
თქვენ თერთმეტნი ხართ!
ჩარინგ კროსის ბუკინგისტები და წიგნებით მოვაჭრენი ძაან ხალხია. ასე განსაჯეთ, იქნებ წონითაც გამოგატანონ თქვენი სასურველი წიგნები. აქაურ მაღაზიებსა და ფარდულებში ეგებ ისეთ რამესაც გადააწყდეთ, თმები ყალყზე დაგიდგეთ. ან თუ რაიმე ძალიან ჩვეულებრივი გაინტერესებთ, სულაც მაკულატურული, კაცი, რომ არაფრისდიდებით არ შეინახავს - ესეც აქ არის.
არის ყველაფერი - ძვირიცა და იაფიც. უფრო კი მაინც იაფ ''სექენდ ჰენდ ბუქად'' წოდებული რამეებია. მიდი და ქექე, სანამ სავაჭრო ღიაა - თუ გინდა, წიგნების გროვაზე ჩამოჯექი და იკითხე. ეს ''სექენდ ჰენდი'' სულ რომ არ არსებობდეს, უბრალო წიგნის მაღაზიაშიც არ მოგწყინდება ბურთის მოყვარულ კაცს - თაროები გაძეძგილია: ფოტოალბომი ''შავ თეთრი კანტონა'' ჩამოუფასებიათ - 14 გირვანქა ღირს. დიად ფერენც ფუშკასშ ბიბლიის მოცულობის მემუარები დაუწერია და ეს ალბათ საუცხოო და ქომაგისთვის საჭირო წიგნი თუ გინდა, ჯიბეზე ხელი გაიკარი და 23 გირვანქას გამოდი, ანდა კენი დაგლიშის ამჟამად პოპულარული ავტობიოგრაფია - 20 გირვანქა ამასაც დასჭირდება.
ახალი წიგნი ძვირია. გუშინდელი, არაანტიკვარული, არანაკლებ საინტერესო 9თუ უფრო არა) - იაფი.
და ფეხბურთის მოყვარულის წინაშე გადაიშლება ჯადოსნური სამყარო.
როგორ გგონიათ, გუშინდელი ფეხბურთი სხვა იყო?
ეს კითხვა ალბიონზე უადგილოდაც კი ჟღერს.
შეიძლება ჩვენ ბევრი ვილაპარაკოთ და ვწეროთ იმის გამო, რომ გლენ ჰოდლმა სულ სხვაგვარი ნაკრები შექმნა, რომ პეისლის ლივერპული ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში, რომ... მაგრამ არც ერთ ქვეყანაში არ არის შენარჩუნებული ფეხბურთის პირვანდელი იერი ისე, როგორც ინგლისში.
ახლა ამბობენ, რომ ამან ინგლისელებს ცუდი სამსახური გაუწიაო.
აგებ ასეც იყოს, მაგრამ ინგლისური ფეხბურთის უდიდესი ხიბლიც სწორედ ამაშია.
სწორედ კუნძულზე, თუნდაც საქარხნო, ან დოკერთა გუნდების თამაშის ცქერისას, ანდა ჩარლტონის ერთი ბეწო ველის სტადიონზე ერთნაირად შეიგრძნობა, როგორ ქომაგობდნენ საუკუნეთა მიჯნაზე.
მაგრამ ჩვენი მთავარი თEმა ეს როდია.
გავიმეოროთ: როგორ გგონიათ, გუშინდელი ფეხბურთი სხვა იყო?
რა თქმა უნდა.
ტაქტიკას რომ შევხედოთ, 130 წლის წინათ გუნდს რვა თავდამსხმელი ჰყავდა. დღეს ერთი კინკილა შემორჩენია. ტექნიკას რომ შევხედოთ, ლაპარაკიც კი ზედმეტია - განა გასულ საუკუნეში ასერიგან ჩუბინობდნენ? ფიზიკურ მზადყოფნას და მოთამაშეთა მოძრაობას ხომ ვერც შევადარებთ. მაშინ ბიჭები ერთს გაირბენდნენ და მორჩა. ან სად იყო ამდენი ტესტი, კარდიოლოგთა დასკვნა და კომპიუტერული ამბავი? ესეც არ იყოს და ძVელ დროში ბურთის უქუდოდ თამაში სასირცხვო იყო. ''ბუთი'' კი სულაც არ ჰგავდა ბუცს. ბურთს თასმები ჰქონდა და შიგთავსს პირით ბერავდნენ. ტრუსის მაგივრად კი, ბრიჯები ეცვათ.
