papaani
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5903
წევრი No.: 18769
რეგისტრ.: 29-March 06
|
#22270845 · 29 Oct 2010, 19:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ორი დიდი საფეხბურთო კულტურა და 30 განსხვავება
იტალიაში ფეხბურთი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სპორტის ერთ-ერთი, თუნდაც უპირველესი სახეობა. ფეხბურთი ცხოვრების წესია, ყოველდღიური საფიქრალი. ხშირად ამბობენ, რომ ფეხბურთი სწორედ აპენინის ნახევარკუნძულიდან მოდის და არა ინგლისიდან. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, იყო ასეთი თამაში: კალჩო, რომელსაც მიიჩნევენ კიდეც ფეხბურთის წინამორბედ სახეობად. ის თამაში ისტორიას ჩაბარდა, თუმცა დარჩა სახელი, "კალჩო" და აპენინებზე დღეს სწორედ ასე უწოდებენ სპორტის უპირველეს სახეობას. იტალიაში ხშირად ედრებიან ფეხბურთის სამშობლოს, ინგლისს და პარალელებსაც ავლებენ. თავის მხრივ, ფეხბურთი ინგლისშიც რელიგიის დონეზეა აყვანილი, რაც ჩვენგან ნამდვილად არ გესწავლებად. ყველაზე საინტერესო კი ის კულტურული განსხვავებებია, რომლებიც მენტალიტეტიდან მოდის - ფეხბურთის ფანატიზმამდე აყვანილი სიყვარული, ინგლისში და იტალიაში სხვადასხვაგვარ ფორმებში ვლინდება. გავეცნოთ ამ ორი დიდი ქვეყნის საფეხბურთო კულტურას და შევადაროთ ისინი ერთმანეთს. თქვენს წინაშეა 30 განსხვავება.
1. - კვირა დღე ინგლისში: ფაბი, ფეხბურთი, ფაბი. - კვირა დღე იტალიაში: ეკლესია, ფეხბურთი, სახლი და ტელევიზორი, რათა უყურო ტურის მიმოხილვას და გაარჩიო შენი გუნდის კონკურენტების თამაში.
2. - მატჩის წინ, ინგლისელები მიირთმევენ ჩიფსებს, არაბულ ქებაბს და სტადიონისკენ მიმავალ გზაზე სვამენ სამ-ოთხ კათხა ლუდს. - მატჩის წინ, იტალიაში აუცილებლად მიირთმევენ მაკარონს, კატლეტს და აყოლებენ წითელ ღვინოს, რაც მათ განწყობაზე იდეალურად მოქმედებს.
3. - იტალიაში გულშემატკივართა გარკვეული ჯგუფი მეტოქე გუნდის ავტობუსს აუცილებლად დაბომბავს ფორთოხლებით და პომიდვრებით. პოლიცია ამას ყოველთვის გაღიმებული უყურებს. - თუ ამის გაკეთებას ინგლისში დააპირებთ, აუცილებლად ციხეში ამოჰყობთ თავს.
4. - იტალიელი ტიფოზები უცხოეთში მშვიდად იქცევიან, საკუთარ სტადიონზე კი ხშირად ადამიანურ სახეს კარგავენ. - ინგლისელები პირიქით, საკუთარ სტადიონზე და ქალაქში არაფერს დააშავებენ, სამაგიეროდ უცხოეთში არიან ძალიან საშიშნი.
5. - ინგლისში, ტრიბუნებზე დამონტაჟებულ სკამებზე როგორც წესი სხედან. - იტალიაში სკამებს ხშირ შემთხვევაში საბრძოლო იარაღად იყენებენ.
6. - ინგლისში, სამართალდამცავები უყურებენ გულშემატკივრებს, განსაკუთრებული ყურადრებით კი ულტრასებს. - იტალიაში სამართალდამცავები უყურებენ ფეხბურთს და გვანან ულტრასებს.
7. - ინგლისში, თუ სტადიონზე მყოფს საკვები მოგინდათ, უნდა დატოვოთ ტრიბუნები, გახვიდეთ გარეთ და მოძებნოთ ბუფეტი. - იტალიაში ყველაფერი გაცილებით მარტივია: უბრალოდ უნდა დაიყვიროთ: "პიცა", "ბიბიტარო" და მაქსიმუმ ოც წამში თქვენთან გამყიდველი გაჩნდება.
