გასულ შაბათს ევროპა დიდი ფეხბურთის მოლოდინში იყო. მადრიდის «სანტიაგო ბერნაბეუზე» «რეალი» «ბარსელონას» მასპინძლობდა. ელ-კლასიკოს სახელით ცნობილი ისტორიული დაპირისპირება ამ ორ გუნდს შორის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სატურნირო ვითარებაში უმთავრესი მოვლენაა ესპანეთში და პოპულარობით კორიდა თუ შეედრება. და არა მარტო ესპანეთში. თბილისშიც, დიდ ფეხბურთს ოდესღაც ნაზიარებ და დღეს ასე დანატრებულ საქართველოს დედაქალაქში, გულშემატკივართა ორად გაყოფილი არმია ელოდა საფეხბურთო ფიესტას, რომელსაც გულგრილი არავინ დაუტოვებია...
ეს მატჩი ბრწყინვალე სანახაობა იყო - საფეხბურთო ესთეტიკისა და ულამაზესი სპექტაკლის ფეიერვერკი. ეს შედევრი ფეხბურთის ენციკლოპედიაში უნდა დარჩეს როგორც ნიმუში, თუ როგორ უნდა ითამაშოს ფეხბურთელმა და რა უნდა აკეთოს მწვანე მინდორზე. საამისოდ «ბარსამ» დიდებულად მომზადებული «დისერტაცია» შემოგვთავაზა განსახილველად და მატჩის ბოლომდე ისე დაიცვა საკუთარი სტრატეგია, რომ მის გენიალობაში ეჭვი არავის შეჰპარვია...
არადა, მატჩის საწყისი წუთები «ბერნაბეუს» არენაზე ნამდვილი კორიდა გახლდათ. «რეალმა» ანგარიში ლამაზი კომბინაციის შემდეგ გახსნა და კატალონიურ ხარს წითელი ქსოვილი აუფრიალა. იშვიათი ინტრიგა იყო: ამ შეხვედრამდე «ბარსელონა» 4 ქულით უსწრებდა «რეალს» და წარმოიდგინეთ, როგორ იძაბებოდა საჩემპიონო მარათონი პრიმერადივიზიონში, თუკი სამეფო კლუბი გამარჯვებას შეძლებდა. გაგიჟებული ტრიბუნების მხარდაჭერით «რეალი» გოლის შემდეგაც მიაწვა მეტოქეს, «ტორო-ტოროც» შეუძახა და... კატალონიური ხარიც აბობოქრდა: «ბარსამ» ზუსტად 5 წუთში მასპინძელთა მატადორები ალესილ რქებზე ისე აათამაშა, რომ გადარჩენის შანსი არ მიუცია და სამეფო კლუბი ბოგანოთა კრებულად აქცია. გვარდიოლას ისეთი შუა ხაზის მოთამაშეები ჰყავს ჩავისა და ინიესტას სახით, რომ მათი გენიოსობის წინაშე უძლურია ყველა. სწორედ ამ საოცარმა დუეტმა გატეხა და გააცამტვერა «რეალის» ნახევარდაცვა, თავგზა აუბნია და შედეგმაც არ დააყოვნა: ჯერ გალაღებულმა ლეო მესიმ ფანტასტიკური რბილი პასით კასილასს ერთი-ერთზე შეატოვა ანრი, რომელმაც აუღელვებლად ჩასვა ბურთი შორეულ კუთხეში, ორიოდე წუთის შემდეგ კი ჩავის შესანიშნავ ჩაწოდებას პუიოლმა ისეთი თავური აძგერა, «რეალის» კარის დარაჯმა ხელის გატოკებაც ვერ შეძლო. სამეფო კლუბმა მდგომარეობის გამოსწორება რობენისა და რაულის აქტიურობით სცადა. «ბარსამაც» მიუშვა მეტოქე, ათამაშა, მცირე ხნით «აგულავა» და მერე ისევ მოუჭირა მარწუხები. «რეალის» ჩამშლელმა, მუგუზალივით შავმა დიარამ ბევრი კი იბრძოლა და იჭიდავა, მაგრამ ერთ მომენტში ჩავიმ გააბა მახეში, ბუცის წვერი წაუკრა ბურთზე და რეაქტიულმა მესიმ მესამე გოლით შეახსენა ბურთ და თავდაკარგულ დიარას, რომ იქ არ «ბანაობდა», სადაც «მეფენი განიბანებიან» - 1:3. ტაიმიც მიილია, თუმცა შესვენებაზე წასულმა გუნდებმა იმის განცდა გაიყოლეს, რომ ლამაზი სანახაობა მეორე ნახევარშიც უეჭველად გაგრძელდებოდა. ასეც მოხდა. დებიუტი ისევ «რეალისა» იყო და სერხიო რამოსმა თამაშს ინტრიგა დაუბრუნა ლამაზი დარტყმით - 2:3. ისევ აბობოქრდა «სანტიაგო ბერნაბეუ», მაგრამ სანანებელი გაუხდათ ხარის ხელმეორედ გაღიზიანება. «ბარსას» თავი კი არ გაუგიჟებია, არც ზეძალისხმევისთვის მიუმართავს. უბრალოდ, როცა ეს გუნდი იშტაზეა და თავისი ფეხბურთის თამაშს იწყებს, მის განეიტრალებას ორი «რეალიც» აღარ ჰყოფნის. მესიმ და ანრიმ იქვე «მოუყომარეს» მეტოქეს მატჩის ბედი და ინტრიგაც დაავიწყეს და ვარსკვლავობაც - 2:4, 2:5...
