
ციურიხში ესპანეთისა და პორტუგალიის ერთობლივი განაცხადის პრეზენტაცია მეორე იყო და წინა, ბელგია-ჰოლანდიის პრეზენტაციისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. გასართობი ნაწილი მინიმუმამდე იყო დაყვანილი, ხუმრობები საერთოდ არ ყოფილა, მაგრამ ამასთანავე გამომსვლელები შეეცადნენ თავიანთი სიტყვა მაქსიმალურად შეევსოთ ციფრებით და ძალიან კონკრეტულად ელაპარაკათ. მსოფლიოს 2018 წლის მუნდიალის მასპინძლობის მსურველებმა პირობა დადეს, რომ 16236 კმ სიგრძის საავტომობილო გზის და საერთო ჯამში 2360 კმ სიგრძის სარკინიგზო ქსელს გახსნიან.
პრეზენტაციას პროფესიონალი წამყვანი გვარად მოურინიო უძღვებოდა, რომელიც, როგორც ჩანს, ჟოზეს მოგვარეობის გამო აირჩიეს. იბერიული დუეტის მსარდასაჭერად ციურიხში ჩავიდნენ ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები ვისენტე დელ ბოსკე და პაულუ ბენტუ, წარსულში ცნობილი ფეხბურთელები ლუიშ ფიგუ, ფერნანდო იერო და ემილიო ბუტრაგენიო და ნაკრების მოქმედი კაპიტანი იკერ კასილასი. თუმცა სცენაზე არც ერთი მათგანი არ გამოჩენილა, ისინი მხოლოდ წამყვანმა მოურინიომ ჩამოთვალა. გამოვიდა ორივე ქვეყნის პრემიერმინისტრი - პორტუგალიელი ხოსე სოკრატესი და ესპანელი ხოსე ლუის როდრიგეს საპატერო, ფედერაციის ხელმძღვანელები და განაცხადის ფინანსური დირექტორი. ყურადღება მიიქცია განცხადებამ, რომ გახსნითი მატჩი, ორივე ნახევარფინალი და ფინალი სხვადასხვა სტადიონზე გაიმართება, რაც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში იშვიათი შემთხვევაა.
ესპანეთი-პორტუგალიის განაცხადის პრეზენტაციამ 40 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა, თუმცა რეგლამენტით ნახევარი საათი იყო გათვალისწინებული.
"ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრები ფიფაში და კიდევ 30 წამი ვთხოვე", - განაცხადა თავისი 20-წუთიანი გამოსვლის დასასრულს განაცხადის ხელმძღვანელმა, აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა ანხელ მარია ვილმარმა. როცა ის სცენას ტოვებდა, დარბაზში აპლოდისმენტებმა იფეთქა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დევიდ კამერონმა ინგლისის განაცხადი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე მგზნებარე სიტყვით წარმოადგინა:
"ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის პატივცემულო წევრებო, თუ ჩვენ აგვირჩევთ არ შეცდებით, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს გამოცდილება, ვნება და შესაძლებლობა ჩავატაროთ საუკეთესო ჩემპიონატი ფეხბურთის ისტორიაში. ამ იდეას მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ყველა მცხოვრები, მათ შორის მომავალი მეფე, პრინცი უილიამი. ყველა ქალაქი, ყველა მუნიციპალიტეტი, ყველა სოფელი. ეს დღესასწაული იქნება ყველასათვის - გულშემატკივრებისთვისაც და მოთამაშეებისთვისაც. ინგლისში ყველა ისე იგრძნობს თავს, როგორც საკუთარ სახლში.
ფიფას და ყველა კონფედერაციას კი კომერციული წარმატების გარანტიას ვაძლევთ. ჩვენ ამას მოგცემთ, იმიტომ რომ წარმატების მიღწევა ვიცით. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ყოველი დღე ინგლისში ნამდვილ დღესასწაულად გადაიქცევა", - განაცხადა კამერონმა.
