mancunia89
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6339
წევრი No.: 70883
რეგისტრ.: 12-September 08
|
#34192704 · 4 Dec 2012, 22:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კარგი ინტერვიუ გუნდის კაპიტანთან
არნემის “ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ რუსულ ყოველკვირეულ გამოცემა “ფუტბოლთან” ინტერვიუში, რომლის კორესპონდენტებიც ჰოლანდიაში ესტუმრნენ, განაცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელებს მენტალიტეტის მხრივ პრობლემები აქვთ. - “ვიტესში” გადასვლამდე ეროვნულ ნაკრებში თამაში ახალი დაწყებული გქონდათ და არცთუ შესამჩნევი ფეხბურთელი იყავით. ამ ფონზე “ვიტესის” ხელმძღვანელობამ ყურადღება რატომ მოგაქციათ? - არ დაგიმალავთ, რომ კლუბის მეპატრონე მერაბ ჟორდანიასთან ნაცნობობა დამეხმარა. ის დამპირდა, რომ თუ შესაძლებლობა იქნებოდა, ევროპის რომელიმე გუნდში “მომაწყობდა”. თავისი სიტყვა შეასრულა: “ვიტესის” შეძენის შემდეგ, კონტრაქტი შემომთავაზა. საინტერესოა, რომ მანამდე ამ კლუბში საქმეში არავის ვენახე, ცხადია, მერაბის გარდა. - გამოდის, რომ ჟორდანიას შეთავაზება მშვიდად მიიღეთ? თითქოს, ასეც უნდა მომხდარიყო? - მერაბმა ჰოლანდიური კლუბი რომ შეიძინა, მის სატელეფონო ზარს მოუთმენლად ველოდი. გულწრფელად გამიხარდა, როცა დამირეკა. თავდაპირველად, თბილისის “დინამოს” ჩემი გაშვება არ სურდა, რადგან უნდოდა, მოგვიანებით უფრო დიდ თანხად უფრო ცნობილ კლუბში გავეყიდე. ჟორდანია “დინამოს” ხელმძღვანელობას დიდხანს “ეჭიდავა”, ვიდრე ისინი ამ გარიგების განხორციელებაში არ დავარწმუნეთ. - “ვიტესის” არსებობის შესახებ საერთოდ თუ გსმენოდათ? - ვიცოდი, რომ ეს არცთუ დიდი ევროპული კლუბი იყო. თუმცა, ვერც კი ვიოცნებებდი, რომ ოდესმდე იქ მოვხვდებოდი. ჰოლანდიური ფეხბურთი შემტევი სტილის გამო ყოველთვის მომწონდა. მიუხედავად იმისა, რომ მცველი ვარ, წინ წასვლა და გოლების გატანა მიყვარს. ერედივიზიონი ამისთვის საუცხოო ადგილია. - იმის გამო ხომ არ შეგქმნიათ პრობლემა, რომ არნემში თქვენი გამოჩენა უშუალოდ ჟორდანიას ინიციატივა იყო? - ჩემს კანდიდატურას მხარი კლუბის დირექტორმაც დაუჭირა, რომელმაც თამაშების ვიდეოჩანაწერები ნახა. ამასთან, თითქმის მაშინვე დავამტკიცე, რომ გუნდში შემთხვევით არ მოვხვედრილვარ. ერთ-ერთი თამაშის წინ, ჩვენმა მარჯვენა მცველმა მოთელვის დროს ტრავმა მიიღო და მწვრთნელმა მითხრა, რომ მოედანზე გასასვლელად მოვმზადებულიყავი. გარკვეული დროის განმავლობაში მცირე შოკში ვიყავი: ევროპაში სავსე ტრიბუნების თვალწინ პირველ მატჩს ვატარებდი. სიხარული და საშინელი ნერვიულობა ერთმანეთში აირია. თუმცა, ნერვებს გავუმკლავდი და კარგი მატჩი ჩავატარე. რაც მთავარია, იმ საღამოს “ვიტესის” გულშემატკივრებმა