
* * *
კაი სტატიას წავაწყდი, ვისაც არ ეზარება წაიკითხოს

კიდევ ერთმა ფეხბურთელმა აისრულა ბავშვობის ოცნება და გახდა ნაწილი არა ბუნების კანონებით შექმნილი, მაგრამ საფეხბურთო მასშტაბებით ღმერთს გატოლებული ფუნქციონერის ვარსკვლავთკრებულისა, რომელსაც ფლორენტინო პერესის ”რეალი” ჰქვია. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, სამყაროს რონალდომანია მაშინ შეეყარა, როცა არავინ იცის, რა ბედი ეწვევა მის კარიერას და არა მაშინ, როცა ევროპის უპირველესი ტურნირის ზენიტზე მყოფი ჩემპიონთა ლიგის თასს ეამბორებოდა და ზედიზედ იგებდა ყველა იმ ტიტულს, რომელიც ფეხბურთელმა შეიძლება წარმოიდგინოს...
ამ ტრანსფერზე უკვე ყველაფერი ითქვა და დაიწერა, საინფორმაციო წყაოოები 24 წლის პორტუგალიელის ფოტოებითაა აჭრელებული, ნელ-ნელა ამოქმედდა ის ფენომენი, რომელმაც 94 მილიონი ევრო სულ მოკლე ხანში რამდენჯერმე უნდა გაზარდოს და იმ ყულაბაში დააბრუნოს, რომელსაც ძირი ჯერ ვერავინ მოუძებნა და როგორც ჩანს ესპანურ ბანკებშიც კი უსიტყვოდ ენდობიან, იციან რა, რომ მის გარანტად სრულიად ესპანეთის სამეფო პრესტიჟი დგას...
მარკეტინგულად, ფინანსურად, და ყველა იმ კუთხით, რამაც ორგანიზაციის წარმატება უნდა განაპირობოს, ”მანჩესტერის” ”7 ნომრიანი” მაისურის ნაცვლად რონალდუსთვის თეთრი ”9 ნომრიs” შეთავაზება აბსოლუტურად გამართლებული რომაა ამას ბავშვიც მიხვდება, მაგრამ სპორტული მხარე საფეხბურთო კლუბს წესით უფრო მეტად უნდა აინტერესებდეს და როგორ შეეწყობა მადრიდული გრანდი თავისივე ინსცენირებულ ახალ საფეხბურთო წყობილებას, ამას მომავალი სეზონი გვიჩვენებს, იქამდე კი თქვენი ნებართვით მსჯელობას ოდნავ ”მანჩესტერულ” ელფერს მივცემ და ნისლიან ალბიონზე 18 წლის თინეიჯერის ზღაპრული წარმატების მთავარი შემოქმედის გადმოსახედიდან შევხედავ ამ ყველაფერს.
”იუნაიტედი” არ გახლავთ იმ კალიბრის გუნდი, რომლებიც ბიუჯეტს ფეხბურთელების გაყიდვით ავსებენ, ამასთან ვერც იმას ვუტყვით, რომ ფინანსურმა კრიზისმა გლეიზერები ყველაზე მეტად დააზარალა, ეჭვი ნურავის შეეპარება იმაშიც, რომ დევიდ ჯილს და საერთოდ, ”ეშმაკების” სპორტულ დირექტორატს ვინმეზე ნაკლებად შეუძლია იმ ელემენტარული არითმეტიკის გამოყენება, რომ რონალდუში გადახდილ 94 მილიონს ”რეალი” მხოლოდ მაისურების გაყიდვითაც კი რამდენიმე თვეში ამოიღებს, სწორედ ამიტომ ისმის კითხვა, რამ შეეფასებინა ”მანჩესტერს” ის, რისი ღირებულებაც ყველას განუზომლად მიაჩნდა.
მხოლოდ ადამიანური ფაქტორები და ის, რომ ფეხბურთელს უბრალოდ სურს ოცნება აიხდინოს, დღეს აღარ ჭრის და დასანგრევადაა განწირული ყველა ის კლუბი, რომელშიც მსგავსი წესები მოქმედებს. არც მოტივაციის დაკარგვაა ფეხბურთელის ცხოვრებაში ასეთი ადვილი, როგორც ხშირად ხატავენ ხოლმე, ყველას ვისაც გამარჯვება ერთხელ მაინც, თუნდაც სულ უბრალო რამეში გამოგიცდიათ, დამეთანხმებით, რომ კიდევ ერთხელ ამ განცდის განმეორების უდიდესი სურვილი ჩნდება, რომლის ასრულებაც აზარტს კიდევ უფრო ამძაფრებს და ასე დაუსრულებლად.
