Middlesbroughბედმა ისე ინება, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ერთბაშად სამი იტალიურ-ინგლისური შეხლის ხილვას მოგვიწევს - ”იუვენტუსი” ”ჩელსის” ხვდება, ”რომა” - ”არსენალს”, ხოლო ”ინტერი” - ”მანჩესტერ იუნაიტედს”. Goal.com-მა ამ გუნდებს შორის სამშაბათსა და ოთხშაბათს გასამართი მატჩების წინ იტალიასა და ინგლისს შორის არსებული 30-მდე ”კულტურული განსხვავება” დაძებნა...
1. კვირაობით იტალიელ ქომაგთა მარშრუტი ასეთია – ეკლესია, თამაში, სახლი, ინგლისელებისა – პაბი, თამაში, პაბი.
2. იტალიელები თამაშამდე მაკარონსა და ფრიკადელებს მიირთმევენ და შავ ღვინოს აყოლებენ. ინგლისში წინასამატჩო რაციონს ქაბაბი, ჩიპსები და ლუდი შეადგენს.
3. იტალიაში პოლიცია უფლებას გაძლევთ, გუნდის ავტობუსს ფორთოხლები დაუშინოთ. ინგლისში ამის გულისთვის ციხეში მოხვდებით.
4. იტალიელი ფანები ნორმალურად იქცევიან საზღვარგარეთ ყოფნისას, მაგრამ შინ ჭკუაზე ირყევიან. ინგლისელი ქომაგი შინ კარგად იქცევა, მაგრამ უცხოეთში უბერავს.
5. ინგლისში ფანები სტადიონზე სკამებზე სხედან. იტალიაში გულშემატკივარი სკამს იარაღად იყენებს.
6. ინგლისში სტადიონის სტიუარდები ტრიბუნებს უყურებენ. იტალიაში სტიუარდები თამაშს უყურებენ, ან, როგორც ეს ”კატანიას” შემთხვევაში იყო, კლუბის ”ულტრასები” არიან.
7. ინგლისში, თუკი თამაშის დროს მოგშივდათ, უნდა გახვიდეთ და სასუსნავი სტადიონის სასაუზმეში შეიძინოთ. იტალიაში შეგიძლიათ თქვენგან 20 მეტრში მდგომ, სასმელ-საჭმლით მოვაჭრე ბიჭს დაუყვიროთ და სანამ ის ფანების თავზე საკვებს გადმოგაწვდით, ფული გადაუხადოთ.
8. ინგლისში, თუ სწრაფი, ამტანი და ღონიერი ხართ და შეგიძლიათ, 90 წუთის განმავლობაში შეუჩერებლივ ირბინოთ, იმ შემთხვევაშიც კი, ვირული სიტლანქე და მოუხეშაობა რომ გახასიათებდეთ, მაინც დიდი მოთამაშე გეთქმით. იტალიაში, თუ ტაქტიკური და ტექნიკური თვალსაზრისით უებრო ხართ, ლოკოკინას სისწრაფეც რომ გქონდეთ, მაინც დიდ მოთამაშედ შეგრაცხავენ.
9. ინგლისში, თუ SKY Sports ამბობს, რომ პიტერ კრაუჩი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა, ეს მთელ ქვეყანას სჯერა. იტალიაში, თუ SKY Italia სიმონე ლორიას მსოფლიოს საუკეთესო მცველად გამოაცხადებს, ქვეყნის მასშტაბით ერთი აბონენტიც აღარ დარჩება.
10. იტალიაში ”მიზანი ამართლებს საშუალებას” და მაისურაზე დაქაჩვა, წესების განზრახ დარღვევა, თვალთმაქცობა და მისთანანი თამაშის მნიშვნელოვან შემადგენლად ითვლება. ინგლისში ყოველივე ეს თაღლითობაა და ”საშუალებები ამართლებს მიზანს”, ანუ ”სამართლიანი თამაში” უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ”მოგება ყველა საშუალებით”.
11. იტალიაში დაცვა ხელოვნებაა. ინგლისში დაცვა ანტი-ფეხბურთია.
12. იტალიაში, თუ გუნდი 0:3-ს აგებს, მოთამაშეები ფარ-ხმალს ყრიან, ხოლო ქომაგები შეურაცხყოფენ გუნდს, ამტვრევენ ყველაზე ცუდად გარჯილი მოთამაშის მანქანას და მეორე დღეს ვარჯიშზე იჭრებიან. ინგლისში, გუნდი 0:8-საც რომ აგებდეს, მოთამაშეები ბრძოლას განაგრძობენ და ბოლო წამამდე ყველა ბურთისთვის იბრძვიან იმ შემთხვევაშიც კი, ამას აღარანაირი აზრიც რომ არ ჰქონდეს, ხოლო ქომაგები განაგრძობენ სიმღერას და თავიანთი გმირების შეგულიანებას.
13. ინგლისში ცუდი მსაჯი არაკომპეტენტურია. იტალიაში ცუდი მსაჯი კორუმპირებულია.
