როგორ მოხვდნენ ბრაზილიელი ვარსკვლავები ჩეჩნეთში? საფეხბურთო (და არა მარტო) სამყარო ამ ფაქტმა გააოცა. გეცოდინებათ, ბრაზილიის 2002 წლის ფორმაციის ნაკრები, პლუს, რომარიო და ბებეტო, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ჩავიდნენ რამზან კადიროვის მიწვევით. ბრაზილიელებთან ერთად, გროზნოს სტუმრობდა გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლოთარ მათეუსიც. ამ ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა კადიროვის მეგობრების გუნდთან (“გროზნო”) ფეხბურთი ითამაშეს...
ჰოდა, კინოფილმ “ქვევრში” სამჭკუაშვილი მილიციელისა არ იყოს, ქვევრში მყოფ აბესალომს რომ ეკითხება – “როგორ მოხვდით მანდა?”
6:4 მოიგეს ბრაზილიელებმა და ახლა გოლების ავტორებზე: დუბლი შეასრულეს ბებეტომ და სავიომ, ხოლო თითო გოლი კაფუმ და რომარიომ მიითვალეს. კადიროვის მეგობართა ოთხი ბურთიდან კი, ორი შეაგდო... თავად რამზან კადიროვმა, რომელიც 10 ნომრით თამაშობდა და ცხადია, კაპიტნის სამკლავურიც ეკეთა.
“მოგება ძალიან მინდოდა. ბრაზილიელებმა დაამტკიცეს, რომ უძლიერესები არიან, მაგრამ იმედი მაქვს, სხვა დროს მოვუგებთ” – თქვა კადიროვმა.
ბებეტო: “ეს საქველმოქმედო აქციაა. ჩვენ ჩამოვედით რუსეთში, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს წყალდიდობის შემდეგ ეხმარება. წყალდიდობამ ჩვენთან 1200 ადამიანი იმსხვერპლა. ჩეჩნეთის რესპუბლიკას სოლიდარობას ვუცხადებთ. ჩეჩნეთმაც ხომ მძიმე პერიოდი გადაიტანა”.
ბრაზილიელთა გუნდში კაფუს, ბებეტოს, რომარიოსა და სავიოს გარდა, სხვა ვარსკვლავებიც იყვნენ: ჯალმინია, ელბერი, დუნგა, რაი, დენილსონი, ჟუნიორ ბაიანო და სხვები.
კადიროვის მეგობრებში ბურთი აგორეს ვაგიზ ხიდიატულინმა, ვლადიმირ ბესჩასტნიხმა, უკვე ნახსენებმა მათეუსმა, ჰოლანდიელმა რუუდ გულიტმა (მას მიწვევა არ სჭირდებოდა, “ტერეკის” მწვრთნელია). კადიროვის გარდა, მინდორზე იყვნენ ჩეჩნეთის რესპუბლიკის სხვადასხვა ჩინოვნიკები.
ბრიტანული times-ის კორესპონდენტი გროზნოში იყო, იგი შემდეგს ჰყვება:
“ერთ მხარეს თამაშობდნენ ყვითელმაისურიანები, ნამდვილი მსოფლიოს ჩემპიონები. მეორე მხარეს წითელმაისურიანთა კაპიტანი – მოოქროვილი პისტოლეტის მფლობელი, რომელსაც ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. როგორ მოხვდნენ ისინი ერთად? თვალებით ვეძებდი სნაიპერებს, რომლებიც სტადიონის ჭერში ისხდნენ. ისინი არ დამინახავს, მაგრამ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დამარწმუნეს, რომ იქ იყვნენ. ბოლოს და ბოლოს, პრემიერლიგის რიგით მატჩებზეც ასე ხდება, “გროზნო”- ბრაზილიის მატჩს კი ჩვეულებრივს ვერ დავარქმევთ”.
times-ი ბრაზილიურ-ჩეჩნურ შეხვედრას ადარებს ლონდონის “არსენალის” ჩასვლას ლიბიაში, ოღონდ, იმ შემთხვევაში, მინდორზე “კლასის ჩვენება” პოლკოვნიკმა კადაფიმ რომ მოინდომოს.
“გროზნოს სტადიონზე 10000 გულშემატკივარი სკანდირებდა: “რამზან!”. არც ერთ ნამდვილ ვარსკვლავს არ რგებია ამდენი პატივი, მაყურებლების საყვარელი ფეხბურთელი კადიროვი იყო. ჩემს გვერდით მყოფმა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, მაგომედ დუხაევმა მითხრა, ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია, 10 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, აქ მსოფლიო დონის ვარკვლავები ჩამოვიდოდნენო, გიჟად ჩავთვლიდი”.
times-ის კორესპონდენტი წერს, პრესკონფერენციაზე კადიროვს არასაფეხბურთო კითხვებიც დაუსვესო – მაგალითად, ნამდვილად მან შეუკვეთა თავისივე ყოფილი პირადი მცველის მკვლელობა თუ არა. ეს ფაქტი ავსტრიაში მოხდა.
“მისი მოკვლა რომ მომენდომებინა, ჩეჩნეთში მოვკლავდი და ამას ვერავინ გაიგებდა”.
კადიროვს შეეკითხნენ, რამდენი გადაიხადა ბრაზილიელი ვარსკვლავების მოწვევაში, რაზეც გაკვირვებული სახით უპასუხა – “არაფერი. მათ ამ ვიზიტით უპასუხეს ჩვენს მხარდაჭერას. საუბარია რიო-დე-ჟანეიროში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ დახმარებაზე”.
კადიროვის სიტყვები კაფუმაც დაადასტურა და აღნიშნა, ამ მატჩს არავითარი პოლიტიკური სარჩული არ ჰქონიაო.
“ბებიაჩემი 100 წლისაა და ყოველთვის ამბობს, “ტერეკის” გამარჯვებისთვის ვილოცებო. ჩვენი ჩამოსვლით რუს გულშემატკივრებს საჩუქარი გავუკეთეთ პრემიერლიგის დაწყების წინ”.
აი, ეს დაწერა times-მა. მართლაც რომ უცნაური ამბებია. რამდენ ნამდვილ ბრაზილიელ ფანს არ უნახავს რომარიო ტელევიზორს მიღმა, ამ დროს კი... ასეთია ცხოვრება და ასეთია ფეხბურთი.
პ.ს. “ტერეკი” არ ვიცით, მაგრამ კაფუს ბებია ადრე სმოლენსკის “ისკრას” შარფით დადიოდა ხოლმე
http://worldsport.ge/Read.aspx?news=17551&lang=1კადიროვი