მაგრამ ძნელია დიდ ფეხბურთელებში, ისეთებში რომლებმაც წარმატებას ადრეულ ასაკშივე მიაღწიეს და შემდეგ ისევ დარჩნენ დიდების კვარცხლბეგზე, ერთი საერთო თვისება არ აღმოაჩინო, ისინი თითქმის არასდროს არ ატარებენ კარიერას მხოლოდ ერთ გუნდში და მუდმივად ეძიებენ ახალ თავგადასავლებს. არიან მხოლოდ გამონაკლისები, თუმცა სამწუხაროდ ასეთები უფრო და უფრო ცოტანი რჩებიან...
მთავარი როლი ”რეალის” მიერ შემოთავაზებულმა თანხამ ითამაშა და ამის უარყოფას არც არავინ ცდილობს, ”მანჩესტერს” ამ ფულით რამდენიმე უმაღლესი კლასის ფეხბურთელის ყიდვა შეეძლო და ამას აუცილებლად გააკეთებს კიდეც, თანაც...
თანაც რონალდოს თავგადასავლები სურდა, ფერგიუსონმა მას ზღვაში უფრო შორს შეცურვის ნება დართო და ბრიტანეთის კუნძულებიდან მშობლიურ პირენეებზე დააბრუნა, თუმცა დააბრუნა იმ ბევრისთვის ალბათ საპატიო, ექს-მანჩესტერელის სტატუსით, რომელიც მას კარიერის ბოლომდე თუ არა უახლოესი რამდენიმე წელი მაინც თან გაჰყვება. ვისაც ”რობინზონ კრუზო” წაგიკითხავთ პირველივე გვერდებზევე შეგხვდებოდათ მისი სამოგზაუროდ გამგზავრების ეპიზოდი, როცა მამა სახლში დარჩენას სთხოვს, ბოლოს კი როცა ვერაფერს გააწყობს, გზას დაულოცავს, თუმც გააფრთხილებს, წინ უამრავი ხიფათი გელისო. მთელი ეს ამბავი ძალიან ჰგავს დენიელ დეფოს ამ ცნობილ ნაწარმოებს, და თუ ბოლოც კეთილი ექნება, პირადად მე, როგორც ამ ფეხბურთელის უდავო ტალანტის დამფასებელს უზომოდ გამიხარდება, რადგან ცხადია, მას არ ეწერა ”ეშმაკების” ფანთა რჩეულების რიგებში მოხვედრა, მაისურს მიღმა დაუდგრომელი გული ბობოქრობდა და ასობით გამომუშავებულმა მილიონმაც კი ვერ დაავიწყა ღარიბულ ბავშვობაში ნანატრი სიზმრები, სანტიაგო ბერნაბეუზე ბურთს რომ აგორებდა...
მოკლედ, სერ ალექსი თავის სტიქიაშია, მჯერა, რომ ამ უკვე ხანში შესულ, მაგრამ მუდამ მხნე და ამაყ გენიოსს ერთი სული აქვს როდის დაიწყება ახალი სეზონი, რომ ყველას კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს თავისი გენიალობა და ახალი გუნდის შექმნის უდიდესი ნიჭი, ნიჭი, რომელსაც ის უკვე მეოთხედ იყენებს, ამჯერად უკვე რონალდუს, 6 წლის წინ შეძენილ ვარსკვლავთბიჭუნას გარეშე, გუშინ 80000 მაყურებლის თვალწინ ახალი ნავთსაყუდელი იპოვა, ის კიდევ ერთი მეზღვაურია ”მანჩესტერის” ლოგოზე გამოსახული ყვითელი გემიდან, რომელმაც საჭე კაპიტანს შეაჩეჩა, ინგლისურ ნისლში ცურვას ესპანური მზე ამჯობინა და მთელ საფეხბურთო სამყაროს ახალი გზავნილი ესროლა: ”მე მოვდივარ, რათა ევროპა კიდევ ერთხელ დავიპყრო!”
P.S ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მომდევნო სეზონს, მის დაწყებამდე სულ ცოტა ხანი დარჩა, უყურეთ, გიყვარდეთ და იყავით ფეხბურთის ფანი ჩვენთან ერთად!
http://fanebi.com/article/shepaseba/5415/ This post has been edited by BeNdeLiAni on 9 Jul 2009, 16:34