

ტურინის „იუვენტუსი“ რომ მომდევნო სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს, ეს გუშინ, „კიევოსთან“ გამართულ შეხვედრაში გადაწყდა. მართალია, ტურინელებს მე-4 ადგილზე გასვლის თეორიული შანსები კვლავ აქვთ შერჩენილი, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათი მაქსიმუმი მაინც ევროპის ლიგაზე მოხვედრა იქნება. ამის მიზეზი კი ის ერთწუთიანი ჩავარდნაა, რომლის გამოც, „ბებერმა ქალბატონმა“ „კიევოსთან“ დაკარგა ქულები.
ვერონული გუნდი ტურინს უმოტივაციოდ ეწვია. „მფრინავ ვირებს“ სერია A-ში დარჩენის საკითხი უკვე გადაწყვეტილი აქვთ და მათ არც ევროტურნირების საგზურისთვის ბრძოლა შეუძლიათ. ამიტომ, „კიევოს“ ყოფილი მწვრთნელის, ლუიჯი დელ ნერის მიერ დარიგებული „იუვენტუსის“ ორი ბურთით წინ გასვლა გასაკვირი არ ყოფილა, მაგრამ რაც 68-ე და 69-ე წუთებზე მოხდა, ნამდვილად მოულოდნელი იყო.
მასპინძლებმა ანგარიში მე-13 წუთზე გახსნეს, მას შემდეგ, რაც სარდომ პეპე საკუთარ საჯარიმოში წააქცია და დელ პიერომ თერთმეტმეტრიანი დარტყმით იხეირა. IIტაიმი 10 წუთის დაწყებული იყო, როდესაც დელ პიეროს გადაცემა მატრიმ საჯარიმოში, წინა ხაზთან ახლოს მიიღო და ზუსტი დარტყმით, მასპინძელთა უპირატესობას სოლიდური სახე მისცა.
შეხვედრის დასრულებამდე ოციოდე წუთი იყო დარჩენილი, როდესაც სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს. სარდოს დარტყმის შემდეგ, ბურთი ბუფონის კარის ძელს მოხვდა, რასაც ტურინელთა დაცვის ჩავარდნა მოჰყვა და ცარიელი კარის წინ, „კიევოს“ ერთბაშად 3 ფეხბურთელი აღმოჩნდა დასარტყმელ სიტუაციაში, მათგან კი, ყველაზე მეტად ურიბემ იყოჩაღა. გოლის გაშვებიდან პირველივე შეტევის დროს, „იუვემ“ სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ მეკარესთან პირსიპირ გასულმა მატრიმ ბურთს ვერ მიუსწრო. საპასუხო კონტრიერიშის დროს, საჯარიმოში მყოფი პელისიერის დარტყმის შემდეგ, ბურთი კვლავ ბუფონის კარის ძელს მოხვდა, დამატებაზე, ამჯერად, სარდომ ითამაშა, რომელმაც საჯარიმოს გარედან აიღო მასპინძელთა ცარიელი კარი.
ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად, „იუვენტუსს“ „უდინეზესთან“ 5, ხოლო რომაულ კლუბებთან 3-3 ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მართებს. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ორ ტურში, ეს შეუძლებელია. არცთუ მცირე შანსია იმის, რომ „ბებერი ქალბატონი“ საერთოდ ევროტურნირების გარეშე დარჩეს. დღეს, იტალიის თასის 1/2-ფინალები გაიმართება და სავარაუდოდ გაირკვევა, მოხვდება თუ არა ჩემპიონატში მე-7 ადგილზე გასული გუნდი ევროპის ლიგაზე. თუ ფინალში „პალერმომ“ გააღწია, ტურინელებს აუცილებლად დასჭირდებათ რომელიმე რომაულ კლუბთან 3-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა. „იუვეს“ გულშემატკივრებს ოპტიმიზმის საფუძველს ის აძლევს, რომ როგორც „ლაციოსთან“, ასევე „რომასთან“, ურთიერთშეხვედრებში, ტურინელებს უპირატესობა აქვთ.
იუვენტუსი-კიევო 2:2 (1:0)ტურინი, “ოლიმპიკო”23740იუვენტუსი(4-4-2): ბუფონი, მოტა, ბარძალი, კიელინი, გროსო, კრასიჩი (ტონი 80), აკვილანი, მარკიზიო, პეპე, დელ პიერო, მატრი
მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი
კიევო(3-5-2): სორენტინო, ანდრეოლი, ბოშტიანი, მანტოვანი, სარდო, ფერნანდესი, რიგონი, კონსტანტი (ურიბე 64), იოკიჩი (მანდელი 78), პელისიერი, ტერეუ (ბოლიაჩინო 40)
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
გოლები: 1:0 დელ პიერო (13, პენ), 2:0 მატრი (55), 2:1 ურიბე (68), 2:2 სარდო (69)
გაფრთხილებები: მარკიზიო 36, აკვილანი 53, კრასიჩი 72 - ანდრეოლი 12, რიგონი 26
მსაჯი: ანდრეა გერვაზონი
ბურთის ფლობა: 56%-44%,
დარტყმა: 13 (6)-10 (6),
კუთხური: 7-6,
თამაშგარე: 5-4,
სეივი: 2-2,
ჯარიმა: 13-14.
# გუნდი თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 36 23 9 4 61:23 78
2. ინტერი 36 22 6 8 65:40 72
3. ნაპოლი 36 21 5 10 56:36 68
4. უდინეზე 36 19 5 12 63:43 62
5. რომა 36 17 9 10 55:49 60
6. ლაციო 36 18 6 12 47:35 60
7. იუვენტუსი 36 15 12 9 55:44 57
8. პალერმო 36 16 5 15 55:59 53
9. ფიორენტინა 36 12 13 11 46:41 49
10. ჯენოა 36 13 9 14 40:41 48
11. კალიარი 36 12 8 16 42:46 44
12. კიევო 36 10 13 13 35:37 4313. კატანია 36 11 10 15 37:48 43
14. პარმა 36 10 12 14 37:46 42
15. ბოლონია 36 11 11 14 34:47 41
16. ჩეზენა 36 10 10 16 35:47 40
17. ლეჩე 36 10 8 18 42:62 38
18. სამპდორია 36 8 12 16 31:44 36
19. ბრეშია 36 7 10 19 32:49 31
20. ბარი 36 4 9 23 23:54 21
მიმაგრებული სურათი