საუცხოოდ მიმიღეს. -კი, მაგრამ თქვენ ხომ ცენტრალური მცველი ხართ? - ეს მედლის მეორე მხარეა. ფლანგზე თამაშს ვერ ვიტან, მაგრამ სადებიუტო მატჩის მერე, 20 მატჩი განაპირა მცველის პოზიციაზე ჩავატარე. პრესაც კი, საშინელ შეფასებას მაძლევდა. მწვრთნელებს და ჟურნალისტებს ვეუბნებოდი, რომ მთელი ცხოვრება დაცვის ცენტრში ვთამაშობდი და მარჯვენა მცველი არასოდეს ვყოფილვარ. მხოლოდ გარკვეული ხნის მერე მომცეს მოედანზე ჩემთვის საყვარელი პოზიციის დაკავების შესაძლებლობა. - ხომ თქვით, შეტევაში ჩართვა მიყვარსო? ფლანგზე ამის გაკეთება უფრო ადვილია... - დიახ, მაგრამ როცა ცენტრში თამაშობ კარგად ხედავ მოედანს და რაც ირგვლივ ხდება. ფლანგზე სივრცეში უფრო შეზღუდული ხარ და მოძრაობა მხოლოდ გარკვეულ “დერეფანში” შეგიძლია. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებშიც მარჯვნიდან თამაში მიწევს, მაგრამ ქვეყნის ინტერესებისთვის მზად ვან, ნებისმიერ ადგილზე ვითამაშო. - ჰოლანდიური ფეხბურთი გემოთი როგორი აღმოჩნდა? - ის არცერთს არ ჰგავს. კარგად ვიცნობ როგორც ქართულ, ასევე, რუსულ ფეხბურთს. საერთაშორისო არენაზე არაერთი მატჩი ჩამიტარებია სხვადასხვა მეტოქეების წინააღმდეგ, მათ შორის ესპანეთის ნაკრებთან. თუმცა, ჰოლანდიურ ფეხბურთთან მიახლოებულიც კი ვერაფერი შევნიშნე. მაგალითად, რუსეთი რომ ავიღოთ, იქ ჩვეულებისამებრ 4 მცველი თავს 2 ფორვარდისგან იცავს. ერედივზიონში კი, 4-3-3 სქემის გამო, ხშირ შემთხვევაში დაცვის ორ ფეხბურთელს ერთბაშად 3 შემტევის შეკავება უხდება. ეს მცველებისთვის წარმოუდგენლად რთულია და ჰოლანდიის ჩემპიონატში ბევრი გოლი ამიტომ გადის. - ამისთვის მწვრთნელები როგორ გამზადებდნენ? - ყოველი ვარჯიშისას ტაქტიკური მეცადინეობა გვაქვს, რომლის დროს მწვრთნელები გვიხსნიან, როგორ უნდა იმოქმედონ მცველებმა არათანაბარ პირობებში. გარდა ამისა, არის ვითარება, როდესაც მეტოქე “რომბით” თამაშობს - 4-4-2 სქემით. ე.ი. ორმა ცენტრალურმა მცველმა მოწინააღმდეგის ორი ცენტრალური თავდამსხმელი უნდა შეაჩეროს, რაც ასევე არ არის ადვილი. საერთო ჯამში, ჰოლანდიაში “გიჟური” ფეხბურთია, რომლის დროსაც კარის “მშრალად” შენახვა ხშირად ვერ ხერხდება. საქართველოს ნაკრებში ასე არ არის. იქ თავს ძალიან მკაცრად ვიცავთ და ერთმანეთს ვაზღვევთ, ამიტომ მცველის შეცდომა ხშირ შემთხვევაში კრიტიკულ ვითარებას არ იწვევს. ერედივიზიონში კი, მცველის შეცდომა ფაქტობრივად ყოველთვის საგოლე მომენტით მთავრდება. - თქვენი თანაგუნდელი გიორგი ჭანტურია ნაწილობრივ “ბარსელონას” აღზრდილად შეიძლება ჩაითვალოს. როგორ მოხვდა ის ესპანური გრანდის ახალგაზრდულ გუნდში? - გიორგი ძალიან ნიჭიერია. “ბარსელონამ” ჭანტურია 13 წლის ასაკში დანიაში ჩატარებულ ერთ-ერთ ტურნირზე შეამჩნია, სადაც ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამის შემდეგ, კატალონიური კლუბის სკაუტები მას ყურადღებით აკვირდებოდნენ და ესპანეთშიც მიიწვიეს. იქ ჭანტურიამ ერთ-ერთ ახალგაზრდულ გუნდში რამდენიმე კარგი თამაში ჩაატარა, რის მერე, კონტრაქტი შესთავაზეს. - “ვიტესში” მის გადასვლაში რაიმე მონაწილეობა მიიღეთ? - გიორგის მთელი საქართველო იცნობს და ყველამ იცის, რომ “ბარსელონაში” იყო. სამშობლოში მას ახალ მესისაც კი ეძახიან. ეს ჟორდანიასთვის სიახლე არ იყო. ასე რომ, ჩემი კონსულტაცია საჭირო არ იყო, რადგან ისედაც ყველაფერი ნათელი გახლდათ. სხვათა შორის, ჭანტურიათი აქტიურად იყო დაინტესებული “ზენიტი”, მაგრამ როგორც ცნობილია, სანქტ-პეტერბურგში ქართველი ფეხბურთელები არ უყვართ. - ალბათ, უკეთესად იცით ლევან ყენიას ისტორია, ვისი თქმითაც, “ზენიტიდან” ფაქტობრივად განდევნეს... - ყველა წვრილმანი არ ვიცი, მაგრამ თითქოს პრობლემა გუნდში არ იყო. ყენიას “ზენიტში” ხილვა კლუბის პრეზიდენტს სურდა, მაგრამ ლუჩანო სპალეტი მის გადასვლაში დაინტერესებული არ იყო. იტალიელმა პირდაპირ განაცხადა, რომ ყენია არ ჭირდება და ტრანსფერი ამიტომ არ შედგა. - იცით, რომ ტრანსფერმარკტ.დე-ს მონაცემებით, საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ხართ (4,5 მილიონი ევრო)? - რა თქმა უნდა. საფეხბურთო სიმულიატორს რომ ვთამაშობდე, ასეთ თანხას არ დავიშურებდი და ჩემს გუნდში საკუთარ თავს ავიყვანდი. ვაღიარებ, რომ ამას ყოველთვის ვაკეთებ (იცინის). კომპიუტერულ ფეხბურთს რომ ვთამაშობ, პირველყოვლისა გუნდში ჩემი თავი ამყავს. - თქვენი ეროვნული ნაკრები ახლა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს და არცთუ ცუდი მოთამაშეები ჰყავს. ამის მიუხედავად, შესარჩევ ციკლში საქმე კარგად რატომ არ წაგივიდათ? - ჯერ კიდევ ახალგაზრდა გუნდი გვყავს, რომელიც მომავალში საკუთარ სიტყვას იტყვის. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ძლიერ გუნდებთან შეხვედრის დროს კონცენტრაციას ვახერხებთ, რაც შედარებით სუსტ მეტოქეებთან არ გამოგვდის. მაგალითად, ესპანეთთან ფრის შესანარჩუნებლად ცოტა დაგვაკლდა, ხოლო შემდეგ ბელარუსთან წავაგეთ. უფრო ცუდად ვთამაშობთ ანდორისა და ლუქსემბურგის დონის გუნდებთან. ალბათ, თავდაჯერება არ ჰყოფნით ფეხბურთელებსაც, რომელთაც თამაშის საკუთარ თავზე აღება შეუძლიათ. ამჟამინდელი საქართველოს ნაკრები დაცვაში ძლიერია, მაგრამ წინა ხაზში ვერაფრით გამოვირჩევით. თუმცა, ისტორიულად ტექნიკურ და შემტევ ფეხბურთს ვთამაშობდით. - ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი საზღვარგარეთ თამაშობს. ამჟამად, საქართველოს ჩემპიონატი ისეთი დონისაა, რომ ყველა ცდილობს, სამშობლო რაც შეიძლება სწრაფად დატოვოს? - საქართველოდან ევროპაში წასვლა ძალიან ძნელია. ჟორდანია