მოკლედ, შეცვლილა და ეს არის.
თამაში განვითარდა - ტოტალრობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
ახლა კი, ჩამოიარეთ ლონდონელი ბუკინისტები და ერთ საუცხოო რამეს აღმოაჩენთ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდნენ ელინიო ერერა, რინუს მიხელსი, შტეფან კოვაჩი, უბალდო ზუბელდია, ჰელმუტ შონი, ბობ პეისლი, ჟოაო სალდანია და კიდევ ათასი სხვა, დიადი და განუმეორებელი, ფეხბურთის არსი, მისი თამაშის პრინციპი, უცვლელია.
მწვრთნელთა და თეორეთიკოსთა ნააზრევი ფეხბურთს გამუდმებით ანახლებს - უცვლის ფერსა და სახესა. მაგრამ თამაშის შიგანი უცვლელი რჩება.
ყოველ შემთხვევაში, ასეა ინგლისში. იმის მიუხედავად, რომ ლამანშზე მოსმანური ხიდები გაიდო და კარებიც გაიხსნა.
უფრო მეტიც- ფეხბურთელები სწრაფნი და მოქნილნი გახდნენ, მაგრამ მათ თვინში დიდი არაფერი ცვლილები მომხდარა. მწვრთნელებმა შექმნეს ახალი თამაში, ტაქტიკა და ვარჯიშის სისტემება მაგრამ ამის გარდა მათ ვერაფერი შეცვალეს, რადგან...
იქაური წინგის თაროების ქექვა მარტო მტვერის ყლაპვას სულაც არ ნიშნავს. წიგნები კი, შენს წინაშე რომ დევს, ზღაპრულია. ''ფუთბოლ ბუქი'' ვინმე ი. სივილს დაუწერია 1901 წელს და გამოუციათ კიდეც.
ამ წიგნში განხილულია იმ დროის ფეხბურთის თამაშის ძირითადი პრინციპები და გადმოცემულაი საუკუნის დასაწყისის სამწვრთნელო თეორიები, რომლებიც რა დასამალია და, დღეს დაწერილი გეგონებათ.
''რაც არ უნდა კარგი დრიბლიორი და ფინტების ოსტატი იყოს ფეხბურთელი, თუნდაც მთელი გუნდი, თუ მოთამაშეებს შორის გაგება არ არის, წარმატება მიუღწეველია, რადგან ფეხბურთელის საუკეთესო თვისებები მხოლოდ გუნდური ერთობისას ვლინდება. უამისოდ, თერთმეტი ვარსკვლავის (ზუსტად ეს სიტყვა წერია!) გუნდს, კომბინაციურად, ურთიერთდახმარებით მოთამაშე თერთმეტი კარგი ბიჭი დაამარცხებს.
მხოლოდ ხანდახან მარტოკაცის ბრწყინვალება სილამაზეს დააფრქვევს მინდორზე, მაგრამ საზრიანად მოთამაშე მოწინააღმდეგე ამის იმედსაც გადაუწურავს. ამიტომ ყოველმა მოთამაშემ უნდა იცოდეს თავისი შესაძლებლობები და ისინი გუნდურ თამაშთან შეახამოს.
ესეც არ იყოს და ათასიდან ერთს და, იმასაც ბოლომდე, ვერ მოსთხოვ საფეხბურთო გმირობას. ინდივიდუალური თვისება ვარჯიშზე უნდა დაიხვეწოს. იქ ხომ თამაში არ არის, არამედ გაკვეთილია, იქ რისკი შესაძლებელია''
მეტი რა გინდათ?
ასე ფიქრობდნენ ფეხბურთზე 100 წლის წინათ. ასე ფიქრობენ დღესაც.
ყოველ შემთხვევაში, ზემოთ მოტანილ გამონათქვამებში, ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ, საუცხოოდ ჩანს ინგლისური ფეხბურთის დღევანდელი თვისებებიც: ვარსკვლავის სრული მორჩილება გუნდისადმი, ერთობა, ფიქრი და განუწყვეტელი თამაში პასების მეშვეობით.
''ინდივიდუალისტი'' - ეს სიტყვა კარგა ხანს სალანძღავი რამ იყო ბრიტანეთში. მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა.
ჯორჯ ბესტის გენიამ და მატ ბასბის მახვილმა თვალმა გადამწყვეტი სიტყვა თქვეს ამ საქმეში. ბესტის ბედი იყო, რომ ''ემიუში'' მოხვდა. ''ფინტების მეფეს'' სერ სტენლი მეთიუზს ხომ მთელი ცხოვრება საკუთარი თავის წარმომჩენ ინდივიდუალისტს ეძახდნენ.