"ჩვენ ნამდვილ მსოფლიოს ჩემპიონატს ჩავატარებთ", - თავის მხრივ აღნიშნა კემერონის წინ სიტყვით გამოსულმა პრინცმა უილიამსმა.
ინგლისის განაცხადის პრეზენტაცია ყველაზე ძიერი გამოდგა. ყველაფერი ძალიან ცოცხლად წარიმართა და ამასთან ფეხბურთის გამომგონებლებმა თავიანთი განაცხადის მრავალრიცხვოვან ძლიერ მხარეებზე აქცენტის გაკეთება შეძლეს. არცერთი გამოსვლა 2-3 წუთზე მეტ ხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ ამასთან პრინცი უილიამის, პრემიერმინისტრ დევიდ კამერონის, საგანაცხადო კომიტეტის თავმჯდომარის ენდი ენსონის და ცნობილი ფეხბურთელის დევიდ ბექჰემის სიტყვა შინაარსიანი, გულწრფელი და დასამახსოვრებელი იყო.
ამას გარდა ინგლისისადმი მხარდაჭერა ტელეეკრანიდან გამოხატეს პრემიერლიგის ცნობილმა მწვრთნელებმა: არსენ ვენგერმა, რობერტო მანჩინიმ, ალექს ფერგიუსონმა. ცალკე ვიდეორგოლი დაეთმო ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას მთელს მსოფლიოში.
"თავის დროზე ფეხბურთზე მამა შემიყვანა, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა. ერთი წლის წინ ის გარდაიცვალა. და ახლა მამის ხსოვნის საპატივსაცემოდ, მსურს ყველაფერი გავაკეთო რაც შემიძლია, რომ ახალი თაობის ბავშვებს ცხოვრება შევუცვალო. ამ მიზნისკენ ჩვენ ერთად წავალთ", - თქვა დევიდ ბექჰემმა.
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლის ბედი პრეზენტაციის ხარისხზე რომ იყოს დამოკიდებული, მაშინ ის აუცილებლად ინგლისი გახდებოდა.
* * *

ციურიხში, ფიფას შტაბბინაში რუსეთმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე საკუთარი განაცხადი წარადგინა. რუსების პრეზენტაცია პრეტენდენტთაგან ყველაზე ბოლოს - ბელგიელბისა და ჰოლანდიელების, ესპანელებისა და პორტუგალიელების და ინგლისელების შემდეგ შედგა.
ფიფას აღმასრულებელი წევრების წინაშე პრეზენტაცია რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალურმა დირექტორმა ალექსეი სოროკინმა, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდული პოლიტიკის მინისტრმა ვიტალი მუტკომ, რუსეთის ნაკრების კაპიტანმა ანდრეი არშავინმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჭოკით ხტომაში ელენა ისინბაევამ და ვიცე-პრემიერმა იგორ შუვალოვმა გამართეს.
მუტკომ მთელი სიტყვა ინგლისურად წარმოთქვა და პირობა დადო, რომ 2018 წლისთვის შექსპირის ენაზე ფიფას ვიცე-პრეზიდენტ ჯეფ ტომპსონზე უარესად არ ილაპარაკებს. ისინბაევამ ფიფას მადლობა გადაუხადა ქალ სპორტსმენთა მიმართ ყურადღებისათვის და ფეხბურთისადმი სიყვარული ემოციურად გამოხატა. არშავინმა გაიხსენა, თუ როგორ მოხვდა დიდ სპორტში, სიტყვის დასასრულს კი თქვა: "გვენდეთ და ჩვენ ფიფასთან ერთად, როგორც ერთი გუნდი, ისე ვიმოქმედებთ"!
დასამახსოვრებელი იყო ვიდეორგოლიც, რომელშიც მოთხრობილია პატარა ბიჭის, საშას ისტორია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მოედანზე გავიდა და ჯარიმიდან, რომლის დარტყმის უფლებაც არშავინმა მისცა, რუსეთის ნაკრების გამარჯვების გოლი გაიტანა იტალიის კარში.