8. - ინგლისში კარგი ფეხბურთელი გქვია მაშინ, თუ სწრაფი და ძლიერი ხარ, ამასთან მაქსიმალურად იხარჯები მთელი 90 წუთის განმავლობაში. - იტალიაში კარგი ფეხბურთელი გქვია მაშინ, თუ ტაქტიკურად იდეალურად ხარ განსწავლული და არც ტექნიკა დაგეწუნება - დანარჩენს ეშველება.
9. - თუ "სქაი სპორტი" ამბობს, რომ პიტერ კრაუჩი მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია, ინგლისში ამას იჯერებენ და სიახლეს დიდი სიხარულითაც იღებენ. - თუ "სქაი იტალია" ამბობს, რომ სიმონე ლორია მსოფლიოს საუკეთესო მცველია, იტალიაში ეს სასაცილოდ არ ყოფნით და ამბობენ, რომ სიმონემ ამაში ფული გადაიხადა.
10. - იტალიაში, მიზანი ამართლებს საშუალებას. მთავარია გუნდმა გაიმარჯვოს და რა ხერხებით, ამას არ აქვს მნიშვნელობა. - ინგლისში ფეიერპლეის პრინციპები ყოველთვის პირველია და სამართლიანი თამაში უფრო მაღლა დგას, ვიდრე რეზულტატი.
11. - იტალიაში დაცვაში თამაში ხელოვნებაა. - ინგლისში ანტი-ფეხბურთი.
12. - იტალიაში, როდესაც გუნდი 3:0-ს აგებს, ფეხბურთელები ბრძოლას წყვეტენ და მოედანზე მოვალეობის მოხდის მიზნით დარბიან. ტიფოზები კი ობსტრუქციისთვის ემზადებიან და თამაშის შემდეგ, სტადიონის შემოგარენში ნამდვილ ჯოჯოხეთს აწყობენ. - ინგლისში, გუნდი 8:0-საც რომ აგებდეს, ფეხბურთელები ბრძოლას არ წყვეტენ, ხოლო გულშემატკივრები კიდევ უფრო ერთსულოვნად მღერიან საყვარელი გუნდის ჰიმნს. ნურც ის გაგაკვირვებთ, ასეთ დროს, ერთი ზუსტი გადაცემა, ან უსარგებლო ვარდნა მქუხარე ტაშს თუ გამოიწვევს.
13. - ინგლისში ცუდი მსაჯი არაკომპეტენტურია. - იტალიაში კორუმპირებული.
14. - ინგლისურ ტელეარხებზე, ტურის შემდეგ მიმოხილვაში დროის 99% სახიფათო მომენტების ჩვენებას ეთმობა, 1% კი ანალიზს. - იტალიაში 1% სახიფათო მომენტებს, 99% კი ანალიზს და გარჩევას.
15. - ინგლისში, საფეხბურთო ჩინოსნები იშვიათად ჩნდებიან საზოგადოებაში და არ ჩანან პრესის ფურცლებზე. - იტალიაში, ყველაზე ბევრს სწორედ კლუბების პრეზიდენტები და დირექტორატის წარმომადგენლები საუბრობენ. ეკამათებიან ყველას: კოპლეგებს, მსაჯებს და ფეხბურთელებსაც კი.
16. - იტალიაში ქრთამის აღება და კორუფცია საფეხბურთო ცხოვრების ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილია. - ინგლისურ ფეხბურთში კორუფცია იშვიათი მოვლენაა და უმკაცრესად ისჯება.
17. - ინგლისში იქამდე არ ხართ დამნაშავე, სანამ ეს არ დაგიმტკიცდებათ. - იტალიაში უკვე დამნაშავე ხართ, თუ თქვენზე უსიამოვნო ჭორი გავრცელდა.
18. - ინგლისში ლუდი იმდენად უყვართ, რომ მასზე უარს არც ფეხბურთელები ამბობენ. განსაკუთრებით მოგებული შეხვედრების შემდეგ. - იტალიაში ფეხბურთელები ნაკლებს სვამენ. სამაგიეროდ, საფეხბურთო ჩინოსნების მიერ დანიშნული საქმიანი ვახშამი მთავრდება ხშირად ალკოჰოლის ჭარბი მიღებით და რამდენიმესაათიანი მოლხენით.
19. - ინგლისში, კლუბებთან ფეხბურთელების პირადი აგენტები აწარმოებენ მოლაპარაკებებს. - ფეხბურთელებს პირადი აგენტები იტალიაშიც ჰყავთ, მაგრამ მოლაპარაკებებს მაინც მშობლები აწარმოებენ.
