ოდნავ ძველი,მაგრამ მაგარი სტატიაTუკი რამეა გამორჩეული ძველ ფეხბურთში, ეს არის ოულდ ფირმ დერბი.
ოულდ ფირმ დერბი ნიშნავს, რომ გლაზგოში ერთმანეთს ხვდებიან "რეინჯერსი" და "სელტიკი".
თავის მხრივ, ეს ნიშნავს, რომ ერთმანეთს ხვდებიან სკოტების ქვეყნისა და კულტურის ერთ-ერთი გამოხატულება და ირლანდიელ ემიგრანტთა მიერ დაარსებული უტეხი კლუბი. ანუ, ეს კიდევ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ხვდებიან პროტესტანტული და კათოლიკური სამყაროს წარმომადგენლები. ფეხბურთში ოდნავ ჩახედულმა კაცმა იცის, რომ შოტლანდიის ჩემპიონობასაც, ძირითადად, ამ ორთაგან ერთი მოიპოვებს ხოლმე: ხან ერთი, ხან მეორე.
გუნდები წელიწადში ოთხჯერ აუცილებლად ხვდებიან ერთმანეთს, უფრო ხშირად კი ხუთჯერ და ექვსჯერ, ან მეტჯერაც, რახან საქმეში ქვეყნის თასებიც გაერევა ხოლმე.
ოდესღაც, როცა ოულდ ფირმი მოახლოვდებოდა, ქალაქი წინასაომარ ვითარებაში იყო. ყოფილა, რომ ამ თამაშისას მოედანზე ფეხბურთელიც დაღუპულა. მაგრამ იმის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. არც კათოლიკეები და პროტესტანტები ხოცავენ ერთმანეთს, და გუნდებშიც უმეტესად უცხოელები თამაშობენ, რომლებსაც დიდი არაფერი სურვილი უნდა ჰქონდეთ, რომ რჯული დაიცვან, რადგან სხვა რჯული აქვთ.
ამის მიუხედავად, ძველი დერბის სული დარჩენილია, რასაც კარგად გვიამბობენ ხოლმე რეინჯერსში ნათამაშევი უცხოელი ფეხბურთელები, მათ შორის, ქართველებიც.
როცა ოულდ ფირმი ახლოვდება, გუნდების ფეხბურთელების უმრავლესობა მხეცდება, ასევე, მწვრთნელებიც. ოულდ ფირმში გატანალი გოლი, შენს სამუდამო სიყვარულს განაპირობებს გულშემატკივართა შორის.
ხშირად, ოულდ ფირმის დაძაბულობა ერთგვარ ანაქრონიზმად ჩანს დღევანდელი მსოფლიოსთვის.
"რეინჯერსსა" და "სელტიკში" ძალიან იშვიათად თამაშობენ მსოფლიო ვარსკვლავები, ისინი, ვინც ფეხბურთის უმაღლეს კლასს განაპირობებს, მაგრამ ეს რეინჯერს-სელტიკი კვლავაც რჩება ფეხბურთის მოყვარულთა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სანახაობად მთელ მსოფლიოში.
ალბათ, სწორედ ამ წარმოუდგენელი დაძაბულობის გამო, მას რომ ახლავს.
ლონდონში "არსენალი" და "ტოტენჰემი" უფრო მორიგდებიან და პირინეებზე - "რეალი" და "ბარსელონა", ვიდრე გლაზგოში - "სელტიკი" და "რეინჯერსი". ოულდ ფირმში საქმე ისე მოტრიალდება ხოლმე, რომ ერთმანეთს არავინ ინდობს.
აგე, ამ დღეებშიც ერთი ამბავი ატყდა; ეს იყო თასის მეხუთე რაუნდის გადათამაშება, რომელიც ერთი ბურთით მოიგო "სელტიკმა".
თამაშისას "რეინჯერსის" ორი ფეხბურთელი გააძევეს: სკოტი გორდონ ვაიტეკერი და ალჟირელი მაჯიდ ბუგერა. იმავ "რეინჯერსის" ცნობილ მაჩხუბარას, სენეგალელ ელ ჰაჯი დიუფს კი თამაშის შემდეგ უჩვენეს წითელი და საერთოდ, ვერ დააწყნარეს, ისე იწევდა "სელტიკის" მენეჯერ ნილ ლეონზე, რომელიც, თავის მხრივ, "რეინჯერსის" მწვრთნელ ალი მაკოისტს ექაჩებოდა, რახან იმან ხელის ჩამორთმევისას უთხრა, ჩემს ფეხბურთელებს თავს რატომ არ დაანებებო.
ეს იყო ერთი ჩვეულებრივი თამაში, მაგრამ ოულდ ფირმში ჩვეულებრივი არაფერი არსებობს.
ქვეყნის ჩემპიონატში პირველ ადგილზე "სელტიკია", ის ხუთი ქულით უსწრებს "რეინჯერსს", რომელსაც ორი თამაშით ნაკლები აქვს და შეუძლია კიდეც, გაუსწროს "სელტიკს".
ასე გრძელდება უკვე ას წელიწადს და მეტსაც. ჰოდა, შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაცია თანდათან წუხილს უმატებს, ეს რა უბედურებააო, ასე არ შეიძლებაო, მსოფლიოში მილიონობით ხალხი უყურებს ოულდ ფირმს და ვინ გამოვდივართ, მხეცები და ნადირებიო. გლადიატორობა ხო არ არიო.
ალბათ, სწორია და ზოგჯერ, ოულდ ფირმის სული ისეთი ჩანს, რომ ფეხბურთელები თავად აიგდებენ ხოლმე თავს, რაც ამ დერბის ზედაძაბულობას ინარჩუნებს, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ ეს არ იქნა, რატომ ჩართავ ტელევიზორს ოულდ ფირმის საყურებლად? უცნაურია, მაგრამ ასეა.
http://liberali.ge/kidev-erti-ould-pirmi