რომ არ ყოფილიყო, თბილისის “დინამოში” კიდევ დიდი ხანი ვიქნებოდი. ჩვენ განსაკუთრებული მენტალიტეტი გვაქვს. ჩემი თანამემამულეები ჩვეულებისამებრ უდისციპლინოები და ცოტა “გიჟები” არიან. გახსოვთ, გოგიტა გოგუას თავშეუკავებლობის გამო “ვოლგაში” რა პრობლემები ჰქონდა? ევროპაში ითხოვენ, რომ ფეხბურთელები პირველ ყოვლისა პროფესიონალები იყვნენ, კლუბში არსებული ყველა წესი დაიცვან და ყოველგვარი თვითშემოქმედებისგან თავი შეიკავონ. ქართველებს შორის ასეთი ადამიანი ცოტაა და ამიტომ, საზღვარგარეთ წასვლას ბევრი ვერ ახერხებს, იქ დაფუძნებას კი, მხოლოდ ერთეულები. - შოთა არველაძე იმ იშვიათ ერთეულებს მიეკუთვნება? - ჩემი ეროვნების ადამიანებს შორის მასზე დიდი პროფესიონალი არ მინახავს. საერთოდ, ხშირად არ შეგხვდება ადამიანი, რომელიც საქმეს ისე სერიოზულად ეკიდება, როგორც შოთა. ამის გამო მან მაღალ დონეზე მრავალი წლის განმავლობაში ითამაშა. შეიძლება ითქვას, რომ არველაძე საქართველოს სიამაყეა. - შეგიძლიათ ახსნათ, რატომ არ მოსდევთ ხასიათი და შრომისმოყვარეობა უდიდესი საფეხბურთო ნიჭით დაჯილდოებულ ქართველ ფეხბურთელებს? - ყველაფერი გვაქვს, სწორი ხასიათის გარდა. ნებისმიერი ქართველი ორი გოლის გატანის შემდეგ თავს დიდ ვარსკვლავად მიიჩნევს და შემდეგ საკუთარ თავზე მუშაობა აღარ სურს. ეს საშინლად არ მომწონს, მაგრამ არ ვიცი, როგორ უნდა შევცვალო. - მალხაზ ასათიანი ამ პრობლების მსხვერპლია? - არა, ეს უკვე სხვა ქართული უბედურებაა: გარკვეულ საცხოვრებელ ადგილს ძალიან ვეჩვევით. როდესაც ასათიანი “ლოკომოტივში” აღარ თამაშობდა, მას ფრანგული კლუბები - პსჟ და “მონაკო” ეპატიჟებოდნენ. თუმცა, მალხაზმა წასვლა არ მოინდომა, რადგან მოსკოვის დატოვება არ სურდა, არაფერს ვამბობ რუსეთზე. ის იჯდა და ელოდა “სპარტაკის”, ცსკა-ს ან “დინამოს” წინადადებას, მაგრამ მათ არაფერი შეუთავაზებიათ. ამჟამად, მეც იგივე პრობლემა მაქვს: ჰოლანდიიდან და არნემიდან წასვლა არსად მსურს. - თბილისის შემდეგ, არნემში ცხოვრება როგორია? - ეს ორი სხვადასხვა ქალაქია. არნემში სიმშვიდეა, დრო ნელა და გეგმაზომიერად გადის. თბილისში ცხოვრება დუღს, სულ ვიღაც გირეკავს და შენგან მუდმივად რაღაც სურს. ცხოვრების ასეთი “გიჟური” რიტმი არ მომწონს. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ თბილისი მენატრება. მხოლოდ ქართული კერძები მაკლია. თუმცა, საქართველოდან დაბრუნების შემდეგ, ზედმეტი წონის პრობლემა, რომლითაც თავის დროზე სახელი ზაზა ჯანაშიამ “გაითქვა”, არ მაწუხებს. - არნემი ამსტერდამთან ახლოს მდებარეობს. ჰოლანდიის დედაქალაქი თავისი ღამის ცხოვრებით არ გიტაცებთ? - არა. მე მარიხუანას არ ვეწევი და იქ სიარული არ მიყვარს. სამი წლის განმავლობაში ამსტერდამში ღამე მხოლოდ 3-ჯერ თუ 4-ჯერ ვიყავი. ის