ყველა ადამიანს, ისევე როგორც ფეხბურთის კომენტატორებს, ლაფსუსი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაუშვია. რამდენიმე დღის წინ "ბარსელონა"-"ინტერის" მატჩის მსვლელობისას ერთ-ერთი კომენტატორი "ინტერის" მცველ ვალტერ სამუელს სამუელ ვალტერად მოიხსენიებდა, შემდეგ კი ვალტერ სამუელი სამუელ ეტო,ოში აერია... რუბრიკის სტუმარია ცნობილი კომენტატორი სანდრო ცნობილაძე, რომელიც, ცოტა არ იყოს, ჩვენმა შეკითხვებმა გააღიზიანა.
- სანდრო, რა მოეთხოვება კარგ კომენტატორს?
- კარგ კომენტატორს მოეთხოვება ის, რაც მე მაქვს.
- ანუ?
- ანუ, საქართველოში ყველაზე კარგი საფეხბურთო კომენტატორი სანდრო ცნობილაძეა! 
- საკმაოდ ამბიციური ნათქვამია. მაინც რით გამოირჩევი სხვა ქართველი კომენტატორებისგან?
- ეს, ნაწილობრივ, ხუმრობით... ყველა ქართველ კომენტატორთან მაქვს მეგობრული და ზოგთან ნათესაური კავშირიც კი და ერთმანეთს კონკურენტებად არ მივიჩნევთ. კარგ კომენტატორს ევალება, ესმოდეს ის საკითხი, რომელზეც საუბრობს, უნდა ჰქონდეს ხმის კარგი ტემბრი და დიქცია. ყველა ნიუანსში უნდა ერკვეოდეს. 
- ვისაც კოტე მახარაძის წაყვანილი მატჩები ახსოვს, დღევანდელ კომენტატორებთან ბევრი პრეტენზია აქვს. 
- ვისაც აქვს პრეტენზია, მოვიდეს და ამიხსნას, რას ითხოვს ჩემგან.
- ამბობენ, რომ არასწორად მეტყველებთ. ხშირად გითქვამთ, ესა თუ ის გუნდი "გადარჩა გატანილ გოლს"...
- ამიხსენით, რა არის ამ წინადადებაში არასწორი? 
- რას ნიშნავს სიტყვა "გოლი"?
- კარში გატანილ ბურთს!
- დიახ. და როცა ამბობთ, "გადარჩა გატანილ გოლს", ნიშნავს, რომ "გადარჩა გატანილ, გატანილ ბურთს". ეს ხომ შეცდომაა?
- (დუმს) თქვენ მოგეწონებათ, მატჩი ლიტერატურული ქართულით რომ წავიყვანო? როდესაც ორი ფეხბურთელი ერთმანეთს დაეჯახება, მოგეწონებათ, რომ ვთქვა, "კაცი კაცსა შემოსტყორცნა" ან რამე ამდაგვარი?
- ჩვენ ენის დამახინჯებაზე ვსაუბრობთ.
- კიდევ რა პრეტენზია გაქვთ?
- რას ნიშნავს "გაუკეთა პასი"?
- "გაუკეთა პასი" ნიშნავს პასის გაკეთებას...
- ანუ გინდათ, თქვათ, რომ "პასის გაკეთება" ბურთის მიწოდებას ნიშნავს...
- სამწუხაროდ, ქართული სპორტის ჟურნალისტიკაში არ არსებობს სპეციალური ტერმინოლოგია. ამაზე არავინ იზრუნა.
- როგორ წარმოითქმის სიტყვა "თამაშგარე" ინგლისურ ენაზე?
- "ოფსაიდ", ანუ ზღვარს იქით.
- ქართველი კომენტატორები რატომ ამბობთ "ოფსაიდის" ნაცვლად აფსაიდს?
- იმიტომ, რომ ტავტოლოგია არ გამოგვივიდეს(?) მე პირადად ხშირად ვხმარობ ოფსაიდს. 
- წარმოიდგინეთ, უძღვებით ერთ-ერთ მატჩს და მინდორზე ტრუსებიანი კახა ბენდუქიძე შემორბის. რა რეაქცია გექნებათ?
- ვიფიქრებ, რომ ერთობა. 
- სანდრო, ხშირად ამბობ, "ფეხბურთელმა დაარღვია თამაშის წესები"... შეიძლება თუ არა, ერთმა ფეხბურთელმა წამში დაარღვიოს თამაშის ყველა წესი ერთდროულად?
- ვისაც ფეხბურთი კარგად ესმის, მიხვდება, რომ ეს შეიძლება. 
- ვინ იყო "ოქროს ბურთის" პირველი მფლობელი?
- არ მახსოვს. 
- ეს იყო სერ სტენლი მეტიუზი. რომელ ქვეყანაში იმართება 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი?
- სამხრეთ აფრიკაში.
- რა ჰქვია სამხრეთ აფრიკის დედაქალაქს?
- იოჰანესბურგი.
- სამხრეთ აფრიკის დედაქალაქი არის ტშვანე, ყოფილი პრეტორია.
- მიმაჩნია, რომ არ მომეთხოვება სამხრეთ აფრიკის, ბანგლადეშისა და ამგვარი ქვეყნების დედაქალაქების ცოდნა.
- რომელი ფეხბურთელი თამაშობდა ორი ქვეყნის ნაკრებში?
- დი სტეფანიო თამაშობდა ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებში.
- რას აჩუქებდი საქართველოს პრეზიდენტს?
- ისეთ საქართველოს, როგორზეც თვითონ ოცნებობს.
ფსიქოლოგის დასკვნა
მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - ამბიციურია, უყვარს პირველობა, უჭირს შეცდომების აღიარება. ხშირად აგრესიულია და ზოგჯერ სიამოვნებას ისიც ანიჭებს, როდესაც მის მიმართაც გამოხატავენ არაკეთილგანწყობილებას.
წყარო/Source: 
http://www.ambebi.ge/sporti/14520-ras-nish...l#ixzz0sYUfbZGj