მერე პეპ გვარდიოლას გაახსენდა, რომ ორიოდ დღეში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ელოდა ლონდონში «ჩელსისთან» და თავისი ბიჭები ოდნავ ჩააწყნარა, თორემ ორნიშნა ანგარიშამდე აპირებდა «ბარსა» მიღწევას. როგორ ჩააწყნარა თამაში კატალონიურმა კლუბმა? - ქუსლებით აკენწვლა დაუწყეს «რეალს», ერთი შეხებით სამკუთხედები, ოთხკუთხედები და თუ რამ «ხედები» არსებობს, ყველაფერი გაუთამაშეს. ამ ყველაფერს ერთი სახელი ერქვა: კატალონიური თავ-ხედობა(!), ოღონდ ლამაზი, ჯიგრიანი, თავაზიანი და ღირსებით აღსავსე თავ-ხედობა. მერე გვარდიოლას ისიც გაახსენდა, რომ პრიმერადივიზიონში «ბარსას» 99 გოლი ჰქონდა გატანილი, ერთხელაც ჩაართვევინა თავის შეგირდებს «ტურბოძრავა» და 2:6!.. 100 გოლი ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე(!). თუმცა, ესეც არ არის ზღვარი. ასე თუ ითამაშა «ბარსამ», ვინ იცის, 150-მდეც ააღწიოს...
საოცარი კიდევ რა იყო, იცით? - გვარდიოლა რომ ღიმილით ამხნევებდა თავის ბიჭებს ზეაწეული ცერებით. მთელი არსებით იქ, მწვანე მინდორზე «იხარშებოდა» «ბარსელონას» ახალგაზრდა თავკაცი, როგორც ახლო წარსულში, ფეხბურთელობისას. არანაირი პრაგმატულობა, არანაირი ფრეზე თამაში, რომელიც ასე აწყობდა ცხრილში 4 ქულით დაწინაურებულ გუნდს. «ბარსამ» დიდი ფეხბურთი ითამაშა და დაუვიწყარი სიამოვნება მოჰგვარა მილიონობით გულშემატკივარს. ეს გუნდი ჩემპიონია ყველა გაგებით. ეს სეზონი მისია, მხოლოდ მისი და ეს «რეალთან» ბრწყინვალე გამარჯვებამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ახლა «ბარსას» განმეორებითი მატჩი უწევს «ჩელსისთან». პირველი შეხვედრა გახსოვთ, ალბათ, «ნოუ კამპზე» 0:0 დასრულდა. «იღბალჩიკად» ცნობილმა ჰიდინგმა არც თავად ათამაშა «ჩელსი» და არც «ბარსას» მისცა გასაქანი ბინძური და უხეში თამაშით. უდაბნოში მოხვედრილ, ხახაგამშრალ დევნილს რომ ელანდება ოაზისი, აბრამოვიჩს ისე სურს ჩემპიონთა ლიგის მოგება. ჰიდინგმაც იცის ასეთი ლოკალური ბრძოლების დაგეგმვა და ხორცშესხმა. თუმცა, სადაც სამართალია, ამ «ბარსასთან» «ჩელსის» მიზერული შანსი აქვს. მთავარია, ლონდონში ფეხბურთი იყოს და არა «ჩელსის» მუტრუკი შავკანიანების «ბოინი», სადაც მოთამაშეების როლს ყასბები ასრულებენ და ბურთის ნაცვლად მეტოქის ფეხებს «აბასტურმებენ». პატიოსან ბრძოლაში «ბარსა» აბრამოვიჩის კონგლომერატს ფიანდაზივით გაიფენს მისივე არენაზე. «ლივერპულის» გავარდნის შემდეგ, თუკი ვინმეს ფეხბურთის სიყვარული შემორჩა, ყველა «ბარსელონას» მისჩერებია და ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული გუნდის გულშემატკივრობა, არამედ ლამაზი ფეხბურთისთვის ქედის მოხრაა. ასეთ ფეხბურთს კი დღეს გვარდიოლას ბიჭები თამაშობენ...
პ.ს. თანამედროვე ქართველი ფეხბურთელების საყურადღებოდ, რომლებსაც ჯერაც ჰგონიათ, რომ «ფეხბურთს» თამაშობენ: თუ იმის მეათედის გაკეთებაც არ შეგიძლია, რასაც აკეთებს ჩავი; თუ მესის შემყურეს ერთი კაცის მოტყუებაც არ ძალგიძს; თუ ინიესტას დარად ჩახლართულ და საგოლე გადაცემას ვინ ჩივის, ხუთიოდე მეტრშიც არ შეგიძლია ზუსტი პასის გაკეთება, ან უნდა დაჯდე და ამ საოცრების სასწავლებლად დღედაღამ მათი თამაშის ჩანაწერებს უყურო, ანდა კაცურად აღიარო, რომ ფეხბურთისგან ძალიან შორს ხარ და ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდო. რა თქმა უნდა, ყველას ვერ მოვთხოვთ იყვნენ მეს(ი)ები, მაგრამ სანახაობას დანატრებული ქართველი გულშემატკივარი, რომელსაც ოდესღაც საკუთარი გუნდი ახსოვს ასეთი აღმაფრენით მოთამაშე, იმის ღირსი მაინც არის, რომ ეროვნული ნაკრების მაისურზე გულზე ხელმიდებული ფეხბურთელების შემხედვარეს სიამაყის განცდა ჰქონდეს და არა სირცხვილისა...