თბილისს მაგონებს. იქ ძალიან ბევრი ხალხია: ჰოლანდიელები, მაროკოელები, სურინამელები, რუსები... ამასთან, ქუჩაში ყველგან ველოსიპედისტები არიან და სიარული შეუძლებელია. დიუსელდორფი უფრო მომწონს. - დასვენებას სად ამჯობინებთ? - გასულ ზაფხულს ბიჭებთან ერთად სურინამში ვიყავი. იქ კარგი და მშვიდი ზღვაა, რაც მომწონს. მე გარუჯვა და ლუდის დალევა მიყვარს. შესაძლოა, სიგარაც მოვწიო. წელიწადში ერთხელ შეიძლება თავს ამის უფლება მისცე. დისკოთეკები არ მიყვარს. - რა არის “ვიტესის” ასეთი წარმატებული სტარტის მიზეზი? - ვფიქრობ, მთავარი მწვრთნელი. ფეხბურთელებზეც ბევრია დამოკიდებული, მაგრამ ფრედ რუტენი თავის საქმეს ნამდვილად კარგად აკეთებს. ის ფეხბურთელებს ინდივიდუალურად ესაუბრება და ეს უკეთესად თამაშში გვეხმარება. მწვრთნელის მუშაობა თითოეულს თავდაჯერებას გვმატებს. თამაშებისთვის მზადების პროცესში ოპონენტებზე დაწვრილებით ინფორმაციას ვიღებთ. ცხადია, იღბლის გარეშეც არ შეიძლება: ზოგჯერ მეტოქეებს ჩვენს კარში დანიშნული პენალტი ვერ გააქვთ. - რუტენის წინამორბედ ჯონ ვან დერ ბრომზე რას იტყვით? მან “დენ ჰააგში” არცთუ ცუდი გუნდი ჩამოაყალიბა და “ვიტესშიც” საკმაოდ წარმატებულად მუშაობდა... - გუნდი კაპიტნად სწორედ ვან დერ ბრომმა დამნიშნა. ისიც კარგი მწვრთნელია. თუმცა, ასეთია საფეხბურთო ცხოვრება: რთულია თავის შეკავება, როდესაც დიდი კლუბი გეპატიჟება. ამჟამად, ჯონი ბელგიურ “ანდერლეხტში” მუშაობს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში გამოდის. სხვათა შორის, ვან დერ ბრომი დიდი ხნის განმავლობაში “ვიტესში” თამაშობდა. ჩვენი ოფისის დერეფანში მისი პორტრეტი ჰკიდია. - რა შეიცვალა, მას შემდეგ, რაც კაპიტნად დაგნიშნეს? - ბევრი რამ. ჩემი პასუხისმგებლობის სფერო ძალიან გაიზარდა. თუმცა, მსგავსი გამოცდილება უკვე მქონდა – თბილისის “დინამოში” ერთი წელიწადი კაპიტანი ვიყავი. ისიც მეხმარება, რომ კლუბის პრეზიდენტი ქართველია. შემიძლია, მას ნებისმიერ დროს დავურეკო და ვესაუბრო, თუ გუნდს რამე სჭირდება. მაგალითად, შემიძლია რესტორანში დავპატიჟო, თუ ბიჭებთან ერთად იქ წასვლას გადავწყვეტ. ცოტა ხნის წინ, მერაბს დავურეკე, IPhone 5-ის გამოსვლა რომ მეცნობებინა და ვთხოვე, კარგი თამაშისთვის გუნდისთვის შესაბამისი საჩუქარი გაეკეთებინა. 25 ტელეფონი შევუკვეთეთ. შემდეგ, ჩემთან მწვრთნელი მოვიდა და მითხრა, რომ IPhone 5 მასაც სურს. მე ვუპასუხე: “კარგია, მაგრამ მეშინია, რომ თუ პრეზიდენტს ისევ დავურეკავ, ის მომკლავს” (იცინის). - ჰოლანდიურ ფეხბურთზე არსებობს სტერეოტიპი, რომ პირველ ყოვლისა ეს არის “აიაქსი”, “ფეიენოორდი” და პსვ. თქვენი კლუბი გრძნობს თავდაჯერებას, რომ მათ შეეწინააღმდეგება? - ცოტა ხნის წინ, ლიგაში დარჩენისთვის ვიბრძოდით. ორი სეზონის წინ მე-15 