ბესტმა გაიმარჯვა. მანამდე კი იყო სერ ალფ რემზის ნაკრები, რომელსაც არ ჰყავდა ფრთის თავდამსხმელები, ინგლისის მთავარი ინდივიდუასიტები, სერ ალფრედი ამას იმით ასაბუთებდა, სათანადო კლასის გარემარბი არ გვყავსო.
რომ გრინვუდის ნაკრებში ვერ მოხვდა უნიჭიერესი ტონი მორლი. ნაკრებში ეპიზოდურად ჩანდა ჯონ ბარნსი. გრემ ტეილორმა კი გუნდიდან დაითხოვდა ქრის უოდლი. ტეილორისვე ხელში უფერული გახდა გაზას თამაშიც.
ამგვარი კუდები ბოლო დრომდე არსებობდა, მაგალითად ბრაიან რობსონს ყოველთვის ამჯობინებდნენ გლენ ჰოდლს და ა.შ.
დღეს ამგვარი რამ აღარ არსებობს, მაგრამ 130 წლის ''ინგლისური ფეხბურთის კოდექსი'' კვლავ მთელი ძალით ყვირის:
''თქვენ თერთმეტნი ხართ!''
და ეს პრინციპი დაცულია ყველგან: ''არსენალიდან'', ''ქრიუ ელიგზანდრამდე''.
''ინდივიდუალურად მოთამაშენი, თუ შეკრულნი არ არიან, მოიგებენ ერთ თამაშს, მეორეს. მესამეს კი აუცილებლად წააგებენ.
თერთმეტივე კაცი მთელი თამაშის განმავლობაში უნდა მუშაობდეს, მიუხედავად იმისა, რომ ბურთი მხოლოდ ერთს აქვს ხოლმე. საუკეთესო, რაც შეუძლია გააკეთოს უბურთო მოთამაშებ, პოზიციის შერჩევაა. გაივლის წამი და მომგებიან ადგილზე გასული კაცი ბურთს მიიღებს'' - ამას კვლავ ''ფუთბოლ ბუქში ვკითხულობთ.
ახლა კი ''კოდექსი''. სულ რამდენიმე მორალური კანონი, რათა საბოლოოდ გავერკვეთ ინგლისური ფეხბურთის სულში. ქვემოთ ჩამოწერილი სიტყვები მორალზეა, მაგრამ თამაშის სულსა და ხასიათსაც განსაზღვრავს:
''გვახსოვდეს: ხანგრძლივი დრიბლინგი ეფექტური რამ არის, ფინტები და ჟონგლიორობაც აღაფრთოვანებს პუბლიკას, მაგრამ სარგებელი და აზრი ამ საქმეში ცოტაა. ამიტომ ამით გართული თავდამსხმელი სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს''.
გესმით?
ეს საუცხოო იარაღია შემოქმედი მწვრთნელის ხელში, მაგრამ ეჭვიანი კაცი მოედანს არ დაანახებს ფინტებში გართულ ფორვარდს.
'არავის ისე იოლად არ ართმევენ ბურთს, როგორც ეგოისტ მოთამაშეს. მეტოქეებმა ყოველთვის იციან, რომ ის იოლად არ შეელევა ბურთს და პასს დააგვიანებს''.
''ბურთის ფლობის ისტატობაზე არანაკლები ოსტატობაა საკუთარი თავის ფლობის ოსტატობა. მრისხანება გონების მტერია და საუკეთესო ვარჯიშიც ისაა, კაცს რომ გონიერებას გაუჯენს ძვალსა და რბილში. მოჩხუბრები კრივში წავიდნენ, ეს კი ფეხბურთია''.
''გახსოვდეს - კაცი მხოლოდ იმ თამაშში უნდა ჩაებას, ტკივილი, ხიფათი და ბრძოლა რომ ახლავს თან. საბედნიეროდ ფეხბურთი სწორედ ასეთი თამაშია''.
''თუ თავუ უჭკვიანეს კაცად მიგაჩნია, დაივიწყე ეს ბურთის თამაშიშას, დაივიწყე, რომ ნიჭიერი ხარ, რადგან თავდაჯერებულობა ფეხბურთელის პირველი მტერია;;.
