი მისთვის ცხადი გახდა, ჟესტიკულაციით ისეთი გულიანი პროტესტი გამოთქვა - ამ პირტიტველა ბიჭებს აქ რა ესაქმებათო, - რომ ქართველთა მწვრთნელს გადაწყვეტილების შეცვლა და ახალგაზრდა ფეხბურთელების სათადარიგოთა სკამზე დაბრუნება მოუწია. ლეგენდის წინააღმდეგ თამაში მხოლოდ რამდენიმე მათგანმა მოახერხა, კერძოდ ლომაიამ, ცქიტიშვილმა და ალექსიძემ, ოდიკაძე და მერებაშვილი კი მოედანზე მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც მარადონამ შეცვლა ითხოვა და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. თამაშის დაწყებამდე, “დონ დიეგომ” თანაგუნდელებს სათითაოდ ჩამოუარა და ყველა მათგანი ცალ-ცალკე გააფრთხილა, მოედანზე ვის სად და როგორ უნდა ემოქმედა. მარადონა მწვრთნელი 65-ე წუთიდან კიდევ ერთხელ გახდა - მან შეცვლა ითხოვა, სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა და თანაგუნდელთა თამაშს იქიდან აქტიურად ხელმძღვანელობდა. მარადონას მატჩის მოგება ძალიან უნდოდა და ეს მის ნებისმიერ საქციელში ნათლად ჩანდა. ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც მთავარი მსაჯის ასისტენტმა გოგონამ (ორივე ლაინსმენი სუსტი სქესის წარმომადგენელი იყო) შენიშნა, რომ მარადონას ბურთი გვერდით ხაზს იქით გაექცა და შესაბამისად, აუტიც დააფიქსირა. ამას მარადონას აქტიური პროტესტი მოჰყვა და იგი მხოლოდ მას შემდეგ დაშოშმინდა, რაც ბურთი ისევ მის თანაგუნდელებს დაუბრუნდათ. იყო კიდევ უფრო სახალისო მომენტიც. ბურთს ჯამარაული აკონტროლებდა, არგენტინელმა მისი დევნა შეწყვიტა და მოედნის გარეთ რაღაცაზე ჯიქურ მიანიშნა, ქართველმაც დაუჯერა, ბურთს თავი ანება და უკან მიბრუნდა, ამ დროს კი მარადონამ ჩვენებურს ბურთი “მოპარა” და საკუთარი გუნდის შეტევა წამოიწყო... ასეთი გამასხარავების სანაცვლოდ, ჯამარაულმა მარადონას მაისური მიიღო - დიეგო მას მოედანზევე დაპირდა, რომ მაისურს მხოლოდ მას გაუცვლიდა და შოთა არველაძის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, მაისური სწორედ ჯამარაულს გაუცვალა, თუმცა ნაწყენი არც არველაძე დარჩენილა… რაც შეეხება თამაშს, მის პირველ წუთებში არგენტინელები ქართველებზე გაცილებით სწრაფად და რაც მთავარია, ორგანიზებულად თამაშობდნენ და 4:0 დაწინაურდნენ - აქედან სამი გოლი აკოსტამ გაიტანა, ერთი - ამატომ. აქვე ერთიც უნდა აღინიშნოს - რომ არა ვეტარი ოთარ გაბელიას კარგი თამაში, ანგარიში კიდევ უფრო დიდი იქნებოდა. ქართველთა ჭაღარა კიპერმა, ასაკის მიუხედავად, რამდენიმე ლამაზი სეივი განახორციელა და ბურთი თვით კანიჯასაც კი არ გაატანინა, რომელიც ერთ-ერთ ეპიზოდში მასთან პირისპირ გავიდა. კანიჯამ, რომელსაც მეტოქის კარის აღების სურვილი აშკარად ეტყობოდა, გოლის გასატანად კიდევ რამდენიმე შანსი მიეცა. მან ერთ მომენტში შეძლო კიდეც ქართველთა კარის ბადის შერხევა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე დაუფიქსირა, დანარჩენ მომენტებში კი მას ან მეკარეები ჯობნიდნენ (საქართველოს ნაკრების კარში 4 მეკარე ერთმანეთს ენაცვლებოდა), ანაც მიზანს ვერ ისწორებდა. ერთ-ერთ ეპიზოდში გოლის გატანა მარადონასაც შეეძლო, როდესაც ფლანგიდან ჩაწოდებულის შემდეგ, ულამაზესი მაკრატელათი დაარტყა, მაგრამ ტანი ძველებურად ვეღარ დაიმორჩილა და ბურთს სწორი მიმართულება ვერ მისცა. ქართველთაგან გოლები პირველი ტაიმის მიწურულს ცქიტიშვილმა, 54-ე წუთზე გახოკიძემ და 86-ე წუთზე ნემსაძემ გაიტანეს. ნემსაძემ პენალტით იხეირა. თერთმეტმეტრიანი რეზი არველაძეს უნდა შეესრულებინა, მაგრამ მან, ყველასთვის მოულოდნელად, ბურთი ნემსაძეს გაუგორა და ამ უკანასკნელმაც ანგარიშში სხვაობა შეამცირა. ნემსაძის გოლამდე ორიოდე წუთით ადრე, არგენტინელებმა კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხეს და საბოლოოდ 5:3 იმარჯვეს, თუმცა ყველასათვის ცხადია, რომ ამ მატჩში ანგარიშს არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონია. ამის გარდა, იყო უამრავი ტაში, აპლოდისმენტები, სამახსოვრო ფოტოები და ავტოგრაფები. მოკლედ, მარადონამ თბილისში ითამაშა, მან მოედანზე 65 წუთი გაატარა და ქართველ გულშემატკივარს უდიდესი სიამოვნება მიანიჭა.