ადგილზე გავედით და უახლოეს მეტოქეს გატანილ-გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობით ვაჯობეთ. შემდეგ, მე-7 ადგილი დავიკავეთ და ევროტურნირების საგზური მოვიპოვეთ. მიმდინარე სეზონის დაწყებამდე მიზნად საუკეთესოთა ოთხეულში შესვლა დაგვისახეს. თუმცა, წარმატებულის სტარტის შემდეგ, გეგმების გადახედვა მოგვიწია. გუნდის მიმართ ინტერესი გაიზარდა, ხალხმა სტადიონზე სიარული უფრო აქტიურად დაიწყო. მთელი ქალაქი საუბრობს, რომ ჩემპიონები უნდა გავხდეთ. - ჰოლანდიის ჩემპიონატში რუსი დმიტრი ბულიკინი გამოდის. ძნელია მის წინააღმდეგ თამაში? - ძალიან. ის ფიზიკურად ძლიერია. სუსტი არც მე ვარ, მაგრამ როდესაც ორთაბრძოლაში შევდივარ, ვგრძობ, თუ რამდენად ძლიერია ბულიკინი. მის წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებით “მეორე სართულზეა” რთული. ჰოლანდიური ფეხბურთი მას ესადაგება. აქ ასეთი ფეხბურთელებია საჭირო. ისინი პრაქტიკულად ყველა კლუბში არიან. მაგალითად, ჩვენთან “ტარანის” როლს ვილფრიდ ბონი ასრულებს. - მოგვიყევით, საწყის პერიოდში ჰოლანდიაში როგორ ცხოვრობდით... - თავდაპირველად ინგლისური ენა არ ვიცოდი და სულელურად გამოვიყურებოდი. პირველი თამაშის დროს სახალისო რამ შემემთხვა. როდესაც მატჩის წინ გასახდელში შევედი, ერთადერთი ფეხბურთელი აღმოვჩნდი, რომელსაც ყოველდღიური ტანსაცმელი ეცვა და არა სპორტული. იმ დროს სრულიად მარტო ვიყავი, მეუღლისა და დედის გარეშე. თავს მარტოსულად ვგრძნობდი. - კარიერის დასრულების შემდეგ, ჰოლანდიაში თუ დარჩებით? - ჯერ არ ვიცი. აქ დარჩენა მსურს, მაგრამ შესაძლოა, თამაში სხვა ქვეყანაშიც მომიწიოს. ძალიან მომწონს ბუნდესლიგა: იქ სტადიონები ყოველთვის სავსეა, ათლეტური გუნდებია და დიდი კონკურენციაა. გერმანიაში გამოკვეთილად სუსტი კლუბები არ არის. საერთო ფონზე მხოლოდ “ბაიერნი” გამოირჩევა – ცხადია, დადებითი კუთხით. - ვის გულშემატკივრობთ გერმანიის ჩემპიონატში? - არავის, მე “რეალის” თავგადაკლული ფანი ვარ. ზოგჯერ ესპანეთშიც მივფრინავ ხოლმე. - ცოტა ხნის წინ, “ვიტესი” მახაჩყალის “ანჟის” ეთამაშა. თავის გამოჩენა არ გსურდათ, რომ რუსული კლუბის სკაუტებს თქვენი გვარი ჩაენიშნათ? - ეს ძნელია. მით უმეტეს, რომ რუსეთში ლეგიონერებზე ლიმიტია დაწესებული. პლუს ქართველი ვარ. ჩემი აზრით, რუსეთში ქართველი ფეხბურთელები არ უყვართ. - რატომ? რუსეთის პრემიერლიგაში ქართველები თამაშობენ, ხოლო “ვოლგას” მცველ გია გრიგალავას ორმაგი მოქალაქეობა აქვს... - დიახ, მაგრამ მომავალი სეზონიდან ასეთი მოთამაშეები ლეგიონერებად ჩაითვლებიან. ამასთან, ის “ანჟის” მსგავს ტოპ-კლუბში არ თამაშობს. მახაჩყალაში საოცარ თანხებს იხდიან. - სამუელ ეტოოს წინააღმდეგ თამაში რთული იყო? - ის დიდი ფეხბურთელია და კარგი ბიჭია. ეტოომ საკლუბო