20. - იტალიელი ფეხბურთელები მატჩამდე სილამაზის სალონებში დადიან, წვერს იპარსავენ და თმებს სტილისტებთან ივარცხნიან. - ერთადერთი დავარცხნილი ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემია.
21. - ინგლისში, მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, სტადიონი უკვე სავსეა. - იტალიაში, შეხვედრის დაწყებიდან თხუთმეტი-ოცი წუთის განმავლობაში, ტრიბუნებზე ჯერ კიდევ ჩოჩქოლია. გულშემატკივრები როგორც წესი ვერ პოულობენ თავიანთ ადგილს.
22. - ინგლისში, სტადიონზე ბილეთით და აბონიმენტით შედიან. - იტალიაში შეიძლება მათ გარეშეც გახვიდეთ ფონს, თუ საჭირო ადამიანის ნათესავი ხართ, ან ბოძებზე ძრომიალი გეხერხებათ.
23. - ინგლისის სტადიონებზე სამართალდამცავებს პერანგი აცვიათ და კეპი ახურავთ. - იტალიელ სამართალდამცავებს მეტალისგან დამცავი ქუდი ახურავთ, ხელში კი ფარი და რეზინის ჯოხი აქვთ მომარჯვებული. სტადიონის მიმდიბარე ტერიტორიაზე აუცილებლად დგას მანქანა, რომელიც მზად არის აბობოქრებული ტუფოზები გაზით გაანეიტრალოს.
24. - არავინ იცის სად და როგორ ატარებენ შვებულებას ინგლისელი ფეხბურთელები. გამონაკლისი ისევ და ისევ დევიდ ბექჰემია. - იტალიელი ფეხბურთელები შვებულებაზე საუბარს სეზონის დასრულებამდე ორი თვით ადრე იწყებენ. არც წინასწარ შერჩეულ ადგილს მალავენ და არც იმას, თუ რომელი ტოპ-მოდელი უნდა წაიყვანონ ამა თუ იმ კურორტზე. შემდეგ კი ძალიან ბრაზდებიან, როდესაც სანაპიროზე მათ პაპარაცი აკითხავთ. თანაც უკვირთ, აქ როგორ მოგვაგნოო.
25. - ინგლისელი მწვრთნელები გუნდს მთელი სეზონის განმავლობაში ერთი ტაქტიკით ათამაშებენ. - იტალიელი მწვრთნელები თამაშის მსვლელობისას ორ-სამ ტაქტიკურ მოდელს მაინც იყენებენ.
26. - ინგლისში ბილეთების დახლთან ყოველთვის წესრიგია. ყველაზე კარგად ის გრძნობს თავს, ვინც რიგში პირველი დგას, რაც სრულიად ბუნებრივია. - იტალიაში სწორედ ის არის ყველაზე ცუდ მდგომარეობაში, ვინც რიგში პირველია. მას უმალ გამოუჩნდება რამდენიმე ათეული მეგობარი, რომლებიც ფულს მიაწვდიან და თხოვენ, რომ ბილეთი მისთვისაც აიღოს.
27. - იტალიაში პოლიტიკა ყველაფერში ერევა, მათ შორის ფეხბურთში. ყველაფერი რაც ხდება, პოლიტიკასთან არის გადაჯაჭვული. - ინგლისში საერთოდ არ ესმით, რა კავშირი შეიძლება იყოს პოლიტიკასა და ფეხბურთს შორის.
28. - იტალიელი ტიფოზები გოლის აღნიშვნისას ერთმანეთს ეხვევიან და კოცნიან, ეს ჩვეულებრივი ამბავია. - ინგლისში, გოლის აღნიშვნისას ერთმანეთთან კონტაქტის დამყარება სულაც არ არის სავალდებულო. თუ მაინც ვერ შეიკავეთ თავი, აუცილებლად არატრადიციული ორიენტაციის ადამიანად მოინათლებით.
29. - ინგლისში დიდი პოპულარობით სარგებლობენ ფეხბურთელების ცოლები. - იტალიაში ფეხბურთელების საყვარლები.
30. - ინგლისურ ტელეარხებზე საფეხბურთო თემატიკაზე მხოლოდ კაცები საუბრობენ. - იტალიურ ტელეარხებზე ხშირად ნახავთ, თუ როგორ უსმენენ მარჩელო ლიპი და ფაბიო კაპელო თინეიჯერი ტოპ-მოდელი გოგონების საფეხბურთო ანალიტიკურ მონოლოგებს. ლაშა წიკლაური
|