
"ლელოს" მოვპარე
---
აი კარგი სტატია გაზეთიდან "სპორტული ამბები"
---
როი ჰოჯსონი: `იუვენტუსს~ და `ლივერპულს~ სტატუსი ევროპის ლიგის მოგებისკენ უბიძგებს
ინგლისელ სპეციალისტს როი ჰოჯსონს როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე მუშაობის მეტად საინტერესო გამოცდილება აქვს. 62 წლის სპეციალისტი სადღეისოდ ლონდონურ “ფულემს” უდგას სათავეში და იგი პრემიერლიგის გასული თვის საუკეთესო დამრიგებლად აღიარეს. ჰოჯსონით იტალიური “ტუტოსპორტის” დაინტერესება კი ადვილად ასახსნელია - 11 მარტს “ფულემი” ტურინს ესტუმრება, სადაც “იუვენტუსთან” ევროპის ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრას ჩაატარებს.
- სინიორ ჰოჯსონ, უხერხულობას ხომ არ შეგიქმნით კითხვები იტალიურ ენაზე რომ დაგისვათ?
- მართალია, აპენინის ნახევარკუნძულზე 5 წლის განმავლობაში ვმუშაობდი (იტალიაში ჰოჯსონი “ინტერსა” და “უდინეზეს” წვრთნიდა - რედ.), მაგრამ ჩემთვის მაინც გაცილებით უფრო მოსახერხებელი იქნება, თუკი მშობლიური ინგლისურით ვისაუბრებთ. რაც არ უნდა იყოს, იტალიიდან 2001 წელს წამოვედი და მას შემდეგ ამ ქვეყნის მოსახლეობის ულამაზესი ენა გვარიანად გადამავიწყდა.
-შევთანხმდით. მისტერ ჰოჯსონ, ხუთშაბათს თქვენი ამჟამინდელი სადამრიგებლო გუნდი “ფულემი” ტურინს ეწვევა, სადაც ევროპის ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში “იუვენტუსს” დაუპირისპირდება და გზიდან კიდევ ერთი ევრო-გრანდის ჩამოცილებას შეეცდება...
- დავიწყოთ იმით, რომ უეფას თასის ბოლო გათამაშების გამარჯვებულის ძლევამ ძალიან გაგვახარა. “შახტარის” დამარცხება ჩვენთვის დიდი მიღწევაა. ფლეი-ოფის პირველი რაუნდის ორივე შეხვედრა მაღალ დონეზე ჩავატარეთ, ეს კი განსაკუთრებით დონეცკში გამართულ პაექრობაზე ითქმის. უკრაინაში “ფულემმა” პრაქტიკულად იდეალურად ითამაშა. თუკი “იუვენტუსთანაც” ანალოგიურად ძლიერად ვიასპარეზეთ, ჩემი გუნდი კიდევ ერთი საფეხბურთო სასწაულის მოხდენას შეძლებს.
- როგორი განწყობით ხვდებით “ბებერ სინიორასთან” დაპირისპირებას? ტური¬ნე¬ლებთან დაჯახებას ნაადრევ ფინალად ხომ არ მიიჩნევთ? - ნებისმიერ სტადიაზე “იუვენტუსის” წინააღმდეგ სათამაშოდ მინდორზე გასვლა, “ფულემისთვის” ფინალის ტოლფასია. თუმცა, არ მსურს “ვაწყენინო” ჩემს ლივერპულელ თანამემამულეებს - ენფილდელები კიდევ ერთ გრანდს წარმოადგენენ ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში. სწორედ “იუვენტუსი” და “ლივერპული” არიან ტურნირს შემორჩენილთაგან ყველაზე ავტორიტეტული, სახელიანი და ძლიერი კლუბები. მათ სტატუსი მხოლოდ თასის დაუფლებისკენ უბიძგებს.
- პირველ მერვედფინალურ შეხვედრას ტურინში ატარებთ. ეს “ფულემისთვის” უპირატესობაა?
- ასე გადაჭრით ვერ ვიტყოდი, თუმცა, მოგახსენებთ, ყოველთვის უმჯობესია განმეორებითი სათასო პაექრობა საკუთარ მინდორზე ჩაატარო. “ქრეივენ კოტეჯზე” ერთგული გულშემატკივრის მხარდაჭერა გარანტირებული გვექნება. რამდენადაც ცოტა ხნის წინ ჩემთვის ცნობილი გახდა, “იუვესთან” მატჩის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია, გადაჭედილი ტრიბუნების (“ქრეივენ კოტეჯი” 25700 მაყურებელს იტევს - რედ.) წინ თამაში კი, ფეხბურთელებისთვის დამატებითი სტიმულია. “ფულემი” საკუთარ საევროთასო ისტორიას მხოლოდ ახლა ქმნის, თუმცა, საქმე უკვე სატრაბახოდაც გვაქვს. ზედიზედ 14 მატჩია არ წაგვიგია. უფრო ხანგრძლივი რეკორდებიც არსებობს, მაგრამ ჩვენ საკუთარი მიღწევით ვამაყობთ.
- “იუვენტუსი”, მისი რენომეს გათვალისწინებით, საზიზღარ სეზონს ატარებს - გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან და იტალიის თასიდან გავარდა, კატასტროფის წინაშე მდგომ “ბებერ სინიორას” ალბერტო ძაკერონის სახით დროებითი დამრიგებელი დაუნიშნეს. ტურინელები სერია A-ს გათამაშების ცხრილში მათთვის შეუფერებელ მეხუთე ადგილზე არიან და ლიდერს 15 ქულით ჩამორჩებიან...