მატჩის შემდეგ გაბელია და მარადონა სიტყვის კაცები არიან
საქართველოსა და არგენტინის ნაკრებებს შორის მეგობრული შეხვედრის შემდეგ, “სპორტული ამბები” მის რამდენიმე მონაწილეს გაესაუბრა. ნიკო პატარქალიშვილი (იდეის ავტორი და განმხორციელებელი): “პროექტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, მაგრამ მისი საორგანიზაციო ხარისხი აშკარად გამოსწორებას ითხოვს. ასე არ შეიძლება. მარტოს მომიწია ყველაფრის გაკეთება და იმიტომ ვერ მოხერხდა სტადიონზე სასურველი რაოდენობის მაყურებელთა მოყვანა. ჩემს გვერდით ხალხი რომ ყოფილიყო, მთელი სტადიონი გაივსებოდა. - მაინც ვის მხარდაჭერას ისურვებდით? - ფეხბურთია და ბუნებრივია, ფეხბურთის მესვეურები უნდა იყვნენ ჩემს გვერდით.
თენგიზ სულაქველიძე: “მარადონა მაინც მარადონაა, ნებისმიერ ასაკში და ვთვლი, რომ იგი დღესაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე”.
რევაზ ძოძუაშვილი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): “უნდა ნახოს ახალგაზრდა თაობამ, ვინ არის მარადონა, როგორ უნდა დაიმსახუროს მარადონობა, ამდენი წლის ფეხბურთელი როგორ დარბის ყველაზე მეტს და გუნდისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს. ვთვლი, რომ ეს არა მარტო თეატრალური სანახაობა იყო, არამედ მომავალი თაობის აღმზრდელობითი საქმისთვის შესანიშნავი გაკვეთილი”.
ოთარ გაბელია: “მგონი, ნორმალურად ვითამაშე. ხომ იცით, არგენტინა მაინც არგენტინაა. ნამდვილად დიდი სიხარულია, ამხელა პიროვნებამ რომ ისურვა აქ ჩამოსვლა. ქართველი ხალხისა და ახალგაზრდებისთვის ძალიან კარგია, რომ ასეთი დონის ფეხბურთელი ხილვის საშუალება რომ ჰქონდათ. ჩვენ რაც შეგვეძლო, ვითამაშეთ. ხომ ხედავთ, ასაკის მიუხედავად, როგორ ფორმაში არიან. ისე, კაცმა რომ თქვას, ჩვენ უფრო გვიჭირს ფორმის შენარჩუნება, ვიდრე მაგათ. მაგალითად, კანიჯა საერთოდ არ შეცვლილა.” - მგონი, პირობა გქონდათ დადებული, მარადონას გოლს არ გავატანინებო. - ხომ ხედავთ, სიტყვა შევასრულე. - წაგებას ელოდით? - წაგებას არა, მაგრამ ბევრი გოლები რომ გავიდოდა, ველოდი.
გოჩა ჯამარაული: “მარადონამ ერთ ეპიზოდში ჩემს მიმართ ისეთი ეშმაკობა იხმარა, ამხანაგურ მატჩს რომ არ ეკადრება. მე შენიშვნა მივეცი და მართალი ხარო, მაგრძნობინა. “დანაშაული რომ გამოესყიდა”, იქვე მითხრა, თამაშის შემდეგ მაისურს შენ გაგიცვლიო. ბოლოს სიტყვა შეასრულა - მიუხედავად იმისა, რომ თვითონ უკვე მოედნიდან გასული იყო, მომნახა და მაისურები გავცვალეთ. ერთი მომენტში კი ვიფიქრე, ალბათ, დაავიწყდა-მეთქი, მაგრამ სიტყვის კაცი ყოფილა”. - იმ მაისურს შოთა არველაძე გეცილებოდათ. - გული არც შოთასთვის დაუწყვეტია - გასახდელში მასაც მისცა მაისური.
ქართველთა შორის გიორგი ჩიხრაძე ერთადერთი ფეხბურთელი გახლდათ, რომელმაც მთელი მატჩი შეუცვლელად ითამაშა და მარადონას რამდენიმეჯერ ჩვეული შეუპოვრობით ვარდნაში ბურთიც ააცალა ფეხიდან. - ვცდილობდით, რომ მატჩის ხასიათიდან გამომდინარე, უხეშობად არ მეთამაშა. მარადონასთან ჩემს რამდენიმე შეხებას რაც შეეხება, ყველაფერი წესების სრული დაცვით იყო. - არგენტინის ნაკრებმა როგორი შთაბეჭდილება დატოვა? - ასაკისა და იმის მიუხედავად, რომ ბევრმა ფეხბურთელმა უკვე კარიერა დაასრულა, ისინი კვლავ ჩინებულ ფორმაში იმყოფებიან. არაფერს ვამბობ კანიჯაზე, რომელიც ახლაც ახალგაზრდულად გამოიყურება. აშკარაა, ისინი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ და იმიტომაც არიან ასეთ ფორმაში
|