14. ინგლისში ტურისშემდგომი საფეხბურთო შოუები 99 პროცენტით უმნიშვნელოვანესი მომენტების გამეორებებია და 1 პროცენტით ანალიზი (ანუ შენელებული გამეორებები.. იტალიაში შოუები 99 პროცენტით ანალიზისგან და 1 პროცენტით უმნიშვნელოვანესი მომენტების გამეორებებისგან შედგება.
15. ინგლისში კლუბების თავმჯდომარეები საჯაროდ იშვიათად საუბრობენ და ძირითადად საკუთარი ბიზნესით არიან დაკავებულნი. იტალიაში პრეზიდენტები ხამუშ-ხამუშ შლეგდებიან ხოლმე და საკამათო მოსაზრებებს გამოთქვამენ, მათგან ყველაზე ავად ცნობილი ამ მხრივ ”პალერმოს” ბოსი მაურისიო ძამპარინია.
16. იტალიაში ქრთამი და კორუფცია ცხოვრების ნაწილია. ინგლისში კი ”ხელუკუღმა” მხოლოდ ერთ-ერთ საჩოგბურთო დარტყმას ჰქვია.
17. ინგლისში უდანაშაულო ხარ მანამ, სანამ დანაშაულს არ დაგიმტკიცებენ. იტალიაში დამნაშავე ხარ მანამ, სანამ უდანაშაულობას არ დაამტკიცებ.
18. იტალიაში ბავშვს ალკოჰოლს პირველად 9 თვისას ასინჯებენ და მისდამი პატივისცემას თუ მისით ტკბობის უნარს ნელ-ნელა უღვივებენ. ინგლისში ბავშვებს ალკოჰოლის მიღება 18 წლამდე ეკრძალებათ, ამ ასაკის მერე კი იქ უკვე უღმერთოდ სვამენ.
19. იტალიაში დედები ბიჭებს აკვანში 40 წლამდე არწევენ. ინგლისში ბიჭებს საკუთარი სახლები 16 წლიდან აქვთ და საკუთარი თავის მოვლასაც ამ ასაკიდან იწყებენ.
20. იტალიელი კაცები სახეს 11 წლიდან იპარსავენ და მერე ყოველდღიურად სჭირდებათ სამართებელი. ინგლისელი კაცები 18 წლამდე არ იპარსავენ და მერე მთელი 5 წელი აქვთ მანამდე, სანამ მცირედ აიბუნძგლებოდნენ.
21. ინგლისში პუნქტუალობა უაღრესად მნიშვნელოვანია. იტალიაში დროზე მისვლა ნახევარი საათით დაგვიანებას ნიშნავს.
22. ინგლისში კანონის დარღვევა ისეთ რამედ ითვლება, რაც შენთვის უნდა შეინახო. იტალიაში წესების დარღვევა სიამოვნებისა და ტრაბახის წყაროს წარმოადგენს.
23. იტალიაში არდადეგებზე წასული გარემოში მთლიანად ითქვიფება და მზეზე გარუჯვის შედეგად ყავისფერი ხდება. ინგლისელი არდადეგების უმეტეს ნაწილს მზისგან დამწვრობის მკურნალობაში ატარებს და ჰავაური პერანგით, წინდებითა და სანდლებით მოსიარულეს ყველაფერში ეტყობა, რომ ტურისტია.
24. იტალიაში თავიდან ფეხებამდე სპორტული ტანსაცმლის ტარება არამოდურია. ინგლისში სხვანაირად ჩაცმა ქალურია.
25. იტალიაში რიგში არავინ დგება, პირდაპირ წინ მიაჭრის და იტყუება, თითქოს იქ ნაცნობი ჰყავდეს. ინგლისში ხალხი საათობით დგას რიგებში და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბოლოს ხახამშრალი რჩება, ამას არ აპროტესტებს.
26. იტალიაში პოლიტიკა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია იმისდა მიხედვით, თუ ბარიკადის რომელ მხარეზე დგახართ. ინგლისში ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რეალიტი შოუ ”უფროსი ძმაა”, რომელშიც უნიჭო არარაობათა მთელი ჯგუფი მთელი დღე არაფრის კეთებით ერთობა.
27. იტალიაში ნორმალურია, როცა ერთი და იმავე სქესის ორი ადამიანი ერთმანეთს შეხვედრისას ეხვევა და კოცნის. ინგლისში ასე თუ იქცევი, ესე იგი ჰეტეროსექსუალი არ ხარ.
28. იტალიაში, თუ სადილად დაგპატიჟებენ, გარანტირებული გაქვთ, რომ, სულ მცირე, 6 სხვადასხვა კერძით გაგიმასპინძლდებიან და ბოლოს სახლშიც გაგატანენ, და მასპინძელი მანამდე არ შეგეშვებათ, სანამ ერთი ათჯერ მაინც არ ეტყვით, რომ მეტი არაფერი გინდათ. ინგლისში გთხოვენ, რომ თან ერთი ბოთლი წამოიღოთ, და საჭმელი ისე მალე დამთავრდება, რომ უკანა გზაზე მაკდონალდსთან გაჩერება მოგიწევთ, შინ მშიერი რომ არ მიხვიდეთ.