- ასეთ შემთხვევაში მე რა მეთქმის - “ფულემი” პრემიერლიგის გათამაშების ცხრილში მეათე ადგილზეა და ლიდერს, “მანჩესტერ იუნაიტედს” 25 ქულით ჩამოვრჩებით. “იუვენტუსს” რაც შეეხება, ტურინულმა გრანდმა “კალჩოპოლი” კიდევ კარგად გადაიტანა. ჩემი აზრით, გუნდი დაუმსახურებლად მკაცრად დასაჯეს. ამის მიუხედავად, “იუვემ” ფეხზე დადგომა ძალიან მოკლე ხანში მოახერხა. ტურინელები იტალიური საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთ ლიდერად მაინც რჩებიან, გუნდში კი მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჯანლუიჯი ბუფონი, ალესანდრო დელ პიერო, მაურო კამორანეზი, დავიდ ტრეზეგე, ფაბიო გროსო, ვინჩენცო იაკინტა, ფაბიო კანავარო ასპარეზობენ. ნებისმიერ მათგანს ლამის ეულად შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა - “მკვდარი ბურთის” მოგერიება, მოწინააღმდეგის შეტევის ჩაფუშვა ან გადამწყვეტი გოლის გატანა. ისიც ნუ დაგვავიწყდება, ევროპის ლიგის ფლეი-ოფის პირველ სტადიაზე “იუვენტუსმა” ამსტერდამის “აიაქსი” რომ დაამარცხა, სერია A-ს ბოლო ტურში კი ფლორენციაში “ფიორენტინას” სძლია.
- ამის მიუხედავად, ტურინში მწარედ ახსოვთ ჩირო ფერარას დამრიგებლობის პერიოდში 9 მარცხი 12 მატჩში - ასეთი რამ “იუვენტუსის” 113-წლოვანი ისტორიის განმავლობაში არასდროს მომხდარა... - ამგვარი წარუმატებლობა ვერაფრით მიაყენებს ჩრდილს “ბებერი სინიორას” უმდიდრეს წარსულს. გუნდს ხომ ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული სკუდეტო, სამივე ევროთასის მფლობელია. ჩემს “ფულემს” რაც შეეხება, ამ მხრივ თავის მოსაწონებელი პრაქტიკულად არაფერი გვაქვს. მხოლოდ აწ უკვე გაუქმებული ინტერტოტოს თასი მოვიგეთ, რომელიც გულახდილად თუ ვიტყვით, უეფას თასის შესარჩევი ტურნირი გახლდათ. სხვათა შორის, ჩემპიონთა ლიგის, თასებისა და უეფას თასების მოგების გარდა, “იუვენტუსს” ინტერტოტოს თასიც აქვს მოგებული და ამ მხრივ იგი ერთადერთი გუნდია.
- თქვენი მომავალი მოწინააღმდეგის მოთამაშეთაგან ყველაზე მეტს დიეგოს აკრიტიკებენ... - მისი მონაწილეობით ბევრი მატჩი ნამდვილად არ მინახავს, ამიტომაც ვერ გეტყვით სამართლიანია მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკა თუ არა. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია მოგახსენოთ, რომ მან ბრემენის “ვერდერი” უეფას თასის ფინალში “გაათრია”. თუ გახსოვთ გადამწყვეტი მატჩი სტამბოლში ჩატარდა და ჩემი ღრმა რწმენით, “შახტარმა” მხოლოდ იმიტომ მოიგო, ფინალში დიეგოს დისკვალიფიკაციის გამო რომ არ უთამაშია.
- “იუვენტუსის” წინააღმდეგ შეხვედრაში თქვენც რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელი დაგაკლდებათ... - სამწუხაროდ ასეა. ჩვენი კაპიტანი დენი მერფი დისკვალიფიცირებულია, ენდი ჯონსონსა და განელ მცველს პეინცილს ტრავმები აწუხებთ.
- თუკი “ფულემმა” 2 მატჩის ჯამში “იუვენტუსს” სძლია, იტალიური კლუბები კიდევ ერთხელ ხომ არ დაინტერესდებიან როი ჰოჯსონის პერსონით? დათანხმდებით სამწვრთნელო კარიერის აპენინის ნახევარკუნძულზე გაგრძელებას? - ძნელი სათქმელია. “ფულემის” ეგვიპტელ მეპატრონე მუჰამედ ალ ფაიედთან შეთანხმებული ვარ, ყოველი სეზონის შემდეგ კონტარქტის ერთი წლით გახანგრძლივებაზე, თანაც, ხელშეკრულებას 2011 წლის ზაფხულამდე ხელი უკვე მოვაწერე. გითხრათ გულწრფელად, “ქრეივენ კოტეჯზე” თავს კარგად ვგრძნობ, საკუთარი სამწვრთნელო იდეების რეალიზაციასაც მეტ-ნაკლებად წარმატებით ვახერხებ, ამიტომაც სიამოვნებით დავრჩებოდი სამუშაოდ კიდევ კარგა ხნის განმავლობაში ლონდონში.
This post has been edited by MEDS on 10 Mar 2010, 14:16