დონეზე ყველა ტურნირი მოიგო. ასეთ ფეხბურთელებს პატივს ვცემ. როდესაც სტუმრად მოვიგეთ, თამაშის მსვლელობისას მასთან სულ ვსაუბრობდი. სამუელი მპირდებოდა, რომ გოლს გაგვიტანდა, მე კი, მას ვპასუხობდი: “შენ ჩემი უნდა გეშინოდეს. შეიძლება, მე დიდი ფეხბურთელი არ ვარ, მაგრამ მცველი ვარ და შემიძლია დაგარტყა”. თამაშის მერე, მან თავისი მაისური და კაპიტნის სამკლავური მაჩუქა. მეორე მატჩში, როდესაც გასახდელიდან გამოვდიოდით, ის პირველ ყოვლისა ჩემთან მოვიდა და მკითხა: “ჰეი, კაპიტანო როგორ ხარ?” - 37-ნომრიანი მაისურით რატომ თამაშობთ? - არის ციფრები, რომლებიც კონკრეტულ ფეხბურთელებთან ასოცირდება. 37 “ჩემი” ნომერია, ის ჯერ კიდევ თბილისის “დინამოში” მქონდა. “37 ნომრად” კარიერის დასრულების შემდეგაც დავრჩები. - “ვიტესში” სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთელები შეიკრიბნენ – ესტონელით დაწყებული იაპონელით დამთავრებული. ასეთ ინტერნაციონალურ გუნდში თავს როგორ გრძნობთ? - იაპონელები ძალიან უცნაური ხალხია. ისინი ისე ცეკვავენ, რომ გაოცებას ვერ ვმალავ. ჯერ კიდევ არ მესმის, ჩხირებით როგორ ჭამენ. სხვადასხვა კერძების დაგემოვნება მომწონს და ზოგჯერ იაპონურ რესტორანშიც შევდივარ, მაგრამ ჩხირებით ჭამა არ შემიძლია. - ესტონელ მეკარე მარკო მეერიტსზე რას იტყვით? რუსეთში ბალტიისპირელებზე ბევრი ანეკდოტი დადის და მათ რუსული სიტყვების “გაწელვისთვის” დასცინიან. ამის გამო, ბევრს ჰგონია, რომ ესტონელები ბუნებით ნელი ხალხია. - ეს შესამჩნევია, რადგან ჩვენს მეკარეს არცთუ კარგი რეაქცია აქვს (იცინის). მან ესტონურის გარდა სხვა ენა არ იცის. ამის გამო, მისი სერიოზულად აღქმა ძნელია. რთულია რაიმეს მიღწევა, როდესაც არ გესმის, თამაშამდე მწვრთნელი რა ამოცანას გისახავს. სპეციალურად შენთვის ესტონურს ან ქართულს არავინ ისწავლის, გარემოს თავად უნდა შეეჩვიო. ერთ ამბავს მოგიყვებით. ჩვენი მესამე ქართველი ვაკო ყაზაიშვილი წარმოშობით ოზურგეთიდანაა. ერთხელ ჟურნალისტი მისგან ინტერვიუს იღებდა და ინგლისურიდან ქართულად მე ვთარგმნიდი. ჟურნალისტმა ყაზაიშვილს ჰკითხა, თუ საიდან იყო წარმოშობით. მან უპასუხა. უცებ ჟურნალისტმა უთხრა: “ეს ადგილი ვიცი”. გავოცდი: “საიდან?” მან ოზურგეთის სტადიონის ფოტო მაჩვენა. მე მათ ხელი დავუქნიე და ვუთხარი: “ყველაფერი გასაგებია, სახლში წავედი, საერთო ენას თავად იპოვით” (იცინის). სხვათა შორის, ყაზაიშვილიც არცერთ უცხო ენაზე არ საუბრობს, რუსულიც კი არ იცის. - რას ნიშნავს თქვენი სვირინგი? - ეს ინგლისური წარწერაა იმის შესახებ, რომ რაც უნდა მოხდეს, არასოდეს შევიცვლები. 5 წლის წინ ისეთივე ვიყავი, როგორიც ახლა ვარ. ვფიქრობ, არც ფული და არც პოპულარობა არ შემცვლის.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა
|