''მინდორზე ისე მოიქეცი, რომ შენს საყვარელ თამაშს ჩირქი არ მოსცხო. საუკეთესო ფეხბურთელები არ უხეშობენ. უხეშობა სირცხვილია''.
აი, თქვენს წინაშეა კარგად შენახული ძველი წიგნებიდან გადმოსული ინგლისური ფეხბურთი.
პრინციპები ურყევია.
ცვლილებები ბევრია - ფინტის მოყვარული ბიჭები (გამორჩევით შავტუხა) ახლა ყველა პროფესიულ გუნდს ჰყავს, მაგრამ ერთი აუცილებელი წესით, ''თქვენ თერთმეტნი ხართ!''
აქაურ ფეხბურთში დღეს პოპულარულია ჯანფრანკო ძოლა - კაცი ფანტაზისტა. აქაური ფეხბურთი დღეს ორად არის გაყოფილი.
და მაინც.
კიდევ ერთი ძველი პრინციპი, რათა ჩავწვდეთ ინგლისური თამაშის უმთავრესს არსს.
''ყოველ ჯანმაგარ და თამამ კაცს შეუძლია ფეხბურთის სწავლა. მისგან კარგი ბექი ან ჰავბექი გამოვა. მაგრამ ფორვარდობას სხვა რამ სჭირდება. მოუქნელი ბექი ან ჰავბექი მაინც ითამაშებს ფეხბურთს. მოუქნელი ფორვარდი - ვერასოდეს.
ფორვარდი მოქნილი და დახვეწილი უნდა იყოს. მეგოლე კაცს. სიმამაცისა და სიმტკიცის გარდა, რამდენიმე ქალური თვისებაც უნდა გამოარჩევდეს. უხეში ძალა მისთვის გამოუსადეგარია. საუკეთესო ფორვარდები მსუბუქნი და დახვეწილნი არიან და ჯანმაგარ ბექებსა და ჰავბექებს პირში ჩალაგამოვლებულებს ტოვებენ.
სისულელეა ის, რომ ფორვარდი მხოლოდ წინ უნდა თამაშობდეს. ბევრი თამაში წაგებულია იმის გამო, რომ ფორვარდები ბექებს არ ეხმარებოდნენ. ეს დაუშვებელია, თამაშს ის გუნდი მოიგებს, რომლის ფორვარდებიც დაცვას ეხმარებიან.
როგორია კარგი ჰავბექი? მას შეუძლია ბურთის წართმევა და პასის ჩაჭრა, მაგრამ ის უვარგისია, თუ არ იცის პასი რომელიც აუცილებლად წინ უნდა გაიგზავნოს''
ესეც შენი ინგლისური ფეხბურთის შემტევი სული - ამდენჯერ ნახსენები სიტყვა ''სიმამაცე'' და ''აუცილებლად წინ''.
ყოველთვის წინ!
ასე თამაშობდნენ და ასე თამაშობენ.
ამიტომაც არის, რომ ალბიონის ფეხბურთი მეტად თავისებური, პირდაპირი და ჯიგრიანი სანახაობაა. მის გემოს გაგება უნდა.
იქ კი, ლონდონელ ბუკინისტებთან, თაროებზე სწორედ ამ გემოს გასაგები წიგნები აწყვია. ძველისძველი წიგნები ფეხბურთზე - დღესაც საჭირო აზრებითა და წესებით.
გაივლის დრო და შენ კვლავ დაბრუნდები ფეხბურთის კუნძულზე. აღმოაჩენ, რომ ბევრი რამ შეცვლილია, რომ კანტო, გაზა და შერი აღარ თამაშობენ ფეხბურთს, მათი ადგილი კი ახალი დროის ვარსკვლავებმა დაიკავეს. აღმოაჩენ, რომ კუნძულზე კონტინენტელთა მთელი არმია თამაშობს და თითო გუნდს შვიდი-რვა უცხოელი ჰყავს. ნახავ, რომ ''ბარნსლი'' კვლავ მეორე დივიზიონში გავარდნილა, მაგრამ სული ინგლისური თამაშისა - ალალი გუნდური ერთობისა, ამოკითხული იმ საუკუნის წინანდელ წიგნებში, კვლავ ცოცხალია.
მწვანე, ხასხასა მინდორი, პირითხაზს მიბჯენილი ტრიბუნები, ჯანმაგარი წითური ბიჭები და უეშმაკო საკლუბო სიმღერა. ჯადოსნური საატნახევარი...
არა, კაცი უნდა დაბრუნდეს იქ... იქ, სადაც პირველად გაგორდა ბურთი.