ჩვენს წინააღმდეგ თამაშობს თასის მფლობელი ინტერი,
მაგრამ ჩვენ ყველას მოვუგებთ, მოყვარე იყოს გინდ მტერი.
ლექსების ამობეჭდვაში გინდ გამიფუჭდეს პრინტერი,
ლენონი ისე სწრაფია, ვერ დაეწევა სპრინტერი.
ჯერ ახალგაზრდა გუნდი გვყავს, უფრო და უფრო ვიზრდებით,
მაგრამ თქვენს პენსიონერებს სანახაობას ვპირდებით.
ვერ შეაშინებს ვერავის ეტო’ო თავის ფინტებით,
პალასიოსს რომ შეხვდება, თან იქონიოს ბინტები.

კარში გვყავს მისტერ რვაფეხა, ეურელიო გომესი,
ისეთი საიმედოა, ჯერ გოლს ვერ უტანს ტორესი.
ლედლი კინგს არ ჰყავს ბადალი მცველებში, თანატოლებში,
ეკოტო უნდა განახათ, რომ შეიჭრება როლებში!
ქაბული დაცვას ამაგრებს, დოუსონი დგას კლდესავით,
ჯინასი მოტას კი არ ჰგავს, შუაში რომ დგას ხესავით.
მატჩისას თუ გაიგონებთ ვინმეს განწირულ შეძახილს -
ჰადელსტოუნის ბრალია, ზარბაზანას რომ ვეძახით.
მარჯვნივ ლენონი დაფრინავს, მარცხნივ ბეილი გრიალებს,
მოდრიჩი ისე თამაშობს, ფეხის წვერებზე ტრიალებს.
ვან დერ ვაარტის ვარსკვლავი უფრო და უფრო ბრიალებს
და ჩვენი დროშაც, ლეინზე, მუდამ ამაყად ფრიალებს!

ბენიტესი რომ იძახის - ”მე რასაც ვამბობ, ფაქტია”,
იმას რატომ არ ახსენებს, ლივერპულს რაც დამართნია:
ტიტულოვანი კლუბი ხომ გასავარდნ გუნდად აქცია,
მაგრამ ესეც არ იკმარა, სანამ არ მისცეს სანქცია.
დაფიქრდა, ”ნეტა რას ვკარგავ - ცხოვრებას ვიწყებ თავიდან!”,
ეს თქვა და, კონკისტადორი, იტალიაში წავიდა.
ბევრი იარა, თუ ცოტა, მალე მილანშიც ჩავიდა,
კონტრაქტსაც ხელი გამოჰკრა - წყლიდან სულ მშრალი გავიდა.
ალბათ, იფიქრებთ, ამდენი რატომ მოვყევი შორიდან,
და მართალიც ხართ, მე მგონი, სიმართლის თქმის დრო მოვიდა:
ჩვენთან ბოლო სამ თამაშში, ლეინზე რაც ჩამოვიდა,
სამივე მატჩი წააგო - ფაქტად მე ამას მოვიყვან.
ალბათ, ჯერ კიდევ ინახავს, ბენიტეს გულში იმ წყენას,
შურისძიებას ეცდება, აგერ თამაშიც იწყება.
თუ სასწაული მოხდა და... ფორტუნამ ასეც ინება...,
ჩვენს სტადიონზე, იცოდეთ, სულ სხვა თამაში იქნება!
მაგრამ, მანამდე, სან სირო უნდა ავიღოთ შტორმითა,
ვეცდებით, რომ დაგამარცხოთ, გინდ ხერხით, გინდა ღონითა
მიხვდით, რომ როგორც მეტოქე, თქვენი ტოლი და სწორი ვართ,
დაგვიხვდით, მილანელებო, ჩვენ, სპურსელები მოვდივართ!