საბოლოო სიტყვა შუვალოვმა წარმოთქვა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია ბრწყინვალედ ჩაატაროს მსოფლიოს ჩემპიონატი: "მართალია, ჯერჯერობით საჭირო ინფრასტრუქტურა არ გვაქვს, მაგრამ ყველა სიძნელის გადალახვას შევძლებთ. მოდით ერთად შევქმნათ ისტორია"!
"რუსეთმა უზარმაზარი სამუშაო ჩაატარა", - თქვა პრეზენტაციის დასასრულს ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა.

იაპონიის წარმომადგენლობითმა კომიტეტმა დღეს ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის დარწმუნება სცადა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის გაშუქების საკითხში ქვეყანა უზარმაზარ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ფლობს.
იაპონელთა მტკიცებით, 3D ტექნოლოგიების განვითარება გულშემატკივრებს საშუალებას მისცემს, ნებისმიერ თამაშს "ცოცხლად" უყურონ არამარტო იაპონიის სტადიონებზე, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის არენაზე.
ტურნირის თითოეულ მატჩს ასობით კამერა გადაიღებს, რაც სპეციალურ ეკრანზე ჰოლოგრაფიული გამოსახულების პროვოცირებას შესაძლებელს გახდის. ასეთი ეკრანის დაყენება ნებისმიერი სტადიონის გაზონზე იქნება შესაძლებელი და გულშემატკივრები შეხვედრისთვის თვალყურის დევნებას ისევე შეძლებენ, თითქოს იმ არენაზე იმყოფებოდნენ, რომელზეც შეხვედრა რეალურად იმართება. მოქმედება რეალურ დროში მოხდება, ფეხბურთელების გამოსახულებების ზომაც ნატურალური იქნება.
"მსგავსი ტექნოლოგიის იდეამ ტვინი შემირყია", - გულწრფელად აღიარა პრეზენტაციის მსვლელობისას იაპონიის განაცხადის აღმასრულებელი კომიტეტის დირექტორმა კოჟო ტაშიმამ.
მისი თქმით, ამ გზით, ერთდროულად 360 მილიონი გულშემატკივარი მთელს მსოფლიოში მატჩების ყურებას სტადიონზე დასწრების სრული ეფექტით შეძლებს. ფიფას კი შემოსავლის ახალი წყარო გაუჩნდება.
იაპონელებმა კომპიუტერზე გენერირებული გამოსახულების წყალობით დემონსტრაცია მოახდინეს, თუ როგორ გამოიყურება მათი იდეა სინამდვილეში, თუმცა თვითონ ტექნოლოგია მსგავსი ჰოლოგრაფიული გამოსახულებების გადაცემისა, ნაჩვენები არ ყოფილა. ამასთან, იაპონური კომპანია SONY-ის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ 3D ტექნოლოგიების განვითარება 2022 წელს ჩანაფიქრის რეალობაში დანერგვის შესაძლებობას მისცემს.
ამას გარდა, სხვადასხვა ქვეყნებიდან სპორტსმენებისა და გულშემატკივრებისთვის ურთიერთობის გასაადვილებლად იაპონელები სინქრონული ავტომატური თარჯიმნის შექმნას აპირებენ, რომელიც თავად გაიგებს უცხო ენას და მთლიან გამონათქვამებს თარგმნის. ეს მოწყობილობა ტელეფონის ზომისა იქნება და პატარა ყურსასმენები ექნება.
შეგახსენებთ, რომ ფიფას აღმასრულებელი კომიტეტი 2022 წლის მასპინძელ ქვეყანას შვეიცარიის ქალაქ ციურიხში დღეს საღამოს გამოაცხადებს. იაპონიის კონკურენტები ყატარი, აშშ, ავსტრალია და კორეა არიან.
http://sportall.ambebi.ge/fexburti/uckhouri-fekhburthi.html This post has been edited by USSR on 2 Dec 2010, 17:54